26 ივლისიდან ქართულ (1,2) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5) ფეისბუქ-ანგარიშები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამერიკული გამოცემა “პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონების” 23 წლის ჟურნალისტის, ლიზი ველასკესის თქმით, არ ღირს რუსული პროპაგანდის დაჯერება, რადგან ის თავად დადიოდა ორი დღე პარიზის ქუჩებში და მას არავინ აწუხებდა. კომენტარების ავტორები ციტატას რეალურად აღიქვამენ, ხოლო ერთ-ერთი პოსტის ავტორი, ნონა შარაბიძე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის განცხადება გაყალბებული არ არის.
იდენტური ციტატა რუსულენოვან ჯგუფებშიც (1,2,3) გავრცელდა. ყველა პოსტს ქალის ერთი და იგივე ფოტო აქვს დართული.
მწერალისა და აქტივისტის, 35 წლის ლიზი ველასკესის სახელით ფეისბუქზე გავრცელებული ციტატა ყალბია. ფრაზა პარიზის შესახებ ღია წყაროებში არ იძებნება. ამერიკული გამოცემა “პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონები” არ არსებობს.
ფოტოზე, რომელიც ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებს აქვს დართული, ნამდვილად ლიზი ველასკესია გამოსახული. ველასკესი არა ჟურნალისტი, არამედ ამერიკელი აქტივისტი, მწერალი და იუთუბერია, რომელსაც მარფანის ლიპოდისტროფიის სინდრომი (MFLS) აქვს. აღნიშნულ სინდრომს ბევრი გამოვლინება აქვს, მათ შორის, აფერხებს ინდივიდის წონაში მატებას. განსხვავებული შესახედაობის გამო ველასკესი ბავშვობიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.
ციტატა პარიზისა და რუსული პროპაგანდის შესახებ ღია წყაროებში არა მხოლოდ ველასკესის, არამედ სხვა პირის სახელითაც არ იძებნება, ამასთან, გამოცემა “პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონები” (The most beautiful girls on the planet), რომლის ჟურნალისტადაც ველასკესს ასახელებენ, საერთოდ არ არსებობს.
პოსტები კიდევ ერთ უზუსტობას შეიცავს, ველასკესი არა 23, არამედ 35 წლისაა. ამჟამად ის სამოტივაციო სპიკერი და რამდენიმე წიგნის ავტორია. 2015 წელს მის შესახებ ბიოგრაფიული ფილმიც გამოვიდა, რომელშიც ველასკესის ბავშვობის წლებისა და კიბერბულინგის შესახებაა მოთხრობილი.
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელი ნონა შარაბიძე კრემლისტურ ნარატივებსა და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ამბები წარსულშიც არაერხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.