განთავსებულია თუ არა თბილისში 5G ანტენები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.3k
VIEWS

2021 წლის 25 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ თბილისში 5G-ს გამაძლიერებელი მოწყობილობა აყენია. პოსტს თან ერთვის დინამო არენას ფოტოები, სადაც ჩანს, რომ გარკვეული მოწყობილობა შენობაზე მართლაც არის განთავსებული. გარდა ამისა, დათო სალუქვაძეს მსგავსი შინაარსის კიდევ ერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული, სადაც ფოტოებზე სადგურის მიმდებარე ტერიტორია ჩანს. ამ პოსტში ავტორი პირდაპირ არ წერს, რომ ფოტოებზე 5G მოწყობილობაა, თუმცა აღწერაში შემდეგს უთითებს: “ესეც “შეთქმულების თეორიაა” ან “კონსპირაციები”?”

 

;;

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „დინამო არენაზე“ 5G გამაძლიერებელი მოწყობილობებია დამონტაჟებული, მცდარია. მითების დეტექტორი დინამო არენას, კომუნიკაციების კომისიას და მაგთიკომს დაუკავშირდა. “დინამო არენამ” “მითების დეტექტორთან” კომენტარში აღნიშნა, რომ ისინი სილქნეთის და მაგთის ანტენებს იყენებენ. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, მაგთიმ 2020 წელს საცდელი ვადით თბილისში დროებით 5G გადამცემები დაამონტაჟა, თუმცა ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით 5G ქსელი არსად არ არის გაყვანილი. მაგთიკომში კი განგვიცხადეს, რომ სატესტო პერიოდში დინამო არენასა და სადგურის მოედნის ლოკაციები გამოყენებული არ ყოფილა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” დინამო არენას დაუკავშირდა. მათ მითების დეტექტორთან წერილობით კომენტარში აღნიშნეს, რომ სახურავზე განთავსებულია სილქნეთის (ჯეოსელი) და მაგთის ანტენები, თუმცა ისინი არ ფლობენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ანტენები 5G-ის დაშვების კუთხით კომპანიების მიერ განახლდა.

“მითების დეტექტორი” ასევე დაუკავშირდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს, სადაც სიხშირული სპექტრის დაგეგმვის ჯგუფის უფროსმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ამ დროისათვის საქართველოში 5G ქსელის გაყვანის ლიცენზია არც ერთ კომპანიაზე არაა გაცემული. შესაბამისად, მათი თქმით, თბილისსა და საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქში 5G ქსელის არც ანტენები და გამაძლიერებელი მოწყობილობები დამონტაჟებული არ არის და არც სიხშირული სპექტრის დიაპაზონებია გამოყენებაში. დეპარტამენტის ცნობით, სისტემების გასაყვანად ჯერ სახელმწიფო კონკურსიც კი არ გამოცხადებულა.

სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში ასევე გვითხრეს, რომ კომუნიკაციების კომისიის ნებართვით, შარშან კომპანია „მაგთიმ“ საცდელი ვადით თბილისის სხვადასხვა წერტილში (რუსთაველზე, ჭავჭავაძეზე, თავისუფლების მოედანზე) დაამონტაჟა 5G გადამცემები. საცდელი პერიოდის დასრულების შემდგომ კი, ყველა დროებით დაყენებული მოწყობილობა მოიხსნა და კომუნიკაციების კომისიას დაუბრუნდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში მე-5 თაობის ქსელისთვის საჭირო ტექნოლოგია საცდელი ვადით და პირობებითაც კი არსადაა განთავსებული.

იმის გასარკვევად, იდგა თუ არა სატესტო პერიოდში დინამო არენასა და სადგურის მოედანზე 5G ანტენები, “მითების დეტექტორი” მაგთიკომის PR მენეჯერს ქეთევან ნაცვლიშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ლოკაციებზე მე-5 თაობის ტესტირება არ ჩატარებულა.

როგორც სატესტო გაშვებისას თავად მაგთის განცხადებაშია ნათქვამი, უახლოესი სამი წლის განმავლობაში კომპანია მეხუთე თაობის ქსელის საქართველოში დანერგვას არ გეგმავს, რადგან ქვეყნის ინდუსტრიულ დარგებში ამ ტექნოლოგიის მიმართ მოთხოვნა ჯერ არ არსებობს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 5G ტექნოლოგიისთვის საჭირო რადიოტალღების სიხშირე ადამიანების ჯანმრთელობისთვის მავნებელი არაა. 5G-სთან დაკავშირებული კონსპირაციები, თითქოს ის ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას იწვევს, ინტერნეტ სივრცეში პერიოდულად ვრცელდება, რაზეც მითების დეტექტორი ადრეც წერდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist