NATO-ში ინტეგრაცია

6 გზავნილი ნატოს წინააღმდეგ - “ნიუსფრონტიდან” “ალტ-ინფომდე”

21 ივნისი, 2021

14 ივნისს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართა. სამიტის წინ გააქტიურდნენ როგორც ღიად, ასევე შეფარულად პრო-რუსული, კრემლთან კავშირების მქონე, ულტრანაციონალისტური და ანტიდასავლური აქტორები, რომლებიც სხვადასხვა გზავნილის მეშვეობით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას ცდილობდნენ. 

ნატოს წინააღმდეგ გზავნილებს შემდეგი აქტორები აღვივებდნენ:

გამოიკვეთა 6  გზავნილი, რომელიც მეტწილად ნატოს წინააღმდეგ ძველი გზავნილების კულტივირებას ახდენდა, რომელიც მედიის განვითარების ფონდის ყოველწლიურ ანგარუშებში ხვდებოდა. გამონაკლიისია უშუალოდ სამიტთან დაკავშირებული გზავნილი, რომელიც ამტიცებს, რომ ნატომ რეგიონის მიმართ ინტერესი დაკარგა:

  1. ნატო = რუსეთის პროვოცირებას: რუსეთის აგრესიას ნატო იწვევს, რადგან მისი ალყაში მოქცევა სურს. საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ომის დაწყებას გამოიწვევს
  2. ნატო = ტერიტორიების დაკარგვას: საქართველოს ნატოში შესვლით ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა მოუწევს
  3. ნეიტრალიტეტი და პირდაპირი დიალოგი რუსეთთან: უკრაინისა და საქართველოს ინტერესებშია, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება დაიწყონ, რისთვისა სამხედრო მიუმხრობლობა და რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა აირჩიონ.
  4. სკეპტიციზმი ნატოს მიმართ: საქართველოს არასოდეს მიიღებენ ნატოში, 
  5. ნატო ვერ დაგვიცავს: ნატო საქართველოს და უკრაინას არ დაეხმარება/ვერ დაიცავს
  6. ნატომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ ინტერესი დაკარგა: ნატოს სამიტზე უკრაინა და საქართველო არ დაპატიჟეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას

გზავნილი

ავტორი

 

 

 

 

 

 

ნატო = რუსეთის პროვოცირებას

ვალერი კვარაცხელია, ობიექტივის წამყვანი: “...ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკვე ემსახურება თვითონ რუსეთში შეღწევას, რუსეთის დასუსტებას, რუსეთის ნატოს ალყაში მოქცევას, რუსეთის საზღვრებთან მისვლას და აქედან გამომდინარე, უნდა დადგეს ის შედეგი, რომ რუსეთმა დაიჩოქოს ისე, როგორც საბჭოთა კავშირმა დაიჩოქა.”

გურამ ნიკოლაიშვილი, პატრიოტთა ალიანსი: ”ჩვენ ნებისმიერ სამხედრო ბლოკთან კავშირში ვუპირისპირდებით მოწინააღმდეგე ბლოკს და ეს საბრძოლო მოქმედებებს აუცილებლად გამოიწვევს და საბრძოლო მოქმედებებში საქართველო, რომელსაც არა აქვს არავითარი გამარჯვების შანსი, უბრალოდ იქნება საბრძოლო მოქმედებების ველი.“

ირაკლი ჯანყარაშვილი, ნიუს-ფრონტი: „დასავლეთი ახალი სამხედრო პროვოკაციისთვის ემზადება, ნატო უკრაინის სამხედრო პოლიგონად გარდაქმნას იწყებს.“

არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი: "პუტინი ურჩევს უკრაინის ხელისუფლებას (და, მაშასადამე, საქართველოს ხელისუფლებასაც) დაფიქრდნენ რუსეთის საპასუხო ზომებზე ნატო-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებასთან დაკავშირებით თავიანთ ტერიტორიებზე, რადგან გამშვები დანადგარები შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც რაკეტების შესაკავებლად, ასევე სარაკეტო იერიშის საწარმოებლადაც რუსეთზე. პუტინმა აღნიშნული შეადარა კუბაში საბჭოთა რაკეტების განლაგებას და ქარაგმულად მიანიშნა, რომ თუ ნატო გაფართოვდება აღმოსავლეთში (ანუ უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შევლენ), კარიბის კრიზისი შეიძლება განმეორდეს.”

 

 

 

 

 

 

 

ნატო = ტერიტორიების დაკარგვას

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ბოლო დროს, სააკაშვილ-ბოკერიების მომხრე ამერიკელი ექსპერტები ხშირად ლაპარაკობენ, რომ სოხუმი და ცხინვალი ოკუპირებული და დაკარგულია და რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაწევრიანდეს ნატოში სოხუმისა და ცხინვალის გარეშე.”

თათია გაბრიჭიძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “...ანუ, მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, ჩვენ თუ ნატოში შევალთ, უარი უნდა ვთქვათ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ისე უნდა შევიდეთ, თუ ამ ტერიტორიებიანად მიგვიღებენ?"

თათია გაბრიჭიძე, ალტ-ინფოს წამყვანი: "ანუ, თუ სწორად გავიგე, ნატოში შესვლა გულისხმობს იმას, რომ, ვთქვათ, არ იქნება ჩვენს ქვეყანაში ომი, თუ შევალთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავიბრუნებთ ტერიტორიებს, ხო?”

მამუკა აჩბა, ისტორიკოსი: „შეუძლებელია, არ დაფიქრდე ადამიანი, თუ ვის უნდა აწყობდეს, რუსეთის მიერ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებული საქართველოს ტერიტორიების გარეშე ნატოში შესვლა...როგორ წარმოგიდგენიათ, შევიდეთ ნატოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ აფხაზებთან, ოსებთან და რაც ყველაზე მთავარია, იმ ათიათასობით ქართველთან ურთიერთობაზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ.“ (ალია, 7-13 ივნისი)

ირინე გოგოსაშვილი, ჟურნალისტი: „ბევრმა წყალმა და „ნატომ“ ჩაიარა, თუმცა, ამ ღია კარში ისევ ჯიუტად ვდგავართ და არათუ ფიზიკურად, არამედ ფსიქიკურადაც დავავადდით, რადგან ვუშვებთ იმას, რომ თურმე, ოღონდაც, ნატოში ამოდენა სამხედრო ალიანსის წვერი გავხდეთ და აფხაზეთი და სამაჩაბლო რა მოსატანია, ამოდენა სიხარულთანო?” (ალია, 7-13 ივნისი)

 

 

 

 

 

ნეიტრალიტეტი და პირდაპირი დიალოგი რუსეთთან

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „სამწუხაროდ, არჩევნების ტოტალურმა გაყალბებამ და ჩვენს წინააღმდეგ სააკაშვილ-ბოკერიებისა და ქართული ოცნების ერთობლივმა მოქმედებამ რეალური დარტყმა მიაყენა სამხედრო მიუმხრობლობისა და პირდაპირი დიალოგის პერსპექტივას. დღეისათვის რუსეთის სახელმწიფო დუმასთან, ფედერაციის საბჭოსთან, მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამუშაო რეჟიმი ნულამდე დავიდა, რაც, ცხადია, საქართველოს ინტერესებში არ შედის. სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურს დიალოგის ჯგუფის განახლება და გაფართოება.“

გურამ ნიკოლაიშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „უნდა იყოს აღდგენილი აუცილებლად კომუნიკაციები, ეს იქნება დიალოგის სახის... იმ, ვთქვათ, სეპარატისტულ ერთ და მეორე, ვთქვათ, ხელისუფლებასთან, რომელიც იქ არის. დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და აუცილებელი არის რუსეთთანაც დიალოგი, იმიტომ რომ ამის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდება.”

თათია გაბრიჭიძე, ალტ-ინფოს წამყვანი: "აი, რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და საგარეო ფაქტორს, იმან, რომ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მშენებლობის მიმართ ბაიდენმა მოხსნა სანქციები და ამით თითქოს მიანიშნა ყველას, რომ ახლა რუსეთთან ბრძოლის კი არა. ლაპარაკის და სიტუაციის დალაგების დროა, ეს არ უნდა გაიგოს ქართულმა მხარემ, თუნდაც უკრაინულმა მხარემ, რომ ახლა საუბარი უნდა დაიწყოს რუსეთთან და არა ვთქვათ, მესამე ქვეყნების ჩართულობით, იქნება ამერიკა თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, მათი დახმარებით რაღაც მუშტების ქნევა რუსეთისადმი.”

ირაკლი მარტინენკო, ალტ-ინფოს წამყვანი: “...დღევანდელი მარიონეტული მთავრობის და პოლიტიკური სპექტრის ამოცანა არის, რო რუსეთთან დაძაბოს, მაგაში იღებს ხელფასს, ამას რუსეთიც ხვდება, შესაბამისად არ დაგვიბრუნებს ტერიტორიებს, ამიტომაცაა მათთან დიალოგში შესვლა აუცილებელი... დიალოგის დაუწყებლად რუსეთი ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს.”

 

 

 

 

 

 

 

 

სკეპტიციზმი ნატოს მიმართ

გურამ ნიკოლაიშვილი, პატრიოტთა ალიანსი: "ნატომ და, უწინარესად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ფაქტობრივად, ხელი დაიბანეს ჩვენზე; ხელი დაიბანეს უკრაინაზე, მოლდოვაზე და გვითხრეს, ჩვენ ახლა არ გვცალია რუსეთისთვის, ამიტომ, რამე რომ იყოს, ჩვენგან ეს მემორანდუმი იკმარეთ და თქვენ თვითონ უნდა იყოთ მზად მასთან პირისპირ დასადგომადო…" 

ნანა დევდარიანი, პატრიოტთა ალიანსი: „...კომუნიზმის ჰორიზონტი გახდა ნატო ჩვენთვის. მახსოვს სხვადასხვა ეპითეტები, ჩვენ ხან „ოქროს ბარათს“ გვაძლევდნენ, ხან - „მაპზე უკეთესს“ გვაძლევდნენ, ხან ასპირანტები ვიყავით და ეხლა გაირკვა, რომ მთლად ასპირანტები, მოუმზადებლები ვართ სრულიად ამ პროცესისთვის”.

მალხაზ თოფურია, პატრიოტთა ალიანსი: „ [კამათი] აბსოლიტურად მითიურ თემებზე გვაქვს, მითიურ ნატოზე, სადაც არავინ არ გავწევრიანებს.”

ვალერი კვარაცხელია, ობიექტივის  წამყვანი: „მომავალშიც არაფერი გაკეთდება იმ მიმართულებით, რასაც ნატოს წევრობა ჰქვია საქართველოსთვის… პუტინმა მათ ღიად უთხრა, რომ წითელი ხაზები გადის იქ, სადაც თქვენ რუსეთის საზღვრებამდე მოდიხართო.“

თათია გაბრიჭიძე, ალტ-ინფოს წამყვანი: "... ერთადერთი, რაც მახსოვს, არის ის, რომ მაპზე უფრო უკეთესი მივიღეთ, მაგრამ რეალურად არაფერი არ გვაქვს ხო ჩვენ? ანუ, სად არის ბერკეტი იმისა, რომ ახლა მაინც მოვახერხებთ, ვთქვათ, და შევალთ ნატოში”.

ზვიად ტომარაძე, ერი და სახელმწიფო: „მთლიანობაში რომ აღვიქვათ, ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოსთვის არის ძალიან ბუნდოვანი. მე ესეთ მაგალითს მოვიყვან, აი, კონკიას მეჯლისზე მოხვედრა რომ უნდა და დედინაცვალი ახალ-ახალ დავალებებს აძლევს, აი, დაახლოებით ესეთი ის არის”.

ხათუნა ხოფერია, ყოფილი პარლამენტარი: „მე არ ვიცი საერთოდ დაილაპარაკებენ ჩვენზე? ჩვენ ხომ უკვე გვითხრეს, რომ ეს ნატოს თემა დამთავრებულია! მორჩა! ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ უნდა ვიაზროვნოთ სხვანაირად!”

ბესო ბარბაქაძე, საქართველო და მსოფლიოს ავტორი: "აქეთ ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსები კი ამბობენ, საქართველო და უკრაინა ნატოსთვის მზად არიანო, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ იმედის მიმქრალ ნაღვერდალს სული შეუბერონ, თორემ ყველაზე კარგად თვითონ იციან, რომ ნატო და ევროკავშირი ჩვენთვის ისეთივე აუსრულებელი ოცნებაა, როგორც უკრაინისთვის.”

დმიტრი დანილოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის ევროპული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიდის საქართველოსა და უკრაინაში რეფორმები, მათი გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა. ამიტომ არ დავიწყებდი იმაზე საუბარს, რომ  ეს საკითხი მკაფიოდ დგას დღის წესრიგში”

ნატო ვერ დაგვიცავს

დავით მხეიძე, საქართველო და მსოფლიოს ავტორი: “ნატოს წევრ თურქეთის პრეზიდენტს კარისკენ მიუთითეს, - თქვენი გულისთვის რუსეთთან ომს ვერ დავიწყებთო. ანალოგიური რამ იქნება უკრაინის შემთხვევაშიც, ოღონდაც ერთი “უმნიშვნელო” განსხვავებით - უკრაინელებს ფულსა და იარაღს ბევრს მისცემენ. იანკებს რა ენაღვლებათ, ხოცონ მოძმე სლავებმა ერთმანეთი.”

 

 

 

 

ნატომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ ინტერესი დაკარგა

ბესო ბარბაქაძე, საქართველო და მსოფლიოს ავტორი: "მხოლოდ ის რად ღირს, ნატოს სამიტზე საქართველო და უკრაინა რომ არ მიიწვიეს. ქართველმა პოლიტიკოსებმა შეკითხვაც კი ვერ გაბედეს, რატომ მოხდა ასე, რატომ არად ჩააგდეს ის ორი ქვეყანა, რომლებსაც, აგერ უკვე მერამდენე წელიწადია, სწორედ ნატოში გაწევრებას ჰპირდებიან".

ვალერი კვარაცხელია, საქართველო და მსოფლიოს ავტორი: “განა ამაზე არ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება და რომელსაც აშშ–ის პრეზიდენტი ბაიდენიც დაესწრება, საქართველო და უკრაინა არც მიიწვიეს? ოცდაათწლიანი თავდაუზოგავი შრომისა და მომქანცველი ლოდინის შემდეგ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ამგვარი შეურაცხმყოფელი ჟესტით გვიპასუხეს". 

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი: „კიევი და თბილისი ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა საქართველოსა და ნატო-ს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის სექტორის რეფორმები ევროატლანტიკური ინტეგრაციის საუკეთესო გზაა ამ ქვეყნებისათვის. ცოტათი ჰგავს მშობლის ნათქვამს : "ეზოში არაფერი გესაქმება, წადი საშინაო დავალების შესასრულებლად”.

მანიპულაციური მტკიცება, რომლის მიხედვითაც, ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმონაწილეობა ნატოს მხრიდან რეგიონისადმი ინტერესის დაკარგვას უკავშირდება. “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, რომ  უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჩატარებული სამიტებიდან საქართველო მხოლოდ 2016 და 2018 წლების სამიტებს ესწრებოდა. ქართველი აქტორების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საუბარი იმაზე, რომ “დავალების შეუსრულებლობის გამო”, ნატო საქართველოს და უკრაინას მშობელივით სჯის, რუსთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას გზავნილებთანაა თანხვედრაში.

რაც შეეხება სხვა გზავნილებს, მიუმხრობლობის, იგივე სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნით, აქტიური კამპანია ამ თემაზე “პატრიოტთა ალიანსმა” 2019 წლიდან წამოიწყო,  გაცილებით ადრე, 2016 წლიდან კი ამ ინიციატივით კიდევ ერთი კრემლისტური პარტია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა გამოდიოდა. ორივე პარტია ასევე სპეკულირებს ნატოს მე-5 მუხლით, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას ეხება. აღნიშნული გზავნილი ამკვიდრებს აზრს, რომ საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით ინტეგრირების შემთხვევაში, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ გავრცელებას ითვალისწინებს, ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაკარგავს. 

ფორმულა პირდპირი დიალოგი რუსეთთან, აფხაზებთან და ოსებთან, რომელსაც ალტ-ინფო და სხვა აქტორები ახმოვანებენ, ასევე თანხვედრაშია კრემლის დღის წესრიგთან და მას წლებია პატრიოტთა ალიანსი ადვოკატირებს. აღნიშნული ფორმულა ჟენევის საერთაშორისო ფორმატს უგულებელყოფს და სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობის გარეშე ოკუპანტ ქვეყანასთან ერთი ერთზე პირისპირ დარჩენას გულისხმობს, რაც რუსეთს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და ოკუპაციაზე მისი პასუხისმგებლობის გამორიცხვას ისახავს მიზნად. კრემლის ამოცანაა პროცესი აფხაზებთან და ოსებთან ეთნოკონფლიქტებად წარმოჩენოს, სადაც ის ერთ-ერთი მხარის (ოკუპანტის) ნაცვლად, მომრიგებლის როლს მოირგებს, რითაც ოკუპაციაზე მის წილ პასუხისმგებლობას თავიდან აირიდებს. სწორედ ამიტომ ეწინააღმდგება წლებია პატრიოტთა ალიანსი რუსეთის მიმართ ტერმინ ოკუპანტის გამოყენებას. 


მოამზადეს თამარ კინწურაშვილმა და ქეთი ხუციშვილმა