ეროვნული აჯანყება თუ გლეხების წინააღმდეგ თავადთა შურისძიება?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

68
VIEWS

1924 წლის აგვისტოში ქართულმა ეროვნულმა, ანტისაბჭოთა ძალებმა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება განიზრახეს. მასობრივი პროტესტი ჯერ კიდევ 1924 წლამდე იგეგმებოდა და გადაწყვეტილი იყო, რომ ანტისაბჭოთა გამოსვლა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად დაიწყებოდა.

ჯერ კიდევ 1922 წელს ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანება დამკომი (დამოუკიდებლობის კომიტეტი) ჩამოაყალიბეს, რომელშიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმიც შედიოდა. ერთობის მიზანი ანტისაბჭოთა მოქმედება იყო. უკვე იმ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მრავალი უკმაყოფილება არსებობდა, რაც ეკლესიების დახურვით, ქართული ტერიტორიების გასხვისებით, ქართული მუშა-ხელის დაჩაგვრით და სიწმინდეების შეურაცხყოფით იყო გამოწვეული.

1
აგვისტოს აჯანყება, “აჯანყებული შეფიცულები”

1924 წლამდე საქართველოში სხვადასხვა მცირე აჯანყება განხორციელდა, თუმცა ამ ეტაპზე უფრო მასშტაბური ოპერაცია იგეგმებოდა. ეროვნული ძალები საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ ერთდროულად 29 აგვისტოს უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა ჭიათურაში აჯანყება 1 დღით ადრე შეცდომით დაიწყო, რამაც გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა. საბჭოთა ძალებმა სძლიეს მის წინააღმდეგ გამოსულ აჯანყებულებს და ისინი სასტიკად დასაჯეს. ზოგიერთი ცნობით დახოცილთა რაოდენობა 6 ათასს აღწევდა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლება მსხვერპლის უფრო მცირე რაოდენობას ასახელებდა.

აჯანყების ჩასახშობად არა მხოლოდ სამხედრო ძალები, არამედ პროპაგანდის გამოყენებაც იყო საჭირო, რათა ეროვნულ ძალებს სხვებიც არ შეეერთებინათ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი მუშები და გლეხები.

ამ პერიოდში საბჭოთა საქართველოში აქტიურად იბეჭდებოდა გაზეთი “წითელი არმიელი”, რომელიც აჯანყებულთა გმობის კამპანიაში აქტიურად ჩაერთო. გაზეთი აღწერდა აჯანყებულთა ვინაობას, საბჭოთა ძალების გამარჯვებას და მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებდა, რომ მენშევიკთა მსგავს ანტისახელმწიფოებრივ გამოვლინებებს ტყუილი დაპირებების იმედად  არ აჰყოლოდნენ.

2
“წითელი არმიელი”, გაზეთის პირველი გვერდი

  • “წითელი არმიელი” აჯანყებულთა შესახებ

გაზეთმა ერთ-ერთი პირველი სტატია აჯანყებულთა წინააღმდეგ 30 აგვისტოს გამოაქვეყნა. შემდგომში, სექტემბრის პირველ რიცხვებში, ეროვნული ძალების კრიტიკა თითქმის ყველა ნომრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

უპირველეს ყოვლისა, “წითელი არმიელი” აჯანყებულებს აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ მათ პრობლემების არარსებობის გამო ადამიანები პროტესტში ვერ აიყოლიეს. სტატიების მიხედვით, მთავრობას ისეთი გარემო ჰქონდა შექმნილი, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წასვლის რეალური საფუძველი არავის ექნებოდა:

“დღეს ყველამ აშკარად იცის, რომ მშრომელი ხალხის ინტერესებს ვერავინ ვერ იცავს, გარდა კომუნისტურ პარტიისა.”

“წითელი არმიელის” მიხედვით მენშევიკებს (ასე იყო მოხსენიებული ყველა აჯანყებული) მუშებისთვის და გლეხებისთვის არც მაშინ და არც მანამდე (1918-1921 წლებში) არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, შესაბამისად ისინი ახლაც ვერ მოიპოვებდნენ ხალხის მხარდაჭერას:

“მენშევიკებმა ვერ შეძლეს მშრომელი ხალხის ინტერესების დაკმაყოფილება. ხალხი ჩამოცილდა მათ. მაგრამ ისინი მაინც ილაჯს არ იტეხდენ და ხალხს ავანტიურისაკენ მოუწოდებდენ.”

აღსანიშნავია, რომ 30 აგვისტოს სტატიაში ასევე გამოქვეყნებული იყო დამკომის წევრის, საქართველოს სახალხო გვარდიის სარდლის, დაპატიმრებული ვალიკო ჯუღელის წერილი, სადაც ის აჯანყებულებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, ვინაიდან და რადგანაც ბრძოლა ამ ეტაპზე უშედეგო იქნებოდა.

3
ვალიკო ჯუღელის წერილის დასასრული

სტატიის ავტორმა ჯუღელის წერილი იმის დასამტკიცებლად გამოიყენა, რომ აჯანყებულები სუსტები იყვნენ, რასაც თავად ვალიკო ჯუღელიც ადასტურებდა:

“წარმოსთქვა ეს ვალიკო ჯუღელმაც და ხელი აიღო თავის ყაჩაღურ განზრახვებზე. ჯუღელის წერილი ერთხელ კიდევ ზედმეტჯერ ადასტურებს მენშევიკების განზრახვების უსაფუძვლობას და საჭიროა ეს შეიგნოს ყველა ჯურის ავანტიურისტმა დროზე.”

4

წითელი არმიელის სტატია ვალიკო ჯუღელის წერილის შესახებ

ძირითადად გაზეთში აჯანყების მთავარ მოტივად ეროვნული განმანთავისუფლებელი მოძრაობა კი არა, არამედ გლეხებისა და მუშების წარმატებულად ცხოვრებისადმი თავადებში გაჩენილი შური იყო დასახელებული. სტატიის მიხედვით, თავად-აზნაურობამ ვერ აიტანა, რომ მათმა დამონებულმა მშრომელებმა სახელმწიფოსგან სარგებელი ნახეს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება:

“ისინი სწორედ იმაზე არიან დაღონებულები და შავებ ჩაცმული, რომ მათ ნაყმევებს დღეს მიწაც აქვთ და წყალიც.”

ასევე, ზოგ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ მენშევიკებმა მოისყიდეს აჯანყებულები და ყველას სხვადასხვა რამეს დაპირდნენ: მემამულეებს – მამულები, წვერგაპარსულ მღვდლებს – ეკლესიები და ა. შ.

5
ამონარიდი სტატიიდან, 5 სექტემბერი, 1924წ.

  • “წითელი არმიელის” მოწოდება მოსახლეობისადმი

საბჭოთა გაზეთი აქტიურად მოუწოდებდა ძირითადად მუშებსა და გლეხებს, რომ “გახრწნილ, გათახსირებულ და გავერანებულ” მენშევიკებს არ აჰყოლოდნენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა შემთხვევაში “წითელი არმიელი” აღნიშნავდა, რომ მენშევიკებს სწორედ თავადები და აზნაურები წარმოადგენდნენ, რომლებსაც მუშებისთვის და გლეხებისთვის ყველაფერი ცუდი სურდათ, შესაბამისად ამ უკანასკნელს მხოლოდ საბჭოთა კავშირის და კომუნიზმის იმედი უნდა ჰქონოდათ:

“საქართველოს ზოგიერთ კუთხეებში შეიარაღებული ბანდები თავს დაესხნენ ჩვენს ამხანაგებს. ამ ბანდების შემადგენლობა და მეთაურნი იყვნენ და არიან მხოლოდ და მხოლოდ თავადები და აზნაურები. არც ერთი გლეხი, არც ერთი მუშა და არც ერთი წითელ არმიელი მათში არ ურევია. ეს ერთხელ ზედმეტად უმტკიცებს ყველას, რომ მენშევიკების პარტია არის პარტია ყოფილი თავადების, მემამულეების, გაკრეჭილი მღვდლების და ყველა ჯანდაბის”

6
“წითელი არმიელის” მოწოდება მუშების, გლეხებისა და ყველა მშრომელისადმი

მოწოდებით ნაწილში საბჭოთა კავშირი გლეხებს ძირითადად იმას ახსენებდა, რომ სწორედ კომუნისტების თაოსნობით მიიღეს მათ მემამულეების მიერ ადრე ჩამორთმეული მიწები. ასევე ვრცელი აბზაცები ეძღვნებოდა სსრკ-ის მიღწევებს, რათა ამის შედეგად აჯანყების სურვილი გამქრალიყო.

ამასთანავე, საგაზეთო სტატიები გლეხება აჯანყებულთა წინააღმდეგ განაწყობდა და მათ ამხნევებდა, იყო მოწოდებები ძალადობისკენაც:

“გამორეკეთ, გამოსწმინდეთ სოფლებიდან, არსად დარჩეს მათი ჯილაგი და სინსილა სადმე სოფლათ!!”

ასევე, სტატიაში გამოქვეყნებული კომუნისტური პარტიის მიმართვა გლეხებს აფრთხილებდა, რომ არ მოესმინათ აჯანყებულებისთვის, რადგან მათგან არაფერ სიმართლეს არ გაიგონებდნენ და მათი დაჯერება გლეხებისთვისვე იქნებოდა დამღუპველი:

“არც ერთი მათი სიტყვა, არც ერთი მათი ნათქვამი არ ჩაუშვათ ყურში, იცოდეთ, რომ ყოველივე ეს თქვენ დასამონავებლათ არის გამოგონილი!!!”

7
მოწოდება გლეხებისადმი, 3 სექტემბერი, 1924წ.

  • “წითელი არმიელი” საბჭოთა გამარჯვების შესახებ

გაზეთი თითქმის ყველა სტატიაში ცდილობდა გაემართლებინა საბჭოთა კავშირის სისასტიკე აჯანყებულთა მიმართ. ყველგან მოტივად ძირითადად გლეხების თავად-აზნაურებისგან დაცვა სახელდებოდა:

“საბჭოთა ხელისუფლება სამუდამოთ გამოუსწორებელ და შეუწყნარებელ დანაშაულს ჩაიდენდა საქართველოს მუშების და გლეხების წინაშე, თუ ის არ გაანადგურებს და არ მოსპობს სრულებით და სავსებით მშრომელი ხალხის წინააღმდეგ იარაღით გამოსულ მტრებს”

სტატიებში სიამაყით იყო გაცხადებული, თუ როგორ ანადგურებდნენ მენშევიკებს ჯერ ადგილობრივი გლეხები, შემდგომ კი ამ გლეხთა ერთგული საბჭოთა ხელისუფლება.

5 სექტემბრის ნომერში “წითელმა არმიელმა” მკითხველს აჯანყებულების წინააღმდეგ გამარჯვება მიულოცა და პროლეტარიატის დიქტატურას მადლობა გადაუხადა.

8

სამომავლო აჯანყებების თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანი იყო სტატიებში იმის შესახებ ბევრი დაწერილიყო, თუ როგორ დაამარცხეს მტერი და რა მეთოდებით გაუსწორდნენ მას.

სექტემბრის პირველ კვირაში გაზეთის თითოეული ნომერი აჯანყების შესახებ 3-ზე მეტ სტატიასაც კი შეიცავდა, რომლებსაც სათაური სხვადასხვა ჰქონდათ, თუმცა შინაარსი ერთი და იგივე იყო – ის გმობდა თავადების მცდელობას, შური ეძიათ გლეხებზე და აღწერდა, თუ რა მოელოდა მომავალში მსგავსი ქმედების ჩამდენს.

საგაზეთო სტატიების სათაურები:

9

10

ამასთანავე, ძალის სადემონსტრაციოდ აქტიურად იწერებოდა დაპატიმრებულ პირთა შესახებ, რათა საბჭოთა ხელისუფლებას დაემტკიცებინა, რომ ის გლეხებს მომავალშიც აქტიურად დაიცავდა.

11
ცნობა დაპატიმრებულთა შესახებ


 

თემატიკა: ისტორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist