3 ტყუილი და 2 მანიპულაცია covid-19-ზე, რომელიც ჯგუფში “შევაჩეროთ 5G საქართველოში” ვრცელდება

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

396
VIEWS

2020 წლის 5 ოქტომბერს, ფეისბუქ მომხმარებელმა Tea Alvarez– მა ფეისბუქ ჯგუფში “შევაჩეროთ 5G საქართველოში” გამოაქვეყნა COVID-19-თან დაკავშირებული პოსტი. პოსტის ავტორის თქმით, გერმანელი და ესპანელი მეცნიერებისაგან შექმნილი ჯგუფი “ექიმები ინფორმაციისთვის” ამტიკებს, რომ კორონავირუსი არ არსებობს. ასევე, 2015 წელს რიჩარდ როტშილდმა დააპატენდა “სისტემა და მეთოდი COVID-19- ის ტესტირებისთვის, 2017-2018 წლებში კი World Integrated Trade Solution (WITS) -ზე COVID-19-ის მილიონობით ტესტი გაიყიდა. Tea Alvarez– ის თავის პოსტში ასევე აღნიშნავს, რომ ბილ გეითსი ტვიტერზე კოვიდ19-ის ვაქცინის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის 19 დეკემბერს წერდა. ამასთან, მისი მტკიცებით, ვირუსის აღმოჩენამდე, COVID-19-ის პანდემია სხვადასხვა ნამუშევარშიც იყო ნახსენები, მათ შორის 2012 წლის ოლიმპიადის საზაფხულო თამაშების დროს, რაც ადასტურებს, რომ კორონავირუსი ხელოვნურადაა შექმნილი.

""

პოსტში მოყვანილი ცნობები მანიპულაციურია და შეიცავს დეზინფორმაციასაც. 1. ჯგუფი “ექიმები ინფორმაციისთვის/სიმართლისთვის” კონსპირაციული ჯგუფია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვდასხვა საკითხზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. 2.  COVID-19-ის პატენტი არ არსებობს. 3. World Integrated Trade Solution (WITS)-ის გვერდი რომელსაც კონსპირაციული მოსაზრებების ავტორები აზიარებენ, მხოლოდ 2020 წლის აპრილში შეიქმნა და 2017-2018 წლებში საიტზე COVID-19-ის ტესტები ვერ გაიყიდებოდა. 4. ბილ გეითსის 2019 წლის ტვიტებში კორონავირუსი ნახსენები არ არის. 5. 2012 წლის ოლიმპიურ თამაშების კორონავირუსთან დასაკავშირებლად გავრცელებული ვიდეო კი ვიდეოფაბრიკაციას წარმოადგენს. 

ტყუილი № 1
2015 წელს რიჩარდ როტშილდმა “სისტემა და მეთოდი COVID-19- ის ტესტირებისთვის” დააპატენტა.

ფაქტი № 1
COVID-19-ის პატენტი არ არსებობს, პატენტის განაცხადი სხვა ტიპის კორონავირუსისთვის იყო დარეგისტრირებული და არ არის დაკავშირებული რიჩარდ როტშილდთან.

COVID-19-ის პატენტთან დაკავშირებით სხვდასხვა ტიპის დეზინფორმაცია გავრცელდა და ის ძირითადად როტშილდების ოჯახს, რიჩარდ ან მაიკლ როტშილდს მიეწერებოდა. თუმცა, COVID-19-ის პატენტი არ არსებობს და ის არ არის დაკავშირებული როტშილდებთან. ამის შესახებ ინფორმაცია fullfact.org-მაც გამოაქვეყნა.

საქმე ისაა, რომ კორონავირუსი არ არის ერთი ვირუსის სახელწოდება, არამედ ეს არის ვირუსების ოჯახი, რომელშიც შედის მაგალითისთვის, MERS (ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი, რომელიც პირველად საუდის არაბეთში 2012 წელს დაფიქსირდა), SARS (მწვავე მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომლის აფეთქებებიც მოხდა 2002 და 2004 წლებში), COVID-19, რომელიც ვუჰანში გამოვლინდა და სხვა ტიპის კორონავირუსები.

სწორედ სხვა ტიპის კორონავირუსისთვის  არის დარეგისტრირებული 2015 წლის პატენტის განაცხადი. ეს პატენტი ეხება ფრინველის ინფექციური ბრონქიტის ვირუსის (Infectious Bronchitis Virus) “ცოცხალ დასუსტებულ” ვერსიას. ამგვარად, ის წარმოადგენს ვირუსის დასუსტებულ ფორმულას, რომელის დაპატენტების მიზანი ისაა, რომ ფრინველებისა და სხვა ცხოველების დაავადებისაგან დასაცავად მისი ვაქცინად ჩამოყალიბება მოხდეს. ამ პატენტს ფლობს დიდ ბრიტანეთში მდებარე პირბრაიტის ინსტიტუტი, რომელიც იკვლევს ცხოველების ვირუსულ დაავადებებს. პირბრაიტის ინსტიტუტსა და როტშილდებს შორის კავშირი არ დასტურდება.

ტყუილი № 2
2017 და 2018 წლებში World Integrated Trade Solution (WITS) -ზე COVID-19-ის მილიონობით ტესტი გაიყიდა.

ფაქტი № 2
World Integrated Trade Solution (WITS) -ის ის გვერდი 2020 წლის აპრილში შეიქმნა

მტკიცება, თითქოს 2017 და 2018 წლებში World Integrated Trade Solution (WITS) -ზე COVID-19-ის მილიონობით ტესტი გაიყიდა, სიმართლეს არ შეესაბამება. BBC-ის ცნობით და მსოფლიო ბანკის თანახმად, გვერდი, რომლის სქრინსაც კონსპირაციული მოსაზრებების ავტორები აზიარებენ, 2020 წლის აპრილში შეიქმნა, რათა უფრო მარტივი ყოფილიყო ადრე არსებული ყველა იმ პროდუქტის მოძიება, რომლიც ახლა COVID-19 ტესტირებისთვის გამოიყენება.

ამ საიტზე ჩამოთვლილ ყველა ქიმიურ პროდუქტს მრავალი წლის განმავლობაში სხვა გამოყენება ჰქონდა, მაგრამ მსოფლიო ბანკის განცხადებით, მათ ხელახლა გადაახარისხეს გარკვეული ქიმიური პრეპარატების კატეგორიები, იმ ნივთების მოძებნის გასაადვილებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის დასაძლევად.

ამგვარად, 7 სექტემბრიდან მონაცემთა ბაზის სათაური შეიცვალა და გახდა “სამედიცინო ტესტების ნაკრები”, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად კი ამ ბაზას თან ახლავს განცხადება, რომ “აქ არსებული მონაცემები მოიცავს, ადრე არსებულ სამედიცინო მოწყობილობებს, რომლებიც ახლა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც კრიტიკული, COVID-19-ის დაძლევისთვის”.

ტყუილი № 3
კორონავირუსის შესახებ სხვდასხვა ტიპის ინფორმაცია 2019 წლამდეც ვრცელდებოდა, მათ შორის, პანდემია 2012 წლის ოლიმპიადის საზაფხულო თამაშების დროსაც კი არის გამოსახული.

ფაქტი № 3
კორონავირუსის შესახებ 2019 წლამდე გავრცელებული სხვდასხვა ტიპის ინფორმაცია მანიპულაციურია, 2012 წლის ოლიმპიური თამაშების კადრები კი ვიდეოფაბრიკაციაა.

ცნობები კორონავიურისის 2020 წლამდე არსებობის შესახებ სოციალურ სივრცეში ადრეც გავრცელდა, მაგალითად ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ამერიკელმა მწერალმა დინ კუნცმა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შესახებ 1981 წელს, წიგნში იწინასწარმეტყველა. აღნიშნულის შესახებ  მითების დეტექტორი ადრეც წერდა. მიუხედავად იმისა, რომ თრილერის ჟანრის რომანში კუნცის მიერ ნახსენებ ბიოლოგიურ იარაღს “უხან-400” ჰქვია, ის ადამიანების ხელითაა შექმნილი, 100% სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს და საინკუბაციო პერიოდიც მხოლოდ 4 საათს გრძელდება. ასევე წიგნის თავდაპირველ, 1981 წლის რედაქციაში, ვირუსს “გორკი-400” ერქვა და ის საბჭოთა კავშირში შექმნეს.

რაც შეეხება 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებს, ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიიდან სხვადასხვა კადრი იყო ნაჩვენები, რუსულ/ინგლისური წარწერებითა და ილუსტრაციებით, რაც მიანიშნდებდა თითქოს კორონავირუსის გავრცელება სპეციალურად იყო დაგეგმილი და ის წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა.

რეალურად, გავრცელებული ვიდეო იმეორებს კორონავირუსის შესახებ არსებულ უკვე ცნობილ კონსპირაციის თეორიებს დაავადების სპეციალურად გავრცელებასა და 5G ინტერნეტის პანდემიასთან კავშირზე. ვიდეოს გარკვეული ნაწილი დამონტაჟებულია, ზოგიერთ კადრს კი შეცდომაში შემყვანი აღწერა ახლავს.

მაგალითად იხილეთ კადრი ფაბრიკაციული ვიდეოდან და რეალური ვიდეოდან.

" "
კადრი დეზინფორმაციული ვიდეოდან კადრი რეალური ვიდეოდან

მანიპულაცია № 1
გერმანელი და ესპანელი ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი “ექიმები ინფორმაციისთვის” აცხადებს, რომ  COVID-19 არ არსებობს.

ფაქტი № 1
“ექიმები ინფორმაციისთვის” კონსპირაციული ჯგუფია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვaდასხვა საკითხზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაცია სახელწოდებით ექიმები ინფორმაციისთვის, 2020 წლის 31 მაისსშეიქმნა და კორონავირუსის უარყოფის ჯგუფს წარმოადგენს. ჯგუფის წევრთა უმრავლესობა თვლის, რომ ვირუსი საერთოდ არ არსებობს, თუმცა, ზოგიერთისთვის  ვირუსი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არა იმ სიმძაფრით, რასაც მას სამედიცინო საზოგადოებები ანიჭებენ. აღნიშნული ჯგუფის წევრები ეწინააღმდეგებიან ნიღბების გამოყენებას და კარანტინს/ იზოლაციას / სოციალურ დისტანცირებას. ისინი უარყოფენ PCR ტესტების ვალიდურობას და ეწინააღმდეგებიან ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებას.

მანიპულაცია № 2
2019 წელს ბილ გეითსი კორონავირუსზე და ვაქცინებზე ტვიტავდა.

ფაქტი № 2
ბილ გეითსის 2019 წლის ტვიტებში კორონავირუსი ნახსენები არ არის.

ბილ გეითსმა 2019 წლის 19 სექტემბერს მართლაც დატვიტა ვაქცინების შესახებ გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევების კონტექსტში, თუმცა აქ კორონავირუსი ნახსენები არ ყოფილა.

“რა არის შემდეგი ჩვენი ფონდისთვის? განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მომავალი წელი გლობალური ჯანმრთელობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტისთვის: ვაქცინისთვის”

ამ ტვიტს ბილ და მელინდა გეითსების ფონდის ბმული ახლავს.

"

ტვიტში არ არის ნახსენები კორონავირუსი, ბილ და მეილნდა გეითსების ფონდი კი სხვადასხვა დააავადების ვაქცინას აფინანსებს, მაშ შორისაა: მალარია, აივ-შიდსი და ტუბერკულოზი.

ბილ გეითსთან და კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით კონსპირაციები ადრეც ვრცელდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბილ და მელინდა გეითსების ფონდი საკუთარი სახსრებით აფინანსებს კორონავირუსის ვაქცინას. კერძოდ, ფონდმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 350 მილიონი აშშ დოლარი გამოყო,  საიდანაც ვაქცინაციისთვის 150 მილიონი აშშ დოლარი გადაეცა კომპანია Gavi-ს.  Gavi უზრუნველყოფს პოტენციური ვაქცინების წარმოების მხარდაჭერასა და შემდგომში მის მიწოდებას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის.

 

ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist