ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ლუგარიდან გაჟონილ დოკუმენტებს ტროლი და კრემლთან დაკავშირებული ჟურნალისტი მანიპულაციურად ავრცელებენ

7 დეკემბერი, 2020

1 დეკემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ლაშა მოდებაძემ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ფეისბუკ პროფილი, რომელიც საკუთარ იდენტობას მალავს, აცხადებს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC) დავალებით, საქართველოში წამლების გამოცდა და მოსახლეობის გენეტიკური მასალის შეგროვება ბიო-ბანკში ხდებოდა. 

პოსტში საუბარია იმაზეც, რომ ბიოლოგიური იარაღის  შექმნაზე ლუგარის ლაბორატორიაში უცხოელებთან ერთად, 7 ქართველი თანამშრომელი, მათ შორის პაატა იმნაძეც იყო ჩართული. პოსტს თან ერთვის დოკუმენტის სქრინი ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის ფარგლებში ნიმუშების შეგროვებას შეეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნიმუშები მომავალი სამეცნიერო მუშაობისთვის არის შენახული. იქვე  მოცემულია ნიმუშების (პლაზმის/შრატის, სისხლის) რაოდენობებიც.

;

გარდა ამისა, პოსტს ერთვის სინვიალური ქსოვილსა და რნმ-ის მიწოდების შესახებ აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ გამოქვეყნებული მოთხოვნის სქრინი, სადაც დაკონკრეტებულია, რომ ნიმუშები რუსული/კავკასიური რასიგან უნდა იყოს აღებული. აღსანიშნავია, რომ ტერმინი კავკასიური თერკანიანი ადამიანების აღსანიშნავად გამოიყენება.

;

პოსტზე თარდართული სქრინები კრემლთან და ჰეზბოლასთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევას მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან არის აღებული, რაც სავარაუდოდ ლუგარის ლაბორატორიაზე 2020 წლის 3 სექტემბერს განხორციელებული კიბერშეტევის შედეგადაა მოპოვებული. გაიტანჯიევას სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 3 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნის სპეცსსამსახურების კიბერშეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც მათ ლუგარის ლაბორატორიაში არსებული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია მოიპოვეს და ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე განათავსეს. დილიანა გაიტანჯიევას მიერ გამოქყვეყნებულ სტატიაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ნიმუშების შეგროვების შესახებაც გვხვდება ინფორმაცია, რომელსაც ის ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან მანიპულაციურად აკავშირებს. პოსტში გამოქვეყნებული სქრინები სწორედ აღნიშნულ მასალაში წარმოდგენილი დოკუმენტების იდენტურია. 

;

;

1. დეზინფორმაციაა მტკიცება, თითქოს C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში სისხლის ნიმუშების აღება პაციენტების თანხმობის გარეშე მოხდა, რადგან 7000-დან 6014-მა ასეთი ნიმუშის აღებაზე თანხმობა განაცხადა; 2. კონსპირაციულია მტკიცება, თითქოს აღებული ნიმუშები ბიოლოგიური იარაღისთვის გამოიყენება, რადგან ბიოლოგიური მასალის შეგროვება და შემდგომი მეცნიერული კვლევებისთვის ბიო-ბანკში შენახვა აპრობირებული პრაქტიკაა. 3. C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში გადმოცემულ ამერიკულ მედიკამენტებს ლუგარის ლაბორატორიაში გამოცდა არ ჭირდება, რადგან ისინი სერტიფიცირებულია, მათ შორის რეგისტრირებულია რუსეთშიც და  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სამკურნალოდ გამოიყენება; 4. აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ ბიოლოგიური მასალის მოთხოვნის ამსახველი დოკუმენტს საქართველოსთან კავშირი არ აქვს და მას კრემლი 2017 წელს პროპაგანდისტული მიზნებით იყენებდა.

  • რისთვის ხდებოდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის ფარგლებში ბიოლოგიური მასალის შეგროვება და როგორ იყენებენ მას? 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დასაწყისში სეროპრევალენტობის კვლევა (C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებული მოსახლეობის წილის იდენტიფიცირება) ჩატარდა. კვლევა 7 000-მა  ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 6014 სისხლის ნიმუშის აღებას დათანხმდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის 5.4% ც ჰეპატიტის აქტიური  ფორმის მატარებელია. პროექტის დასაგეგმად ეს ეტაპი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. სამეცნიერო ჟურნალში BMC Public Health-ში გამოქვეყნებულ სტატიაში  აღნიშნულია, რომ კვლევის პროცესში შეგროვებული მონაცემები საჯარო არ არის, თუმცა მონაწილეებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ამ მონაცემების კვლევის მიზნებისთვის გამოყენებაზე ინფორმირებული თანხმობა განაცხადეს. 

  • რას ნიშნავს ბიო-ბანკი და რისთვის არის ის საჭირო?

ბიო-ბანკი თანამედროვე მედიცინისა და მკურნალობის მეთოდების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბიო მასალა ყველა სამედიცინო კვლევისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკრეტული კვლევისას შეგროვებული ბიომასალები, რომლებიც ბიო-ბანკში ინახება, შესაძლოა, რამდენიმე წლის მერე იმავე სამეცნიერო პროექტის ფარგლებში იქნას გამოყენებული გრძელვადიანი, სამომავლო კვლევისათვის. ეს მონაცემები დაავადებაზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას, სამედიცინო პროექტის წამრატების შეფასებასა და შედეგების ანალიზს შესაძლებელს ხდის. ასევე, ხშირია მონაცემების გაზიარების შემთხვევები, რაც კვლევებს უფრო ეფექტიანსა და სწრაფს ხდის. ბრიტანეთის შემთხვევაში  სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მიზეზებზე დაკვირვება სწორედ დიდი რაოდენობით ნომუშების მქონე ბიო-ბანკის საშუალებით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ბიო-ბანკში ბიოლოგიურ მასალასთან ერთად ამ მასალის მფლობელის სამედიცინო თვალსაზრისით საინტერესო (ასაკი, სქესი, ქრონიკული დაავადებები და.აშ.) ინფორმაციაც ინახება

იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო კვლევებისათვის ბიო მასლა (უჯრედი, სისხლი, ქსივილი, დნმ და ა.შ.) აუცილებელია, სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები, ინსტიტუტები დ უნივერსიტეტები ამ მასალებს ხშირად ერთანეთს უზიარებენ, მაგალითად არსებობს  EuBioBank-ის კავშირი, რომელიც 16 ევროპულ ორგანიზაციას აერთიანებს. გერმანიაში, ბავარიის წითელი ჯვრის ორგანიზაციას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისხლის ნიმუშების ბანკი აქვს, სადაც 3 მლნ-ზე მეტი ნიმუშია შენახული. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაცია საკუთარ მონაცემებს სამეცნიერო კვლევისათვ მიზნით უზიარებს ორგანიზაციებს, მას შემდგ რაც კვლევის პროექტსა და მის მიზნებს ეთიკის საბჭო განიხილავს.

მსოფლიოში ბევრი ბიო-ბანკია, სადაც დიდი რაოდენობთ მასალებია თავმოყრილი, მაგალითად გრაცის (ავსტრიის) ბიო-ბანკში 19 მლნ-ზე მეტი ნიმუშია, აშშ-ში კი ყველაზე დიდ ბიო-ბანკში მილიონზე მეტი ნიმუში ინახება.  მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტსა და უამრავ ქვეყანაში ფუნქციონირებს ბიო-ბანკები, ერთ-ერთი ვებ-გვერდის მონაცემებით  ევროპაში თითქმის 100 ბიო-ბანკი არის აღრიცხული

  • სერტიფიცირებული თუ გამოსაცდელი პრეპარატი C ჰეპატიტის სამკურნალოდ?

პოსტის ავტორი საუბრობს C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მედიკამენტის ქართველებზე გამოცდაზე, თუმცა კონკრეტულ პრეპარატს არ ასახელებს. განცხადება იმის, შესახებ, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაში C ჰეპატიტის მკურნალობის მიზნით  სხვადასხვა პრეპარატებს ქართველებზე ცდიდნენ, 2018 წელს საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ გააკეთა, რომელსაც ვალდიმირ პუტინიც შეუერთდა და ლუგარის ლაბორატორიის საშიშ ექსპერიმენტებზე ისაუბრა. დასახელდა პრეპარატები “სოვალდი”  და ჰარვონი, რომლბიც საქართველოს სრულიად უფასოდ კომპანია „გილეადმა“ C ჰეპატიტის  ელიმინაციის სახელმწიფო 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში გადმოსცა.  

აღსანიშნავია, რომ ორივე პრეპარატი უკვე გამოცდილია და საერთაშორისო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვთ. უფრო მეტიც, დასახელებული პრეპარატებიდან “სოვალდი” რუსეთში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016 წლიდან არის რეგისტრირებული, ხოლო 2019 წელს რუსეთის მთავრობის დადგენილებით ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების სიაში შეიყვანეს.   

“მედიის განვითარების ფონდის” კითხვებზე პასუხად  ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის ფარგლებში გამოყენებული მედიკამენტები (სოფოსბუვირი (სოვალდი), სოფოსბუვირ/ლედიპასვირი და  სოფოსბუვირ/ველატასვირი) პირველი რიგის ანტივირუსული მეიდკამენტებია. თენგიზ ცერცვაძის თქმით:

“მათ რევოლუციური გადატრიალება მოახდინეს მსოფლიოში C ჰეპატიტის მკურნალობის დარგში და უზრუნველყოფენ ქრონიკული  C ჰეპატიტით პაციენტთა 95%-ზე მეტის სრულ განკურნებას. ეს მედიკამენტები სავსებით უსაფრთხოა და მათ გამოყენებას სერიოზული გვერდითი მოვლენები თან არ ახლავს. საქართველოს  C ჰეპატიტის ელიმინაზიის პროგრამის ფარგლებში აღნიშნული  მედიკამენტები გამოიყენება დიდი წარმატებიღ და პაციენტებში მათ მიღებას გვერდითი მოვლენები ჯერ-ჯერობით არ მოჰყოლია”.

