ეთილენის ოქსიდით გასტერილებული COVID-19-ის ტესტები სიმსივნეს არ იწვევს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

369
VIEWS

25 მარტს გადაცემის “დასაბამიდან სასუფევლამდე” ყოფილმა წამყვანმა დავით გიორგობიანმა ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცი ინგლისურ ენაზე საუბრობს, ვიდეოს რუსული ტიტრებიც ახლავს. მამაკაცი ვიდეოში კორონავირუსის ანტიგენის ტესტების შეკვრას გვაჩვენებს და ამბობს, რომ ეს ტესტები ეთილენის ოქსიდით სტერილდება, აღნიშნული ნივთიერება კი სიმსივნესა და სხვა დაავადებებს იწვევს. ვიდეოში მოსაუბრე მამაკაცის თქმით, ტესტების ჩხირების სტერილიზაციის მიზნით, მასზე ეთილენის ოქსიდს ასხამენ, ამ ჩხირებით ნაცხის აღებისას კი ისინი ტვინამდე აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს განზრახ ხოცავენ.

1 აპრილის მდგომარეობით, დავით გიორგობიანის პოსტს 124 გაზიარება აქვს.

;

იდენტური ვიდეო ფეისბუქ-პროფილებმა სულიერი სამყარო და Shorena Khvedelidze გამოაქვეყნეს.

25 მარტს ფეისბუქ-პროფილმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები ეთილინის ოქსიდის შესახებ სხვა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცი წინა ვიდეოში გაჟღერებულ მტკიცებებს იმეორებს და ამბობს, რომ კორონავირუსის ანტიგენის ტესტები ეთილენის ოქსიდითაა დაფარული, ეს ნივთიერება კი სიმსივნესა და დნმ-ის დაზიანებას იწვევს. “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” ატვირთულ ვიდეოს ტექსტიც ახლავს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ანტიგენის ტესტები კარცეროგენული ნივთიერება ეთილენის ოქსიდით სტერილდება. გოჩა ჩუმაშვილს იდენტური პოსტი ვიდეოს გარეშე აქვს გამოქვეყნებული.

ცნობა, თითქოს ეთილენის ოქსიდით გასტერილებული კორონავირუსის ანტიგენის ტესტები სიმსივნეს იწვევს, დეზინფორმაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ეთილენის ოქსიდი კარცეროგენია, სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაციისთვის ის მრავალი წელია ფართოდ გამოიყენება. ეს პროცესი მკაცრად კონტროლდება, რათა გასტერილებულ ნივთზე დარჩენილი ეთილენის ოქსიდის აირი უსაფრთხოების ნორმებში მოექცეს. 

გარდა ამისა, კორონავირუსის ტესტისთვის ნაცხის აღებისას, ჩხირი ტვინამდე არ აღწევს და შესაბამისად არც მის გარსს აზიანებს.

პოსტებში აღნიშნული ინფორმაცია ეთილენის ოქსიდის კარცეროგენურობის შესახებ სიმართლეს შეესაბამება. მართალია ისიც, რომ ეთილენის ოქსიდი სამედიცინო ნივთებისა და ინსტრუმენტების სტრელიზაციისთვის გამოიყენება. თუმცა დეზინფორმაციულია მტკიცება, თითქოს ეთილენის ოქსიდით გასტერილებული ანტიგენის ტესტებმა შესაძლოა სიმსივნე ან სხვა დაავადებები გამოიწვიოს.

სამედიცინო ნივთებისა და ინსტრუმენტების სტერილიზაციისთვის ეთილენის ოქსიდი 1950 წლიდან გამოიყენება, სამედიცინო ინვენტარის დაახლოებით 50% სწორედ ამ მეთოდით სტერილდება და ყოველწლიურად აშშ-ში გაყიდული 20 მილიარდი სამედიცინო მოწყობილობა ეთილენის ოქსიდითაა გასტერილებული.

ერთ ვიდეოში ნათქვამია, რომ ეთილენის ოქსიდს ანტიგენის ტესტებზე ასხამენ და ამ გზით ასტერილებენ, მეორე ვიდეოში კი აღნიშნულია, რომ ტესტები ეთილენის ოქსიდითაა დაფარული. ეთილენის ოქსიდით სტერილიზაციის ორივე ვერსია მცდარია, რადგან ეთილენის ოქსიდი აირისებრი ნივთიერებაა და ტესტებზე მას ვერანაირად დაასხამენ. როგორც როიტერი წერს, არც იმის თქმაა სწორი, რომ ტესტები ეთილენის ოქსიდითაა დაფარული, რადგან სტერილიზაციის პროცესში გასასტერილებელი ნივთიდან ეთილენის ოქსიდის აირის გამოდევნა უზრუნველყოფილია და ნივთიერების ის რაოდენობა, რომელიც გასტერილებულ ნივთზე შეიძლება დარჩეს, საერთაშორისო სტანდარტის ზღვარს ქვემოთაა.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტმა როიტერთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ COVID-19-ის დიაგნოსტიკისთვის განკუთვნილი ტესტები მკაცრად მოწმდება და რეგულარული გამოყენებისთვის უსაფრთხოა.

დავით გიორგობიანის გამოქვეყნებულ ვიდეოში მამაკაცი ამბობს, რომ ეთილენის ოქსიდით გასტერილებული კორონავირუსის ტესტების ჩხირები ტვინამდე აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს განზრახ ხოცავენ. რეალურად ჩხირით ნაცხის აღებისას, ის ადამიანის ტვინამდე არ აღწევს და მის გარსსაც არ აზიანებს. ნაცხის ასაღები ჩხირით ტვინის დაზიანება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ჩხირმა ამისთვის ჰემატოენცეფალური ბარიერი (ტვინის გარსი და სისხლძარღვოვანი ბარიერი) უნდა დააზიანოს, ამ ბარიერს კი რამდენიმე ძვლოვანი, სხვადასხვა ქსოვილის ფენა და სისხლძარღვები იცავს, სწორედ ამიტომ ნაცხის ჯოხით მისი დაზიანება მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:
საშიშია თუ არა კორონავირუსის ტესტი?

როგორია ეთილენის ოქსიდით სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაციის პროცესი?

Medline Industries-ის იუთუბ არხზე გამოაქვეყნებულია ვიდეო, რომელშიც ეთილენის ოქსიდით სტერილიზაციის პროცესია აღწერილი. ვიდეოში ახსნილია, რომ სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაციის კამერაში მოთავსების შემდეგ, თავდაპირველად ვაკუუმის რამდენიმე ციკლის მეშვეობით მას ჰაერისგან ათავისუფლებენ, შემდეგ მასში აზოტსა და ორთქლს უშვებენ, ბოლოს კი ეთილენის ოქსიდს, რომელსაც დაახლოებით 10-12 საათის განმავლობაში აჩერებენ, სანამ ინვენტარი მთლიანად არ გასტერილდება. სტერილიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ინვენტარს ეთილენის ოქსიდის უმეტესობას ვაკუუმის ციკლებისა და აზოტის შეშვება-გამოშვებით აშორებენ. ბოლოს კი  წყლისა და გოგირდმჟავას დამატებით ეთილენის ოქსიდს ეთილენის გლიკოლად გარდაქმნიან, რომელიც თავის მხრივ ანტიფრიზად გამოიყენება.

;

;

;

;

ვიდეოში აღნიშნულია, რომ სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაციის დასრულების შემდეგ პროცესში მთლიანად გამოყენებული ეთილენის ოქსიდის 1%-ზე ნაკლები რჩება.


არქივის ბმულები:
დავით გიორგობიანი
ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები
Shorena Khvedelidze
სულიერი სამყარო
გოჩა ჩუმაშვილი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist