New York Times-ის და “კომუნისტის” 2 რეალობა 14 აპრილზე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

432
VIEWS

1978 წლის 14 აპრილს საბჭოთა კავშირის მცდელობას, რომ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსით აღარ ჰქონოდა, თბილისში მასშტაბური დემონსტრაცია მოჰყვა. კონსტიტუციის 78-ე მუხლში შესატანი ცვლილებები დედაქალაქში მრავალმა სტუდენტმა გააპროტესტა. მასობრივი გამოსვლა საბოლოოდ, მცირე შეტაკების მიუხედავად, მშვიდობიანად დასრულდა და სტუდენტებმა მოახერხეს, ეს ცვლილებები არ დამტკიცებულიყო.

 

;
14 აპრილის მასობრივი დემონსტრაცია, თბილისი, 1978წ.

ამ კონკრეტულმა მოვლენამ საბჭოთა მედია კვლავ დილემის წინაშე დააყენა, ვინაიდან სისტემისთვის ამ ამბის ობიექტურად გაშუქება მომგებიანი არ იქნებოდა. საბჭოთა პრესა, ისევე როგორც სხვა დემონსტრაციების პერიოდში, ამ შემთხვევაშიც ალტერნატიული და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წყარო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ყველამ იცოდა, თუ რა მოხდა სინამდვილეში 14 აპრილს, გაზეთის ფურცლებზე შემდგომ დღეებში მათ სრულიად შეცვლილი რეალობა იხილეს.

ქართულმა საბჭოთა პრესამ ინფორმაცია ან საერთოდ არ გააშუქა ან დემონსტრაციის რეალური მიზანი სრულიად შეცვალა.

  • საბჭოთა გაზეთები 14 აპრილის დემონსტრაციების შესახებ

გაზეთებმა ინფორმაციის გავრცელება პირველივე დღეს, 14 აპრილს დაიწყეს. პრესა ძირითად ყურადღებას კონსტიტუციის მნიშვნელობას უთმობდა და პროტესტი თითქმის საერთოდ არ იყო ნახსენები. გაზეთები ერთი მეორის მიყოლებით იმეორებდნენ, თუ რა დატვირთვა ჰქონდა კონსტიტუციას საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისთვის და მისი ისტორიისთვის. პოლიტიკურ საკითხზე ასევე აქტიურად წერდა სპორტული გაზეთი ლელო, რომელმაც ამ მოვლენას გაზეთის პირველი გვერდი მიუძღვნა.

“საყოველთა-სახალხო განხილვის დროს მოწონებული და შევსებული პროექტი გამოხატავს რესპუბლიკის განვითარების ეროვნულ და სხვა თავისებურებებს, იქ კონსტიტუციურად არის დამკვიდრებული საზოგადოების ცხოვრებაში კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი როლი და ეს ხალხის ერთსულოვანი სურვილი, მისი ინტერესების გამოხატულებაა” – გაზეთი კომუნისტი, 15 აპრილი, 1978 წელი.

;
გაზეთი კომუნისტი, 1978 წლის 15 აპრილი

ისევე როგორც სხვა მოვლენებზე, საბჭოთა პრესა ძირითადად ერთმანეთის მსგავს ან თითქმის იდენტურ ინფორმაციას აქვეყნებდა. მათი მტკიცებით, კონსტიტუციის ახალი პროექტი იმიტომ გახდა საჭირო, რომ წლების განმავლობაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკამ საკმაოდ დიდ განვითარებას მიაღწია. ამავე სტატიებში საუბარი იყო საბჭოთა აღმშენებლობაზე, თუ როგორ შეცვალა კომუნისტურმა სისტემამ 1921 წლის საქართველო განვითარებულ რესპუბლიკად.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის დემონსტრაცია საკმაოდ მასშტაბური იყო, გაზეთის პირველ (და არც შემდგომ) გვერდებზე არ წერდნენ იმის შესახებ, რომ რეალურად მრავალი სტუდენტი კონსტიტუციის ახალი პროექტის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა. ამის საპირისპიროდ სტატიებში მრავლად არის ნახსენები, რომ ეს იყო დიდი უმრავლესობის მიერ მოწონებული კონსტიტუცია.

“საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტის განხილვაში, რომელმაც ორ კვირაზე მეტ ხანს გასტანა, მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკის 3 მილიონმა მოქალაქემ ანუ პრაქტიკულად საქართველოს სს რესპუბლიკის მთელმა მოზრდილმა მოსახლეობამ” – გაზეთი კომუნისტი.

;
ამონარიდი სტატიიდან, გაზეთი კომუნისტი

ამასთანავე ზოგიერთ შემთხვევაში გაზეთის პირველ გვერდზე ლეონიდ ბრეჟნევის ციმბირში მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებულ ამბავს ვხვდებით.

;
გაზეთი კომუნისტის პირველი გვერდი, 15 აპრილი, 1978 წ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაზეთი კომუნისტი სტატიის ერთ ეპიზოდში ახსენებს მასობრივ დემონსტრაციას, თუმცა არ ასახელებს აქციის რეალურ მიზანს. სტატიის მიხედვით, კონსტიტუცია იმდენად სახალხოდ მიღებული დოკუმენტი იყო, რომ ამას ხალხისგან ამაღელვებელი დემონსტრაცია მოჰყვა.

“საქართველოს სსრკ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გადაიქცა ამაღელვებელ დემონსტრაციად, რომელმაც ცხადყო მოქალაქეთა მაღალი პოლიტიკური აქტიურობა”. – გაზეთი კომუნისტი

სტუდენტთა მასობრივი პროტესტი საბჭოთა პრესამ ხალხის მიერ კონსტიტუციის მოწონებას დაუკავშირა.

;
მიუხედავად იმისა, რომ ენის საკითხზე დაპირისპირება 14-15 აპრილის სტატიებში განხილული არ იყო, მანამდე საგაზეთო სტატიები რამდენიმეგან ამ საკითხს მაინც შეეხო. მაგალითისთვის ლიტერატურული საქართველოს 31 მარტის ნომერში სტატიის ავტორი ვლადიმერ მაჭავარიანი ამტკიცებდა, რომ კონსტიტუცია სახელმწიფო ზრუნვას აკანონებს ქართულ ენაზე, მაშინ როდესაც ახალი პროექტით ქართულ ენას საერთოდ ერთმეოდა სახელწმიფო ენის სტატუსი.

“საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა კვლავ საჭიროდ დაინახა აღენიშნა, რომ კონსტიტუციის “პროექტში კონსტიტუციური წესით არის დამკვიდრებული სახელმწიფოებრივი ზრუნვა ქართული ენის განვითარებისათვის” – ლიტერატურული საქართველო, 1978 წლის 31 მარტი.

  • დასავლური პრესა 14 აპრილის მოვლენების შესახებ

საბჭოთა მედიისგან განსხვავებით დასავლურმა პრესამ თავის ფურცლებზე მკითხველს ინფორმაცია ნამდვილად მომხდარი ამბების შესახებ მიაწოდა. 14 აპრილის დემონსტრაციის ამბავი New York Times-მა და The Times-მა გააშუქეს.

ნიუ-იორკ თაიმსმა თავისი სტატია შემდეგნაირად დაასათაურა “საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხზე“. მასში ზუსტად იყო გადმოცემული რეალური ამბავი ანუ დემონსტრაციის გამომწვევი რეალური მიზეზები, რაც ქართულის როგორც სახელმწიფო ენის გაუქმებას ეხებოდა.;
ნიუ-იორკ თაიმსის 15 აპრილის სტატია 14 აპრილის მოვლენებზე

აღსანიშნავია The Times-ის 17 აპრილის სტატია, რომელიც ინფორმაციას აქციის მონაწილეების მონათხრობიდანაც შეიცავს. სტატია წყაროდ ორ ამერიკელ იურისტს იმოწმებს, რომლებიც იმ პერიოდში სწორედ თბილისში იმყოფებოდნენ. The Times-ის მიხედვით, აქციაზე შეკრებილებს ედუარდ შევარდნაძემ (რომელმაც სიტყვით გამოსვლით აქციის მონაწილეთა დამშვიდება სცადა) სიტყვით “შვილებო” მიმართა, რასაც მომიტინგებიისგან შემდეგი პასუხი მოყვა: „ჩვენ შენი შვილები არ ვართ!“.

;
ამონარიდი The Times-ის 17 აპრილის სტატიიდან

თემატიკა: ისტორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist