ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

კოკა-კოლაზე სწრაფი ტესტი კოვიდ19-ის დასადგენად არასწორად ჩატარდა

14 დეკემბერი, 2020

11 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა მაკა ბერიძემ თავის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ვიდეო, აღწერით: “ავსტრიაში კოკა კოლას აღმოაჩნდა კორონა,ანუ არასწორი ტესტებია🤔”. ვიდეოს აღწერაში სხვა ინფორმაცია, მათ შორის ის, თუ რა ტიპის ტესტები იყო გამოყენებული, მოცემული არ არის. რაც შეეხება ვიდეოს, მასში ასახულია ავსტრიელი დეპუტატის მიხაელ შნედლიცის გამოსვლა პარლამენტში, სადაც ის პანდემიის მიმართ მთავრობის მიდგომას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან ათეულობით მილიონი ევრო იხარჯება ტესტებზე, რომლებიც რეალურად არ მუშაობს. დეპუტატი გამოსვლის დროს ექსპერიმენტს ატარებს კოკა-კოლაზე: ბამბის ჩხირით იღებს კოკა-კოლის სითხიდან ნიმუშს და შემდეგ ათავსებს ტესტში, რის შედეგადაც რამდენიმე წუთში ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს.

14 დეკემბრის მდგომარეობით ვიდეოს 10 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

;

ავსტრიელმა დეპუტატმა კოკა-კოლას გამოყენებით კოვიდ19-ზე სწრაფი ტესტი არასწორად ჩაატარა და დადებითი პასუხიც სწორედ ამიტომ მიიღო. ტესტების მწარმოებელი კომპანია Dialab ამ ექსპერიმენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევაში, ფეხმძიმობის ტესტიც კი დადებით შედეგს აჩვენებდა, ამიტომაც კოვიდ19-ის დიაგნოსტირებისას ქიმიის ცოდნა აუცილებელია.

რატომ იყო კოკა-კოლის პასუხი კოვიდ-დადებითი?

ოპოზიციური პარტია FPÖ-ს დეპუტატი მიხაელ შნედლიცი ავსტრიის პარლამენტში გამოსვლისას ამტკიცებს, რომ სწრაფი ტესტები არ მუშაობს და მასზე თანხა ხელისუფლების მიერ არამიზნობრივად იხარჯება. ამის დასადასტურებლად მან კოკა-კოლაზე ექსპერიმენტი ჩაატარა და კოვიდ-დადებითი შედეგი მიიღო, თუმცა დეპუტატმა შეცდომა დაუშვა და ქიმიის ზოგიერთი კანონზომიერება არ გაითვალისწინა. მან კოკა-კოლაში ჩადებული ბამბის ჩხირი პირდაპირ ტესტზე მოათავსა, მაშინ, როდესაც კოვიდ19-ის ტესტირებისთვის აღებულ ნიმუშს ჯერ ბუფერულ ხსნარში ატარებენ, რათა მჟავა-ტუტოვანი მაჩვენებელი დაარეგულირონ. როდესაც საქმე სწრაფ, ანტიგენის ტესტებს ეხებათ, ამისათვის საჭიროა, ნიმუშის მჟავა-ტუტოვანი მაჩვენებელი გარკვეულ დიაპაზონში იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მისი ტესტირება.

სწრაფი ტესტები დაფარულია ანტისხეულებით. თუ ტესტი აღებულ ნიმუშში ამოიცნობს SARS-COV-2 ვირუსის ანტიგენებს, ის მასთან რეაქციაში შედის და ტესტი ფერს იცვლის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტესტი მაშინაც იცვლის ფერს, როდესაც მასში ანტისხეულები ნადგურდება, ეს კი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატმა შნედლიცმა ტესტი არასწორად ჩაატარა და კოკა-კოლის ნიმუში პირდაპირ ტესტზე მოათავსა: კოკა-კოლას მჟავა-ტუტოვანმა მდგომარეობამ, რომელიც მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა, გამოიწვია ტესტის ანტისხეულებზე რეაგირება, შესაბამისად ფერის ცვლილება და დადებითი შედეგის ჩვენება.

გერმანული გამოცემა Welt კომენტარისთვის სწრაფი ტესტების მწარმოებელ კომპანიას Dialab-ს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ მსგავსი ექსპერიმენტის შემთხვევაში, ფეხმძიმობის ტესტიც კი დადებით პასუხს აჩვენებდა. ისინი ავსტრიელ დეპუტატს ურჩევენ, რომ სანამ საჯაროდ მსგავს უხერხულ განცხადებებს გააკეთებს, უმჯობესია ცოტა ქიმიაში გაერკვეს.

ამასთანავე, მაკა ბერიძის პოსტში დაზუსტებული არ არის თუ რომელ ტესტებზეა საუბარი და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში კოვიდ19-ის დიაგნოსიტირებისთვის ძირითადად PCR ტესტები გამოიყენება, აღნიშნულ ინფორმაციას მკითველი შეცდომაში ამ კუთხითაც შეყავს. მართალია სწრაფი ტესტები, რომლის პასუხსაც 15-30 წუთი სჭირდება, კოვიდ ინფექციის დასადგენად მუშაობს, თუმცა PCR ტესტები მეტი სიზუსტით გამოირჩევა, ამიტომაც შედეგის დასაზუსტებლად ექიმმა შესაძლოა სწრაფი ტესტის შემდეგ მოლეკულური ტესტის ჩატარების რეკომენდაცია გასცეს.


მოამზადა მაიკო რატიანმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.