Активные мероприятия: საბჭოთა კამპანიები კემპ დევიდის შეთანხმებიდან მექის მეჩეთამდე

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

59
VIEWS

საბჭოთა კავშირი თავისი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მუდმივად იყენებდა ე. წ. აქტიურ ზომებს (активные мероприятия), რათა მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებზე შესაბამისი გავლენა მოეხდინა. აქტიური ზომები სხვადასხვა სახის იყო და ის  ისეთ მეთოდებს მოიცავდა, როგორებიცაა:

 

  • დაწერილი და სიტყვიერად გავრცელებული დეზინფორმაციები, დოკუმენტების ფალსიფიცირება;
  • მცდელობა რომ გაკონტროლებული ყოფილიყო უცხოური მედია;
  • კომუნისტური პარტიების და სხვადასხვა ორგანიზაციების გამოყენება სხვა სახელმწიფოებში;
  • საიდუმლო რადიო მაუწყებლობა;
  • პოლიტიკური ზეგავლენის მიზნით წარმოებული ოპერაციები.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირმა ასეთი აქტიური ღონისძიებები ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა ეს პრაქტიკა აქტიურად მეფის რუსეთის პერიოდშიც გამოიყენებოდა. უკვე 1950-იან წლებში კი ამ პრაქტიკების ინსტიტუციონალიზაცია მოხდა და, მაგალითად, დეზინფორმაციის საკითხებში დაზვერვის სამსახურის სპეციალური ორგანოც კი ჩამოყალიბდა, რომელსაც მუშაობა სწორედ პროპაგანდისა და ყალბი ინფორმაციების გავრცელების საკითხებზე მოუწევდა. 60-იან წლებში დეზინფორმაციის დეპარტამენტს აქტიური ზომების დეპარტამენტი დაერქვა, რადგან მას რეალურად უფრო მეტი ფუნქცია ჰქონდა, ვიდრე მხოლოდ ყალბი ინფორმაციის გავრცელება იყო.

ძირითად შემთხვევებში საბჭოთა კავშირი აქტიური ზომების გამოყენებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა მოწინააღმდეგეების საწინააღმდეგო და საერთაშორისო ავტორიტეტისა და იმიჯის შემლახავ კამპანიებს ეწეოდა

  • აქტიური ზომების სახეების და მათი გამოყენების მეთოდიკა

როგორც უკვე აღინიშნა, აქტიური ზომები ძირითადად ექვსი მიმართულებით გამოიყენებოდა და თითოეულ მათგანს თავისი ტაქტიკა და მეთოდები გააჩნდა.

  • დაწერილი და სიტყვიერად გავრცელებული დეზინფორმაციები, დოკუმენტების ფალსიფიცირება – ამ მეთოდის გამოყენების სხვადასხვა პრაქტიკა არსებობდა. ხშირ შემთხვევაში საბჭოთა კავშირი ფაქტების შეცვლასა და დამახინჯებას ახდენდა, რათა შემდგომში ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ავტორიტეტი შეელახა. ამასთანავე, ხშირად ეს დეზინფორმაციები უცხოურ მედიაშიც ვრცელდებოდა გამიზნულად, რათა საბჭოთა კავშირს უცხოური მედიები წყაროდ გამოეყენებინა და ინფორმაციის მიმართ სანდოობა გაეზარდა. ასევე ხშირი იყო დოკუმენტების, მათ შორის ბრძოლის გეგმების ან საერთაშორისო დონის საბუთების, ფალსიფიცირება, რათა ხალხს სხვადასხვა მოვლენის შესახებ განსხვავებული და ისეთი წარმოდგენა ჰქონოდა, როგორიც ეს საბჭოთა ლიდერებს სურდათ.
  • მცდელობა რომ გაკონტროლებული ყოფილიყო უცხოური მედია – ამ მიზნის მიღწევა ორი ხერხით მიმდინარეობდა. ერთი, რომ საბჭოთა კავშირს პირდაპირ ჰქონდა სხვადასხვა სახელმწიფოში მასზე დაქვემდებარებული მედიები ან მეორე, რომ ის აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალისტთან, რათა მათ მედიებში პროსაბჭოთა ინფორმაცია გაევრცელებინათ, რაც ხშირად მოწინააღმდეგეების დაზიანების მიზნით შექმნილ ინფორმაციას მოიცავდა.
  • კომუნისტური პარტიების და სხვადასხვა ორგანიზაციების გამოყენება სხვა სახელმწიფოებში – ამგვარი ორგანიზაციების მხარდაჭერა საბჭოთა კავშირს საშუალებას აძლევდა, რომ თავისი პოლიტიკა და ინტერესები გაეტარებინა სხვა სახელმწიფოში. ხშირად ასეთი ორგანიზაციები კულტურული ხასიათის იყო. მათი მიზანი ასევე იმ საერთაშორისო ლიდერების კრიტიკა იყო, რომლებიც სსრკ-ის ინტერესებში არ შედიოდნენ. ამგვარ ორგანიზაციებს წარმოადგენდა: მსოფლიოს მშვიდობის საბჭო, მსოფლიოს დემოკრატ ახალგაზრდათა ფედერაცია, მსოფლიო სავაჭრო კავშირთა ფედერაცია, ქალთა დემოკრატიული საერთაშორისო ფედერაცია.

;
პროსაბჭოთა ორგანიზაციის “ქალთა დემოკრატიული საერთაშორისო ფედერაცია” ყრილობა 1951 წელს.

  • საიდუმლო რადიო მაუწყებლობა – ამ მხრივ შეგვიძლია გამოვყოთ ორი რადიო მაუწყებლობა, რომლებსაც საბჭოთა კავშირი ირანსა და ჩინეთში იყენებდა. ეს იყო the National Voice of Iran და Radio Ba Yi. ამ მეთოდითაც სსრკ დეზინფორმაციასა და პროპაგანდისტული შინაარსის გზავნილებს ავრცელებდა.
  • სხვა მეთოდები – ამასთანავე საბჭოთა კავშირი აქტიურად ცდილობდა სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურასთან, აკადემიის წარმომადგენელთან კავშირის დამყარებას, რათა მათ საკუთარ სახელმწიფოებში სსრკ-ის ინტერესები გაეტარებინათ. ვხვდებით ასევე ეკონომიკურ მეთოდებს, როცა კონკრეტულები პირები უცხოელ ბიზნესმენებს მათი გაყიდვების შემცირებითა და გაუარესებით აშანტაჟებდნენ.

  • აქტიური ზომების პირველი ნიშნები საბჭოთა კავშირში

მიხედავად იმისა, რომ აქტიური ზომების ინსტიტუციონალიზაცია 50-60-იან წლებში მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ მანამდე მსგავს მეთოდებს პრაქტიკული გამოყენება არ მოჰყოლია.

ჯერ კიდევ 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირმა აქტიური ზომების მიღება სსრკ-დან დასავლეთ ევროპაში (განსაკუთრებით საფრანგეთში) წასულ ემიგრანტების წინააღმდეგ დაიწყო. ის სხვადასხვა ხრიკითა და მეთოდით მათ უკან დაბრუნებას ცდილობდა. საბჭოთა კავშირისთვის ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ წარმოებული ანტისაბჭოთა კამპანია მიუღებელი იყო და ცდილობდა ეს შეეჩერებინა.

პოლიტიკის მეცნიერი და ინფორმაციული ტექნოლოგიების ისტორიისა და რისკების მკვლევარი თომას რიდი საკუთარ წიგნში “აქტიური ზომები: დეზინფორმაციისა და პოლიტიკური ომის საიდუმლო ისტორია” წერს, რომ CIA-ს და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დოკუმენტების შესწავლით საბჭოთა კავშირში პოლიტიკური ჯაშუშობა ჯერ კიდევ მის დაარსებდამდე ბოლშევიკური რევოლუციის პერიოდში იკვეთება.

;
თომას რიდი – “აქტიური ზომები: დეზინფორმაციისა და პოლიტიკური ომის საიდუმლო ისტორია”

  • შემდგომ ეტაპზე არსებული აქტიური ზომების რამდენიმე მაგალითი 
  1. საბჭოთა კამპანია კემპ დევიდის შეთანხმებისა და ეგვიპტე-ამერიკის ურთიერთობების წინააღმდეგ

საბჭოთა კავშირი აქტიური ზომებით ასევე სხვადასხვა სახელმწიფოს შორის დამყარებული მშვიდობის ჩაშლას და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენას უწყობდა ხელს. ამის ერთ-ერთი  მაგალითია კემპ დევიდის შეთანხმება ისრაელსა და ეგვიპტეს შორის, რომელმაც ამ ორ სახელმწიფოს შორის გარკვეული მშვიდობა დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი მთავარი აქტორი იყო, შესაბამისად საბჭოთა კავშირი აქტიური ზომებით აშშ-ისა და ეგვიპტის ურთიერთობის გაუარესებას და კემპ დევიდის შეთანხმების გაუქმებას ცდილობდა, რათა კონფლიქტი კვლავ გაღვივებულიყო.

;
კემპ დევიდის შეთანხმება (აშშ-ის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, ისრაელის პრემიერ მინისტრი მენახემ ბეგინი და ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ ალ-სადათი).
ფოტო – © Bettmann/Corbis

ამ პერიოდში მრავალი დოკუმენტი გაყალბდა, რათა სსრკ-ს საკუთარი მიზნისთვის მიეღწია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1981 წელს აქტიური ზომების შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ამ დოკუმენტებზეც იყო საუბარი. ერთ-ერთ მათგანზე ვკითხულობთ:

“ყალბი წერილებისა და აშშ-ის მთავრობის მიერ მომზადებული დოკუმენტების სერია, რომლებიც აკრიტიკებდა სადათს  “ლიდერული უნარების არქონის გამო” და ადრესატებს ეგვიპტეში “მთავრობის შეცვლისკენ” მოუწოდებდა. ეს ყალბი წერილები და დოკუმენტები 1977 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას გამოჩნდა.

;
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საბჭოთა აქტიურ ზომებზე.

  1. საბჭოთა ანტიამერიკული ჭორი მექის მეჩეთის წინააღმდეგ განხორციელებული შეტაკების შესახებ

1979 წლის ნოემბერში ლოცვის შემდგომ ქააბაში შეკრებილ 50 000 მუსლიმს 200 კაცი და მათი ქარიზმატული ლიდერი ჯუჰეიმან ალ-უთაიბი გამოეყო და იმამის მიკროფონი მიიტაცა. მიკროფონის საშუალებით მათ მუსლიმებს აუწყეს, რომ მაჰდი (ისლამში მესიანური ფიგურა) ჩამოვიდა და ის მათი ლიდერი მუჰამედ აბდულა ალ-ქაჰთანი იყო. ექსტრემისტებმა რამდენიმე ტყვე აიყვანეს და საუდის არაბეთის სპეციალური რაზმის წევრებსაც ძალადობრივად გაუსწორდნენ. საუდის არაბეთმა მოახერხა მეჩეთზე კონტროლის დაბრუნება და ყველა თავდამსხმელი სიკვდილით დასაჯა.

საბჭოთა კავშირი ამ პერიოდში, აქტიურად ავრცელებდა ჭორს, რომ ეს მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო პროვოცირებული. ამაში მონაწილეობას საბჭოთა დიპლომატებიც იღებდნენ და შედეგად სხვადასხვა ისლამურ სახელმწიფოში ანტიამერიკულ განწყობებს აძლიერებდნენ. ამგვარი ჭორებით საბჭოთა დიპლომატები სხვადასხვა სახელმწიფოსგან უფრო მეტი კეთილგანწყობა მოეპოვებინათ. აღსანიშნავია, რომ ჭორს გამოვლინება მოჰყვა და პაკისტანში აშშ-ის საელჩოს თავს დაესხნენ, რაც ამერიკელი თანამშრომლის გატაცებით და რამდენიმე პირის მკვლელობით დასრულდა.

;
შეტევა მექის დიდ მეჩეთზე (1979) – სპეციალური რაზმი შედის მეჩეთში

იხ. ფალსიციფიცირებული დოკუმენტების მაგალითები:

;

მართალია საბჭოთა კავშირი დღეს აღარ არსებობს, თუმცა მისმა მემკვიდრე რუსეთმა ეს მეთოდები კიდევ უფრო დახვეწა და დღემდე აქტიურად იყენებს.  აღსანიშნავია, რომ აქტიური ზომები გარკვეულწილად გორბაჩოვის პერიოდში შესუსტდა, თუმცა შემდგომში ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობისას ის ისევ აქტუალური და საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ხელში არსებული ძლიერი იარაღი გახდა.

 

თემატიკა: ისტორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist