2021 წლის 7 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა George Liluashvili გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ანტივაქსერი ექიმები და ბიოლოგები ზვიად გოგიაშვილი, ლევან ჩხიკვაძე, თინათინ გოცაძე, ზურაბ ქუმსიაშვილი და გიორგი ლილუაშვილი კორონავირუსის ვაქცინების შესახებ საუბრობენ. ვიდეოში, რომელსაც 10 აგვისტოს მდგომარეობით 1500-ზე მეტი გაზიარება აქვს, შემდეგი მტკიცებები გვხვდება:
- Pfizer-ის ვაქცინა მძიმე გვერდით მოვლენებს – ცერებრალურ-ვასკულარულ დარღვევებს, კაპილარული სისხლდენის სინდრომს, თრომბოზებს, ჰიპერტენზიას და სიბრმავეს – იწვევს. პლატფორმა Daily Expose-ის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინამ ინგლისში სიბრმავის – 5, ხოლო მხედველობის გაუარესების 31 შემთხვევა გამოიწვია.
- ფილიპინებში სინოფარმის ვაქცინამ 70-მდე ადამიანში სიბრმავე გამოიწვია, რის გამოც უნგრეთმა ჩინური ვაქცინების გამოყენება შეაჩერა.
- 2021 წლის ივლისში CDC-მ ახალი პროტოკოლი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 31 დეკემბრიდან ამერიკის ყველა ლაბორატორიამ კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტის გამოყენება უნდა შეწყვიტოს და ალტერნატიული მეთოდი დაამკვიდროს, რადგან PCR ტესტი ერთმანეთისგან ვერ არჩევს კოვიდს და გრიპის ვირუსს.
მტკიცება, თითქოს Pfizer-ის ვაქცინა სხვადასხვა მძიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის სიბრმავეს, იწვევს, დეზინფორმაციაა. ფილიპინებში ჩინური ვაქცინის შედეგად მხედველობის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებით არ იძებნება, ხოლო უნგრეთში სინოფარმის გამოყენება არ შეწყვეტილა. CDC-ის მიერ PCR ტესტების ჩანაცვლების მიზეზი კი არა ტესტის მცდარი პასუხები, არამედ დიაგნოსტირების უფრო დახვეწილ და ეფექტიან მეთოდზე გადასვლაა.
დეზინფორმაცია #1: Pfizer-ის ვაქცინა მძიმე გვერდით მოვლენებს იწვევს: ცერებრალურ-ვასკულარულ დარღვევებს, კაპილარული სისხლდენის სინდრომს, თრომბოზებს, ჰიპერტენზიას და სიბრმავეს. პლატფორმა Daily Expose-ის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინამ ინგლისში სიბრმავის – 5, ხოლო მხედველობის გაუარესების 31 შემთხვევა გამოიწვია.
Pfizer-ის ვაქცინის შედეგად მხედველობის მძიმე დაზიანებებისა და დაბრმავების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია 2021 წლის იანვარში დიდი ბრიტანეთის ყვითელი ბარათის სქემის 27 იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა. ყვითელი ბარათების სქემა ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი ორგანოს (MHRA) მიერ კონტროლირებადი პლატფორმაა, რომელიც ვაქცინების და სხვა მედიკამენტების გვერდითი მოვლენების აღრიცხვისა და მონიტორინგის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. 2021 წლის 27 იანვარს “ყვითელი ბარათების სქემაში” ვაქცინის შემდეგ სიბრმავის – 5 და მხედველობის დაზიანების 31 შემთხვევა მართლაც ფიქსირდებოდა, თუმცა ყვითელი ბარათების სქემის მონაცემები ისევე, როგორც გვერდითი მოვლენების მონიტორინგის ამერიკული VAERS-ის ბაზისა და ევროპული EudraVigilance-ის სისტემა, ვაქცინის დადასტურებულ გვერდით მოვლენებს არ ასახავს, მასში ვაქცინის შემდგომ გამოვლენილი ნებისმიერი ჯანმრთელობის დაზიანების დაფიქსირება ყველა მსურველს შეუძლია. ამიტომაც, ყვითელი ბარათების სქემაში ასახული გართულებების ვაქცინასთან კავშირის დასადასტურებლად საჭიროა შემდგომი სამედიცინო გამოძიება და კვლევა.
ყვითელი ბარათების სქემის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
- როგორ მუშაობს ბრიტანეთში “ყვითელი ბარათის” სისტემა და რამდენად სანდოა ვაქცინაციაზე გავრცელებული სტატისტიკა?
ყვითელი ბარათების სქემის მიღმა Pfizer-ის ვაქცინასა და მხედველობის დაზიანებას ან სიბრმავეს შორის კავშირს ვაქცინის უსაფრთხოებასა და გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული არცერთი კვლევა და ოფიციალური წყარო არ ადასტურებს. მსგავსი გვერდითი მოვლენა არც ვაქცინის კლინიკურ კვლევებში გამოვლენილა. Pfizer-ის უსაფრთხოების პროფილში ვიდეოში დასახელებული არც სხვა მძიმე გვერდითი მოვლენები გვხვდება. მართალია, ცერებრალურ-ვასკულარულ დარღვევები, კაპილარული სისხლდენის სინდრომი, თრომბოზისა და ჰიპერტენზიის შეთხვევები ინგლისის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ყვითელი ბარათების სისტემიდან შეგროვებულ მონაცემებში გვხვდება, თუმცა სიბრმავისა და მხედველობის დაზიანების მსგავსად, ვაქცინასთან მათი კავშირი არცერთი კვლევით და სამედიცინო გამოძიებით არ დადასტურებულა. MHRA ყვითელი ბარათების სქემის მონაცემების შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ვაქცინის ყველა დადასტურებული მძიმე გვერდითი ეფექტი უკიდურესად იშვიათია და ვაქცინაციის სარგებელი რისკებს გადაწონის.
Pfizer-ისა და კორონავირუსის სხვა ვაქცინების დადასტურებული გვერდითი მოვლენების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- FDA-ის კვლევის შედეგები თუ შესაძლო გვერდითი რეაქციების სიის “სამუშაო ვერსია”?
- რა ცნობები ვრცელდება ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ?
ვებ-გვერდი, რომელსაც ექიმი თინათინ გოცაძე გავრცელებულ ვიდეოში ეყრდნობა და “სამედიცინო კვლევების” ბრიტანულ პლატფორმად მოიხსენიებს, რეალურად დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი პლატფორმაა. ვეგ-გვერდი Daily Expose 2020 წლის ნოემბერში შეიქმნა და კორონავირუსის, “დიდი გადატვირთვის”, ვაქცინების შესახებ დღეში რამდენიმე ანონიმურ სტატიას აქვეყნებს.
დეზინფორმაცია #2: ფილიპინებში სინოფარმის ვაქცინამ 70-მდე ადამიანში სიბრმავე გამოიწვია, რის გამოც უნგრეთმა ჩინური ვაქცინების გამოყენება შეაჩერა.
ფილიპინებმა ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზები 2021 წლის მაისში მიიღო, თუმცა ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 8 ივნისს მიანიჭა. ფილიპინების ვაქცინაციის კამპანიაში Sinopharm-ის ვაქცინის 15 მილიონი დოზის ადმინისტრირებაა გათვალისწინებული. ოფიციალურ წყაროებში ვაქცინით დაბრმავების 70 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. სინოფარმის ვაქცინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია თავის ტკივილი, დაღლილობა და ტკივილი ინექციის არეში. ვაქცინის კვლევებში ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზული რისკები არ გამოვლენილა. ავტორიზების შემდგომი მონაცემების მიხედვით კი, ჩინეთში ვაქცინირებული 5.9 მილიონი ადამიანიდან სერიოზული გვედითი მოვლენები გამოუვლინდა 94 ადამიანს, რომელთაგანაც 86 მაღალი ცხელების შემთხვევა იყო, ხოლო 8 შემთხვვა ინექციის ადგილის სიწითლესა და ქავილს უკავშირდებოდა.
მცდარია ინფორმაციაც, რომ უნგრეთმა სინოფარმის ვაქცინა სიბრმავის გამოწვევის გამო შეაჩერა. უნგრეთმა სინოფარმის შესაძენად ჩინეთთან შეთანხმება 2020 წლის იანვარში გააფრომა, ხოლო ვაქცინის გამოყენება თებერვლიდან დაიწყო. ივლისის მდგომარეობით უნგრეთში ჩინური ვაქცინით მილიონ ადამიანზე მეტი იყო აცრილი, თუმცა ვაქცინამ უნგრეთში ჩატარებულ კვლევებში დაბალი ეფექტიანობა აჩვენა. ამის მიუხედავად, Sinopharm-ის გამოყენება ქვეყანაში არ შეჩერებულა, მეტიც უნგრეთი ჩინური ვაქცინის წარმოების დაწყებას გეგმავს.
ნაწილობრივ მცდარი: 2021 წლის ივლისში CDC-მ ახალი პროტოკოლი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 31 დეკემბრიდან ამერიკის ყველა ლაბორატორიამ კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტის გამოყენება უნდა შეწყვიტოს და ალტერნატიული მეთოდი დაამკვიდროს, რადგან PCR ტესტი ერთმანეთისგან კოვიდს და გრიპის ვირუსს ვერ არჩევს.
2021 წლის 21 ივლისს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა FDA-სთვის წარდგენილი PCR ტესტების გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია შეუწყვიტა და იმ ამერიკულ ლაბორატორიებს, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტებს იყენებდნენ, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ვირუსის დიაგნოსტირების ავტორიზებულ ალტერნატიულ მეთოდებზე გადასვლის მოთხოვნა გაუგზავნა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს CDC-ის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ PCR ტესტები კორონავირუსსა და გრიპის ვირუსს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და შესაბამისად, მცდარ დადებით პასუხებს იძლევა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, CDC რეკომენდაციას PCR ტესტების ნაცვლად ისეთ ტესტირების მეთოდს უწევს, რომელსაც არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ გრიპის ვირუსის იდენტიფიცირებაც შეუძლია, რის გამოც დროისა და რესურსების ეკონომიის საშუალებას იძლევა.
როგორც CDC-მ ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Science Feedback-თან განმარტა, CDC ტესტირების მეთოდებს არა PCR ტესტების არავალიდურობის და სიზუსტესთან დაკავშირებული ხარვეზების, არამედ კომერციულ ბაზარზე უფრო კომპლექსური და პრაქტიკული თვალსაზრისით უფრო ეფექტიანი ალტერნატივის არსებობის გამო ცვლის. ტესტირების მეთოდს, რომელიც ამერიკულ ლაბორატორიებში RT-PCR ტესტებს ჩაანაცვლებს, არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა პათოგენების, მათ შორის გრიპის ვირუსის გამოვლენაც შეეძლება და ამიტომ ტესტირების უფრო დახვეწილი მეთოდია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე PCR ტესტები გრიპის ვირუსს კორონავირუსად შეცდომით აიდენტიფიცირებდა. გრიპის ვირუსი და ახალი კორონავირუსი განსხვავებული ჯგუფის პათოგენებია, PCR ტესტი კი ორგანიზმში კონკრეტულად კორონავირუსის გენეტიკური მასალის არსებობას აიდენტიფიცირებს და მას გრიპის ვირუსის გამოვლენა არ შეუძლია.
PCR ტესტების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორისთვის” მომზადებული სამეცნიერო ბლოგი: როგორ ხდება კოვიდ 19 დიაგნოსტირება?
ვიდეოში გაჟღერებული სხვა მცდარი ინფორმაცია
ნახევარსაათიან ვიდეომიმართვაში ანტივაქსერი ექიმები და ბიოლოგები იმ მცდარ ინფორმაციასაც აჟღერებენ, რომელზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:
- კორონავირუსის ვაქცინები ექსპერიმენტული არ არის. რეალურად, ყველა ავტორიზებულ ვაქცინას კვლევის სამი ფაზა გავლილი აქვს და უსაფრთხოდ და ეფექტიანად არის შეფასებული. ვრცლად იხილეთ: რა დეზინფორმაცია ვრცელდება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით?
- PCR ტესტების შემქმნელს ქერი მალისს არ უთქვამს, რომ ტესტებს დიაგნოზის დასმა არ შეუძლია. PCR ტესტის შესახებ მსგავსი განცხადება სინამდვილეში არა მალისმა, არამედ ჯონ ლაურიტსენმა 1996 წლის დეკემბერში საკუთარ სტატიაში შიდსის ვირუსის დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით გააკეთა. ვრცლად იხილეთ: აკრძალა თუ არა ჯანმომ აუტოფსია და რამდენად ეფექტიანია PCR ტესტები, სასუნთქი აპარატები, ვაქცინები და რეგულაციები?
- რობერტ მალოუნი, რომელსაც რნმ ტექნოლოგიის შემქნმნელად მოიხსენიებენ, ამ ტექნოლოგიის გამომგონებელი არ არის, ხოლო მტკიცება, თითქოს რნმ ვაქცინების მიერ წარმოქმნილი სპაიკ ცილა ტოქსიკურია, დეზინფორმაციაა. ვრცლად იხილეთ: ვინ არის რნმ ტექნოლოგიის გამომგონებელი და განაცხადა თუ არა მან, რომ ვაქცინები მავნებელია?
- ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის მუტაციური ვარიანტების მთავარ გადამტანებს წარმოადგენენ და ე.წ. დელტა შტამის წარმოშობის მიზეზი ვაქცინაციაა, მანიპულაციურია. რეალურად, კორონავირუსის ყველაზე გადამდები შტამები ვაქცინაციის საყოველთაო პროგრამების დაწყებამდე წარმოიშვა. ვრცლად იხილეთ: იწვევს თუ არა ვაქცინები კორონავირუსის მუტაციებს? – ანტივაქსერი ფეისბუქ მომხმარებლები მანიპულაციურ ცნობებს ავრცელებენ
- ინფორმაცია, თითქოს რნმ ვაქცინების შედეგად სინთეზირებული სპაიკ ცილა ტოქსიკურია, სხვადასხვა ორგანოში აღწევს, დეზინფორმაციაა. კანადელი იმუნოლოგის ბაირამ ბრაიდლის კვლევა რნმ ვაქცინების ზიანს არ ადასტურებს. ბრაიდლის სპაიკ ცილის ტოქსიკურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოყვანილი არ აქვს. ვრცლად იხილეთ: არის თუ არა სპაიკ ცილა ტოქსიკური და რა აჩვენა კვლევებმა ვაქცინირებული დედის რძეზე?
- კოვიდ19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მართალია, ვირუსის ვუჰანის კვლევითი ცენტრიდან გაჟონვის ვერსიაც განიხილება, თუმცა კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ არსებული ჰიპოთეზები ჯერ დადასტურებული არ არის. ვრცლად იხილეთ: 4 დეზინფორმაცია კოვიდ19-ის, ბილ გეიტსის ფონდის, CDC-ისა და ჯანმოს შესახებ
- მტკიცება, თითქოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პირდაპირ ეთერში CDC-ის, ჯანმოს და დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ნიურნბერგის პროცესი მოუწყო, დეზინფორმაციაა. რეალურად, მსგავსი სასამართლო განხილვა არ ჩატარებულა. ვრცლად იხილეთ: შედგა თუ არა პანდემიის “ნიურნბერგის პროცესი 2”?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.