გამქრალი 5 საუკუნე: “ობიექტივის” წამყვანი საბჭოთა ანექსიას ისტორიულ გამთლიანებას უწოდებს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

სსსსსსსს
1.8k
VIEWS

გაზეთ ასავალ-დასავალის 25-31 მარტის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ტვ “ობიექტივის” წამყვან ვალერი კვარაცხელიასთან. ინტერვიუში კვარაცხელია აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირმა  საქართველოს “არარსებული სახელმწიფო” გადაარჩინა და მოაღონიერა, ხოლო საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას (1918-1921) “მენშევიკურ რესპუბლიკად” მოიხსენიებს, რომელიც კვარაცხელიას თქმით, “განვითარების ისტორიულ და ლოგიკურ მაგისტრალს ასცდა.”

ვალერი კვარაცხელია: “იოსებ სტალინმა საქართველოს შეუნარჩუნა ისტორიული ორიენტაცია, ოღონდ გაცილებით ძლიერი და სრულიად ახალი ტიპის სახელმწიფოს – საბჭოთ კავშირის – ფარგლებში. ამით მან საქართველოს არარსებული სახელმწიფო, რომელიც მე-15 საუკუნიდან ტერიტორიულად დაშლილ-დაქუცმაცებული იყო, მოსახლეობის თვალსაზრისით კი გაქრობის მიჯნასთან იდგა, გადაარჩინა, გაამთლიანა, მოაღონიერა, ფეხზე დააყენა და თითქმის ექვსმილიონიან, ყოველმხრივ განვითარებულ, მდიდარ საბჭოთა რესპუბლიკად ჩამოაყალიბა…ეს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა კი არა, საქართველოს მენშევიკური რესპუბლიკა იყო, რომელიც ასცდა საქართველოს გეოპოლიტიკური განვითარების ისტორიულ და ლოგიკურ მაგისტრალს. ეს იყო საქართველოს გაყიდვის გზა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. უფრო მეტიც დასავლეთის ამაო მოიმედეობის უსაშინლესი გზა.“

“ობიექტივის” წამყვანის განცხადებები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ დეზინფორმაცია და ისტორიის განზრახ დამახინჯებაა. პირველი რესპუბლიკის არსებობის უარყოფით, ვალერი კვარაცხელია სტალინის მიერ საქართველოს იძულებითი გასაბჭოების ლეგიტიმაციას ახდენს და სტალინს, როგორც “მხსნელს” წარმოაჩენს. ისტორიის უარყოფა, კერძოდ კი ტოტალიტარი მმართველების დანაშაულებების უარყოფა/გამართლება პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია.

    1. ვალერი კვარაცხელიას მიერ არაღიარებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვმაც კი აღიარა

რუსეთმა, 1920 წლის 7 მაისს, საქართველოს დამოკრატიული რესპუბლიკა აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რითაც ნებაყოფლობით უარი თქვა ყველანაირ “სუვერენულ” უფლებებზე, რომელიც მას ქართულ მიწებზე და ქართველთა მიმართ ჰქონდა. რუსეთი ასევე უარს ამბობდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე. რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარება საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას ნიშნავდა.

საქართველოს დამოუკიდებლობა იმავე პერიოდში აღიარა მსოფლიოს  სხვა სახელმწიფოებმაც, მათ შორის ისეთმა წამყვანმა ქვეყნებმა როგორებიც იყვნენ: გერმანია, ავსტრია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და სხვა.

"

  2. საქართველოს დამოუკიდებლობას 1918-1921 წლებში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია უჭერდა მხარს

კვარაცხელიას განცხადება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მენშევიკური რესპუბლიკა იყო, მცდარია. რეალურად საქართველოს დამოუკიდებლობას მაშინ მხარს უჭერდა ქვეყანაში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია და არა მხოლოდ მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ვალერი კვარაცხელია მენშევიკებს, ხოლო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას კი მენშევიკურ რესპუბლიკას უწოდებს.

დამოუკიდებლობისადმი ერთსულოვანი დამოკიდებულება პოლიტიკურმა პარტიებმა ორჯერ გამოხატეს: ჯერ 1918 წლის 26 მაისს, როდესაც ინტერპარტიულმა “ეროვნულმა საბჭომ” დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, ხოლო შემდგომ, 1919 წელს, როდესაც ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტმა, სადაც 4 პარტია იყო წარმოდგენილი, ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს  “დამოუკიდებლობის აქტის” სამართლებრივ ძალმოსილებას.

შესაბამისად, დამოუკიდებლობის გამოცხადება არ იყო მხოლოდ ერთი პარტიის სურვილი და მათი აქტიურობის შედეგი, არამედ ეს იყო საერთო ეროვნული დაკვეთა, რომელიც მაშინდელმა პოლიტიკურმა კლასმა ზუსტად შეასრულა.

1920 წელს თბილისს ეწვია “ მეორე ინტერნაციონალის ” ლიდერები. “მეორე ინტერნაციონალი”  იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ორგანიზაცია , რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებდა სოციალისტურ, სოციალ- დემოკრატიულ და ლეიბორისტულ პარტიებს. სტუმრების სიაში იყვნენ ისეთი გავლენიანი პოლიტიკოსები ,როგორებიცაა:  ჯეიმს რამსეი მაკდონალდი ( შემდგომში დიდი ბრიტანეთის პრემიერი ) , ემილ ვანდერვილდე, იუსმანსი  ( შემდგომში ბელგიის პრემიერ- მინისტრი) , კარლ კაუცკი და ა.შ , რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს დამოუკიდებლობას და ის სამოთხესაც კი შეადარეს, იმ ჯოჯოხეთთან შედარებით, რასაც საბჭოთა რუსეთი წარმოადგენდა.

"
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

"
1919 წლის “დამფუძნებელი კრების” პირველი სხდომა

"
“მეორე ინტერნაციონალის” ლიდერების ვიზიტი საქართველოში

     3. 1921-1923 წლებში სტალინმა საქართველოს ისტორიული  და სადავო ტერიტორიები დათმო

ინტერვიუში კვარაცხელია სტალინს მოიხსენიებს, როგორც გაქრობის პირას მყოფი, მე-15 საუკუნიდან დაშლილ-დაქუცმაცებული  ქართული სახელმწიფოს გადამრჩენელს და გამამთლიანებელს. რეალობა კი სტალინმა საქართველოს ისტორიული და სადავო ტერიტორიები დათმო, კერძოდ:

  • ყარსის ხელშეკრულებით ართვინისა და არტაანის მხარეები თურქეთს გადაეცა. ყარსის ხელშეკრულება ტერიტორიების განაწილების თაობაზე იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული შეთანხმების შინაარს. ყარსის ხელშეკრულება, ამიერკავკასიის სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს მონაწილეობის მიუხედავად,  არ გამოხატავდა ამ სახელმწიფოების ნებას, რადგან თავად ეს ქვეყნები საბჭოთა რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული.
  • საქართველოსა და მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო ზაქათალა და ლორე აზერბაიჯანსა და სომხეთს გადაეცა.
  • სტალინმა ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ხელოვნურად შეიქმნა ე.წ “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქი, რომელიც საბოლოოდ ნელი მოქმედების ნაღმი აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. სსრკ -ს დაშლის შემდგომ სწორედ ეს ხელოვნურად შექმნილი ავტონიმიური ოლქი გამოეყო სეპარატისტულად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიას, აფხაზეთთან ერთად.
  • 1937 წლამდე საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდა არა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ის მის შემადგენლობაში იყო “ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის” სახით, სადაც საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად დამოუკიდებელი სტატუსით შედიოდი აფხაზეთის სოციალისტური რესპუბლიკაც.

შესაბამისად, სტალინმა არა თუ გააერთიანა ისტორიული ქართული ტერიტორიები , არამედ ისიც დაკარგა და დაანაწევრა, რაც საქართველოს დემოკრატული რესპუბლიკის პირობებში არსებობდა 1918-1921 წლებში.

    4. საქართველოს ისტორიული საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია პრო-რუსული არასდროს ყოფილა

საქართველოს ისტორიულ ორიენტაცია ყოველთვის იყო პროევროპული. ჯერ კიდევ ვახტანგ მე-6 – ის დროს , ევროპაში მივლენილი სულხან-საბა ორბელიანი აქტიურად ცდილობდა ევროპისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას. ერეკლე მე-2 გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე აქტიურად ცდილობდა  პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას ევროპაში. მე-19 საუკუნეში მოღვაწე თერგდალეულები პირდაპირ იყვნენ იმ იდეოლოგიური კურსისა და ხედვების გამტარებლები, რაც სათავეს დასავლურ ევროპულ ცივილიზაციაში იღებდა. ამ ისტორიული კურსის პირდაპირი გამგრძელებელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია, მმართველი  “სოციალ- დემოკრატიული” პარტიის ჩათვლით.

ნოე ჟორდანია:  გაევროპიელება წარმოებს ქართულ ნიადაგზე, ქართულ კულტურაზე. სამშობლო და უცხოეთი,  საქართველო და ევროპა, ქართველობა და ევროპიელობა – აი, რა წერია ახალ დროშაზე. ამის ამოკითხვა და ხალხის შეგნებაში გადატანა – ჩვენი დროის ისტორიული კითხვაა”

გიორგი კვინიტაძე: “ქართველი ხალხი თავისი ჩვეულებებით არის ევროპელი და არა აზიური”

სოციალ-დემოკრატების ამ საგარეო პოლიტიკურ კურსს ჰქონდა აბსოლუტური მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან და იოსებ სტალინის ბრძანებით საქართველოს ანექსია იყო საქართველოს ისტორიული ორიენტაციისა და დამოუკიდებელი რესპუბლიკის მოქალაქეების საგარეო პოლიტიკური არჩევანის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი აქტი, რომელმაც ჯერ მოიტანა ე.წ “გაკულაკება” და “სტალინური რეპრესიები,” ხოლო საბოლოოდ 70 წლიანი საბჭოთა მონობა.

    5. საქართველოს ისტორიიდან გაუჩინარებული 5 საუკუნე

შესაძლოა, ვალერი კვარაცხელიასთვის საქართველოს ისტორია წყდება მე-15 საუკუნეში და გრძელდება 1921 წლის საბჭოთა ანექსიით, თუმცა რეალობა სხვაგვარია: ვალერი კვარაცხელიას მიერ უარყოფილი 5 საუკუნის განმავლობაში, საქართველო აქტიურად იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ცდილობდა ევროპასთან მჭიდრო კავშირების გაბმას. გთავაზობთ ვალერი კვარაცხელიას მიერ არაღიარებული 5 საუკუნიდან მნიშვნელოვან მომენტებს:

  • მე-16 საუკუნეში ირანისა და ოსმალეთის აქტიური თავდასხმების მოსაგერიებლად, ქართველი მეფე-მთავრები ცდილობდნენ ევროპასთან კავშირის დამყარებას, რასაც მოწმობს ქართლის მეფე კონსტანტინე მეორის მივლენილი დელეგაცია ესპანეთის მეფესთან და რომის პაპთან, პოლიტიკური მხარდაჭრის მისაღებად.
  • მე-17 საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროები შეუპოვრად იგერიებდნენ საგარეო მტრებს, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა გიორგი სააკაძის მოღვაწეობა საქართველოს ისტორიაში, მეფე ლუარსაბ პირველისა და სვიმონ პირველის თავდადებული ბრძოლა ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ.
  • მე-18 საუკუნეში ვახტანგ მე-6 და სულხან-საბა ორბელიანი აქტიურად ცდილობდნენ ევროპისგან პოლიტიკური მხარდაჭერის მიღებას, დაარსდა პირველი სტამბა და განვითარდა კულტურული ცხოვრება ქვეყანაში. ერეკლე მე-2 ცდილობდა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებას და საგარეო მტრების წინააღმდეგ , ევროპის მხარდაჭრის მოპოვებას.
  • მე-19 საუკუნეში , რუსეთის იმპერიის ანექსიის ქართველებმა არაერთი აჯანყება მოაწყვეს. მნიშვნელოვანია ასევე ამავე საუკუნეში მოღვაწე თერგდალელულთა როლი საქართველოს კულტურული, ინტელექტუალური და იდეოლოგიური განვითარების კუთხით. დაარსდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, შეიქმნა დედა-ენა , გაუქმდა ბატონ-ყმობა და ა.შ
  • მე-20 საკუნეში, რუსეთის იმპერიის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის დამოუკიდებლობის 3 წლის მანძილზეც აქტიურად შენდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტები. გატარდა სასამართლო და სამხედრო რეფორმა, დაადგინდა სახელმწიფო საზღვრები , ქართული ენა გამოაცხადდა სახელმწიფო ენად, შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ქალებს მიეცათ საარჩევნო ხმის უფლება, მიიღეს პირველი კონსტიტუცია ( 1921 წლის 21 თებერვალს ), ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანოს – პარლამენტის არჩვნები ტარდებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით.
  • საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები და რომ არა რუსული ანექსია, ის იქნებოდა ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, შემდგარი დემოკრატიითა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუციით.

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist