იკრძალება თუ არა ვაქცინაციიდან 1 თვე სექსი და 15 წელი Pfizer-ის გვერდით ეფექტებზე მონაცემების გასაჯაროვება?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

157
VIEWS

2021 წლის 4 მარტს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გადაცემის „ღამის სტუდიის” წამყვანმა ნინო რატიშვილმა და ექიმმა-თერაპევტმა ნონა აღდგომელაშვილმა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ისაუბრეს. ნონა აღდგომელაშვილის თქმით, საზოგადოება COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესში საექსპერიმენტო ვირთხის როლს ასრულებს, რადგან ვაქცინას შემოწმების საჭირო ეტაპები, მათ შორის ცხოველებზე ტესტირება, არ გაუვლია.

აღდგომელაშვილი ასევე ამბობს, რომ Pfizer-სა და ისრაელის მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება გასაჯაროვდა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელს 15 წლის მანძილზე ვაქცინის გვერდით მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება ეკრძლება, ასევე ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება ღვიძლის, ფილტვების, თირკმლის დაავადებების, ჭარბი წონის, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, მწეველებსთვის და ა.შ. ვაქცინაციის შემდეგ კი 1 თვის მანძილზე ქალებსა და მამაკაცებს სექსუალური ურთიერთობა ეკრძალებათ.

აღდგომელაშვილის თანახმად, საეჭვოა გლობალური პანდემიაც, რადგან პანდემიის დაწყებას მიზეზიც მასშტაბური სჭირდება – ომი, მიწისძვრა, დაგროვილი დაუმარხავი მიცვალებული და ა.შ. ამიტომ ნონა აღდგომელაშვილი ამბობს:

“2019-ის პანდემიას არ ვცნობ, 2020ში უფრო იყო და 2021 ში არანარი ტალღებს არ ველოდები”

;

გადაცემა  „ღამის სტუდიაში” გაჟღერებული მოსაზრებები დეზინფორმაციულია და კონსპირაციის თეორიებს შეიცავს, რადგან COVID 19-ის ვაქცინას გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაცია აქვს, თუმცა მან შემოწმების ყველა ფაზა გაიარა. Pfizer-სა და ისრაელის მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება 15 წლის მანძილზე ვაქცინის გვერდით მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას არ კრძალვს. ასევე,  ხელშეკრულებაში არსად გვხვდება თავი, რომელშიც განსაზღვრულია, თუ ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა Pfizer-ის ვაქცინის მიღება. გლობალური პანდემიების გამოწვევა კი მხოლოდ გლობალურ კატასტროფაზე არ არის დამოკიდებული. 

  1. COVID 19-ის ვაქცინას გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაცია აქვს, თუმცა ვაქცინამ შემოწმების ყველა ფაზა გაიარა.

Pfizer-ის,  Moderna-ს და Astrazeneca-ს ვაქცინებმა შემოწმების ყველა ფაზა გაიარეს, არსებული პანდემიის პირობებში ვაქცინის გადაუდებელი აუცილებლობის გამო, მწარმოებლემა ნებართვა მიიღეს, რომ ვაქცინები 1 – ლი ფაზის კვლევის პარალელურად ცხოველებზეც გამოეცადათ. Pfizer-ის,  Moderna-ს ვაქცინა თაგვებსა  და მაკაკებზე შემოწმდა, Astrazeneca-მ კი მცირე პრეკლინიკურ კვლევაში, ექვს მაიმუნზე გამოსცადა ვაქცინა.

;

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ვაქცინის კლინიკური შემოწმების პროცესი რამდენიმე ფაზას მოიცავს:

პირველი ფაზა – ადამიანთა მცირე ჯგუფი იღებს საცდელ ვაქცინას;
მეორე ფაზა –  ფართოვდება კლინიკური კვლევა და ვაქცინა ეძლევა იმ ადამიანებს, რომლებსაც მათი მსგავსი მახასიათებლები (როგორიცაა ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა) აქვთ, ვისთვისაც განკუთვნილია ახალი ვაქცინა;
მესამე ფაზა – ვაქცინა უკეთდება ათასობით ადამიანს და ხდება მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შემოწმება;
მეოთხე ფაზა – აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ვაქცინა გადის მეოთხე ფაზასაც, რაც მისი დამტკიცების და ლიცენზირების შემდეგ მიმდინარე კვლევებს მოიცავს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებმა სწორედ ზემოთ აღნიშნული აუცილებელი სამსაფეხურიანი პროცესი გაიარეს. ვაქცინები შემოწმდა უსაფრთხოებაზე, იმუნურ რეაქციასა და საბოლოო ეფექტიანობაზე, რომელთაგან თითოეული ფაზა უფრო და უფრო დიდ მოხალისეთა ჯგუფზე იყო გათვლილი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას 2020 წლის 11 დეკემბერს გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაცია (EUA) მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა FDA-ს მოთხოვნებს აკმაყოფილებს და covid-19-ის საწინააღმდეგოდ მისი ეფექტიანობის დამადასტურებელი სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს, ასევე მისი გამოყენების რისკები ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ რისკებთან შედარებით  გაცილებით ნაკლებია.

  1. Pfizer-სა და ისრაელის მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება 15 წლის მანძილზე ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას არ კრძალვს. ასევე,  ხელშეკრულებაში არსად გვხვდება თავი, რომელშიც განსაზღვრულია, თუ ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა Pfizer-ს ვაქცინის მიღება.

ისრაელმა 2021 წლის იანვარში Pfizer-თან დადებული შეთანხმების ძირითადი ნაწილი მართლაც გაასაჯაროვა, თუმცა შეთანხმება 15 წლის მანძიზლე ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას არ კრძალავს.

ხელშეკრულების 5.5. პუნქტში აღნიშნულია, რომ: “ჯანდაცვის სამინისტრო შეინახავს და უსაფრთხოდ შეინარჩუნებს პროექტის მონაცემებს, იმ პერიოდის მანძილზე, რაც განსაზღვრულია ისრაელის კანონითა და რეგულაციებით, მაგრამ ხელშეკრულების შეწყვეტიდან არ ნაკლებ 15 წლის ვადით.”

”პროექტის მონაცემები” (“Project Data”)  ხელშეკრულების განმარტებით ნაწილში განსაზღვრულია, როგორც ნებისმიერი დე-იდენტიფიცირებული მონაცემები, რომელიც სამინისტრომ უზრუნველყო Pfizer-ისთვის პროექტის ფარგლებში.

ამგვარად ხელშეკრულებაში არსად არის საუბარი, რომ ისრაელის მთავრობას ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება ეკრძლება.

ამასთან, ხელშეკრულებაში არსად გვხვდება თავი, რომელშიც განსაზღვრულია, თუ ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა Pfizer-ის ვაქცინის მიღება. ჯანმოს ვებ-გვერდზე კი ვკითხულობთ, რომ Pfizer-BioNTech COVID-19 mRNA ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. ამის მიუხედავად, არსებობს სპეციფიკური პოპულაციები, რომელთათვისაც ვაქცინაცია არ არის რეკომენდებული უკუჩვენებების, მარაგების არარსებობის ან შეზღუდული მონაცემების გამო. ეს ჯგუფი მოიცავს მძიმე ალერგიის ისტორიის მქონე ადამიანებს, ორსული ქალების უმეტესობას, საერთაშორისო მოგზაურებს, რომლებიც პრიორიტეტულ ჯგუფში არ შედიან და 16 წლამდე ბავშვებს.

;

ვაქცინაციიდან 1 თვის მანძილზე სექსუალური კავშირის აკრძალვის საჭიროება დეზინფორმაციაა, რომელი ibtimes-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ მსგავსი შეზღუდვა Pfizer-ს არ დაუწესებია.

  1. გლობალური პანდემიების გამოწვევა მხოლოდ გლობალურ კატასტროფაზე არ არის დამოკიდებული. 

პანდემიების ისტორიას თუ გადახედავთ, დავინახავთ, რომ ხშირად გლობალურ პანდემიას არა გლობალური კატასტროფა, არამედ ლოკალური ფაქტორები იწვევს, როგორიცაა ვირუსის მუტაცია. სწორედ ასე დაიწყო ესპანური გრიპის, ებოლას, ღორის გრიპის პანდემიები.

ამასთან Gavi– ვაქცინების ალიანსი წერს, რომ მიუხედავად უზარმაზარი სამეცნიერო და სამედიცინო მიღწევებისა, დღესდღეობით დაავადებების გავრცელების პოტენციალი იზრდება და ამიტომ მათი ეპიდემიებად ან პანდემიებად გადაქცევის რისკიც იზრდება. Gavi-ს თანახმად ამ პროცესს შემდეგი 5 ფაქტორი უწყობს ხელს:

  1. გლობალური მოგზაურობა- საჰაერო მგზავრობა საშუალებას აძლევს ადამიანებს დედამიწის ნახევარი გაიარონ უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე მრავალი დაავადების ინკუბაციას სჭირდება, რაც უკიდურესად ართულებს მათი გავრცელების პრევენციას.
  2. ურბანიზაცია- ბევრ ქალაქში, სადაც მზარდია მოსახლეობის რაოდენობა, ქვეყნებს უჭირთ ინფრასტრუქტურის, საცხოვრებლის, სანიტარული, სატრანსპორტო და სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა ყველასთვის.
  3. კლიმატის ცვლილება – კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ადამიანის არსებობის ყველა ასპექტზე, წყალსა და საკვებზე წვდომიდან დაწყებული, ამინდის უკიდურესი ცვლილებით დამათავრებული.  მას ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს დაავადების გავრცელებაზე რამდენიმე გზით, მაგალითად, დაავადების გადამტანი მწერების (კოღოების)  გავრცელების არეალის შეცვლით.
  4. გაზრდილი კონაქტი ადამიანსა და ცხოველს შორის, რაც ზრდის ზოონოზური დაავადებების (ცხოველებისგან წარმოშობილი) გავრცელების რისკს.
  5. ჯანდაცვის მუშაკების სიმცირე- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2020 წელს ჩატარებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ექთნების მუდმივმა მიგრაციამ აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში კვალიფიციური  სამედიცინო პერსონალის ნაკლებობის პრობლემა გააჩინა.

გადაცემაში ნინო რატიშვილი და  ნონა აღდგომელაშვილი ასევე ახსენებენ, რომ ვაქცინაცია არის მოსახლების შემცირების პროგრამის ნაწილი. ეს არის 10 წლიანი გეგმა ე.წ. ახალი მსოფლიო წესირიგის, რაც ბრიტანეთში ოლიმპიური თამაშების გახსნის კადრებში,  2013 წელს გადაღებულ ფილმში “ინფიცირებულნი” გამოჩნდა. აღნიშნული კონსპირაციის თეორიები მითების დეტექტორმა უკვე გადაამოწმა:

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist