ისტორია

“კომსომოლური” აღდგომა - საბჭოთა პროპაგანდა რელიგიის წინააღმდეგ

29 აპრილი, 2021

1921-1922 წლებში ეკონომიკური პრობლემების გამო რუსეთის ტერიტორია მასობრივმა შიმშილმა მოიცვა. პოლიტბიუროს ამ პერიოდში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ შიში გაუჩნდა, რადგან ფიქრობდა, რომ ეკლესია ანტირევოლუციურ განწყობებს გააღვივებდა. სახელმწიფომ შეადგინა გეგმა, რის მიხედვითაც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მისი ქონების მიტაცებით დაასუსტებდა და ამით გარკვეული პრობლემებს მოაგვარებდა

1922 წლის მაისში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის საიდუმლო პოლიციის დახმარებით, მოსკოვში “ეკლესიის განახლების” მოძრაობის სამი სასულიერო პირი შეიკრიბა, რომელთაც პოლიტბიუროს დავალებით ეკლესიაში სქიზმა უნდა გამოეწვიათ და რუსეთის პატრიარქ ტიხონს უნდა დაპირისპირებოდნენ. აღნიშნული ჯგუფი მართლმადიდებელი ეკლესიის სადავეების აღებას და ეკლესიის მარქსისტულ იდეოლოგიაზე გადაყვანას აპირებდა. მათი გეგმით, ისინი სახელმწიფოს მიერ ქონების მიტაცებას არ შეეწინააღმდეგებოდნენ და ეკლესიაში ისეთ რეფორმებს გაატარებდნენ, რაც ქრისტიანობას მარქსისტულ/კომუნისტურ იდეოლოგიასთან დააკავშირებდა. ამ პერიოდში საიდუმლო პოლიციამ მრავალი სასულიერო პირი დააპატიმრა, მათი ეს ქმედება კი გარკვეულ გამართლებას მოითხოვდა.

;
საეკლესიო ქონების კონფისკაცია - Corley, Felix. ნიუ იორკის უნივერსიტეტის პრესა 1996

აღნიშნულ მოვლენებთან ერთად სახელმწიფომ პროპაგანდისტული მანქანა აამოძრავა, რაც ხალხში ისეთ განწყობებს დანერგავდა, რომ ისინი სახელმწიფოს მიერ სასულიერო პირებისა და ეკლესიის დევნას გაამართლებდნენ. 

ანტირელიგიურმა პროპაგანდამ მუდმივი ხასიათი მიიღო და ის სსრკ-ის იდეოლოგიის ნაწილად იქცა.

  • ანტირელიგიური პროპაგანდა საბჭოთა გაზეთებში

პირველ ეტაპზე, 1922 წლიდან, სხვადასხვა ლიტერატურასთან ერთად მებრძოლ ათეისტთა ლიგა (ანტირელიგიური ორგანიზაცია საბჭოთა რუსეთში და შემდგომ საბჭოთა კავშირში) სპეციალურ გაზეთს “უღმერთოს” გამოსცემდა. მისი დანიშნულება ათეისტური პროპაგანდა იყო და სამიზნე ძირითადად ქრისტიანობა, ისლამი და იუდაიზმი იყო. სტატიების მიხედვით, რელიგია მუშათა კლასისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა და იმის ახსნა, თუ როგორ მუშაობს სამყარო მხოლოდ მეცნიერებას შეეძლო. 1932 წლისთვის უკვე გაზეთის 200 000 ეგზემპლარი იყო დაბეჭდილი

;
გაზეთ “უღმერთოს” ერთ-ერთი ნომერი

გაზეთი “უღმერთო” სხვადასხვა მოწოდებებით  რელიგიურ ლიდერებსა და დღესასწაულებს ესხმოდა თავს:

  • ფესახის (პასექი) დღესასწაული ზედმეტი სმის საბაბია, ელია წინასწარმეტყველი კი ალკოჰოლიკია.
  • იესო ქრისტე თაღლითია.
  • სასულიერო პირები გლეხების დაუღალავი შრომის ხარჯზე ცხოვრობენ.
;
მუშათა კლასის წევრი ურიკიდან აგდებს ქრისტეს 
;
რელიგია - როგორც ალკოჰოლიზმის საბაბი

ამავე პერიოდში სხვა გაზეთებიც გამოიცემოდა, მათ შორის, “უღმერთო გლეხი” (1928-1932), “ანტირელიგიური” (1926-1941) და “ახალგაზრდა ათეისტი” (1931-1933). ამასთანავე იბეჭდებოდა სხვადასხვა წიგნი, რომელიც ანტირელიგიურ გზავნილებსა და არგუმენტებს შეიცავდა, მათ შორის “რელიგია და მეცნიერება”. 

1924-1925 წლებში ასევე იბეჭდებოდა სატირული ჟურნალი “უღმერთო ნიანგი”, რომლის დანიშნულებაც ძირითადი რელიგიების კრიტიკა და დაცინვა იყო. თავდაპირველად აღნიშნული სატირა გაზეთ “უღმერთოს” ნაწილი იყო, შემდგომ კი ერთგვარი უფასო დამატება გახდა.

;
უღმერთო ნიანგის სხვადასხვა ნომერი

ანტირელიგიური პროპაგანდის შემცველი პუბლიკაციები 1957-1964 წლებში ასევე აქტიურად იბეჭდებოდა. 

წელი

საგაზეთო სტატია

წიგნი და პამფლეტი

სტატიები პერიოდულ გამოცემებში

1957

31

91

69

1958

104

155

117

1959

204

312

233

1960

117

319

343

1961

97

329

248

1962

123

243

324

1963

115

289

324

1964

130

284

299


საბჭოთა მედია ასევე სხვადასხვა გაზეთისა და ჟურნალის საშუალებით ანტირელიგიურ ლექსებსა და ნაწარმოებებს აქტიურად აქვეყნებდა. მსგავსი ტიპის ნაშრომებს ვხვდებით იმ პერიოდის ქართულ საბჭოთა მედიაშიც.

“კვერცხებსაც წითლად აღარ ღებავს სააღდგომოდა, 
ნამცხვარს არ აცხობს არ აპირებს ზეიმს და ქეიფს, 
გულმოდგინებით ემზადება სამაისოდა, 
აღფრთოვანებით უცხო ფერადს, კაბას იკერავს”. 
შაქრო ნავთლუღელი

;

  • ანტირელიგიური პროპაგანდა საბჭოთა თეატრალურ დადგმებსა და ფილმებში

ანტირელიგიური პროპაგანდა საბჭოთა კავშირში მისი დაარსებიდან მის დაშლამდე გაგრძელდა და მიზანი ძირითადად ერთი და იგივე იყო - რელიგიის დაკნინება და კომუნიზმის იდეის წინ წამოწევა. გაზეთებთან ერთად საბჭოთა კავშირი პროპაგანდისთვის თეატრალურ დადგმებს, ფილმებსა და ვიდეოებს იყენებდა. 

რელიგიური დღესასაწაულების (შობა, აღდგომა) დაკნინების ერთ-ერთი გამორჩეული ფორმა კამსამოლების მიერ ქუჩაში მოწყობილი თეატრალური დადგმები იყო. ამ პერიოდში გაჩნდა ტერმინები “კომსომოლთა შობა” და “კომსომოლთა აღდგომა” ანუ კომკავშირლების დღესასწაულები.

;
საფოსტო ბარათი - კომკავშირული შობა

აღნიშნული დადგმებით, კომკავშირლები ახალგაზრდებს სოფლებიდან იწვევდნენ და ცდილობდნენ, ისინი რელიგიური დღესასწაულებისგან ჩამოეშორებინათ და ე. წ. კონტრ-დღესასწაულებით დაეინტერესებინათ. ასეთ თეატრაული დადგმების დროს რელიგიური რიტუალების მიბაძვა და ქილიკი ხდებოდა. ხშირად ასეთი დადგმები მშვიდობიანი არ იყო, არამედ კომკავშირლების მიერ ძალადობასაც მოიცავდა. იყო შემთხვევები, როცა გადაწყვეტილი იყო ეკლესიის დაწვა, მასზე ქვებით თავდასხმა, სასულიერო პირების გამოკეტვა და სხვა ძალადობრივი ქმედებები

;
პირველი კომკავშირული შობა - პეტროგრადი, 7 იანვარი, 1923

აგიტპროპის ანტირელიგიური ბრძოლის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე ასევე იხსენებს:

“მე მქონდა შესაძლებლობა დამეთვალიერებინა სოფლის კომუნისტური პარტიის მასალები. იქ აღმოვაჩინე შემდეგი ფაქტები. კომკავშირის ზოგიერთი წევრი ეკლესიაში ხატის წინ განთავსებულ ლამფაში სიგარეტს ანთებდა, ზოგჯერ კი წირვის დროს ეკლესიაში ბეღურებს უშვებდნენ.”

კომკავშირული აღდგომის ერთ-ერთი დადგმა შეგიძლიათ აღნიშნულ ლინკზე იხილოთ


მსგავსი ტიპის პროპაგანდას ისახავდა მიზნად სხვადასხვა საბჭოთა ფილმი. ცხრილის სახით შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ფილმი და მათი მიზანი.

ფილმი

ავტორი, თარიღი

მიზანი

გლეხის დაცვა

პოსელსკი, 1924

კულაკებისა და სასულიერო პირებს შორის კავშირის დანახება

ჯვარი და მაუზერი

გარდინი, 1925

კათოლიკე სასულიერო პირების რეტროგრადული ხედვების ჩვენება

მონის ფრთები

ტარიჩი, 1926

რელიგიური ფანატიზმის მსხვერპლი ნიჭიერი ადამიანის ტრაგიკული ბედის შესახებ

მონასტრის კედლის მიღმა

ჩარდინინი, 1928

ძველი რუსეთის სასულიერო პირების ყალბი წმინდანობისა და სათნოების შესახებ

იუდა

ივანოვ-ბარკოვი, 1929

სამოქალაქო ომის დროს სასულიერო პირების კონტრრევოლუციური შეხედულებების გამოვლენა 

ოპიუმი

ჟემჩუჟნი, 1929

ალკოჰოლის, რელიგიისა და ნარკოტიკის მოხმარებას შორის ტოლობის დასვმა


;
ფილმი “ოპიუმი”
;
ფილმი “ჯვარი და მაუზერი”

  • ანტირელიგიური პროპაგანდა საბჭოთა კარიკატურებსა და პოსტერებში

ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, იქნებოდა ეს გეოპოლიტიკური საკითხები თუ შიდა კრიზისები, საბჭოთა კავშირი ანტირელიგიურ კამპანიაშიც კარიკატურებსა და პოსტერებს აქტიურად იყენებდა. ყოველ მათგანს თავისი იდეა და დანიშნულება გააჩნდა

პოსტერები, როგორც გაზეთების ნაწილში ვიხილეთ,  მათი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო. ეს ტენდენცია შენარჩუნდა შემდგომშიც. 60-70-იან წლებში ხრუშჩოვისა და ანდროპოვის ანტირელიგიური კამპანიების დროს მრავალი ახალი პოსტერი შეიქმნა, რომელიც რელიგიის კრიტიკის სხვადასხვა ნაწილს უკავშირდება.

1961 წელს, მას შემდეგ, რაც იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა, ხრუშჩოვმა მასზე განაცხადა, რომ “გაგარინს იქ ღმერთი არ უნახავს”. ამის შემდგომ გავრცელდა ასევე სხვადასხვა ციტატა გაგარინის სახელით:

“მე ვუყურე, ვუყურე და ვუყურე და ღმერთი ვერ დავინახე”
“მე იქ ღმერთი ვერ ვნახე”

ამ საკითხზე ასევე შეიქმნა შესაბამისი პოსტერიც.

;
გაგარინი კოსმოსში ღმერთს ეძებს და ვერ პოულობს - ანტირელიგიური პოსტერი

ზოგიერთი პოსტერის მიზანი იყო, რელიგია უსარგებლო რიტუალად გამოესახა და კიდევ ერთხელ აღნიშნულიყო, რომ ის ადამიანს სასიამოვნო ცხოვრებას აშორებს. 

ქვემოთ მოცემულ პოსტერში დედა რელიგიას განასახიერებს, მას შვილი სიბნელეში  მიჰყავს, გარეთ კი ამ დროს სინათლეში პიონერთა მსვლელობა მოჩანს.

;

პროპაგანდა ასევე ცდილობდა, რომ რელიგია ფულის მახედ წარმოეჩინათ, რომელიც ხალხს აშინებდა, რათა სასულიერო პირებს თანხა გამოემუშავებინათ. 

;
ქრისტიანობა შიშს იყენებს იმისთვის, რომ ფული გამოიმუშაონ

ამასთანავე აქტიურად ვრცელდებოდა კარიკატურებიც, რომლებსაც იგივე მიზანი ჰქონდა, რაც პოსტერებს.

;
საბჭოთა ანტირელიგიური კარიკატურები

შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა ათეისტური და ანტირელიგიური პოსტერი, რომლებიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა.

 

მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა