ჩამოეჭრებათ თუ არა გერმანიაში სამუშაოდ წასულ ქართველებს საშემოსავლო გადასახადი საქართველოში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

79
VIEWS

25 თებერვალს გამოცემა “ვერსიამ” გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “გერმანიაში სამუშაოდ წასულ ქართველებს ხელფასი საქართველოში დაერიცხებათ და საშემოსავლოც ჩამოეჭრებათ”. ინტერვიუში საქართველოს ემიგრანთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ესპანეთში მცხოვრები ლევან სიმონიშვილი გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების დროებითი დასაქმების პროგრამაზე საუბრობს და ამბობს, რომ სამუშაოდ წასულებს საკვებისა და საცხოვრებლის თანხა ხელფასიდან ჩამოეჭრებათ, დანარჩენი თანხა კი საქართველოში გადმოირიცხება, გატარდება ფინანსთა სამინისტროში, დაიბეგრება და საშემოსავლო გადასახადი ჩამოეჭრება. სიმონიშვილთან ინტერვიუ მოგვიანებით გამოაქვეყნეს emigrantebi.ge-მ და digest.pia.ge-მ. მასალა გაზიარდა ფეისბუქ გვერდზე Gogaggg, ევროპა,  ჯგუფში “მოგზაურთა კლუბი”.

ინფორმაციას, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაიბეგრება და გადასახადები ჩამოეჭრება, ოფიციალური უწყებები უარყოფენ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სეზონურ სამუშაოზე ლეგალურად დასაქმებული ქართველების ანაზღაურება იქნება საათში 9.5 ევრო, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება გერმანიაში. “არავითარი დაბეგვრა ქართული მხარის მიერ არ მოხდება,” – ამბობს ის.

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური კი AccentNews-თან ინტერვიუში განმარტავს, რომ ორმაგი დაბეგვრა (გერმანიაში 5% და ასევე საქართველოში) არ მოხდება.

ეს ინფორმაცია “მითების დეტექტორს” დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოშიც დაუდასტურეს.

გერმანიაში ლეგალური სეზონური დასაქმებისათვის რეგისტრაცია პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ 15 თებერვლიდან დაიწყო. ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 95 000-ზე მეტი მოქალაქე. როგორც გიორგი ბუნტური “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ამბობს, დასაქმებულების რაოდენობა დამოკიდებული იქნება გერმანელი დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობაზე. მისივე თქმით, მოქალაქეების გერმანიაში წასვლის პროცესი გერმანიაში სეზონის დაწყებისთანავე, დაახლოებით აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება.

გერმანიაში სეზონური დასაქმების მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: იყოს საქართველოს მოქალაქე, 18-დან 60 წლამდე, ფიზიკურად ჯანმრთელი, ჰქონდეს მოსავლის აღების გამოცდილება, იცოდეს საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ან გერმანული ენები და არ უნდა იყოს ნასამართლევი. შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლაზე დროითი შეზღუდვის გამო აუცილებელია, რომ შერჩეული პირი აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას: გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გამო კი მან საკუთარი ხარჯით უნდა გაიკეთოს PCR ტესტი. დამსაქმებლებს შეუძლიათ ჰქონდეთ დამატებითი კრიტერიუმები. მათ საფუძველზე შერჩეული კანდიდატი გასაუბრებას გაივლის და მიიღებს დეტალურ ინფორმაციას სამუშაო პირობების შესახებ. მისი სურვილის შემთხვევაში კანდიდატურა გერმანელ დამსაქმებელს გადაეგზავნება.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist