ავრცელებენ თუ არა ვაქცინირებულები და არავაქცინირებულები ვირუსს თანაბრად?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

32
VIEWS

25 ოქტომბერს ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” ვებ-გვერდზე ersa.ge, ზვიად ტომარაძის სახელით გამოქვეყნდა მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კალიფორნიის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევაში აცრილები და აუცრელები ვირუსს ერთი და იმავე რაოდენობით ავრცელებენ. პოსტი იდენტური ტექსტით ფეისბუქ-მომხმარებელმაTornike Noniashvili-მაც გამოაქვეყნა.

1

ersa.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის სათაური მცდარია, ხოლო თავად სტატიაში კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის შედეგები მანიპულაციურადაა მოყვანილი. მართალია, კვლევამ, რომელსაც ჯერჯერობით რეცენზია არ გაუვლია, ვაქცინირებული და არავაქცინირებული ინფიცირებულების ორგანიზმში დაახლოებით თანაბარი ვირუსული დატვირთვა აღმოაჩინა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ვირუსს თანაბრად ავრცელებენ. კვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით, ის ინფექციურობაზე ინფორმაციას არ გვაწვდის და ვირუსის გადადებაზე ვირუსული დატვირთვის გარდა, სხვა არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას.

“ერი და სახელმწიფოს” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის შედეგები მანიპულაციური ინტერპრეტაცითაა წარმოდგენილი. კვლევის მიხედვით, კოვიდ-ინფიცირებულებს, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, ორგანიზმში დაახლოებით თანაბარი ვირუსული დატვირთვა ანუ ვირუსის რაოდენობა ჰქონდათ, თუმცა კვლევას არ შეუსწავლია, რამდენად იყვნენ ისინი თანაბრად გადამდები. შესაბამისად, კვლევის შედეგებიდან ამ დასკვნის გამოტანა, მანიპულაციურია.

29 სექტემბერს medRxiv.org-ზე გამოქვეყნებული, ჯერჯერობით არარეცენზირებული კვლევის მიხედვით, ვაქცინირებული, არავაქცინირებული, სიმპტომური და ასიმპტომური კოვიდ-ინფიცირებულების ორგანიზმში არსებული ვირუსული დატვირთვა (viral load) ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. კვლევაში ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების მიერ ვირუსის გავრცელებაზე არაფერია ნათქვამი. მასში არც ის წერია, რომ ვირუსის რაოდენობასა და ვირუსის გავრცელებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. კვლევის დროს 869 ნიმუში გაანალიზეს, მათგან 573 არავაქცინირებული იყო, 296-ს კი სრულად ვაქცინირებული. შესწავლილი ნიმუშების უმეტესობა დელტა ვარიანტით იყო ინფიცირებული.

2

როგორც Reuters წერს, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა რიჩარდ მიკელმორმა განაცხადა, რომ კვლევა ინფექციურობაზე ინფორმაციას არ გვაწვდის. ვირუსის გადაცემაზე კი არა მხოლოდ ვაქცინაციის სტატუსი და ვირუსული დატვირთვა, არამედ სხვა არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგალითად, როდის და რომელი ვაქცინით არის ადამიანი ვაქცინირებული, როგორია მისი იმუნური სისტემის მდგომარეობა და დაინფიცირების წყაროსთან კონტაქტის სიხშირე.

აღნიშნულ კვლევას მოლეკულური მედიცინის პროფესორი ერიკ ტოპოლიც გამოეხმაურა, მან ტვიტერზე აღნიშნა, რომ ვირუსული დატვირთვა ვირუსის გადაცემის რისკს არ უდრის და სრულად ვაქცინირებული ადამიანების მიერ ვირუსის გავრცელება დაბალია.

3

კვლევის ბოლოს ამავე თემაზე ჩატარებული სხვა კვლევებიცაა ნახსენები. ერთ-ერთი სინგაპურში ჩატარებული კვლევაა, რომლის მიხედვითაც ვირუსული დატვირთვა ვაქცინირებულ პირებში უფრო სწრაფად მცირდება, ვიდრე არავაქცინირებულებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინირებულები ვირუსის გადამდები ნაკლები დროის განმავლობაში არიან. კვლევის ავტორები ერთგვარ რეკომენდაციასაც გასცემენ, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა და სიმპტომების არსებობისა, მნიშვნელოვანია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და სხვა რეკომენდაციების შესრულება.

როგორც Webmd.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, მაღალი ვირუსული დატვირთვა ინფიცირებულის ორგანიზმში არ ნიშნავს იმას, რომ ის მეტად გადამდებია და გადადების თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია სიმპტომურობა. მაგალითისთვის, ინფიცირებული, რომელსაც აქვს მაღალი ვირუსული დატვირთვა, მაგრამ ასიმპტომურია, შესაძლოა, ნაკლებად გადამდები იყოს იმ ინფიცირებულთან შედარებით, რომელსაც მაღალი ვირუსული დატვირთვა და გამოხატული სიმპტომები აქვს.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, კორონავირუსის გადაცემის ყველაზე მაღალი რისკი არავაქცინირებულებს აქვთ, რადგან ისინი უფრო მეტად ავადდებიან.

ამ თემაზე “მითების დეტექტორი” ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ მართალია, აცრილი ადამიანი სიმპტომური კოვიდის ქონის დროს, იმ კონკრეტულ მომენტში, ისევე ავრცელებს კოვიდს, როგორც აუცრელი, მაგრამ საბოლოოდ აცრილი მაინც უფრო ნაკლებად ავრცელებს ვირუსს, რადგან კოვიდი უფრო ნაკლებად ემართება და ავადობის ანუ კოვიდის ქონის ხანგრძლივობაც უფრო ნაკლებია.
ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

არჩილ მარშანიას 7 პასუხი ანტივაქსერებს და სკეპტიკოსებს

ზვიად ტომარაძის მიერ კორონავირუსთან და ვაქცინებთან დაკავშირებით აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

ტომ
ზვიად ტომარაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist