სხვადასხვა

დაიხრჩო თუ არა ჯანმოს მაღალჩინოსანი ბროკოლით?

13 აპრილი, 2020

12 აპრილს ონლაინ გამოცემა “პროგრესნიუსმა” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ჯანმო-ს მაღალჩინოსანი ბროკოლით დაიხრჩო – რაიან პატერსონი კოვიდ-19-ზე სენსაციური ინფორმაციის გამჟღავნებას გეგმავდა”. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე რაიან პატერსონი თებერვალში უშუალოდ პრესკონფერენციის წინ გარდაიცვალა, როდესაც მას COVID-19-ის შესახებ სენსაციური ინფორმაცია უნდა ეცნობებინა. “პროგრესნიუსი” წერს, რომ პატერსონი სადილის დროს გარდაიცვალა და  გარდაცვალების მიზეზი ბროკოლი გახდა. სტატიას თან ერთვის მამაკაცის ფოტო, რომელსაც გამოცემა სავარაუდოდ რაიან პატერსონს მიაწერს, ხოლო სტატიის ბოლოს წყაროდ მითითებულია “პროგრესნიუსი”, რომელზეც დაკლიკვითაც რუსულ საიტზე panorama.pub-ზე გადავდივართ.

'

“პროგრესნიუსის”  მიერ გავრცელებული ინფორმაციის წყარო რუსული სატირული საიტი panorama.pub-ია და შესაბამისად, გავრცელებული ცნობა გამოგონილია. სინამდვილეში ჯანმო-ს დირექტორის მოადგილე არა რაიან პატერსონი, არამედ სუზანა იაკაბია, ხოლო ფოტოზე გამოსახული მამაკაცი, რომელიც თითქოს თებერვალში ბროკოლით გარდაიცვალა, რეალურად ბრუკს პატერსონია, ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც 2019 წლის აგვისტოში სიმსივნით დაიღუპა.

  • ჯანმო-ს დირექტორის მოადგილე ცოცხალია

ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის თანამდებობას 2019 წლიდან სუზანა იაკაბი იკავებს და არა რაიან პატერსონი. მსგავსი სახელით და გვარით ჯანმო-ს ხელმძღვანელობაში არავინ იძებნება, ხოლო ფოტო, რომელსაც “პროგრესნიუსი” იყენებს, სინამდვილეში ეკუთვნის არა ვინმე რაიან პატერსონს, არამედ ბრუკს პატერსონს, რომელიც 2019 წლის აგვისტოში პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა. ბრუკს პატერსონი ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც გარდაცვალებამდე აშშ-ის მიჩიგანის შტატის ოკლენდის ოლქის მმართველის თანამდებობას იკავებდა.

'
ბრუკს პატერსონი, ოკლენდის ოლქის ყოფილი მმართველი აშშ-ში

"
სუზანა იაკაბი, ჯანმო-ს გენერალური დირექტორის მოადგილე

  • ჯანმო-ს დირექტორის მოადგილის გარდაცვალების შესახებ გამოგონილი ამბავი სატირულმა საიტმა გაავრცელა

“პროგრესნიუსი” ეყრდნობა რუსულ სატირულ გამოცემას panorama.pub-ს, რომელმაც ჯანმო-ს დირექტორის მოადგილის ბროკოლით გარდაცვალების შესახებ ამბავი გამოიგონა. “პროგრესნიუსს” რუსული სატირული გამოცემის 9 თებერვალს გამოქვეყნებული სტატია უცვლელად აქვს ქართულ ენაზე გადმოტანილი, თუმცა არ უთითებს, რომ ამბავი სინამდვილეში სატირაა.

"

panorama.pub-ს მისიის განაცხადში გაფრთხილების სახით  მითითებული აქვს ინფორმაცია გამოცემის იუმორისტული  ხასიათის შესახებ. გამოცემის იუმორისტული შინაარსი მინიშნებულია panorama.pub-ის ლოგოშიც.

"

|

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა

სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი  მეთოდია. ამ მეთოდით ტაბლოიდური და პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ დასავლური საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ისეთი მოვლენები, როგორიცაა  ტრადიციებისა და ღირებულებების უგულებელყოფა, ზოოფილია, ნეკროფილია და ა.შ.

panorama.pub-ის გამოგონილ ამბებს ქართული პროპაგანიდისტული და პრორუსული აქტორები ადრეც იყენებდნენ. იხილეთ “მითების დეტექტორის” გადამოწმებული მასალები, რომლებიც panorama.pub-ზე დაყრდნობით გავრცელდა: