მოუტანა თუ არა ეკონომიკური და დემოგრაფიული სარგებელი საქართველოს რუსეთის იმპერიამ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

115
VIEWS

2020 წლის 10 დეკემბერს გამოცემა News Front-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “რუსეთი ჩვენი მტერია?!- გეორგიევსკის ტრაქტატამდე 800 000 ვიყავით, 1991 წელს- 5 მილიონი”. ტექსტის ავტორად News Front-ს დათო ცქიფურიშვილი ჰყავს მითითებული. ავტორის მტკიცებით, რუსეთის წყალობით გასული ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა, ხოლო ეკონომიკა განსაკუთრებით განვითარდა, რის შედეგადაც ქართველებს ცხოვრების საუკეთესო პირობები ჰქონდათ. ცქიფურიშვილის თქმით, ამის საპირისპიროდ, დასავლეთთან ბოლო ოცდაათწლიანმა პარტნიორობამ არ გაამართლა და საქართველომ უნდა გადააფასოს, ვინ არის მისი რეალური მტერი.

დათო ცქიფურიშვილი: “რუსებთან თანაცხოვრების პერიოდში, 1991 წლამდე, მოვმრავლდით, გავხდით 5 მილიონზე მეტი და გვქონდა ცხოვრების საუკეთესო პირობები, ეკონომიურად გაჭივრებული ქართველი არ არსებობდა, არც მონა ქართველები არსებობდნენ, პირიქით, იმ პერიოდის ცხოვრების ბატონები და ქალბატონები ქართველების უმრავლესობა იყვნენ. 1991 წლის შემდეგ, რაც რუსეთთან ურთიერთობა დაიძაბა და გამოვეყავით მათ, გავხდით ამერიკის და ევროპის მოკავშირე (კოლონია უფრო სწორად), რატომ იკლო საქართველოს მოსახლეობამ და დღეს მისი ნახევარიც, არ ვართ, რაც 90-იან წლებში, ბატონობას და ქალბატონობას ვიღა ჩივა.”

  1.  მცდარია ინფორმაცია, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიის ან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას ცხოვრების საუკეთესო პირობები ჰქონდა და გაჭირვებული ქართველები არ არსებობდნენ. რეალურად, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში კავკასია ეკონომიკურად იმპერიის მასშტაბით ერთ-ერთ ჩამორჩენილი პროვინცია იყო და ის არც სსრკ-ში ყოფილა მოწინავე რესპუბლიკა.
  2. მტკიცება, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1783-1991 წლებში რუსეთის დამსახურებით 800 000-დან 5 მილიონამდე გაიზარდა, მანიპულაციურია, რადგან ამ პერიოდში ზოგადად მსოფლიო მოსახლეობის მასშტაბურად სწრაფი ზრდა მიმდინარეობდა, რაც ძირითადად ინდუსტრიალიზაციას უკავშირდება.
  • საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთის იმპერიისა და სსრკ-ის პერიოდში 

რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ შედარებით მშვიდობიანმა პერიოდმა და საგარეო ვაჭრობის გაფართოებამ საქართველოს განვითარების საშუალება მისცა, თუმცა საქართველო ისევე, როგორც კავკასიის რეგიონი ეკონომიკურად არასდროს ყოფილა რუსეთის იმპერიის მოწინავე პროვინცია. მე-19 საუკუნის დასაწყისში ძირითადად აგრარული  რუსეთის იმპერია ეკონომიკური კეთილდღეობის და ინდუსტრიული განვითარების თვალსაზრისით დასავლურ სახელმწიფოებს მკვეთრად ჩამორჩებოდა, ხოლო მოდერნიზაციის პროცესი ცენტრალურ და პერიფერიულ პროვინციებში ასიმეტრიულად მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის საქართველოს ეკონომიკის განვითარების აღსაწერად ძალიან მწირი მონაცემები გვაქვს, 1860-იან წლებამდე საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს  გლეხები შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა ვერც პირადი თავისუფლების და ვერც მიწის გამოსყიდვას ვერ ახერხებდა, რის შედეგადაც 1840-50-იან წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეკონომიკური მოტივებით გლეხთა რამენიმე აჯანყება მოხდა (ბენდიაშვილი ალექსანდრე, დაუშვილი ალექსანდრე, ნათმელაძე მაყვალა. საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, გვ.55-60).

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში, ისევე, როგორც რუსეთის მთელ იმპერიაში, კაპიტალიზმის და ინდუსტრიის განვითარება დაჩქარდა, თუმცა კავკასია ეკონომიკურად იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ პროვინციად რჩებოდა. 1880-იანი წლებისთვის კავკასია იმპერიის უღარიბესი პროვინციებს შორის იყო, რომლის  შემოსავლებიც (ბაქოს გარდა) ერთ სულ მოსახლეზე 50 რუბლს არ აჭარბებდა. შედარებისთვის, იგივე მაჩვენებელი რუსეთის ყველაზე მდიდარ ნაწილში – სანკ პეტერბურგის პროვინციაში,  414 რუბლს აღწევდა, შედარებით მდიდრები იყვნენ ბალტიისპირეთის ჩრდილო-დასავლური პროვინციები, სადაც იგივე მაჩვენებელი 100 რუბლს აღემატებოდა.

1890-იანი წლების სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით რეკონსტრუირებული ეკონომიკური სურათი გვიჩვენებს, რომ რუსეთის იმპერიის თითქმის 100 წლიანი ბატონობის ბოლოს კავკასია, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი რეგიონული პროდუქტის მიხედვით, იმპერიის შიგნით მხოლოდ ცენტრალური აზიისა და სტეპების პროვინციებს უსწრებდა და ეს მაჩვენებელი ერთი სულ მოსახლეზე 71,33 რუბლს არ აჭარბებდა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში კავკასიის მონაცემებთან ერთად ფიგურირებს ევროპა, რომელიც რუსეთის იპერიის რამდენიმე რეგიონის მონაცემებს აერთიანებს.

ამასთანავე, მიუხედავად მე-19 საუკუნეში განხორციელებული ზოგიერთი რეფორმისა და პოზიტიური ძვრებისა, რუსეთის იმპერია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ევროპის უღარიბესი იმპერია იყო. დოლარებში (1990 წლის ღირებულებით) გამოთვლილი მონაცემებით, 1897 წელს რუსეთის იმპერიაში  ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი რეგიონული პროდუქტი საშუალოდ 1198 დოლარს შეადგენდა მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი გერმანიასა და საფრანგეთში შესაბამისად –  2 848 და 2760 დოლარს, ხოლო დიდ ბრიტანეთში – 4428 დოლარს (იხ. ცხრილი ქვემოთ). (xanax)

მოცემული ცხრილი კარგად აჩვენებს რუსეთის იმპერიის პროვინციებს შორის სიმდიდრის უთანასწორო გადანაწილებასაც. სანქტ-პეტერბუგის პროვინციაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი რეგიონული პროდუქტი 6630 დოლარს აღწევდა, მაშინ როცა თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზე მდებარე იაკუტიის პროვინციაში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 576 დოლარი იყო.

იმპერიის ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა მე-20 საუკუნის დასაწყისშიც, 1913 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით დასავლური ქვეყნები  რუსეთის იმპერიას თითქმის ოთხჯერ უსწრებდნენ.

კიდევ ერთი გავრცელებული მითის თანახმად, საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით და მოსახლეობის კეთილდღეობით საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი მოწინავე რესპუბლიკა იყო. რეალურად, საბჭოთა კავშირის პირველი ორი ათწლეული მძიმე ეკონომიკური და მატერიალური კრიზისის მომტანი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი ყველა სახელმწიფოსთვის, რაც უპირველესად 1930-იანი წლების იძულებითმა, საყოველთაო კოლექტივიზაციამ და შემდეგ მეორე მსოფლიო ომმა განაპირობა. ამ პერიოდის საბჭოთა რესპუბლიკების მონაცემების ერთმანეთთან შედარება და ზუსტი მონაცემების დადგენა პრობლემურია, თუმცა რეალობასთან უფრო მიახლოებული მაჩვენებლების გამოთვლა შეგვიძლია სხვადასხვა შეფასებით,  1930-იანი წლების ბოლოს, მეორე მსოფლიო ომამდე სსრკ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 1440 აშშ დოლარს შეადგენდა, რომელ ნიშნულსაც დასავლეთის სახელმწიფოებმა მე-19 საუკუნის შუა და ბოლო წლებში მიაღწიეს.

საქართველოს ეკონომიკის შესახებ შედარებით სრულფასოვან მონაცემები გვაქვს 1970-80-იანი წლებისთვის, როცა წინა პერიოდებთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მართლაც გაუმჯობესდა, თუმცა 2 ათლწლეულის განმავლობაში  (1970-1988) საქართველოს სსრ-ის ეროვნული შემოსავალი სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ეროვნულ შემოსავალს  ჩამორჩებოდა. მაგალითად, 1970 წელს საქართველოს ეროვნული შემოსავლის რაოდენობა 4099 მილიონ რუბლს შეადგენდა. ამ რაოდენობაზე მაღალი მონაცემები კი ამ წელს 6 სხვა რესპუბლიკას ჰქონდა (რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ლიეტუვა) და საქართველო მე-7 ადგილს იკავებდა.

აღნიშნულ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:
იყო თუ არა საქართველო სსრკ-ის ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა?

  • იყო თუ არა საქართველოს მოსახლეობის ზრდა რუსეთის იმპერიის და სსრკ-ის დამსახურება?

მართალია, დათო ცქიფურიშვილის მიერ დასახელებული რიცხვები საქართველოს მოსახლობის 1783 და 1991 წლის რაოდენობას შეესაბამება, თუმცა თითქმის ორასწლიანი პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის ზრდის მიზეზად რუსეთის იმპერიის ან სსრკ-ის გამოცხადება მანიპულაციაა. რეალურად, აღნიშნული პერიოდი მთელი პლანეტის მაშტაბით მოსახლეობის სწრაფი ზრდის ეტაპს ემთხვევა, როცა პლანეტის მოსახლეობა რეკორდულად მოკლე ვადებში რამდენჯერმე გაორმაგდა და ეს ტენდენცია თითქმის მთელს მსოფლიოში შეინიშნებოდა, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული მეთვრამეტე საუკუნეში დაწყებულ ინდუსტრიულ რევოლუციასთან.

თავდაპირველად მოსახლეობის მკვეთრი ზრდა ევროპის განვითარებულ და ინდუსტრიულ ქვეყნებში დაიწყო, ხოლო მოგვიანებით,  მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ამ ტენდენციამ ინდუსტრიალიზაციასთან ერთად ჯერ – რუსეთის იმპერიაში, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირში გადმოინაცვლა. რაც შეეხება, განვითარებად ქვეყნებს, აქ დემოგრაფიული აფეთქება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და მალე ზრდის ტემპებმა ევროპის ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებელი უკან ჩამოიტოვა. მსოფლიო მოსახლეობა 1930 წლიდან 1975 წლამდე ბოლო სამასი წლის განმავლობაში მესამედ გაორმაგდა და 4 მილიარდ ადამიანს მიაღწია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მოსახლეობის ზრდის ტემპები საგრძნობლად შენელდა, რაც კიდევ უფრო მკაფიო 21-ე საუკუნეში გახდა.  გაეროს მსოფლიო მოსახლეობის 2015 წლის პროგნოზის მონაცემების მიხედვით, 2050 წლისათვის მოსახლეობის შემცირება მსოფლიოს 48 ქვეყანაშია მოსალოდნელი. მათ შორისაა, როგორც ევროპის სახელმწიფოები და საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია, რომელიც პრობლემის აქტუალობის მიხედვით მე-19 ადგილს იკავებს, ხოლო იმავე პროგნოზის თანახმად საქართველოს მე-15 ადგილი უკავია (ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში).

ამგვარად, ცქიფურიშვილის მიერ ხაზგასმული დემოგრაფიული ტენდენცია პირდაპირ არაა დაკავშირებული საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან, ის მსოფლიო პოპულაციაში მიმდინარე პროცესების კონტექსტში და მოსახლეობის ზრდაზე მოქმედი მრავალი ცვლადის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ.

სტატიის გავრცელება 

16 დეკემბრის 10:00 საათის მდგომარეობით News Front-ის სტატიის ბმული ფეისბუქზე 29-ჯერ გაზიარდა. სტატია 11 საჯარო ჯგუფში გააზიარეს: კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფი: Россия и Грузия,  პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !საქართველო და რუსეთი/Грузия и РоссияСТАЛИН ВЕЛИКИЙ УЧИТЕЛЬ სტალინი დიდი მასწავლებელისაქართველო და მსოფლიოМЕЖДУНАРОДНОЕ СТАЛИНСКОЕ ДВИЖЕНИЕ საერთაშორისო სტალინური მოძრაობარუსთავი 21 👁️ RUSTAVI 21წინ საქარათველო უკეთესი მომავლისაკენ !!!პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაკახა კალაძე თბილისის მერიბიძინა ივანიშვილი – დადებითი და უარყოფითი. Bidzina Ivanishvili – positive a.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

sa
News Front Georgia

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist