დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს დასავლეთისაგან ლეტალური იარაღის მიღების ნებართვა არ აქვს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2222
412
VIEWS

30 აგვისტოს,  ტელეკომპანია ობიექტივის ღამის სტუდიის ეთერში “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის აღიარებაში გამოიხატება და მეტი მოლოდინი მათგან საქართველოს არ უნდა ჰქონდეს, რადგან დასავლეთი თავდასაცავად ლეტალური იარაღის შეძენის ნებართვას ჯერაც არ აძლევს.

კახა კუკავა, თავისუფალი საქართველო: „დასავლეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ერთ საკითხში, რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას… მაგრამ ამაზე უფრო მეტის მოლოდინი დასავლეთისგან, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს, ამის შესახებ ისინი გულწრფელად მიგვითითებენ…  საქართველოსთვის, ჯერ კიდევ არ არის ნებადართული, იგივე ლეტალური იარაღის მიწოდება… მიუხედავად იმისა, რომ აღიარებენ, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, მიუხედავად იმისა აღიარებენ, რომ ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომ ოკუპანტებისგან თავი დავიცვათ, ამის მიუხედავად, იარაღს საქართველოს არ აწვდიან, იარაღსაც კი არ აწვდიან, თუნდაც რომ იყიდო, არ არის ლაპარაკი უფასო მიწოდებაზე.“

კახა კუკავას განცხადება, თითქოს დასავლეთი საქართველოს ლეტალურ იარაღს არ აწვდის, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან 2018 წლის იანვარში საქართველოს არმიამ მესამე თაობის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო  სისტემა “ჯაველინი” მიიღო, ამავე წლის აგვისტოში კი, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა თავდაცვის ავტორიზაციის ფაქტს, რომელიც საქართველოსთვის ლეტალური სამხედრო იარაღის გადაცემას ითვალისწინებს. აღნიშნული გზავნილი მიზნად ისახავს მოსაზრების დამკვიდრებას, რომ დასავლეთს და სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოს დაცვა არ ძალუძთ.

  • 2018 წელს საქართველომ აშშ-სგან “ჯაველინი” იყიდა

2018 წლის იანვარში, საქართველოს არმიამ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა “ჯაველინი” შეიძინა, რომელიც 410 მართვადი რაკეტის (JM), 72 გამშვები დანადგარის (CLU), 10 ძირითადი უნარების საწვრთნელი მოწყობილობისა (BST) და 70 სიმულაციური ჭურვისგან (SR) შედგება.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აშშ-ს ტანკსაწინააღმდეგო სისტემაში 75 მილიონი დოლარი გადაუხადა.

“ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო სისტემა აშშ-ს შეიარაღებაში 1996 წლიდან გამოიყენება და მას საქართველოს ჩათვლით 20-მდე ქვეყანა ფლობს. აშშ-ის არმიამ და სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა 2003 წელს ერაყში ომის  დროს, ასევე ავღანეთში, თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიყენა.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის მნიშვნელობაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ  ბრიჯიტ ბრინკმა ისაუბრა: “იარაღის გაყიდვის ეს წინადადება საქართველოსა და ამერიკას შორის უკვე არსებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიც საქართველოსთვის თავის დაცვის შესაძლებლობის მიცემა და ამერიკისთვის ძლიერი სამხედრო მოკავშირის დახმარებაა. საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც სრული უფლება აქვს აირჩიოს საკუთარი მომავალი, რაშიც თავდაცვის სფეროს ორიენტაცია და სამხედრო შესაძლებლობების წყაროებიც შედის”.

  • აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი საქართველოსთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს

2019 წლის ფისკალური წლის  აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიხედვით, შემუშავდა  უსაფრთხოების სტრატეგია, რაც მოიაზრებს  ევროპელი პარტნიორების ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.  დოკუმენტის მიხედვით, განიხილება საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა, რაც ითვალისწინებს საქართველოსთვის ლეტალური სამხედრო იარაღის მიწოდებას.

  • დასავლეთი აქტიურადაა ჩართული ქართული ძალოვანი სტრუქტურების აღჭურვასა და მომზადებაში 

2014 წლიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით, აშშ-მა თავდაცვით ტექნიკაზე საქართველოსთვის DCS-ის (პირდაპირი კომერციული გაყიდვები)  პროცესის ფარგლებში 18 მილიონი დოლარის ღირებულების ავტორიზაცია გასცა, რაც მოიცავს ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალებს და სხვა სამხედრო ტექნიკას.

2017 წელს ქართულ შეიარაღებაში არსებული საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევი PKM ნატოს სტანდარტების შესაბამისი ამერიკული ანალოგით – M-240-ით  ჩანაცვლდა. M-240 ფართოდ გამოიყენება აშშ-ის ქვეითთა ასეულებში, სამხედრო-სახმელეთო ტრანსპორტზე, კატორღებსა და ვერტმფრენებზე.

2018 წლის მაისში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ “ჯაველინების” ანტისატანკო სისტემების შემდეგ, საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს – სტინგერებს მიიღებს. “სტინგერი” უახლესი ანტისაჰაერო სისტემაა და  30-მდე ქვეყნის სამხედრო შეიარაღების ნაწილია. ქართული არმიის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აფხაზეთის ომში  “სტრელა-2მ”-ების, აგვისტოს ომში კი,  “იგლასა” და პოლონური “გრომ-2”-ებისგან შედგებოდა.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist