8 ივლისს ფეისბუქზე ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, ასევე, რუსულენოვანმა ანგარიშებმა და გვერდებმა (1;2;3;4) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი კიევში თავდასხმის სამიზნე გახდა. პოსტების მიხედვით, მინისტრი საავადმოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. იდენტური ცნობა ასევე გავრცელდა რუსული მედიის საიტებზე, მათ შორისაა რია ნოვოსტი, ლენტა.რუ (1;2) და სხვები. ინფორმაციის წყაროდ გამოცემები ასახელებენ რუსეთში სუვერენიტეტის საკითხთა საზოგადოებრივი პალატის კომისიის თავმჯდომარე და ე.წ. ახალი რეგიონების ინტეგრაციის საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე ვლადიმირ როგოვს, რომელსაც წარსულში ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის წარმომადგენლის სტატუსი ჰქონდა.
გავრცელებული მტკიცებები, თითქოს რუსტემ უმეროვი თავდასხმის სამიზნე გახდა, დეზინფორმაციულია. უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ცნობით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.
ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსტემ უმეროვზე თავდასხმა განხორციელდა, პირველად ტელეგრამ არხზე ვლადიმერ როგოვმა გაავრცელა.
მის პოსტში ვკითხულობთ, რომ კიევში, თავდაცვის მინისტრის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის შესახებ ცნობები აღარ გავრცელებულა. როგოვის მტკიცებით, მან ცნობა მიიღო უკრაინელი ბლოგერისაგან, რომელიც ინფორმაციის დაზუსტებას ელოდებოდა.
უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი სოციალური ქსელების მეშვეობით (1;2) გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და მტკიცებები უარყო. ცენტრმა დეტალები გადაამოწმა თავდაცვის სამინისტროსთან, რომელთაც დაადასტურეს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნების შესახებ “მითების დეტექტორმა” მრავალი რუსული დეზინფორმაციული და მადისკრედიტებელი ინფორმაცია გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.