თვალსაზრისი

პომიდვრები, კარტოფილები და მეზობლური დავები

17 დეკემბერი, 2020

ხანდახან შეთქმულების თეორიის ავტორები უნდობლობისა და გაურკვევლობის დათესვის მიზნით საკმაოდ შორს მიდიან. ისინი ქექავენ უძველეს რუკებს, რომლებიც სადავო საზღვარს განსხვავებულად გადმოსცემს; საუკუნის დროინდელ ხელშეკრულებებში  დამატებით მუხლებს პოულობენ, რაც  პოლიტიკურ წესრიგს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს;  ახენენ ფაქტების ფაბრიკაციას და  ვიზუალის უკონტექსტოდ მოწოდებას. ზოგჯერ კი ისინი უბრალოდ აცხადებენ, რომ მეზობელი ქვეყანა ადგილობრივ კარგ კარტოფილსა და პომიდორს მთლიანად ყიდულობს და სანაცვლოდ თავისი დაბალი ხარისხის ბოსტნეული შემოაქვს – როგორც ეს ქართულ ტვ არხ „ობიექტივზე“ თურქეთის შესახებ გასულ წელს გაცხადდა.

მაშინ, როდესაც თითიდან გამოწოვილი მსგავსი სათაურები, რომლებიც მოქმედი მთავრობის საგარეო საფრთხის ნარატივს აძლიერებს, თურქეთის ნებისმიერ ცნობილ ტაბლოიდურ გაზეთში, კვირის ნებისმიერ დღეს, მარტივად შეიძლება ვიპოვოთ, ამ შემთხვევაში თურქეთი თავად არის დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი. საქართველოს დასავლელი მეზობლის შესახებ ყალბი ამბების რაოდენობა განსაკუთრებით საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა თვეებში გაიზარდა. რამდენიმე თვის განმავლობაში. 

საქართველოსთვის  ეს ახალი ტენდენცია არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შეთქმულების თეორიები და მედია მანიპულაციები ამ კავკასიურ რესპუბლიკაში ფართოდაა გავრცელებული. რიგი ადგილობრივი ორგანიზაციები ყოველდღიურად აქარწყლებენ ჭორებს და ცდილობენ  საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სისტემატიური მცდელობების გაკონტროლებას. ევროკავშირი და რამდენიმე ფონდი  მედია წიგნიერების კამპანიებს უჭერს მხარს,  საქართველოს შესანიშნავი ჟურნალისტებითა და ფხიზლად მყოფი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებით აძლიერებს. თუმცა, როგორც თურქეთის არასწორი კუთხით წარმოჩენის შემთხვევა გვიჩვენებს, რთულია მსგავსი ნარატივების ბოლომდე დამარცხება.

ზურაბ ბატიაშვილისთვის, წარსულში თურქეთში მომუშავე ქართველი დიპლომატისთვის და ამჟამად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) მკვლევარისთვის, ნათელია, თუ რატომ ხდება მაინცდამაინც თურქეთი ბოლოდროინდელი დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი: „არავისთვისაა საიდუმლო, რომ საქართველოში გამოგონილი ახალი ამბების უმეტესობის მიღმა არის რუსეთი. ის თურქეთს წარმოაჩენს, როგორც საქართველოს მთავარ მტერს.“ კორუფციაზე მომუშავე საერთაშორისო მეთვალყურე ორგანიზაცია, როგორიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა, კრემლის ტაქტიკას საქართველოში ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილავეს, კერძოდ კი, როგორც მრავალშრიან მიდგომას, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს და ადგილობრივ მედიას დასავლეთისადმი სიძულვილის გასაღვივებლად იყენებს. ხშირად, მოსკოვიდან დაფინანსებული ან მის სქემასთან შესაბამისობაში მყოფი სტრატეგიის მქონე მრავალი აქტორი საზოგადოებაში არსებულ კონფლიქტებს იყენებს. ბატიაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს საკითხი  ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების, მაგალითად, მოლდოვის ან უკრაინის, დღის წესრიგშიც დგას: „რუსული იმპერიული ინტერესები და მეთოდები ისევ ისეთია, როგორიც ისტორიის განმავლობაში იყო. ის მიჰყვება არარუს ხალხებსა და ერებზე ბატონობის იმპერიულ იდეას: divide et impera – დაყავი და იბატონე“.

თავისი ოსმალური ისტორიით, მუსლიმი მოსახლეობით და საქართველოსთან პირდაპირი საზღვრით, თურქეთი ამ მიდგომისთვის საუკეთესო სამიზნეს წარმოადგენს. გარდა ამისა, თურქეთი არის ნატოს წევრი და საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანებას ღიად უჭერს მხარს. 2020 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთისა და თავისი დასავლელი პარტნიორების მიმართ ქვეყნის ბუნდოვან დამოკიდებულებაზე ისაუბრა, თუმცა საქართველოს ნატოში მიღებისკენ მოწოდება ისევ გააკეთა: „ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, გარკვეულწილად უკეთესი ურთიერთობების ქონის გამო, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ თანხმდებიან საქართველოს მოწვევაზე, რადგან არ სურთ რუსეთის პროვოცირება.  თუმცა, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა“.

თურქეთის პოზიციაზე რეაქცია რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის კარგი მაგალითია: სოციალური მედიის ანგარიშებმა დაიწყეს ჭორის გავრცელება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თურქული ჯარების განლაგება სგამოიწვევდა. რეგიონი მჭიდროდაა დასახლებული სომხური უმცირესობით, რომელთა უმეტესობაც საქართველოში ოსმალეთის იმპერიაში მომხდარ გენოციდს გამოექცა. 2019 წელს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სომხური თემის 49% უარყოფითად აფასებდა საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, გამხდარიყო ნატოს წევრი – მიზანს, რომელსაც საქართველოს მთელი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. როგორც ჩანს, რუსული ყალბი ამბები სომხურ უმცირესობასა და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ სწორედ ამ განხეთქილებაზე იყო მიმართული და არსებული ანტი-თურქული დამოკიდებულებები და ნატოში შესაძლო გაწევრიანების მიმართ წინააღმდეგობები გააღვივა.

რა თქმა უნდა, ყალბი ახალი ამბების მზარდი რაოდენობა თურქეთში შეუმჩნევლად არ დარჩენიათ. 2019 წელს, შეთქმულების თეორიამ ყარსის ხელშეკრულების შესახებ საქართველოში ვნებათაღელვა და  ანკარის მხრიდან რეაგირება გამოიწვია. ყარსის ხელშეკრულებას თურქეთმა და მისმა მეზობელმა საბჭოთა რესპუბლიკებმა ხელი 1921 წელს მოაწერეს და, პრინციპში, სხვადასხვა ხელმომწერს შორის საზღვრები განსაზღვრეს. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ღიად პრო-რუსული პოლიტიკური პარტია,  ტენდენციას აჰყვა და განაცხადა, რომ ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გაუვიდოდა, რის შედეგადაც, თურქეთი აღიდგენდა კონტროლს დასავლეთ საქართველოში მდებარე აჭარის რეგიონზე, რომელიც ერთ დროს ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადება დაუსაბუთებელი იყო, მან ქართულ საზოგადოებაში არსებული ძველი ჭრილობები წარმატებით გააღვივა. პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის გარედან მართვა ჯერ კიდევ უკიდურესად მგრძნობიარე თემებია. საქართველოს ხელისუფფლება   ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებს ვერ აკონტროლებს და რუსეთთან ბოლო, 2008 წელს გადატანილი ომის მოგონებები ჯერ კიდევ არ განელებულა. მეორეც, აჭარაში მრავალი ქართველი მუსლიმი ცხოვრობს, რომელთა რელიგიური უფლებები, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ბოლო ანგარიშის მიხედვით, სისტემატიურად ილახება. თურქეთის მოქმედ მთავრობას კი, მეორე მხრივ, მოსწონს საკუთარი თავის, როგორც მსოფლიოს მუსლიმთა სახელით მოსაუბრის, წარმოჩენა. ეს კი, ოსმალურ წარსულთან ერთად და რეგიონულ ძალად გახდომის ხელახლა აღმოცენებული ამბიციის ფონზე,  თურქეთის, როგორც საქართველოს ერთიანობის მიმართ საფრთხის, წარმოსაჩენად გამოიყენება.

საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის მიერ 2019 წლის ოქტომბერში გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: „დეზინფორმაციის ძალიან დიდი ტალღა გაჩნდა, განსაკუთრებით, აჭარის რეგიონისა და თურქულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საზღვარი თურქეთსა და საქართველოს შორის დელიმიტირებული და დემარკირებულია“. საინტერესოა, რომ მოსკოვის მისამართით თითის გაშვერის ნაცვლად, მან მიიჩნია, რომ დეზინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა მხარეების მიერ, „რომლებიც რაღაც გზით დაკავშირებულნი არიან PKK-სთან“, ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, მაგრამ საქართველოსთან არანაირი დადასტურებული კავშირი არ გააჩნია.

მედიაში გავრცელებული თავდასხმების მიუხედავად, ზურაბ ბატიაშვილი GFSIS-იდან დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა საბოლოოდ გაიმარჯვებს: „თურქეთი წლებია, რაც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გვაქვს ერთობლივი პროექტები, როგორიცაა სამხრეთის გაზის დერეფნის გაზსადენი ან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის რკინიგზა. თურქეთში  საქართველოს ათიათასობით მოქალაქე მუშაობს. ქვეყანაში მოქმედ არცერთ პოლიტიკურ პარტიას  ამ რეალობის უარყოფა არ შეუძლია.“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოში ეს საზოგადოებრივ აზრზეც აისახება: 72%-ზე მეტი თურქეთთან ურთიერთობას დადებითად ახასიათებს, მაგრამ რესპონდენტთა უმეტესობა მას უფრო ეკონომიკურ პარტნიორად განიხილავს, ვიდრე პოლიტიკურად. 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, 6%-დან 10%-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ცუდს უწოდებს.

მაშინ, როდესაც თურქეთის მცდელობამ, ერთდროულად დაებალანსებინა თავისი მრავალწახნაგოვანი საგარეო ურთიერთობები რუსეთთან და დასავლელ პარტნიორებთან, ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე დიპლომატიური პრობლემა გამოიწვია, საქართველო  იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა შორისაა, რომლებიც თურქეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ინარჩუნებს. თუმცა, თუ თურქეთი ნატოს მოკავშირეებთან გაუცხოება განაგრძობს და მისი ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისი გაუარესდება, ეს საქართველოსთან ურთიერთობებზეც საგრძნობ გავლენას მოახდენს. თუ გამოგონილი ახალი ამბების შარშანდელმა კამპანიებმა რაიმე გვაჩვენა, ისაა, რომ თითოეული უკმაყოფილებისთვის, მათ შორის – თუ რატომაა ბაზრის პომიდორი წყლიანი, არსებობს შეთქმულების თეორია, რომელიც თურქეთს განტევების ვაცად  წარმოაჩენს.


დენის იაგერი
შტატგარეშე გერმანელი ჟურნალისტი სპეციალურად მითების დეტექტორისთვის


სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს


პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ბმული