ვრცლად გაეცნოთ “მითების დეტექტორის” მიერ ადრე მომზადებულ სტატიას:

 

  • მანუპულაციური დოკუმენტი აშშ-ს საჰაერო ძალების კვლევის შესახებ

პოსტს თან ერთვის  სინვიალური ქსოვილისა და რნმ-ის მიწოდების შესახებ აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ გამოქვეყნებული მოთხოვნის სქრინი, სადაც დაკონკრეტებულია, რომ ნიმუშები რუსული/კავკასიური რასისგან უნდა იყოს აღებული. აღსანიშნავია, რომ ტერმინი კავკასიური თერკანიანი ადამიანების აღსანიშნავად გამოიყენება. აღნიშნული დოკუმენტი 2017 წლით თარიღდება და საქართველოსთან კავშირი არ აქვს. 

აღნიშნული მოთხოვნის შესახებ  კრემლის ტელეარხი RT  2017 წლის 28 ივლისში წერდა. სტატიის სათაურში “ვირუსის იაღად გამოყენება” არის ნახსენები და ტექსტში გამოთქმულია ეჭვი ბიოლოგიური მასალის შეგროვების შესახებ. 

აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, კაპიტანმა Beau Downey -მა  Defense News -თან განმარტა, რომ პროგრესული მოლეკულური კვლევის ცენტრი ტრავმასთან დაკავშირებული სხვადასხვა ბიო მარკერების გამოვლენისათვის კვლევას ატარებდა, რომელიც ორი ფაზისაგან შედგებოდა - დავადების ტესტირება და კონტროლ ჯგუფი. მისი განმარტებით, პირველი ეტაპისას ამერიკულმა ფირმამ მასალები რუსული წარმოშობის ადამიანებისაგან შეაგროვა, ამიტომ მეორე ეტაპზეც მსგავსი გენეტიკის მასალა აღმოჩნდა საჭირო. 

2017 წლის 30 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხს აქტუალობა შესძინა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოსთან შეხვედრაზე პირდაპირ ეთერში საკუთარი “ეჭვი” გაახმოვანა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ტერიტორიაზე  უცხოელები ბიო-მასალებს “გამიზნულად და პროფესიონალურად” აგროვებენ. პრეზიდენტის განცხადებას სხვა პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. რუსეთის დუმას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა გენადი ონიშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთიდან ბიოლოგიური მასალის შეგროვება არის “დასტური, რომ აშშ-ს აგრესიული სამხედრო პროგრამა არ შეუწყვეტია.”

წყაროს შესახებ

ფეისბუკ ანგარიში ლაშა მოდებაძე სავარაუდოდ ყალბი პროფილია, რომელიც ადრე ჯგუფ “კორონა მაფიას” ადმინისტრატორი იყო, ამჟამად კი მეორე ჯგუფის კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა ადმინისტრატორი და მოდერატორია. ბოლო ჯგუფი ხშირად აქვეყნებს რუსულენოვან კონსპირაციებს კოროანვირუსის შესახებ, ასევე აზიარებს ნიუს-ფრანტ საქართველოს მასალებს. მოდებაძე ლუგარის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ოქტომბერშიც ავრცელებდა, ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციეას სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების რეგიონული პროგრამის  შესახებ და ონსპირაცია, თითქოს კოვიიდ პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი.

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

ლუგარის ლაბორატორია, რომელიც კორონავირუსის დიაგნოსტიკის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, წლების რუსეთის ხელისუფლების და საქართველოში მასთან დაკავშირებული აქტორების სამიზნეა. ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ, ბიოდივერსიის საფრთხე სწორედ ლუგარის ლაბორატორიას დაუკავშირონ და ამ მიზნით წლების სხვადასხვა კონსპირაციებსა და ყალბ ცნობებს ავრცელებენ.

ერთ-ერთი ასეთი წყარო, რომელიც ლუგარის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს და ხშირად რუსეთის თაცდაცვის არხის TV Zvezda-ს ეთერში ჩდება, ბულგარელი ჟურნალისტი დალია გაიტანჯიევაა

დეტალურად იხ. მასალები ლუგარის ლაბორატორიიდან და ჯანდაცვის სამინისტროდან დოკუმენტების გაჟონვის შესახებ:


მოამზადა ანა ჩიტლაძემ


არქივის ბმული: -https://archive.ph/6Cgyl


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.