აცრის შედეგად კანის დაავადებაზე მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

40
VIEWS

2 სექტემბერს Facebook ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის  თანახმადაც, 49 წლის ნიუ იორკელ ქალს, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, Pfizer-ის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, სიცოცხლისათვის საშიში კანის სიდამპლე დაემართა. პოსტს თან ერთვის ფოტო ვებ-გვერდიდან thecovidblog.com, რომელიც “ბოლო ჟამის ქრისტიანებს” წყაროდ მოჰყავს. იდენტური ინფორმაცია 2 სექტემბერს ვებ გვერდზე tvm.ge-ზეც გამოქვეყნდა.

"
ინფორმაცია აცრის შედეგად კანის დაავადების განვითარებაზე მანიპულაციურია. Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარებას შორის კავშირი ჯერ დადგენილი არ არის. ქალი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, აღნიშნული დაავადების შესაბამისი ჩვენებით არა ნიუ იორკში, არამედ საუდის არაბეთში, კლინიკაში აღმოჩნდა და 22 დღიანი მკურნალობის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა.

  • Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარებას შორის კავშირი ჯერ დადგენილი არ არის.

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) სიცოცხლისათვის საშიში კანზე გამოხატული რეაქციაა. დაავადება საკმაოდ იშვიათია და მისი განვითარების სიხშირე მსოფლიოში მილიონ მოსახლეზე წელიწადში საშუალოდ  0,4-1,9 შემთხვევას მოიცავს. ვაქცინაციით გამოწვეული სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS)/TEN კიდევ უფრო იშვიათია. სამეცნიერო ლიტერატურაში ასეთი ჯამში ოცზე ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული და ძირითადად წითელას, ჩუტყვავილას, ჯილეხის, ტეტანუსის და გრიპის ვაქცინებთანაა დაკავშირებული.

2021 წლის აგვისტოში საუდის არაბეთში ამ დაავადების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა სამედიცინო ჟურნალში Cereus-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღწერილი.

"
49 წლის ქალი გადაუდებელი დახმარების ოთახში სიცხისა და კანის გაღიზიანების ჩივილებით მივიდა. სიმპტომების განვითარებამდე 1 კვირით ადრე პაციენტს Covid 19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული. ქალის მდგომარეობა ტოქსიკურ ეპიდერმულ ნეკროლიზად შეფასდა, რადგან კანის დაზიანება სხეულის ზედაპირის 30%- ზე და მეტზე აღენიშნებოდა.  22 დღიანი მკურნალობის შემდეგ ის სრულად გამოჯანმრთელდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს შემთხვევა ვაქცინის უკიდურესად იშვიათ გვერდით მოვლენას აღწერს და ვაქცინის სარგებელი არსებულ რისკებს მნიშვნელოვნად აღემატება, ამიტომ საზოგადოებამ იყოყმანოს ვაქცინაციის მიღებისას არ უნდა იყოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინასა და დაავადების განვითარებას შორის კავშირი ჯერ დადგენილი არ არის. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პირველად სწორედ Cereus- ში16 აგვისტოს გამოქვეყნდა, რომელიც ექიმებისთვის, მკვლევარებისთვის და პაციენტებისთვის ღია წვდომის მქონე სამედიცინო ჟურნალია.

რა არის ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი?

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN)  ერთსა და იმავე დაავადებად ითვლება, თუმცა ისინი ერთმანეთისგან სიმპტომების გამოვლენის სიმძიმით განსხვავდებიან. SJS-ს შემთხვევაში დაავადება ნაკლებად გავრცელებულია და მხოლოდ სხეულის ზედაპირის 10% -ზე ან ნაკლებზეა გამოვლენილი, ხოლო TEN სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტს მოიცავს.

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) გრიპის მსგავსი სიმპტომებით იწყება, რასაც მტკივნეული გამონაყარი და წყლულები მოჰყვება, რომლის შემდეგაც კანი აქერცვლას იწყებს და ეროზიული კერები ჩნდება.

SJS და TEN– ის გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად  მედიკამენტებია. სხვა მიზეზები, როგორიცაა ინფექციები და იმუნიზაცია, გაცილებით იშვიათია. მიუხედავად იმისა, რომ SJS/TEN-ის განვითარებასთან 100-ზე მეტი პრეპარატი ასოცირდება, ყველაზე ხშირად მისი განვითარების მიზეზი არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიკონვულანტები და ანტიბიოტიკებია. არსებობს მყარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ SJS/TEN-ის განვითარება გენეტიკურ მგრძნობელობაზეც არის დამოკიდებული. იმუნოკომპრომისული პაციენტები, განსაკუთრებით ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე დადებითი პაციენტები, SJS/TEN-ის განვითარების  რისკის ქვეშ არიან.

მტკიცება, რომ Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სტივენს-ჯონსონის სინდრომს იწვევს, ადრეც ვრცელდებოდა. ინფორმაცია Reuters-მა გადაამოწმადა წერდა, რომ  მტკიცება მცდარია, რადგან კავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და დაავადების განვითარებას შორის დადგენილი არ არის.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist