სხვადასხვა

ჰომოფობია თუ გოლის აღნიშვნა? - რას გამოხატავდა ჯეიმი ვარდის ჟესტი

5 ივლისი, 2021

პირველ ივლისს ღია ფეისბუქ ჯგუფში „არა ნამოხვანჰესს“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა Gaga Mindeli ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ გადატეხა ბრიტანული საფეხბურთო კლუბ ლესტერ სიტის ფეხბურთელმა, ჯეიმი ვარდიმ, სტადიონის კუთხეში აღმართული ლგბტ+ პრაიდის დროშა. პოსტს ახლავს შემდეგი კომენტარი: “უკვე მსოფლიოს ამოუყვანეს ყელში”, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ინგლისელმა ფეხბურთელმა კუთხურის ალამი იმიტომ გატეხა, რომ მასზე ცისარტყელას ფერები იყო გამოსახული. პოსტს 4 ივლისისთვის ათასზე მეტი მოწონება და 873 გაზიარება აქვს.

;
Gaga Mindeli-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სრულ ვერსიას არ ასახავს, რაც ინციდენტის არასწორ აღქმას და ჰომოფობიურ კონტექსტს ქმნის.. ვიდეოში ჯეიმი ვარდი კუთხურის ალმის დამტვრევით გოლის გატანას აღნიშნავს, თუმცა ის ანტი-ლგბტ პოზიციის გამოხატვას მიზნად არ ისახავს. ვიდეოში არ არის ნაჩვენები, რომ ალმის ჩამოგდების შემდეგ ფეხბურთელმა მისი ხელახლა დამაგრება სცადა. ამასთანავე, ვარდიმ მატჩის შემდეგ ლესტერ სიტის ლგბტ+ ფანკლუბს Foxes Pride ცისარტყელას დროშაზე მათი მხარდამჭერი ტექსტი გაუგზავნა, რითიც ხაზი გაუსვა იმას, რომ გოლის აღნიშვნის ამ ჟესტს ჰომოფობიასთან კავშირი არ ჰქონია.

2020 წლის 6 დეკემბერს ლესტერ სიტიმ შეფილდ იუნაიტედის წინააღმდეგ შეხვედრა თამაშის ბოლო წუთზე თავდამსხმელი ჯეიმი ვარდის მიერ გატანილი გოლის მეშვეობით მოიგო. ვარდიმ გატანილი გოლი კუთხურის ალმის ტარის დამსხვრევით აღნიშნა, რომელზეც ცისარტყელას დროშა იყო დამაგრებული.

კუთხურის ალმის გამოყენება გატანილი გოლის აღსანიშნად ფეხბურთელებში მიღებული პრაქტიკაა, შესაბამისად, არც ჯეიმი ვარდის მიერ ალმის ჩამოგდებაა გამონაკლისი. ფეხბურთელმა ამისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ჩვეულებისამებრ კუთხურის ალმის დაზიანების შემთხვევაში გაიცემა.

პრაიდის ალამი მოედანზე „ცისარტყელას ზონრების“ ყოველწლიური კამპანიის ფარგლებში იყო აღმართული, რომლებსაც სპორტსმენები დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში 5 წელზე მეტია ლგბტ+ კოლეგების მხარდასაჭერად ფეხსაცმელზე იმაგრებენ.

;
უხერხული ინციდენტის შემდეგ ვარდი შეეცადა, სიტუაცია გამოესწორებინა და კუთხურის ალმის თავის ადგილზე დამაგრებინა. მიუხედავად ამისა, დროშის ჩამოდგებით გოლის აღნიშვნის ჟესტი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჯეიმი ვარდის საქციელი შეცდომით ჰომოფობიურად აღექვათ როგორც ლგბტ+ თემის მოწინააღმდეგე, ისე მხარდამჭერ საზოგადოებას.

;
ვარდი ამაგრებს გატეხილ დროშას, BBC Sport

როგორც ბრიტანეთის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სოციალურ მედიაში ვარდის ვიდეო ჰომოფობიური გზავნილებით ვირუსულად გავრცელდა. BBC Sport-ის ინფორმაციით, ლესტერ სიტის ლგბტ+ ფანკლუბმა Foxes Pride ამ ჟესტთან დაკავშირებით მრავალი შეურაცხმყოფელი შეტყობინება მიიღო. თუმცა, ჯეიმი ვარდი შეეცადა, გაეფანტა ყოველგვარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ის არა ჰომოფობი, არამედ ლგბტ თემის მხარდამჭერია. ფეხბურთელმა ფანკლუბს Foxes Pride ინციდენტიდან ორ დღეში ცისარტყელას დროშა მხარდამჭერი წარწერით - „Foxes Pride გააგრძელეთ კარგი საქმე“ - გაუგზავნა. 

;


მოამზადა თამარ გიორგობიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.