სხვადასხვა

ნინო ნინო თუ dato.okribelashvili - ვინ ავრცელებს კონტროლირებად დაწვაზე დეზინფორმაციას?

10 აგვისტო, 2021

9 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა “ნინო ნინო” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ უკიდებს ადამიანი მინდვრის გარკვეულ ტერიტორიას ცეცხლს. აღწერის მიხედვით, ვიდეოში ასახულია ფაქტი, თუ როგორ წვავენ ხელოვნურად მსოფლიოს ჟანგბადის შემცირების მიზნით. პოსტს 9 აგვისტოს მონაცემებით 23 000 გაზიარება აქვს. 

;
გავრცელებული ვიდეოს აღწერა ყალბია, რეალურად ვიდეოში ხანძრების პრევენციისა და ტყის საფარის გაჯანსაღების მიზნით კონკრეტული ტერიტორიის კონტროლირებადი დაწვის ოპერაციაა ნაჩვენები და პროცესს თავად მეხანძრეები წარმართავენ. ტყის ხანძრების პრევენცირების ეს მეთოდი წლებია გამოიყენება და ის მიზნად ჟანგბადის შემცირებას არ ისახავს. 

აღნიშნული ვიდეო ინტერნეტში ყველაზე ადრე 2020 წლის 21 ივლისს ინსტაგრამ მომხმარებელმა chuckyy.__-მ ატვირთა. აღწერის მიხედვით, ვიდეოში ასახულია კონტროლირებადი დაწვის ერთ-ერთი ოპერაცია და მის მიზანს მომავალში მსგავსი ხანძრების გავრცელების თავიდან აცილება წარმოადგენს, პრინციპით “ებრძოლე ცეცხლს ცეცხლით.”

;
ინსტაგრამ მომხმარებელ chukky.__-ის პირადი ანგარიშის აღწერის მიხედვით, ის თავად მეხანძრეა. საკუთარ გვერდზე ის ხანძრებთან ბრძოლის ამსახველ სხავადასხვა პოსტს ხშირად აქვეყნებს. 

;;
რაც შეეხება  “კონტროლირებად დაწვას,” ეს ტყის მასივების მართვისა და მასშტაბური ხანძრების პრევენცირების გავრცელებული პრაქტიკაა.  ეს პროცესი ხანძრისა და ტყის ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ მეტეოროლოგიური პირობების, ქარის სიმძლავრისა და სხვა გარემო ფაქტორების გათვალისწინებით იგეგმება, რათა ტყის ჯანსაღი საფარი და გარშემო დასახლებები არ დაზარალდეს. კონტროლირებადი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ტყეში ახალგაზრდა მცენარეებისთვის დამატებითი სივრცე და მზის სინათლე ხდება ხელმისაწვდომი, რაც გარემოს გაჯანსაღებას უწყობს ხელს. 

ვრცლად “კონტროლირებადი დაწვის” ოპერაციებისა და ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ პროცესის ამსახველი კადრების ყალბი აღწერით გავრცელების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის მასალა:
“ერთობა საქართველოსთვის” ტყის ხანძრების შესახებ ვიდეომანიპულაციას ავრცელებს

dato.okribelashvili.77 თუ ნინო ნინო?

არასწორი აღწერით ვიდეო ფეისბუქზე მომხმარებელმა “ნინო ნინო” ატვირთა, რომელიც სავარაუდოდ ყალბი ანგარიშია, რადგან მისი პროფილის URL მისამართში dato.okribelashvili.77-ია მითითებული. ანგარიშზე პიროვნების მაიდენტიფიცირებელი არც ერთი ფოტო არაა გამოქვეყნებული.

;
ანგარიში აქტიურად აქვეყნებს ნამახვან ჰესის აშენების საწინააღმდეგო, ლევან ვასაძის პარტია “ერის” მხარდამჭერ და ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს. 

;
ამასთანავე ნინო ნინოს გევრდზე ვხვდებით 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეების ფოტოებსაც, მათ შორის ამ აქციაზე ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცემის ფაქტზე დაკავებული დავით კუტალაძის ფოტოს.

;


მოამზადა მარიამ დანგაძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.