პოლიტიკა

“პატრიოტები” და კრემლი ოკუპაციის კანონის გაუქმებას ითხოვენ

7 აგვისტო, 2017

6 აგვისტოს, TV ობიექტივის ეთერში პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ვიდეო კლიპი გავიდა, რომელშიც პარტიის ლიდერები მოსახლეობას რუსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ და 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბერში პატრიოტთა ალიანსის მიერ დაგეგმილ აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. კლიპში ალიანსის ერთ-ერთი წევრი, ემზარ კვიციანი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2008 წელს მიღებული კანონის მეოთხე მუხლის პრობლემურობაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს საბოლოოდ აკარგვინებს ერთმანეთს.

 ემზარ კვიციანი, პატრიოტთა ალიანსი: 2008 წელში სააკაშვილებმა და ბოკერიებმა გააჩუქეს საბოლოოდ სოხუმიცა და ცხინვალიც, მიიღეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის მე-4 მუხლიც ჩვენ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს საბოლოოდ გვაკარგვინებს ერთმანეთს.”

 

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”  2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებული კანონი, “პატრიოტთა ალიანსის” მსგავსად, მიუღებელია კრემლისთვის, რასაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები ცხადყოფს (იხ. ინფოგრაფიკა). კანონის მე-4 მუხლის ქართველების, აფხაზებისა და ოსების ურთიერთობასთან დაკავშირება კი უსაფუძვლოა, რადგან ის იმ პირებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. 

"

რას არეგულირებს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მე-4 მუხლი?

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს პირობებს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა. თავად კანონი  რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად ოკუპირებული რეგიონების სტატუსს განსაზღვრავს და მათ განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს. კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებული რეჟიმის დადგენას გულისხმობს. მე-4 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;

ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ასევე განსაზღვრავს იმ გამონაკლისს შემთხვევებს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა სპეციალური ნებართვითაა დასაშვები. ასეთი ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ის ემსახურება:

“საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს”.

მე-4 მუხლის 4 პუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით შესვლაც შედის, რაც იმას ცხადყოფს, რომ კანონი ხალხთა შორის ურთიერთობებს კი არ ეხება, არამედ მისი მიზანი კრემლის ექსპანსიური პოლიტიკის შემდგომი შეზღუდვაა. 

"

რამდენად ქმედითად იყენებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ?

2017 წლის მაისში მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც ღიად აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას,  თბილისში იმყოფებოდა, რასაც ოპოზიციისა და საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა, ვინაიდან ამ შემთხვევაში “ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის” დაღრღვევა გამოიკვეთა. შეიქმნა სპეციალური პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები საქართველოს ხელისუფლებას “ოკუპაციის შესახებ” კანონის აღსრულებისკენ მოუწოდებდნენ.

2009 წელს, ოკუპაციის კანონის დარღვევით და საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტით იმყოფებოდა. იმ დროს  საქართველოს საგარეო უწყებამ ლუჟკოვის ცხინვალში ჩასვლა დაგმო და სახელმწიფო საზღვრის დარღვევად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ შექმნილი მარიონეტული რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა. იური ლუჟკოვი,  თბილისთან შეუთანხმებლად, ოკუპირებულ სოხუმში ვიზიტით ოკუპაციის კანონის მიღებამდე, 2006 წლის 20 ივლისსაც იმყოფებოდა, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საპროტესტო ნოტა მოჰყვა.

როგორ რეაგირებს უკრაინის მთავრობა იმ პირების მიმართ, ვინც ყირიმის ოკუპაციას არ ცნობს?

2017 წლის 6 მაისს, უკრაინელმა მესაზღვრეებმა  Russian Today -ს წარმომადგენელი, ფოტოკორესპონდენტი რამილ სიდიკოვი დააკავეს და ქვეყანაში არ შეუშვეს, რადგან იგი ყირიმში კიევის ოფიციალური ნებართვის გარეშე მანამდე იმყოფებოდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ყირიმში ნებართვის გარეშე ნამყოფი ჟურნალისტები ევროვიზიის კონკურსზე არ დაიშვებოდნენ.  2017 წლის 22 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის ტერიტორიაზე 3 წლის ვადით შესვლა აუკრძალა „ევროვიზია 2017“ წლის რუს მონაწილეს იულია სამაილოვას, რადგან მან 2015 წელს ყირიმში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

ვინ არის ემზარ კვიციანი?

ემზარ კვიციანი საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და პოლიტიკური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრია. საქართველოს პარლამენტის ვებ- გვერდზე, ემზარ კვიციანის შესახებ მოცემულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ იგი 2006 წლის 25 ივლისიდან 2014 წლის 28 თებერვლამდე - პოლიტიკური დევნილი იყო.

2014 წლის 28 თებერვალს ემზარ კვიციანი მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა, როდესაც თბილისის აეროპორტში დააკავეს.  მის წინააღმდეგ საქმე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო აღძრული, რის საფუძველზეც ზუგდიდის რაიონულმა  სასამართლომ მას  ბრალი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა ან ხელმძღვანელობაში (223 მუხ.1-ლი ნაწილი), ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლაში (315 მუხ. მე-3 ნაწილი) დასდო  და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2015 წლის 28 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანი საპროცესო გარიგებით, სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა. იმავე წლიდან კვიციანი პარტია “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანდა.

ემზარ კვიციანი 2000-2004 წლებში საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფო რწმუნებული იყო და კოდორის ხეობის გასამხედროებულ ჯგუფ “მონადირეს” ხელმძღვანელობდა, რომელიც  2002 წლიდან თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. 2005 წელს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილებით, “მონადირე” გაუქმდა. 2006 წლის 22 ივლისს, ემზარ კვიციანმა ხელისუფლებას შეიარაღებული დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 25 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებამ კოდორში სპეცოპერაცია დაიწყო, რის შემდეგაც ემზარ კვიციანმა საქართველო დატოვა და თავი რუსეთს შეაფარა. მას დაუსწრებლად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და ძებნილად გამოცხადდა. რუსეთის პირველ არხთან ინტერვიუში, ემზარ კვიციანი სპეცოპერაციაში საქართველოს ხელისუფლებას დაქირავებული მკვლელების გამოყენებაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ამ პროცესში ამერიკელები მონაწილეობდნენ, რადგან მან სპეცოპერაციის ერთ - ერთ მონაწილეს  ნიღაბი ჩამოგლიჯა და ის შავკანიანი აღმოჩნდა.

ემზარ კვიციანი, გასამხედროებული ჯგუფი "მონადირე": "ეს ომი იყო და არა სპეცოპერაცია. ხელისუფლება დაქირავებულ მკვლელებს იყენებდა. ერთ-ერთს ნიღაბი ჩამოვგლიჯე და ზანგი აღმოჩნდა. ესე იგი, რა გამოდის, ამერიკელები ჩვენი წინააღმდეგები არიან".
(რუსეთის პირველი არხი)

 იმედის კვირა, 23 აპრილი, 2017
 


მოამზადა დალი ქურდაძემ