“კონსერვატორი” აშშ-ს მიერ ზვიად გამსახურდიას მთავრობის აღიარების შესახებ მანიპულაციურ პოსტს აქვეყნებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

239
VIEWS

2022 წლის 8 იანვარს ფეისბუქ გვერდმა კონსერვატორი “ამერიკის ხმის” მიერ საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლის აღსანიშნავად მომზადებული დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიმართ ამერიკის დამოკიდებულებას ეხება. ვიდეოში გვხვდება ამერიკის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უფროსის განცხადება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში “ადგილობრივი დიქტატურების” დამყარების საფრთხის შესახებ და საქართველოში ამერიკის პირველი ელჩის, კენტ ბრაუნის კომენტარი, რომელიც ზვიად გამსახურდიას “არაპროგნოზირებად და არასტაბილურ დიქტატორად” მოიხსენიებს. მიუხედავად იმისა, რომ ორწუთიანი ვიდეოს დასასრულს ამერიკის მიერ ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებაცაა საუბარი, ფეისბუქ გვერდი მას შემდეგი აღწერით ავრცელებს:  “რატომ არ აღიარა აშშ-მ გამსახურდიას მთავრობა?”

"

“კონსერვატორის” პოსტი მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზვიად გამსახურდიას მთავრობა არ აღიარა. რეალურად, ამერიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად, 1991 წლის 25 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში ცნო, როდესაც თბილისში სამხრედრო გადატრიალება მიმდინარეობდა.

1991 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ზვიად გამსახურდია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა. მიუხედავად საბჭოთა რესპუბლიკებში კრემლის  მიმართ მზარდი წინააღმდეგობებისა, ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი მხარს უჭერდა მიხეილ გორბაჩოვს, როგორც რეფორმატორსა და დემოკრატიზაციის მომხრეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებლობა 1991 წლის 25 დეკემბრს მიხეილ გორბაჩოვის გადადგომის და საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლის შემდეგ აღიარა.

ამ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, თუმცა 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული სამხედრო გადატრიალების გამო, 25 დეკემბერს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების ნაწილი ისევე, როგორც თავად ზვიად გამსახურდიაც, საქართველოს პარლამენტის შენობაში ე.წ. “ბუნკერში” იმყოფებოდნენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მთავრობებთან, მათ შორის სომხეთთან და აზერბაიჯანთან, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება 1992 წლის თებერვლიდან დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის (1992 წლის 6 იანვრიდან) ზვიად გამსახურდია უკვე საქართველოში აღარ იმყოფებოდა. ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობას შორის დიპლომატიური ურთიერთობები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით გვიან, 1992 წლის 24 მარტს დამყარდა, როდესაც საქართველოს ედუარდ შევარდნაძე მართავდა.

ამგვარად, მტკიცება, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები უშუალოდ ზვიად გამსახურდიას მთავრობას არ აღიარებდა, შეცდომაში შემყვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკას ამერიკის ხელისუფლების მხრიდან გარკვეული კრიტიკა მოჰყვა, როცა პრეზიდენტმა ბუშმა გამსახურდიას ქმედებებს “დინების წინააღმდეგ ცურვა” უწოდა. ზვიად გამსახურდიას მთავრობას  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებისა და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო ამერიკული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც აკრტიტიკებდნენ.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი “კონსერვატორი” 2021 წლის 1 დეკემბერს შეიქმნა. გვერდი ანტილიბერალური შინაარსის პოსტებს აქვეყნებს და ძირითადად ულტრაკონსერვატორული და პრორუსული ტელევიზიის “ალტ ინფოს” გადაცემების სრულ ჩანაწერებს ან ფრაგმენტებს აზიარებს.

"

აღსანიშნავია, რომ იდენტური სახელწოდების მქონე კიდევ ერთი ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდი, რომელიც 2021 წლის ივნისში შეიქმნა და “ალტ ინფოს” ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით გამოირჩეოდა, ამჟამად წაშლილია. წაშლილი “კონსერვატორის” შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist