იდენტობა

6 გზავნილი ბუკნარის მოვლენების შესახებ, რომელიც მუსლიმების მიმართ სიძულვილს აღვივებს

27 იანვარი, 2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მუსლიმების მიერ კერძო სახლში სამლოცველოს მოწყობასთან დაკავშირებით დაწყებული კონფლიქტი 12-13 იანვარს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 14 იანვარს ბუკნარში მომხდარი ინციდენტის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მუსლიმი თემის მიერ კერძო საკუთრებაში სალოცავის მოწყობა და ღვთისმსახურება კონსტიტუციით დაცული უფლებაა და სახელმწიფომ მისი განხორციელება უნდა უზრუნველყოს. 

ამ ფონზე სხვადასხვა მედია საშუალებებსა და პოლიტიკოსებს საქართველოს მოქალაქეების რელიგიის თავისუფლებიდან ფოკუსი მანიპულაციებზე და დისკრედიტაციის კამპანიაზე გადაჰქონდათ და არსებული სიტუაციის სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებსა თუ პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებას ცდილობდნენ. განვითარებულ მოვლენებს რადიკალურ, ტერორისტულ ჯგუფებთან აკავშირებდენ ასევე ანტილიბერალური აქტორები, რომლებიც მუსლიმებსა და ისლამს აგრესიულ რელიგიად წარმოაჩენდნენ, რითაც მუსლიმი მოქალაქეების დემონიზებას ახდენენ და რელიგიური შუღლის გაღვივებას უწყობდნენ ხელს. 

“მითების დეტექტორმა” ბუკნარის მოვლენების შესახებ 6 გზავნილი გამოყო:

გზავნილი  1. ვითარების ესკალაციას რადიკალური, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ

ანტი-ლიბერალური ალტ-ინფო და სახელისუფლებო POS-TV და Prime Time და ზოგიერთი ონლიან გამოცემა ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს რადიკალურ ჯგუფებთან და ტერორიზმთან აკავშირებდნენ.  რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა იდენტური სათაურისა და  შინაარსის მასალა, სადაც განვითარებულ მოვლენებში ფირუზ წულუკიძის როლის ხაზგასმა ხდებოდა, რომელიც წარსულში მისი და აჰმედ ჩატაევის შესაძლო კავშირის გამო ტერორიზმთან იყო გაიგივებული. იქმნებოდა წარმოდგენა, რომ ბუკნარში ვითარების ესკალაციას რადიკალური ჯგუფების მიერ იყო გამოწვეული.

წყარო

ციტატა

ალტ-ინფო,
გიორგი ქარდავა, წამყვანი,  15 იანვარი

„რა ფორმით ხდება გადაადგილება [დაპირისპირება ბუკნარში]?! პიკაპზე ამხედრებულები, ალაჰ აკბარის ყვირილით... ჩვეულებრივი ალუზია ჯიჰადზე მიმავალი სირიელი ტერორისტების. აბა, ბიჭო ზამთარში, იყინება გარეთ, თან ესენი არიან ლიდერები, ამათ რა მანქანა არა ყავთ?! ეს არის პირდაპირი ალუზია. თან,  ამ ვიდეოებს თავისი კურატორებისთვის იღებენ, რომ აგერ ძმაო ჯიჰადი საქართველოშიც არის.“

გედეონ ივანაშვილი, ავტორი, ნიუს-ფრონტი, 14 იანვარი

„საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე კიდევ არაერთი პროვოკაცია გველის, როგორც ეს გუშინ აჭარაში, სოფ. ბუკნარში მოხდა. რა ვნახეთ იქ? – გავეშებული ისლამისტები, რომლებიც სხვადასხვა სოფლებიდან ორგანიზებულად მორეკეს და პოლიციასთან “აკაჩავეს”.

ამ ყველაფერს დაბეჩავებული ქართული სახელმწიფო ხახადაფჩენილი შეჰყურებს. ამ ფონზე 

PRIMETIME, “ინტერნეტგამოცემა ლიდერი,” “ექკლუზივ ნიუსი”, 14 იანვარი (იდენტური ტექსტი)

“ზოგი არც იმას მალავს, რომ ადგილზე ვითარების არევას სხვა რაიონიდან ჩამოსული პირები ცდილობენ, ერთ-ერთ ასეთად კი აჭარელი მოჭიდავე, ფირუზ წულუკიძე სახელდება – რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ სერიოზულ სკანდალში გაეხვია. [...] მუსლიმურ თემში ცნობილია მისი რადიკალური შეხედულებები და კავშირი ტეროტირზმში მხილებულ პირებთან, მათ შორის 2017 წელს ლიკვიდრებულ აჰმედ ჩატაევთან.”

POSTV, 14 იანვარი

“წულუკიძე, რომელიც ბუკნარში პრაქტიკულად ამოწურული კონფლიქტის ხელახლა გასამწვავებლად საგანგებოდ ჩავიდა, სულ რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად იყო გასამართლებული პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მუსლიმურ თემში იციან მისი რადიკალური შეხედულებებისა და ტეროტირზმში მხილებულ პირებთან, მათ შორის, 2017 წელს ლიკვიდრებულ აჰმედ ჩატაევთან კავშირის შესახებ.”

 გზავნილი 2. ბუკნარში განვითარებული მოვლენები  თურქეთის პროვოკაციაა

გარდა ტერორიზმისა, ბუკნარის პროცესების ანუ საქართველოს მოქალაქე მუსლიმების რელიგიური თავისუფლების უფლების მეზობელ თურქეთთან დაკავშირება ხდებოდა. ნარატივი, რომ დაპირისპირება უცხო სახელმწიფოს მხრიდან მართულია, თურქეთს მიემართებოდა. ულტრანაციონალისტური აქტორები, ქართული მარშის ლიდერი და მხადრამჭერი სანდრო ბრეგაძე და დავით ნემსაძე, ნიკოლოზ მჟავანაძე და ასევე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბუკნარში განვითარებულ მოვლენებში თურქეთის როლზე მიუთითებდნენ.

წყარო

ციტატა

შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, 15 იანვარი

"ბუკნარის პროცესებში მე დაზუსტებით ვხედავ ერდოღან-პუტინის სამომავლო გარიგებას აჭარა---გურიაში  თურქეთ ---რუსეთის ე.წ სამშვიდობო ძალების შემოყვანაზე  თითქოსდა ერთმანეთს დარეული ქართველების დასაშორიშორებლად და  ბათუმის პორტო--ფრანკოდ ანუ თავისუფალ ქალაქად გამოცხადების სქემებს."

სანდრო ბრეგაძე, “ქართული მარშის” ლიდერი, 13იანვარი

"რაც ხდება გურიაში, სოფელ ბურნათში [ბუკნარი], ეს არი პირდაპირ თურქეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია" 

ნიკოლოზ მჟავანაძე, “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი, 13 იანვარი

"თურქეთმა აჭარაში გათურქების და ისლამიზაციის შემდეგ, იგივე პროცესი გურიაში დაიწყო"

დავით ნემსაძე, “ქართული მარშის” მხარდამჭერი, 15 იანვარი

“ესაა თურქული სპეც სამსახურების მიერ შექმნილი ორგანიზებული იერიში, რომლის მიზანია აჭარის რეგიონში სეპარატისტული, პროთურქული განწყობების გაძლიერება...- ბატონებო, ეს არაა ლოცვას მოწყურებული მშვიდობიანი საზოგადოება.ესაა უკვე დაშინებულ სახელმწიფოს თავზე წამომჯდარი უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახური რომელიც ცდილობს ქვეყნის შიგნით დაიწყოს ანარქია”.

 გზავნილი 3. ბუკნარში განვითარებული მოვლენები ყარსის ხელშეკრულებათან არის დაკავშირებული

 საქართველო და მსოფლიოს სტატიაში რესპოდენტი სოსო  ცინცაძე და ჟურნალისტი ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს ყარსის ხელშეკრულებასთან აკავშირებდნენ. ყარსის ხელშეკრულების შესახებ კოსპირაცია  წლებია თურქეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წარმოჩენას ცდილობს, რომელიც ამტკიცებს, რომ 1921 წლის 13 ოქტომბერს, ერთი მხრივ, თურქეთსა და მეორე მხრივ, ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე აჭარა ოსმალეთის იმპერიიდან საქართველოს დაუბრუნდა, ვადა 2021 წელს გადის. ხელშეკრულების ვადის გასვლა კი აჭარის თურქეთისთვის დაბრუნებას გამოიწვევს და რუსეთი ვეღარ დაიცავს საქართველოს თურქეთისგან. 

 ბუკნარში განვითარებული მოვლენების ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირება ამ პრიცესში თურქეთის როლისა და მისი ინტერესების არაპირდაპირი ხაზგასმაა.

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი, 
საქართველო და მსოფლიო, 20 იანვარი

"გურიაში მომხდარი ამბავი ძალიან სახიფათოა. ყარსის ხელშეკრულების პროლონგაცია ისე მოხდება, რომ, სამწუხაროდ, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაიგებს, ჩვენ ვერ გავიგებთ, რა შეიცვლება ხელშეკრულების პუნქტებში და აქაც ის პრობლემაა, რომ სპეციალისტები არ გვყავს, რასაც მოჰყვება საქართველოს დაკნინება".    

ეკა ნასყიდაშვილი, ჟურნალისტი, საქართველო და მსოფლიო, 20 იანვარი

"ხომ არ არის დაკავშირებული ჩოხატაურში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებული მოვლენები ყარსის ხელშეკრულებასთან?"  

გზავნილი 4. მუსლიმები აგრესიულები არიან, საფრთხეს წარმაოდგენენ

ალტ-ინფოს ეთერში  წამყვანები ბუკნარის მოვლენებში საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს აგრესორებად და საფრთხედ წარმოაჩენდნენ და ინციდენტს მათი მხრიდან ქრისტიანებზე “თავდასხმად” აფასებდნენ, მათ სიძულვილის ენის შემცველი ეპითეტებით (“ღორები”, “ისლამისტების და გეი-ქვიარ-ტრანსგენდერების ალიანსი”) მოიხსენიებენ.. გარდა ამისა, ფბ გვერდმა “ქართული გვერდი” ბუკნარში განვითარებული მოვლენების შესახებ მანიპულაციური პოსტი გამოაქვეყნა და შემდეგ წაშალა, პოსტში თანდართულ ვიდეოში ბუკნარის მკვიდრი მუსლიმის მხირდან მუქარაზე საუბრობს, რაც პოსტში მთელ მუსლიმურ თემზეა განზოგადებული.  ეს ვიდეო ეთერში ალტ-ინფომაც გაუშვა. 

გიორგი ქარდავა, წამყვანი, ალტ-ინფო, ანალიტიკა, 13 იანვარი

“დაპირისპირებასაც არ დავარქმევდი, თავდასხმა ქრისტიანებზე გურიის სოფელ ბუკნარში“

შოთა მარტინენკო, წამყვანი, ალტ-ინფო, 14 იანვარი

" ისეთი აგრესიულები არიან, წარმოიდგინე ახლა რანაირი განწყობით არიან მისულები, თავისივე ის ვიღაცა კაცი იყო ჩასული და მოდი მოვრიგდეთო, ამ სიტყვებზე კინაღაც ცემეს, გაიგე, ხო და ბიჭო, რავი, ეს ღორები კიდე ტო, თავისივე კაცი კინაღამ ცემეს, ისე აგრესიაზე არიან და საჩხუბრად გაიგე, თან ვისზე არიან ანუ სხვის სოფელში ჩავიდენ, სხვის სოფელში და ქრისტიანებს ღორები რა, მოიყვანეს ის ღორები, ასე იძახიან, რავიცი ბიჭო, ვაბშე არ ერიდებიან"

გიორგი ქარდავა, ალტ-ინფო,წამყვანი, 14 იანვარი

"..ისლამისტების და გეი-ქვიარ-ტრანსგენდერების ალიანსი უტევს ქრისტიანებს..”

თათია გაბრიჭიძე, წამყვანი, ალტ-ინფო, 14 იანვარი 

„... რეალურად ჩვენ დავინახეთ, რომ ქრისტაინებს სჭირდებათ ამ შემთხვევაში დაცვა, რომლებიც არსად არ ჩანან მთელი ამ პროტესტის განმავლობაში.“

ბუკნარის მკვიდრი, ფბ გვერდი “ქართული გვერდი”, ალტ-ინფო

“[მუსლიმები] იმუქრებოდნენ, რომ სკოლაში ბავშვებს არ გაუშვებენ და თავებს დააჭრან”; “მთვრალი მუსლიმები გურულების შვილებს თავების დაჭრით ემუქრებიან

გზავნილი 5. ისლამი ძალადობას ქადაგებს

ბუკნარის მოვლენებზე საუბრისას ალტ-ინფოს ეთერში ისლამი ძალადობის მომწოდებელ რელიგიად იყო წარმოცენილი. 

წყარო

ციტატა

ზურა მახარაძე, წამყვანი, ალტ-ინფო,13 იანვარი

"ჩვენ ბევრად უფორ ჰუმანური რელიგია რახან გვაქვს, თავების დაჭრით, გადასახადების აწევით და უკიდურესი რეპრესიებით მაინცდამაინც არ ჩვევია ქრისტიანობას, განსხვავებით ისლამისგან" 

შოთა მარტინენკო, წამყვანი, ალტ-ინფო,  13 იანვარი

"წარმართისთვის პირდაპირ ისლამში იგულისხმება თავის დაჭრა. პირდაპირ ყურანში წერია ეგ.რისტიანებმა და იუდეველებმა, რომლებიც არიან ყველაზე უარესნი არსებათა შორის, როგორც წერია ყურანში, თუ არ გადაიხადეს.. ჯიზია უნდა გადაიხადონ დამცირებულ მდგომარეობაში."

გზავნილი 6. ბუკნარში განვითარებული მოვლენების უკან ნაციონალური მოძრაობა  და გიულენის დაფინანსებული ძალები დგანან

“ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძის, ალტ-ინფოსა და ობიექტივის ეთერში ექსპერტ მამუკა არეშიძის  მიერ გაკეთდა განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, ბუკნარში მიმდინარე პროცესების ესკალაცია ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო პროვოცირებული, რომელიც გიულენის, მიერ დაფინანსებული ძალაა. ფეტულა გიულენი აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირია, რომელსაც სამშობლოში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და თურქეთის პრეზიდენტმა ერდორანმა 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.

წყარო

ციტატა

სანდრო ბრეგაძე, “ქართული მარში”, 13 იანვარი

“გიულენის მიერ დაფინანსებული ძალები არიან ესენი და ეს გიულენი კარგად მოგეხსენებათ, გიული ალასანიას ძალიან ახლო მეგობარი არის და მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარი არის. გიულენი და გიული და მიშა არიან ეს ფაქტობრივად ერთი ოჯახი, წორედ გიულენის დაფინანსებით, გიულენის მილიონებით ხდება ყველაფერი ეს.”

ზურა მახარაძე, წამყვანი, ალტ-ინფო, 14 იანვარი

"ხულოს დესანტი რო ეხლა გურიაში ისლამისტურ ქსელს ბატონი პრეზიდენტის იმითი ხელდასმით და თავზე ხელის გადასმით, ცვლილებები რო დაიწყეს მაგათმა ბატონო პრეზიდენტო..." 

გიორგი ქარდავა,  წამყვანი, ალტ-ინფო, 14 იანვარი

"როგორი პარადოქსია, ბიჭო, სააკაშვილი აორგანიზებს ისლამისტებს." 

მამუკა არეშიძე, ექსპერტი, ობიექტივი, ნამდვილი ამბები, 15 იანვარი 

„ე.ი. ზოგიერთი ქვეყანა მუშაობს რელიგიის მეშვეობით პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, პლიუს იყენებს ადგილობრივ პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ კონკრეტულ შემთხვევაში [ბუკნარი] ნაციონალური მოძრაობა იყო ჩართული. ის, რომ იქ იყო ჩამოსული აჭარიდან ერთი ჯგუფი, ეს არ არის ტრადიცული ისლამის მიმდევრები, ესენი არ არიან ვთქვათ ბათუმის მეჩეთის მრევლი, ეს არის ხალხი, რომელიც ფუნქციონერებს უცხო ქვეყნის, მესამე ძალის ფინანსური მხარდაჭერით.“  

 


მითების დეტექტორი