“კრემლის ადვოკატები” უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზებაში დასავლეთს ადანაშაულებენ 

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

17
VIEWS

მარტის ბოლოს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. მუდმივად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიხედვით, რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში 40-40 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. მიმდინარე დაძაბულობის ფონზე უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს დასავლელმა პარტნიორებმა, კრემლი კი საუბრობს უკრაინისა და დასავლეთის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებაზე. კრემლის ნარატივებს იმეორებენ ქართული როგორც ღიად პრო-რუსული, ასევე ულტრა-ნაციონალისტური გამოცემები თუ ცალკეული აქტორები. მათი ნარატივი მიმდინარე მოვლენებში უკრაინის მთავრობის, აშშ-სა და NATO-ს დადანაშაულებაზე თანხვედრაშია კრემლის ოფიციალურ ნარატივთან.

მათ შორისაა ინტერნეტ-პორტალი “საქართველო და მსოფლიო”, რომელიც შპს ისტორიული მემკვიდრეობის მიერ გამოიცემა. მათ გამოაქვეყნეს არაერთ მასალა კრემლის პროპაგანდისტულ მედიაზე დაყრდნობით. მასალებში ვხვდებით მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებებს, რომლებიც ვითარების ესკალაციაში უკრაინასა და აშშ-ს ადანაშაულებენ.

“საქართველო და მსოფლიოს” არ ჩამორჩა კრემლისტური მედია News Front-ის ქართულენოვანი ვებ-გვერდიც. გარდა ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივებისა, მათ გამოაქვეყნეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც გამოცემის რედაქციამ კლოუნადად შეაფასა. სამაგიეროდ, ასეთი კრიტიკულები არ ყოფილან ამავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ირონიული განცხადების გაშუქებისას.

აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუკ გვერდმა “კარდჰუ”, რომელიც ანტიდასავლური ნარატივებით გამოირჩევა.

რუსეთ-უკრაინის შესაძლო ომი იყო განხილვის თემა პროპაგანდისტული, ანტიდასავლური პლატფორმის, ალტ-ინფოს გადაცემის, ალტ-ანალიტიკას ეთერში.

გზავნილი

კრემლისტური აქტორები

ულტრანაციონალისტური აქტორები

დასავლეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ აქეზებს

“საქართველო და მსოფლიო”, მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი: “აშშ-ის დაპირებამ, დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, შეიძლება კიევს დათვური სამსახური გაუწიოს…. ვაშინგტონი კი შეიარაღების მოწოდებით, აგრესიული და პროვოკაციული რიტორიკით აქეზებს კიევის რეჟიმს მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობისკენ”.

“საქართველო და მსოფლიო”, გიორგი გაჩეჩილაძე, ავტორი:“…დასავლელ პოლიტიკოსებს სიტყვაც არ დაუძრავთ დონეცკელი პენსიონერისა და ბავშვის დაღუპვაზე. ნატოს წევრების აზრით, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე მნიშვნელოვანი არ არის. ეს ადასტურებს იმას, რომ უკრაინის მოკავშირეებმა, რომლებიც მას აქტიურად აწვდიან შეიარაღებას, შესანიშნავად იციან, ვინ კლავს სამოქალაქო პირებს ამ რეგიონში.”

“საქართველო და მსოფლიო”, გურამ ნიკოლაიშვილი, პატრიოტთა ალიანსი: “რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას დასავლეთის მხრიდან კრემლის მოქმედების საპასუხოდ და რა ფორმით შეიძლება, ამ შემთხვევაში გამოგვიყენონ ბრმა იარაღად, ვფიქრობ, რიგში პირველი უკრაინაა და, როგორც ჩანს, უკრაინას ბოლომდე გაწირავენ. ამას ცხადყოფს ის, რომ დასავლელი მაღალჩინოსნების მხრიდან ისმის არა მშვიდობაზე ორიენტირებული რიტორიკა, რომელიც მხარეებს მოლაპარაკებისკენ უბიძგებს, არამედ ლაპარაკი სამხედრო დახმარებაზე, ფინანსურ, პოლიტიკურ მხარდაჭერაზე და ა.შ. თუმცა, არ მგონია, რომ უკრაინას დიდ დახმარებებს გამოუყოფენ. უკრაინას დაეხმარებიან იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება დაძაბულობის მათთვის სასურველ ვადებში შესანარჩუნებლად. მორჩა, ამის შემდეგ უკვე რა იქნება და რა დარჩება ომის ქარ–ცეცხლში გახვეული ქვეყნისგან, რომლის მოსახლეობასაც ნამდვილად არ უნდა ეს ომი, აღარ აინტერესებთ”.

“ნიუს-ფრონტი”, ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: “30 წელია საქართველო ამ გზაზე დადის — ასრულებს რა ამერიკელთა შეკვეთას — იყოს რუსეთის მტერი, აგინოს რუსეთს, პრობლემები შეუქმნას მას საერთაშორისო არენაზე, შეურაცხყოს მისი იმიჯი. შიგადაშიგ, ვითარების უფრო დაძაბვის მიზნით, აქეზებს მას რუსეთის წინააღმდეგ — შიშველი სამხედრო აგრესიისკენ. განა ამას არ ჰქონდა ადგილი 2008 წელს? განა ამას არ აქვს ადგილი ამჟამინდელ უკრაინაში, სადაც ფაშიზმი ყვავის და მასთან ერთად რუსოფობია, სადაც უკრაინას ჯარი ჰყავს მიყენებული დონეცკ-ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების საზღვრებთან და მიუხედავად მინსკში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა ჟუჟავს სეპარატისტული სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობას”.

“კარდჰუ”, დემურ გიორხელიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი: “პროვოკაციებისთვის გამოყენებული იქნება 6 ყველაზე უპასუხისმგებლო ქვეყანა – ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო, უკრაინა, საქართველო და პოლონეთი, რომელმაც უკვე არაერთი ნაბიჯი გადადგა.”

 

ირაკლი ზაქარეიშვილი, ადვოკატი: “უკრაინის უკან მისი წამქეზებლები: აშშ და “DEEP STATE”-ს დამქაშები დგანან, რუსეთს კი ზურგს ისტორიული სამართლიანობა უმაგრებს!”.. “აშშ-დანიელსონის შუამავლობით ნაცებს თავისი რომ გასვლოდათ, საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან ეხლა თავმოყრილი იქნებოდა რუსეთის საჯარისო შენაერთები და იგივე წინასაომარი ვითარება იქნებოდა, რაც დონბასში ხდება!..”

 

“ალტ-ინფო”, გიორგი ქარდავა, წამყვანი: “ამერიკა იქ ავანტიურას ინსპირირებას ხომ უკეთებს, აქაც რომ ცოტა ნავთი ქართველი ეთნოსის ხარჯზე დაესხას ამ დიდ ცეცხლს, ესეც ხომ არ იქნება ცუდი?”

დასავლეთი უკრაინას ვერ დაიცავს

“საქართველო და მსოფლიო”, ვლადიმირ ჯაბაროვი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: “აშშ-ის დაპირების უკან, სიტყვების გარდა, არაფერი დგას, ამერიკელები არასოდეს იბრძოლებენ უკრაინისთვის. ზელენსკის მთავრობამ არ უნდა დაიწყოს სირბილი უფროს ძმასთან დახმარების სათხოვნელად… კიევი ცდილობს კრემლის პროვოცირებას და სამხედრო კონფლიქტში ჩათრევას იმ იმედით, რომ აშშ-ის დახმარებით რუსეთს დაამარცხებს”.

“საქართველო და მსოფლიო”, როდიომ მიროშნიკი,  სეპარატისტული ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო ხელმძღვანელის მრჩევლი: “ამერიკელები უკრაინისთვის არ იბრძოლებენ. მაქსიმუმი, რასაც ისინი გააკეთებენ, არის ცეცხლზე ნავთის დასხმა იარაღის მიწოდების სახით და კიდევ სხვა რამით, რაც საბრძოლო მოქმედებების ესკალაციას გამოიწვევს.”

“ნიუს-ფრონტი”, მანანა უძილაური:“დღესვე, ზელენსკიმ მოითხოვა – სასწრაფოდ მიგვიღეთ ნატოშიო! აშშ-დან ზელენსკის უპასუხეს- დონბასს რომ დაიბრუნებ მერე გახდებით ნატოს წევრიო… ახლა იმათ მინდა მივმართო, ვინც დღემდე ილუზიებშია…. ცოტა ხანში ყველა ნახავთ, რა მოხდება უკრაინაში…
და თუ გონს არ მოვეგებით აქაც მალევე ვნახავთ, დაქუცმაცებულ და დაგლეჯილ საქართველოს!“

“ნიუს-ფრონტი”, დავით მხეიძე, ავტორი:
“მიიხედ-მოიხედთ რა ხდება მსოფლიოში პუტინის რუსეთის ლანძღვა-გინებაში რომ აღამ-ათენებთ. ცოტა ხანში ნახავთ რა მოუვა უკრაინას, რომელსაც ნატო მხოლოდ შეშფოთებული განცხადებებით დაეხმარება და ვაი უბედურო საქართველოვ! ეგ კინო 2008 ვნახეთ და თუ გონს არ მოვეგებით ვნახავთ რომ 2008-ში კინო კი არა ჟურნალი ყოფილა და ნამდვილი კინოთი “სიამოვნება” მარტივ მამრავლებად დაშლილი საქართველოს სახით წინ გველოდება.”

“თვალსაზრისი”, ირაკლი ჯანყარაშვილი, ავტორი:“მითი ნატოში გაწევრიანების საბოლოოდ დაიმსხვრა.

ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინა, რომელსაც სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებდნენ მარტო დატოვეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ.”

უკრაინის დახმარება მხოლოდ რუსეთს ძალუძს

ვლადიმირ ჯაბაროვი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: “არადა, უკრაინამ დღემდე ვერ შეიგნო, რომ თავის არსებობას დიდწილად უნდა უმადლოდეს რუსეთს, რომელიც მას მხარს უჭერს, მათ შორის ბუნებრივი აირის ტრანზიტითაც, ამიტომ საჭირო არ არის რუსეთის პროვოცირება საპასუხო ქმედებაზე”.

ევროკავშირი უკრაინას კოლონიად განიხილავს 

“საქართველო და მსოფლიო”, გიორგი გაჩეჩილაძე, ავტორი: “ევროპისთვის, რომელიც თავისი მოქმედებით სიღარიბისკენ მიექანება, ისეთი ტერიტორია, როგორიც არის უკრაინა, ცუდი კოლონია არ იქნება… შვიდი წლის წინათ მიამიტ უკრაინელებს გადაუგდეს სატყუარა “ევროკავშირის წევრობის” სახით. ამ ქიმერისთვის რუსების მონათესავე ერმა დაანგრია თავისი სახელმწიფო და აფრიკული ქვეყნის ცხოვრების დონემდე დაეშვა”.

რუსეთის ქმედებები უკრაინისთვის ეზგისტენციალურ საფრთხეს არ წარმოადგენს 

“საქართველო და მსოფლიო”, გიორგი გაჩეჩილაძე, ავტორი:“…დასავლელ კომენტატორებს “დაავიწყდათ”, რომ მინსკის შეთანხმების მიხედვით, რუსეთი კი არ არის შეზღუდული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაში, არამედ უკრაინა, რომელიც აშკარად არღვევს ზემოაღნიშნულ შეთანხმებას, როცა თავისი ტანკები გადაჰყავს დაპირისპირების ზონაში.”

“ალტ-ინფო”, შოთა მარტინენკო, წამყვანი: “ჩემი აზრით სრული უგუნურების პიკია, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს, რაც გააკეთა, ყირიმი რომ დაკარგა, დონბასი რომ დაკარგა. მაგის მიუხედავად, რა რისკზეც უკრაინელი მიდის, ეგზისტენციალური რისკი არ არის. უკრაინა სულ რომ დაიპყროს რუსეთმა, ჯერ ერთი, რუსეთის მოქმედების ფორმა იქნება მაქსიმალურად ლმობიერი იმიტომ, რომ ის უკრაინელს განიხილავს პრინციპში თავისი ერის ნაწილად და ეგრეც არის.”

;

  • ვის ეყრდნობა პრო-რუსული მედია?

კრემლისტური გამოცემა “საქართველო და მსოფლიო” მასალებს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაზე დაყრდნობით ამზადებს. 7 აპრილს ნიკა კორინთელის მიერ გამოქვეყნებული მასალა სათაურით “აშშ უკრაინას ახალი ავანტიურისთვის აქეზებს” რუსულ გამოცემა Взгляд-ს ეყრდნობა.  “Взгляд” კრემლის პროპაგანდისტის, კონსტანტინ რიაკოვის მიერ შექმნილი გამოცემაა, რომელიც 2014 წელსაც აქტიურობდა ყირიმის ანექსიის დროს სოციალურ მედიაში კრემლის ნარატივების გასატარებლად. მასალაში ვხვდებით მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებებს, რომლებიც ვითარების ესკალაციაში უკრაინასა და აშშ-ს ადანაშაულებენ.

14 აპრილს გამოქვეყნდა ორი მასალა კრემლისტურ მედია RIA-ზე დაყრდნობით. ერთი მათგანი შეეხება დასავლელი პოლიტიკოსების გეგმებს შექმნან მსოფლიო მთავრობა და ამ კონტექსტში განიხილავს უკრაინის საკითხის გამოყენებას, მეორეში კი, სათაურით “ამერიკა ჩვენთანაა!” – უკრაინამ კვლავ დაიჯერა, რომ ამერიკა მისთვის იომებს”. მასალის ავტორი წუხს იმაზეც, რომ თუ დონბასში კვლავ ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია გაჩაღდება, დასავლური პრესა ყველაფერში კვლავ რუსეთს დაადანაშაულებს.

14 აპრილს გამოქვეყნდა ნიკა კორინთელის მიერ გერმანულ ულტრა-მემარცხენე მარქსისტულ გამოცემა Junge Welt-ზე დაყრდნობით მომზადებული მასალა, სათაურით “ქართული სცენარი უკრაინისთვის”, რომელშიც ზელენსკის მოუწოდებენ, გაითვალისწინოს სააკაშვილის გამოცდილება, რომელიც “სამხრეთ ოსეთს დაესხა თავს”.

ამავე დღეს კორინთელი პრო-კრემლისტურ გამოცემა Politnavigator-ზე დაყრდნობით აქვეყნებს მასალას სათაურით “რუსეთის არმია სერიოზულად ემზადება უკრაინის აგრესიის მოსაგერიებლად”.     

;

  • რა ხდება რეალურად აღმოსავლეთ უკრაინაში?  

მარტის შუა რიცხვებიდან რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირება განსაკუთრებით დაიძაბა. მუდმივად ირღვევა 2020 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გასულ წელს დონბასის რეგიონში კონფლიქტს სულ 50 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, მიმდინარე წელს ეს რიცხვი უკვე 26-ს აღწევს.

ვითარების ესკალაციას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის მახლობლად ჩატარებული სამხედრო წვრთნები, რომელიც 23 მარტს დასრულდა, თუმცა სამხედრო ძალებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. მეტიც, უკრაინის ხელისუფლების მიხედვით, რუსეთმა სამხედრო ძალების რაოდენობა გაზარდა როგორც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.

კრემლი რუსეთის ჯარის გადაადგილებას “ქვეყნის შიდა საქმეს” უწოდებს და მუქარის შემცველ ქმედებებში NATO-სა და უკრაინას ადანაშაულებს.

რუსეთის მიერ უკრაინის მხრიდან პროვოკაციად აღქმული იყო პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის, ოლიგარქ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკის და მისი ცოლის, ოქსანა მარჩენკოსათვის სანქციების დაწესება. უკრაინამ ასევე აკრძალა 3 პრო-რუსული ტელევიზიის მაუწყებლობა ქვეყანაში.

უკრაინის ამ ნაბიჯს მწვავე შეფასებები მოჰყვა კრემლში და ისინი, ისევე როგორც კრემლის პროპაგანდისტული მედია უკრაინის მხრიდან ვითარების ესკალაციაზე ალაპარაკდნენ.

საქართველოში კრემლის ნარატივის გამტარ საშუალებებს გარდა იმისა, რომ რუსული აგრესია მათ შიდა საქმედ, უკრაინის შიდა საქმეები კი პროვოკაციად მიაჩნიათ, მოჰყავთ რამდენიმე მცდარი ფაქტი იმის დასასაბუთებლად, რომ თითქოს აგრესორი უკრაინაა და საერთაშორისო შეთანხმებებსაც სწორედ ის არღვევს.

  1. დონეცკში უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად მოკლეს ბავშვი, რასაც დასავლური მედია არ აშუქებს.

StopFake.org-მა შეისწავლა რუსულ მედიაში გავრცელებული ბრალდებები, თითქოს უკრაინა უარყოფს არასრულწლოვნის გარდაცვალებას, რომ ერთ შემთხვევაში არასრულწლოვნის დაღუპვა უკრაინულმა დრონმა, მეორე შემთხვევაში კი უკრაინულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია და რომ ეუთოს მისია ამ ფაქტებით არ დაინტერესებულა. ფაქტჩეკინგის მიხედვით, უკრაინა გარდაცვალების ფაქტს არ უარყოფს, თუმცა უარყოფს ბრალდებებს მათი მისამართით. თავად ეს ბრალდებები საფუძველს არის მოკლებული, რადგან რუსულ მედიაში არ მოჰყავთ დამადასტურებელი მტკიცებულებები და რამდენჯერმე შეცვალეს ნარატივი, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს. ასევე სიცრუეა, რომ ეუთოს მისია მომხდარით არ დაინტერესებულა. მათ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისიის წევრებს გადაადგილება, იმისათვის რომ ტრაგედიის ადგილას ჩასულიყვნენ, სეპარატისტების წარმომადგენლებმა შეუზღუდეს.

  1. უკრაინა სეპარატისტული რესპუბლიკების მოსახლეობას ხოცავს

2020 წლის 9 ნოემბერს გამოქვეყნდა ეუთოს მონიტორინგის მისიის ანგარიში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში 161 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აქედან 81 შემთხვევა ნაღმებმა და სხვა ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა გამოიწვია. კვლევის მიხედვით, ნაღმებთან კონტაქტის შედეგად გარდაცვალების ან დაშავების შემთხვევების 40%-ზე მეტი მოხდა მაშინ, როდესაც ისინი ნაღმების განიარაღებას ცდილობდნენ ან ადგილი ჰქონდა ასაფეთქებელ მოწყობილობასთან არასწორ მოპყრობას.

  1. მინსკის შეთანხმება უკრაინას სამხედრო ტექნიკის გადატანას უზღუდავს , რუსეთს – არა

მტკიცება მანიპულაციურია. 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ბუფერული ზონიდან უკრაინამ და სეპარატისტებმა მძიმე ტექნიკა უნდა გაიყვანონ. ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ უცხოური შეიარაღებული ჯგუფები და დაქირავებული სამხედროები და ასევე გატანილი უნდა იყოს უცხოეთის მიერ მიწოდებული შეიარაღება. რუსეთი უარყოფს, თუმცა არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი აგრძელებს სეპარატისტებისათვის შეიარაღების მიწოდებას. უკრაინის მიხედვით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები იყენებენ მინსკის შეთანხმებით აკრძალულ მძიმე ტექნიკას.

რაც შეეხება რუსეთის მიერ სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას, დამოუკიდებელმა გამოძიებამ გამოვალინა ვორონეჟის ოლქში სამხედრო ბანაკი, სადაც სამხედრო ტექნიკის კოლონები გადაიყვანეს. მონიტორინგის ჯგუფების მიხედვით, რუსეთმა ამ ტერიტორიაზე დაიწყო სარაკეტო სისტემების გადატანაც, მათ შორის Iskander-ის ტიპის მცირე რადიუსის სარაკეტო სისტემების, რომელსაც რუსეთი აქტიურად აპიარებს. ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა: სად უმიზნებს და სად არა რუსული ისკანდერი? – ყარაბაღიდან სირიამდე

წყარო

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

აა
ალტ-ინფო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist