პოლიტიკა

გოლუბოვის 2016 ბანერებს სახელისუფლებო მედია შეცდომაში შემყვანად ავრცელებს

24 ნოემბერი, 2021

23 ნოემბერს ფეისბუქ გვერდმა Post tv-ანალიტიკა, ონლაინ გამოცემებმა “მარშალპრესი,” TV Free და ფეისბუქ მომხმარებელმა Xuxutaishvili Irma გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის კარიკატურული გამოსახულებით ბანერია ასახული. ბანერზე ჩანს წარწერა “Вышвырнули из ОДЕССЫ- Выдворим из УКРАИНЫ”(გამოაგდეს ოდესიდან - უკრაინიდანაც განვდევნით). მარშალპრესმა და TV Free-მ მასალებს იდენტური სათაურებით - “მოვისროლეთ ოდესიდან, მოვისვრით უკრაინიდანაც – ოდესაში სააკაშვილის კარიკატურა დაკიდეს” - და ტექსტით გამოაქვეყნეს. გამოქვეყნებულ ტექსტებში ოდესაში ბანერის დაკიდების თარიღი მითითებული არ არის.  
"

ოდესაში სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ ბანერებზე გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია. მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აღნიშნული ბანერი ოდესაში 2016 წლის  ნოემბერში ოდესის გუბერნატორობიდან სააკაშვილის წასვლის შემდეგ გამოფინეს. თარიღის მითითების გარეშე ინფორმაციია გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ბანერები სააკაშვილის ამჟამინდელ პატიმრობას უკავშირდება.

2016 წლის მარტში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრმა და უკრაინის მეშვიდე მოწვევის პარლამენტის სახალხო დეპუტატმა დმიტრი გოლუბოვმა ოდესაში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორის პოსტიდან გადასაყენებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. გოლუბოვის კამპანიის დროს საქართველოში გავრცელებული ფოტოზე გამოსახული მიხეილ სააკაშვილის კარიკატურა გამოიყენებოდა. გოლუბოვის ინიციატივით ოდესის 15 მისამართზე მიხეილ სააკაშვილის კარიკატურით გაფორმებული კარვები დაიდგა, ამ პუნქტებში მოქალაქეებს პეტიციაზე ხელმოწერა შეეძლოთ. 

"
გოლუბოვის კამპანიის დასაწყისში კარვების გარდა, ოდესის ქუჩებში კარიკატურის გამოსახულებით მანქანებიც გადაადგილდებოდა. 

"

2016 წლის მარტში მიხეილ სააკაშვილის კარიკატურას თან ერთვოდა ტექსტი: Выпрели из Твилиси - Вышвырнем из Одессы (თბილისიდან გამოგდებული - ოდესიდან გავაგდოთ).

2016 წლის 9 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა. ნოემბრის ბოლოს ოდესის ქუჩებში საქართველოში გავრცელებული ფოტოს იდენტური ბანერები შემდეგი წარწერებით გამოჩნდა: “Вышвырнули из ОДЕССЫ- Выдворим из УКРАИНЫ!” (გამოაგდეს ოდესიდან - უკრაინიდან განვდევნოთ).

ადგილობრივი გამოცემა timer-odessa.net-ის 2016 წლის 12 ნოემბრის მასალაში ვკითხულობთ, რომ კამპანია სააკაშვილის მოწინააღმდეგების მხრიდან გოლუბოვის ინიციატივის გაგრძელებას წარმოადგენს და მათი ორგანიზებით ქალაქში რამდენიმე ამგვარი ბანერი გამოჩნდა. 

"

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ნოემბერში გავრცელებული ბანერების დიზაინი წინა ვერსიისგან მცირედი ვიზუალური და შინაარსობრივი ისეთი დეტალებით განსხვავდება, როგორებიცაა წითელი წარწერის ფონის ფერი და ბანერებზე დატანილი ტექსტები.

"

ფოტო #1: ბანერი 2016 წლის მარტიდან           ფოტო #2: ბანერი 2016 წლის ნოემბრიდან

საქართველოში 2021 წლის 23 ნოემბერს სწორედ 2016 წლის ნოემბერში გამოყენებული ბანერის ფოტო გავრცელდა.  ბანერის 2016 წლის ნოემბერში გავრცელებას კონკრეტული მიზანი ჰქონდა და მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომას მოჰყვა. ოდესის ადგილობრივ მედიაში ან სხვა ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იდენტური ბანერი 2021 წლის ნოემბერშიც გამოფინეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დმიტრი გოლუბოვის ფეისბუქ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ბანერების გამოქვეყნების შესახებ ახალი ინფორმაცია არ იძებნება. პოლიტიკაში მოსვლამდე გოლუბოვი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს,  სპესამსახურების მიერ კიბერდანაშაულში იყო ეჭვმიტანილი. 

2016 წელს აღნიშნული ინფორმაცია რუსულ მედიაშიც, მათ შორის ცენტრალურ არხებზეც (NTV) გავრცელდა.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.