იულია გაპონიუკის დეზინფორმაცია ლუციფერაზას, ისრაელში ვაქცინაციის და ჩიპების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

78
VIEWS

2021 წლის 26 თებერვალს Facebook მომხმარებელმა ნათია გიოშვილმა აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ახლავს რუსული გამაფრთხილებელი წარწერა: „სასწრაფოდ! მოუსმინოს ყველამ!“. ჩანაწერში ვაქცინაციაზე საუბრობს ქალი, რომელიც თავს ზოგადი პრაქტიკის ექიმად იულია გაპონიუკად წარადგენს. გაპონიუკის თანახმად, ისრაელში “ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ 12 400, ხოლო მეორე დოზის შემდეგ 69 ადამიანი დაინფიცირდა. ექიმის თქმით, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ “ფაიზერი” არ არის ვაქცინა, მისი პირველი დოზა იმუნოდეპრესანტს და გენ ლუციფერაზას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის იმუნიტეტს აქვეითებს და მარჯვენა ნახევარსფეროს ბლოკირებას ახდენს. ხოლო მეორე დოზა, ასევე გაპონიუკის თქმით, თხელ პოლიმერსა და ნანოჩიპებს შეიცავს, რაც მსოფლიო ელიტის მიერ ადამიანთა დამორჩილებას ისახავს მიზნად.

;

იულია გაპონიუკის მიერ ვაქცინაციის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები მცდარი და მანიპულაციური ხასიათისაა, ხოლო მათი ნაწილი კოსპირაციაა. 1. ფაიზერის ვაქცინა არც ლუციფერაზას, არც იმუნოდეპრესანტს შეიცავს. ლუციფერაზა არის ფერმენტი, რომელიც უვნებელ ნივთიერებას წარმოადგენს. ხოლო ფაიზერის ვაქცინა იმუნურ პასუხს იწვევს და ანტისხეულებს წარმოქმნის. 2. ფაიზერის ვაქცინის შესაფასებლად მოყვანილი რიცხვები მანიპულაციურია, რადგან ვაქცინაციის სრული ეფექტის მიღწევას ორი დოზა და გარკვეული დრო სჭირდება 3. ექიმი გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიას იმეორებს, თითქოს ვაქცინაცია ადამიანთა ჩიპიზაციას და მათ მონურ დამორჩილებას ისახავს მიზნად. 

აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში მოსაუბრე თავს ზოგადი პრაქტიკის ექიმად წარადგენს. Facebook-ზე ამ პროფესიითა და განათლებით, ორი პროფილი იძებნება. ორივე პროფილის მშობლიური ქალაქი კალინინგრადია, ხოლო საცხოვრებელი ქალაქი ნეჟინია. ერთ-ერთი პროფილი ამჟამად აქტიური არ არის, ხოლო მეორე  პროფილზე, რომლის ბოლო პოსტი 2020 წლის 11 დეკემბრით თარიღდება, მომხმარებელი დეზინფორმაციას და კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს, მათ შორის ვაქცინებზე.

1. ფაიზერი არც იმუნოდეპრესანტს, არც ლუციფერაზას შეიცავს

ექიმი იულია გაპონიუკი ჩანაწერში აღნიშნავს, რომ ფაიზერის პირველი დოზა იმუნოდეპრესანტსა და გენ ლუციფერაზას შეიცავს, რაც მიზნად ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითებას და ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ბლოკირებას ისახავს. შესაბამისად, მისი თქმით, ადამიანი ლოცვას ვეღარ შეძლებს. რეალურად, აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ბიულეტენში მითითებულია ფაიზერის ინგრედიენტები, თუმცა არც იმუნოდეპრესანტი, არც ლუციფერაზა მათ შორის არ არის. გარდა ამისა, ვაქცინის ორივე დოზას იგივე შემადგენლობა აქვს. ვაქცინა არა იმუნიტეტის დაქვეითებას, არამედ ადამიანის იმუნური პასუხის გააქტიურებასა და ანტისხეულების წარმოებას ისახავს მიზნად, რაც ადამიანს დაინფიცირებისგან დაიცავს.

ფერმენტი ლუციფერაზა კვლევებში გამოიყენება, თუმცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მას არ შეიცავს. ამ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის ადრინდელი მასალა:
ლუციფერინი – ბნელი კონსპირაცია თუ ნათელი ბიოქიმიური რეაქცია?

2. ისრაელში პირველი დოზით ვაქცინირებულთა ინფიცირების რიცხვებით მანიპულირება

ექიმი ეყრდნობა The Times of Israel-ის სტატიას, რომელშიც პროფესორი ნახმან აში აღნიშნავს, რომ ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და რომ უცნობია, თუ რამდენად დაიცავს ვაქცინა ადამიანებს მუტირებული ვირუსის შტამებისგან.

19 იანვრის მონაცემებით, ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა 2 მილიონზე მეტმა, ხოლო მეორე დოზა – 400 ათასზე მეტმა ისრაელის მოქალაქემ გაიკეთა. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, პირველი დოზით ვაქცინირებული 12 400-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა, ხოლო მეორე დოზის მიღების შემდეგ – 69 ადამიანი. თუმცა, იულია გაპონიუკი ამ მონაცემებს მანიპულაციურად იყენებს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის ჯანდაცვის პროვაიდერები ვაქცინის პირველი დოზის ეფექტიანობის შესახებ განსხვავებულ მონაცემებს სთავაზობენ. ისრაელის ჯანდაცვის ორგანიზაციის, Clalit-ის ინფორმაციით, ალბათობა იმისა, რომ ადამიანი კორონავირუსით ვაქცინის პირველი დოზიდან 14 დღის შემდეგ დაინფიცირდებოდა, 33%-ით შემცირდა. ამავე დროს, ჯანდაცვის პროვაიდერ Maccabi-ის თანახმად, პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ დაინფიცირების ალბათობა 60%-ით შემცირდა. ჯანდაცვის ორივე ორგანიზაციამ დასკვნა 400 ათასამდე პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, დაინფიცირების ალბათობა ვაქცინის პირველი დოზიდან 14 დღის შემდეგ 50%-ით შემცირდა, რაც ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირების კორონავირუსის ტესტების შედეგებს ეყრდნობოდა.

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ 21 თებერვალს The Times of Israel-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მინესოტაში დაფუძნებული მაიოს კლინიკის კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა პირველი დოზის მიღებიდან 15 დღის შემდეგ, 75%-ს აღწევს, რაც  83%-მდე იზრდება 36 დღის შემდეგ. ორივე დოზის მიღების შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი 89%-ს აღწევს. შესაბამისად, ვაქცინის უნარი დაიცვას ადამიანი დაინფიცირებისგან დროთა განმავლობაში ძლიერდება.

ნახმან აშის აღნიშნული მტკიცება ასევე განიხილა BBC-მ, რომლის  თანახმადაც, ფაიზერის კვლევასთან Clalit-ის კვლევის შედარება მართებული არ არის. Clalit-ის თანახმად, პირველი დოზის მიღების შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი 33%-ით შემცირდა, ხოლო ფაიზერი აღნიშნავს, რომ ვაქცინის პირველი დოზა სიმპტომების განვითარებას (ეფექტიანობა 52%-ია) 52%-ით თავიდან აიცილებს – ორივე მათგანი სხვადასხვა კრიტერიუმზე ფოკუსირდება. ამასთანავე, BBC-ის თანახმად, Clalit-ის მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. გარდა ამისა, პირველი დოზის მიღებიდან მხოლოდ ორი კვირის გავლა არასაკმარისად განიხილება იმუნური რეაქციის შესაფასებლად, რაც ფაიზერის კვლევაში სამი კვირის გავლის შემდეგ შეფასდა. ადამიანის ორგანიზმს დრო სჭირდება, რათა ვირუსის გენეტიკური მასალა ამოიცნოს, იმუნური პასუხის შედეგად ანტისხეულები და T-უჯრედები გამოიმუშავოს, რათა ვირუსის უჯრედებში შეღწევა თავიდან აიცილოს.

3. ექიმის მტკიცება, თითქოს ვაქცინის მეორე დოზა მიკროჩიპებს შეიცავს და ადამიანთა დამონებას ისახავს მიზნად, კონსპირაციული თეორიაა

ექიმის თანახმად, ვაქცინის მეორე დოზაში შედის თხელი პოლიმერი და ნანოჩიპები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის მართვას. აუდიო ჩანაწერში ასევე ნათქვამია, რომ შესაბამისი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მსოფლიო ელიტა ადამიანის ქცევას დაიმორჩილებს: „დარჩებიან მხოლოდ საშუალო ასაკის ადამიანები და ახალგაზრდები – „მუშა საქონელი“, რომლებიც ჭამენ, სვამენ და სძინავთ. არც წიგნების კითხვა, არც სპექტაკლებისა და კინოფილმების ყურება, არანაირი შემოქმედება“.

ჩიპიზაციაზე და მათი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მართვაზე კონსპირაციები ადრეც ვრცელდებოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ვაქცინები მიკროჩიპებს შეიცავდეს. ვაქცინები მკაცრად დადგენილი წესების დაცვით იქმნება.
ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:
გვპირდება თუ არა ბილ გეიტსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist