გოგი თოფაძის დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს სამრეწველო პოტენციალი მსოფლიო ბანკმა და IMF-მა დაანგრიეს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

the-world-bank-674x280
180
VIEWS

2017 წლის 1 დეკემბერს ,,საქართველო და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველო”-ს ლიდერთან გოგი თოფაძესთან. ინტერვიუში გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი საბჭოთა კავშირის პირობებში წარმატებით ფუნქციონირებდა, რასაც თოფაძე საქართველოს სახელმწიფოს არსებობის საფუძვლად მიიჩნევს. მისივე თქმით, ეს პოტენციალი “საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლების ლოზუნგით” საერთაშორისო ორგანიზაციების მრჩევლებმა გაანადგურეს.

გოგი თოფაძე: “ქვეყნის ეკონომიკის დეგრადაცია, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების აზრით, დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, როცა “საბჭოთა მემკვიდრეობისგან” გათავისუფლების ლოზუნგით ცრუპატრიოტებმა, საქმოსნებმა და ავანტიურისტებმა გაანადგურეს ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც წარმატებით მუშაობდა, როგორც საფუძველი სახელმწიფოს არსებობისა. საქართველოს სამრეწველო პოტენციალის დანგრევაში დიდი წვლილი მიუძღვით იმ მრჩევლებს, რომლებიც შემოესივნენ საქართველოს “ახალი მეგობარი ქვეყნების” რეკომენდაციით და ქვეყნის მართვის უმაღლეს დონეზე მოიკალათეს. ეს იყო სოროსი, მაკეინი, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელები და სხვები”.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა საქართველოში პროგრამების განხორციელება 1994 წლიდან იმ პირობებში დაიწყეს, როდესაც ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო არცერთი ინსტიტუტი ფუნქციონირებდა. IMF-ის პროგრამების მხარდაჭერით თავდაპირველად ქვეყანაში არსებული ჰიპერინფლაციის დაძლევა მოხდა, ხოლო შემდეგ ეტაპზე ეროვნული ვალუტის შემოღებამ ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები გაზარდა. მსოფლიო ბანკის ინსტიტუციური განვითარების პროგრამით საქართველოს ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირის ეკონომიკის ცენტრალური დაგეგმარების მემკვიდრეობა დაძლია და საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა.

სსრკ-ს დაშლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი ეკონომიკური სისტემა იყო

თოფაძის განცხადება, თითქოს საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა წარმატებით მუშაობდა, აბსურდულია, რადგანაც სსრკ-ს დაშლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ მისი ეკონომიკური სისტემა იყო.

ეკონომიკის მართვა ცენტრალური ორგანოების მიერ  რეგულაციებისა და დირექტივების მეშვეობით ხდებოდა, კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ მიზნებს საბჭოთა ლიდერები ადგენდნენ. ამ მიზნების მისაღწევად კომუნისტური პარტიის ლიდერებმა დაიქვემდებარეს ქვეყნის მთლიანი სოციალური და ეკონომიკური აქტივობები. ამ ირერარქიულ სისტემაში დაგეგმვაზე აბსოლუტური კონტროლი მხოლოდ პარტიის ლიდერებს ჰქონდათ. 1970-იანი წლებიდან საბჭოთა გეგმიურმა ეკონომიკამ სტაგნაცია დაიწყო და არსებული ეკონომიკური სისტემის არაეფექტურობა უფრო და უფრო თვალშისაცემი გახდა. სტაგნაციის საპასუხოდ ხრუშჩოვის ინიციატივა, შემოეღო შედარებით ლიბერალური მიდგომები, არაეფექტური იყო.

1980-იანი წლების დასაწყისში უფრო და უფრო ზრდადი სტაგნაციის დასაძლევლად მიხაილ გორბაჩოვმა რადიკალური რეფორმები დასახა – პირველად სოციალურ მიზნებზე ცენტრალური კონტროლისა და სოციალური იდეების შენარჩუნება ეკონომიკური საქმიანობის დეცენტრალიზაციასა და საგარეო ვაჭრობისთვის კარის გახსნის პარალელურად. საბჭოთა ეკონომიკის საფუძვლებშივე არსებული ცენტრალური კონტროლის გამო ეკონომიკამ ამ რეფორმებს ვერ გაუძლო, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა.

საქართველოს ეკონომიკა სსრკ-ს დაშლის შემდეგ

საქართველოში ჰიპერინფლაციის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ მომზადებულ 1999 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით ისეთი ეკონომიკური სისტემა ერგო, რომელიც ტვირთბრუნვასა და გადასახადების შეთანხმების, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ვაჭრობის პირობების შოკების მიმართ საკმაოდ მოწყვლადი იყო. წარმოება, ენერგიის მოხმარება და ვაჭრობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბჭოთა ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი რუსეთთან.

1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ ტვირთბრუნვასა და გადასახადების შეთანხმების მორღვევამ საგარეო ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად შეამცირა. IMF-ის ანგარიშის თანახმად, 1992-93 წლებში საქართველოში ენერგიის იმპორტის ხარჯი 4-ჯერ, ხოლო გაზსა და ნავთობპროდუქტებზე ფასი 21-ჯერ გაიზარდა. სავაჭრო შოკს დაემატა სამოქალაქო ომი და კონფლიქტები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რასაც ლტოლვილთა ნაკადი მოჰყვა. 1993 წელს კუპონის შემოღების შემდეგ ქვეყანა ჰიპერინფლაციის გამოწვევის წინაშე დადგა. ასეთ ვითარებაში 1994 წლის შუა წლებიდან საქართველოში სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების, ასევე ინსტიტუციური განვითარების პროგრამების განხორციელება მსოფლიო ბანკმა და IMF-მა დაიწყეს.

IMF-ის სტაბილიზაციისა და ვალუტის რეფორმა

1994 წლის ნოემბერში IMF-ის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთვის სტალიბიზაციისა და ვალუტის რეფორმის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპი სტაბილიზაციასა და სტრუქტრულ რეფორმებს, მეორე ეტაპი კი ვალუტის რეფორმას მოიცავდა.

პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე ხელისუფლებამ საბანკო სესხებზე მთავრობის წვდომის კონტროლი დაისახა. 1994 წლის 1 აგვისტოს ადგილობრივ ხელისუფლებებს საბანკო სესხები აეკრძალათ, შემდეგ კი ყველა სამთავრობო საბიუჯეტო ანგარიში ეროვნული ბანკის ხელში გადავიდა. პროგრამის შემდეგი ნაბიჯი სამომხმარებლო სუბსიდიების შემცირება იყო.

შეიკვეცა ბიუჯეტის დეფიციტის საბანკო დაფინანსება, ხოლო კომერციული ბანკების ავტომატური წვდომა ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშების ოვერდრაფტებზე შეჩერდა.

ამ ზომებმა კუპონის რეალური ღირებულება მკვეთრად შეამცირა. 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ხელახლა გახსნა საგარეო საფონდო აუქციონი, სადაც კუპონის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან სექტემბრის ბოლოსთვის უკვე შემცირებული იყო. ჰიპერინფლაცია შეჩერდა და სამომხარებლო ფასის ინდექსი შემდეგ თვეებში საგრძნობლად დაეცა. 1994 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა საგადასახადო პოლიტიკის პაკეტი მიიღო.

ვალუტის რეფორმა

ფასების სტაბილიზაციასთან ერთად ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას აგრძელებდა. ინფლაციის მკვეთრი დაცემის მიუხედავად, კუპონზე მოთხოვნა დაბალი იყო. IMF-ის შეფასებით, საფინანსო სისტემის ადგილობრივ ვალუტაზე დასაბრუნებლად ახალი ვალუტის შემოღების მეშვეობით ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება იყო საჭირო.

1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში შემოვიდა ახალი ეროვნუი ვალუტა – ლარი, რომელმაც იმავე წლის ოქტომბერში კუპონი სრულად ჩაანაცვლა. ერთ თვეზე ნაკლებ დროში ლარის მიმოქცევა ქვეყანაში გაოთხმაგდა. ქვეყნის უმეტეს ნაწილებში ლარმა ასევე ჩაანაცვლა რუბლი, როგორც გაცვლის შუამავალი ვალუტა. 1995 წლის დეკემბრის ბოლოსთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.23 ლარი იყო.

აღნიშნული საგადასახადო ზომები სახელმწიფო ფინანსების და ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის სხვა ზომებთან ერთად საქართველოში IMF-ის პროგრამის საფუძველი იყო. IMF-ის პროპგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე მოხდა კუპონის ჰიპერინფლაციის დაძლევა, შემდეგ კი ახალი ეროვნული ვალუტის შემოიღება, რამაც გაზარდა საბიუჯეტო შემოსავლები, ხოლო ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების საშუალება მისცა.

მსოფლიო ბანკის ინსტიტუციური განვითარების პროგრამა

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, 1990-იან წლებში მსოფლიო ბანკი საქართველოს ხელისუფლებას “პირველი თაობის რეფორმების” გატარებაში ეხმარებოდა, რომელთა მიზანი საბჭოთა კავშირის ეკონომიკის ცენტრალური დაგეგმარების მემკვიდრეობისა და ბაზრის ცვლილებების დაძლევა იყო.

საქართველოსთვის პირველი “ინტიტუციური განვითარების პროგრამა” მსოფლიო ბანკმა 1994 წლის 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც $10 მილიონი იყო. აღნიშნული პროგრამის მიზანი იყო საქართველოს მხარდაჭერა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისათვის, რომელიც სამ სექტორში – საფინანსო, ეკონომიკის მართვისა და პრივატიზების სფეროში –  საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავდა.

2000 წლამდე დამტკიცებული მომდევნო პროექტები კონცეტრირდებოდა მუნიციპალური ინფრასტქუტურის, სოფლის მეურნეობის, სასამართლო სისტემისა და დაცული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე.

მსოფლიო ბანკის პროგრამები განათლების სექტორში

განათლების სისტემის გარდაქმნისა და გაძლიერების 7 წლიანი პროგრამა მსოფლიო ბანკმა 2001 წელს $31 მილიონიანი ბიუჯეტით დაამტკიცა. პროგრამის ამოცანა საგანმანათლებლო ინსტიტუტების დაფინანსებისა და მართვის სფეროებში ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელება იყო. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო 2005 წელს საქართველოში პირველი უნივერსიტეტში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა. განათლების სექტორში აღნიშნული რეფორმის მიზანი საგანმანათლებლო სისტემაში გამჭვირვალობის გაზრდა და უმაღლესი განათლების სისტემაში კორუფციის შემცირება იყო.

განათლების სექტორის რეფორმირების პროგრამის მეორე ფაზა მსოფლიო ბანკმა 2006 წელს დაამტკიცა, რომლის მიზანიც დაწყებითი და საშუალო განათლების ხარისხის გაზრდა იყო და სამი მიმართულებით განხორციელდა. ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა 38 სკოლის რეაბილიტაცია და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, ასევე მოხდა სასწავლო მეთოდოლოგიის განახლება, მოსწავლეთა შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება.

მსოფლიო ბანკის სხვა პროგრამები

1994 წლიდან დღემდე მსოფლიო ბანკს 69  პროექტი აქვს დააფინანსებული, რომელთაგან 12 მიმდინარეა. ჯამში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტრისთვის გამოყოფილი თანხა 2,7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

  • ჯანდაცვის სექტორში მსოფლიო ბანკის პროგრამების ფარგლებში სახელმწიფომ შეძლო სამედიცინო ობიექტების მოდერნიზება, ასევე განხორციელდა “მიზნობრირივი სოციალური დახმარების” პროგრამა;
  • მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შეიქმნა საცხოვრებელი ადგილები;
  • მნიშვნელოვანი მიმართულება იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელთა პროგრამების ფარგლებშიც მოხდა 600 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზის რეაბილიტაცია და მოწესრიგდა რეგიონებში არსებული სოციალური მომსახურების ცენტრებთან მისასვლელი გზები.
  • 2014 წლიდან დღემდე საქართველოში მსოფლიო ბანკის პროგრამა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე კონცეტრირდება, რომელიც საქართველოს აღოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ევროპული დიზაინის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.

მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist