“ერთობა საქართველოსთვის” ტყის ხანძრების შესახებ ვიდეომანიპულაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

69
VIEWS

2021 წლის 27 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა “ერთობა საქართველოსთვის” ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ტყის თავზე ფრენისას ვერტმფრენიდან ცეცლის ნაკადს უშვებენ. ვიდეოს აღწერაში ფეისბუქ მომხმარებელი წერს, რომ ვიდეო “გლობალურ დათბობის” არარეალურობაზე მიუთითებს და კადრები გლობალისტებს  “შემთხვევით გაეპარათ”.  “ერთობა საქართველოსთვის” პოსტი ავითარებს აზრს, რომ ტყის ხანძრებს მიზანმიმართულად გეგმავენ, რათა “გლობალურ დათბობის” საბაბით ადამიანებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესონ და ფეისბუქ მომხმარებელს ვიდეოც სწორედ ამ მოსაზრების არგუმენტად მოჰყავს.

 

2 აგვისტოს მდგომარეობით “ერთობა საქართველოსთვის” პოსტს 10 000-ზე მეტი გაზიარება აქვს. პოსტი 8 საჯარო ჯგუფში გააზიარეს: ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze, Сухуми и сухумцы! ВСЕ КТО СЕБЯ СЧИТАЕТ ТАКОВЫМИ…, ლევან ვასაძის და ეროვნული ფლანგის, მსოფლიო ქართველთა ერთობა.,Joburi, Vanzari, cumpărări Belgia, Mansur Yavaş destek sayfası, DEMISIA IOHANNIS და Les bonnes affaires de charleroi et ses environs.

;
“ერთობა საქართველოსთვის” მიერ გამოქვეყნებული პოსტი ვიდეომანიპულაციაა. ვიდეოში ნაჩვენებია ტყის დიდ მასივებში მასშტაბური ხანძრების პრევენციისა და ტყის საფარის გაჯანსაღების მიზნით ტყის ხმელი და გამომშრალი ზონების დაწვა მეხანძრეების მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ. ტყის ხანძრების პრევენცირების ამ მეთოდს სხვადასხვა ქვეყნის მეხანძრეები წლებია იყენებენ და მას “გლობალისტების გეგმებთან” კავშირი არ აქვს.  

ქართველი მომხმარებლის მიერ გაზიარებული ვიდეო პირველად 2020 წლის 21 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა Fireman 323-მა გამოაქვეყნა. ორიგინალი პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ კადრები არა ტყის გადაწყვას, არამედ ხანძრებთან ბრძოლის ერთ-ერთ ტაქტიკას ასახავს. მოგვიანებით ვიდეო სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებმა მანიპულაციურად გაავრცელეს და ის ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ხანძრებს დაუკავშირეს.

ვიდეოში ნაჩვენებ ტაქტიკას “კონტროლირებად დაწვად” ან “პროცედურულ დაწვად” მოიხსენიებენ და ის ტყის მასივების მართვისა და მასშტაბური ხანძრების პრევენცირების გავრცელებული პრაქტიკაა. როგორც National Geographic განმარტავს, დიდ ფართობებზე გავრცელებულ ტყეებში დროთა განმავლობაში ხმელი ხეების, გამომშრალი ფოთლების, ბალახის, ფესვებისა და ბუჩქების უბნები ჩნდება, რომლებიც მაღალი სიცხის პირობებში გაჩენილი ტყის ხანძრებისთვის იდეალური საწვავი მასალაა. ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად მეხანძრეები სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ ასეთ უბნებს მიზანმიმართულად წვავენ და შემდეგ ხანძრის ლიკვიდაციაზეც ზრუნავენ, რაც ერთი მხრივ, ტყეში დაგროვებულ ბუნებრივ საწვავ მასალას ანადგურებს, ტყის მცენარეთა ეკოსისტემას აჯანსაღებს, ამცირებს ინვაზიური მცენარეების გავრცელებას და მწერების პოპულაციების ზრდას. კონროლირებადი ხანძრის შემდეგ ტყეში ახალგაზრდა მცენარეებისთვის დამატებითი სივრცე და მზის სინათლეც ხდება ხელმისაწვდომი.

კონტროლირებადი დაწვის ოპერაციები ხანძრისა და ტყის ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ მეტეოროლოგიური პირობების, ქარის სიმძლავრისა და სხვა გარემო ფაქტორების გათვალისწინებით იგეგმება, რათა ტყის ჯანსაღი საფარი და ახლომდებარე დასახლებები არ დაზარალდნენ. კონტროლირებადი დაწყვისას გამოიყენება ვერტმფრენები და დრონების ხშირად გამოიყენება, რომლებიც ტყის სამიზნე უბნებს აალებულ აირს აფრქვევენ, ხოლო ცეცხლის ლოკალიზებაზე მეხანძრეები ზრუნავენ.

პლანეტის სხვადასხვა რეგიონში მასშტაბური ხანძრების ერთ-ერთი მიზეზი სხვა ფაქტორებთან ერთად გლობალური კლიმატის დათბობაცაა. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ჰაერის ტემპერატურის მატება, ნალექების სიხშირესა და ინტენსივობაში მომხდარი ცვლილებები და სხვა კლიმატური ფაქტორები, დიდ ტერიტორიებზე ხანძრების წარმოქმნის რისკებს საგრძნობლად ზრდიან. პლანეტის კლიმატი 1800-იანი წლების შემდეგ სტაბილურად იზრდება, ხოლო 1980-იანი წლებიდან გლობალური კლიმატი ათ წელიწადში ერთხელ +0.2°C-ით თბება. NASA-ს მონაცემებით, 2016 და 2019 წლები ბოლო 140 წლის განმავლობაში პლანეტის ყველაზე ცხელი წლები იყო, როდესაც ოკეანისა და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურამ საშუალო მაჩვენებელს თითქმის +1°C-ით გადააჭარბა. ჰაერის დათბობა გავლენას ახდენს ტყის მასივებზე, ცხელი ჰაერი ხელს წყობს მცენარეული საფარის გამოშრობის პროცესს და დიდი ფართობების ხმელ, იდეალურ საწვავ მასალად ქცევას, რაც ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში ხანძრის დიდ ფართობებზე გავრცელებას უწყობს ხელს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist