ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

ახლად გარდაქმნილი Gmtv.ge და თავისუფალ საქართველოსთან დაკავშირებული “ილიონი” ანტივაქსერების დეზინფორმაციებს ავრცელებენ

5 მაისი, 2021

30 აპრილს “ტელეკომპანია ახალის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სახელწოდებით “რა ხდება რეალურად, ექიმები ალაპარაკდნენ.” ვიდეოში ნონა აღდგომელაშვილი და გიორგი ლილუაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ საუბრობენ. 2 მაისს კი თავისუფალი არხი “ილიონის” ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა ვიდეო, სათაურით “კოვიდ ვაქცინაცია თუ ბიოლოგიური ექსპერიმენტი,” სადაც ჰომეოპათი თინა თოფურია და თინათინ გოცაძე მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს განიხილავენ. 5 მაისის მონაცემებით, “ილიონის” გევრდზე აღნიშნული ვიდეო წაშლილი.

ჩანაწერების მონაწილეები სხვადასხვა კომპანიის წარმოებული ვაქცინების უარყოფით მხარეებზე, მათი დამტკიცების პროცესსა და საქართველოში გამოვლენილ უკუჩვენებებზე სხვადასხვა მტკიცებას აჟღერებენ.

ნონა აღდგომელაშვილი და თინა თოფურია:

  1. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ექსპერიმენტულია.
  2. ყველა, ვინც მათ მიიღებს ექსპერიმენტის მონაწილეა.
  3. მოდერნა, ფაიზერი და ასტრაზენეკა საბოლოო ანგარიშს მხოლოდ 2023 წელს გამოაქვეყნებენ.

ნონა აღდგომელაშვილი: გენური ინჟინერიის გამოყენების გამო შექმნილი ვაქცინები საშიში და საეჭვოა. 

თინა თოფურია: ასრაზენეკას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა აბორტირებული ემბრიონის თირკმლის ქსოვილს შეიცავს. 

თინა თოფურია და თინათინ გოცაძე: კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებს მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში დროებით გამოყენების ნებართვა აქვთ, რაც მათ სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. 

გიორგი ლილუაშვილი: AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ ინგოროყვას კლინიკაში მამაკაცი კლინიკური სიკვდილის დიაგნოზით მოათავსეს

“ტელეკომპანია ახალისა” და “ილიონის” ეთერში სტუმრების მიერ გამოთქმული ეს მტკიცებები ყალბია, ვინაიდან ჯანმოს მიერ ავტორიზებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინას სამივე გამოსაცდელი ფაზა გავლილი აქვს. ამასთანავე, FDA-ს გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაცია (EUA) არ ნიშნავს, რომ ვაქცინა სანდო არ არის. ასევე დეზინფორმაციაა, რომ გენური ინჟინერიით შექმნილი ვაქცინები საფრთხის შემცველია. სიცრუეა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა აბორტირებული ემბრიონის ნაწილს შეიცავს. მტკიცებულებებს მოკლებულია ინფორმაცია 63 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და ვაქცინაციასთან კავშირის არსებობის შესახებ.

ამ დროისთვის ჯანმოს მიერ ავტორიზებულ ყველა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას სამივე გამოსაცდელი ფაზა აქვს გავლილი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) და ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) მიერ აღიარებულ AstraZeneca-ს, Pfizer-ის, Moderna-სა და Jonson&Jonson-ის ვაქცინებს ზეკლინიკური კვლევების ყველა ფაზა დასრულებულია. ხოლო 2023 წლამდე უსაფრთხოებასა და გვერდით მოვლენებზე დაკვირვება მიმდინარეობს, რაც მიღებული პრაქტიკაა არა მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინების, არამედ ზოგადად ყველა სახის ვაქცინის და მედიკამენტის შემთხვევაში და არ ნიშნავს, რომ ექსპერიმენტი მოსახლეობაზე გრძელდება. 

დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

გენური ინჟინერიით შექმნილი ვაქცინები საფრთხისშემცველი არ არის

კოვიდ19-ის ვაქცინაზე მუშაობა ტრადიციულ მეთოდთან ერთად ინოვაციური გენური ინჟინერიის მეთოდით Pfizer-ის, Moderna-ს, AstraZeneca-სა და Jonson&Jonson-ის შემთხვევაში მიმდინარეობდა. ეს მეთოდი ტრადიციულ მეთოდზე უფრო სწრაფია და მისი გამოყენებით შექმნილი ვაქცინის შენახვა უფრო მარტივია. გენური ინჟინერიის მეთოდით შექმნილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანის გენეტიკას არ ცვლიან, ხოლო ვაქცინის ეფექტიანობასა და სანდოობას შექმნის მეთოდის გარდა, სხვა კვლევებიც განსაზღვრავს. 

დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

ასტრაზენეკას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა აბორტირებული ემბრიონის ნაწილს არ შეიცავს.

თოფურია აღნიშნავს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა აბორტირებული ემბრიონის თირკმლის ქსოვილის შეიცავს, რეალურად ვაქცინის შექმნის საწყის კვლევით ეტაპზე ემბრიონის უჯრედული ხაზი (HEK-293) გამოიყენება, რაც ადამიანის აბორტირებული ემბრიონის თირკმლიდან გამოყოფილი ორიგინალი უჯრედის კლონებისაგან შედგება.  საწყისი უჯრედის იზოლირება 1970-იან წლებში ნიდერლანდელმა მეცნიერმა შეძლო და ემბრიონის ამ უჯრედულ ხაზს მეცნიერები სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევებისათვის 40 წელზე მეტია იყენებენ. ხაზგასასმელია, რომ ემბრიონის უჯრედები არა ვაქცინების წარმოებაში, არამედ მხოლოდ მათი ლაბორატორიული გამოცდისა და შესწავლისას გამოიყენება. შესაბამისად,  კვლევითი ეტაპის დასრულების შემდეგ, იგი არცერთი სამომხმარებლო პროდუქტის, მათ შორის არც მზა კოვიდსაწიააღმდეგო ვაქცინების შემადგენელ ნაწილს აღარ წარმოადგენს. 

დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

FDA-ს გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაცია (EUA) არ ნიშნავს, რომ ვაქცინა სანდო არ არის

FDA-ს გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია ამ დროისთვის ფაიზერის, მოდერნასა და ჯონსონი&ჯონსონის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებს აქვს მინიჭებული. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც ერთი ვაქცინა დამტკიცებული არ არის, გადაუდებელი ავტორიზაცია ვაქცინების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ არ აყენებს, რადგან ის კლინიკურ კვლევებსა და გვერდითი ეფექტების შესწავლაზე უარყოფითად არ მოქმედებს, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭება საჭირო იმიტომ გახდა, რომ ვაქცინაციის პროცესი დაჩქარებულიყო, ყველა ვაქცინა, რომელიც გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციას იღებს, სამი კლინიკური კვლევის ფაზისგან შემდგარ ერთნაირ საკვლევ პროცესს გადის და ავტორიზაციას მხოლოდ ამის შემდეგ იღებს.

დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

63 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის გართულებულ მდგომარეობასა და ასტრაზენეკას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას შორის კავშირი არ დასტურდება. 

AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღების გამო 63 წლის მამაკაცის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია 24 აპრილს ტელეკომპანია “ობიექტივმა” გაავრცელა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, მამაკაცის ჰოსპიტალიზაცია არა ვაქცინას, არამედ მის მძიმე ქრონიკურ დაავადებებს უკავშირდება. 

დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


მოამზადა მარიამ დანგაძემ


თავისუფალი არხი “ილიონი”

თავისუფალი არხი “ილიონის” ფეისბუქ გვერდი 2019 წლის 22 დეკემბერს ილიონი TV-ს სახელით შეიქმნა, ხოლო თავისუფალ არხად 2020 წლის 25 ნოემბერს გადაკეთდა. 2021 წლის 25 აპრილს კი გვერდმა სახელი კიდევ ერთხელ შეიცვალა და თავისუფალი არხი “ილიონის” სახელწოდებით ფუნქციონირებს.

;
გვერდს მითითებული აქვს, რომ ის კონსერვატიული იდეოლოგიის დამოუკიდებელი ტელევიზიაა. ილიონი TV-ს ასევე აქვს იუთუბის არხი, სახელწოდებით Kolkhida 81 Ltd, რომელიც 2018 წლის 21 აგვისტოს შეიქმნა.

შპს “ილიონი” საჯარო რეესტრში 2017 წლის 14 აგვისტოს არის რეგისტრირებული და მის დირექტორად “თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი მალხაზ ფილაური ფიგურირებდა. 2020 წლის 19 ივნისის მონაცემებით კი, შპს “ილიონის” დირექტორი როინი ხიჯაკაძე გახდა, რომელიც ასევე პარტია “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერია. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა მესაკუთრეების სიაც. 2017-ში ლაურა ომანიძე ერთადერთი პარტნიორი იყო და კომპანიის 100%-იან წილს ფლობდა, ხოლო  2020 წლის 3 დეკემბრის ცვლილებით, მესაკუთრეები ლაურა ომანიძე (4%), სოფიო კაპანაძე (28%) და ქეთო შენგელია (32%), მაია როხვაძე (36%) გახდნენ.

2020 წლის 4 ივნისს შპს “ილიონმა” მარეგულირებლისგან კერძო ტელემაუწყებლობის ავტორიზაცია მიიღო. 

თავისუფალი არხი “ილინის” ფეისბუქ გვერდიკოვიდ19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს.

ტელეკომპანია ახალი

“ტელეკომპანია ახალის” ფეისბუქ გვერდი 2017 წლის პირველ აგვისტოს, სახელწოდებით Gmtv.ge შეიქმნა. გვერდის სახელი 2020 წლის ივნისში შეიცვალა და “ტელეკომპანია Gmtv” გახდა, ხოლო 2020 წლის 26 ნომებრიდან “ტელეკომპანია ახალი” დაერქვა. 

;
Gmtv.ge-ზე “ჩვენს შესახებ” განყოფილებაშიი ინფორმაცია მედია საშაულების შესახებ მითითებული არ არის. Gmtv.ge-ს ახალი ფეისბუქ გვერდი 2021 წლის 13 იანვარს შეიქმა.

;
“ტელეკომპანია ახალის” ფეისბუკ გვერდი akhali.ge-ს მასალებს აზიარებს და მისი  IP და ASN მისამართები Gmtv.ge-ს ვებსაიტების იდენტურია. 

;;
შპს. ახალის 100%-იანი წილის მფოლობელი ქეთევან მიქაძეა, მიქაძეს ჯიემთივი და ჯეომედიათვიც ეკუთვნის.

;;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.