გაასამართლებენ თუ არა “კოვიდ-ფაშიზმს” ამერიკასა და გერმანიაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

138
VIEWS

2021 წლის 15 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა მელქასდუკ კართაგენელი კორონავირუსის პანდემიისა და ვაქცინების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ის ამტკიცებს, რომ “კოვიდ-ფაშიზმის” წინააღმდეგ 3 და 4 ივლისს გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლო პროცესები ჩაინიშნა, თუმცა აღნიშნული სასამართლო დავების შესახებ თარიღების გარდა პოსტში სხვა დამატებითი ინფორმაცია ან წყარო მითითებული არ არის. როგორც კომენტარებში ავტორი აღნიშნავს, ჩანიშნული სასამართლო პროცესების შესახებ გერმანული და ამერიკული მედია წერს, თუმცა კონკრეტული წყაროები არც ამ შემთხვევაშია მითითებული. გარდა ამისა, მელქასდუკ კართაგენელის თქმით, ვაქცინების მწარმოებლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინის 60 მილიონი დოზა გაანადგურეს, რომლებიც მანამდე ვაქცინაციისთვის გამოიყენებოდა.

 

2021 წლის 17 ივნისის მდგომარეობით მელქასდუკ კართაგენელის პოსტი 277 მომხმარებელმა გააზიარა.

;
მტკიცება, თითქოს 3 და 4 ივლისს გერმანიასა და აშშ-ში “კოვიდ-ფაშიზმის” წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დაინიშნა, მტკიცებულების გარეშეა. ამერიკულ და გერმანულ მედიაში პანდემიასთან დაკავშირებული მასშტაბური სასამართლო პროცესების შესახებ ცნობები არ გვხვდება. ინფორმაცია ვაქცინების დოზების განადგურების შესახებ კი ნაწილობრივ მცდარია, მართალია Johnson & Johnson-ის წარმოებული ვაქცინის დოზები გაანადგურეს, თუმცა ამის მიზეზი საწარმოს მიერ დაშვებული შეცდომა იყო და ხარვეზიანი პარტია ვაქცინაციის პროცესში არ გამოუყენებიათ.

გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 და 4 ივლისს “კოვიდ-ფაშიზმის” წინააღმდეგ ჩანიშნული სასამართლო პროცესების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებით არ იძებნება. აღსანიშნავია ისიც, რომ 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რის გამოც 4 ივლისიც და მიმდინარე წლის 5 ივლისიც (რადგან 4 ივლისი კვირა დღეს ემთხვევა) ამერიკის სახლემწიფო მოხელეთათვის უქმე დღეა. როგორც ამერიკის სასამართლოების ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ყველა სასამართლო პროცესი პარასკევს – 2 ივლისს დაიხურება და სამართალწარმოება 6 ივლისიდან განახლდება. შესაბამისად, 4 ივლისს კოვიდთან ან სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის სასამართლოში განხილვა ჩანიშნული ვერ იქნება.

კორონავირუსის პანდემიის გამო მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებზე შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე გერმანიისა და ამერიკის სასამართლოებმა არაერთი საჩივარი მიიღეს, რომლებიც ძირითადად გადაადგილების შეზღუდვით, სოციალური დისტანციის მოთხოვნით, ბიზნესის საქმიანობის შეზღუდვითა და სხვა საკარანტინო ზომებით მთავრობის მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევას ეხებოდა.

როგორც ლონდონის კინგს კოლეჯის სამართლის ევროპული სამართლის პროფესორი ჰოლგერ ჰესტემეიერი განმარტავს, ევროკავშირის სამართლებრივი პრაქტიკიდან გამომდინარე სასამართლოს მთავრობისთვის საკარანტინო შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილების მინიჭება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი საზოგადოებას მყისიერი საფრთხე ემუქრება. გერმანიის სასამართლოების გადაწყვეტილებები ძირითადად ფედერალურ და ადგილობრივ მთვრობის მიერ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამის ნებართვას აძლევდნენ, თუმცა პარალელურად, შეზღუდვების სიტუაციური კონტექსტით დასაბუთებას მოითხოვდნენ. სამართლის სპეციალისტების ზოგადი შეფასებით, პანდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის და საერთო უსაფრთხოების იმ მაშტაბის გამოწვევას წარმოადგენს, რომლის პირობებშიც კონსტიტუციური უფლებების დასაბუთებული შეზღუდვა “არაკონსტიტუციურად” ვერ გამოცხადდება. 2021 წლის 5 მაისს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ კი ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების წითელ ზონებში კომენდანტის საათის დაწესებასთან დაკავშირებული საჩივრების მიღებაზე უარი განაცხადა.

ასევე აღსანიშნავია, რომ გერმანულ სასამართლო პრაქტიკაში მთავრობის მიერ შემოღებული საკარანტინო შეზღუდვებზე იყო პრეცენდენტები, როდესაც შეზღუდვები არაკონსტიტუციურად ცნო. მაგალითად, 2021 წლის 20 იანვარს ვაიმარის რაიონულმა სასამართლომ პირად კონტაქტებზე დაწესებული საერთო შეზღუდვა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, ასევე საქსონია-ანჰალტის მხარის საკონსტიტუციო სასამართლომ მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გერმანიის მთავრობის “მერვე ბრძანება კორონავირუსის შესახებ” გათვალისწინებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა განაჩენის მიღების მომენტისთვის “მერვე ბრძანება” უკვე აღარ მოქმედებდა და სასამართლოს გადაწყვეტილებას პირდაპირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.

გერმანიის მსგავსად გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში ამერიკის სხვადასხვა დონის სასამართლოში ათასობით საჩივარი შევიდა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს ეხებოდა. აღნიშნული საჩივრების სრული სია და სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია პორტალზე ballotpedia.org-ზეა ხელმისაწვდომი. ამერიკის სხვადასხვა შტატის სასამართლომ არაერთი საჩივარი მიიღო, თუმცა ისინი არა ზოგადად “კოვიდ ფაშიზმს”, არამედ ფედერალური თუ შტატის მთავრობების მიერ მიღებულ კონკრეტულ რეგულაციებს ეხება. ამერიკის სასამართლო პრაქტიკას საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებთან მიმართებით უზენაესი სასამართლოს 1905 წლის გადაწყვეტილება (Jacobson v. Massachusetts) განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც, შტატებს კარანტინისა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენებისას ფართო უფლებამოსილება აქვთ. ამერიკის შემთხვევაში ერთ-ერთი გახმაურებული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელმაც ზოგიერთი საკარანტინო შეზღუდვა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, დასავლეთ პენსილვანიის რაიონულმა სასამართლომ 2020 წლის სექტემბერში მიიღო. გერმანიის მსგავსად, ამერიკაში არც ფედერალურ და არც რომელიმე შტატის დონეზე სასამართლოს საკარანტინო ზომების სრულად ამკრძალავი გადაწყვეტილება არ მიუღია. ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის მიხედვით, მსგავსი სასამართლო განხილვის მოწყობა არც უახლოეს მომავალში იგეგმება.

დეზინფორმაციული მტკიცება, რომ ახლო მომავალში კორონავირუსის პანდემიას “კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად” გამოაცხადებდნენ და რომელიმე სასამართლო ყველა დაწესებულ შეზღუდვას მოხსნიდა, პანდემიის განმავლობაში პერიოდულად ვრცელდებოდა. აღნიშნული დეზინფორმაციის ერთ-ერთი პოპულარული წყარო გერმანელი ადვოკატი რაინერ ფულმიხია, რომელიც ამტკიცებს, რომ ათასობით ადვოკატთან და ექსპერტთან ერთად საგამოძიებო კომისია შექმნა და პანდემიის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებს მალე სასამართლოში წარადგენს. ფულმიხის ვიდეომიმართვები ქართულ სოციალურ ქსელში 2020 წლის ოქტომბრიდან ვრცელდება, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:

რაც შეეხება ვაქცინის მწარმოებლის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 60 მილიონი დოზის განადგურებას, აღნიშნულ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. მართალია, ჯონსონ & ჯონსონის ვაქცინის კონკრეტული პარტიების წარმოებისას დაშვებული შეცდომის გამო, ისინი უნდა განადგურდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიის ვაქცინის ყველა პარტია საფრთხის შემცველია და მილიონობით ადამიანს სახიფათო ვაქცინა გაუკეთეს. აღნიშნულ თემაზე ვრცლად იხილეთ სტატია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (tallahasseetimes.com) შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist