2023 წლის იანვარში რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5) და ქართულენოვანმა (1, 2, 3, 4, 5) Facebook ანგარიშებმა, რომლებიც დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებენ, დიდ ბრიტანეთში გახსნილი ე.წ. “ღორების სპას” შესახებ გამოაქვეყნეს ინფორმაცია. პოსტების ავტორების მტკიცებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, 1200 ფუნტი გადაიხადონ იმისთვის, რომ გამოსცადონ, თუ როგორია ღორული ცხოვრება.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დიდ ბრიტანეთში ე.წ. “ღორების სპა” გაიხსნა, რომლის საშუალებითაც ადამიანებს “ღორული ცხოვრების” გამოცდა შეუძლიათ, ბრიტანულ Channel 4-თან აფილირებული სატირულ-კომედიური პროგრამა The [email protected]ის მიერაა გამოგონილი. დიდ ბრიტანეთში მსგავსი სახის დაწესებულება არ გვხვდება.
სატირული ვიდეო სახელწოდებით „დიდი ბრიტანეთის პირველ “ღორების სპაში“ ამტკიცებს, რომ “ღორების სპა” თანამედროვე ცხოვრებისეულ სტრესთან გასამკლავებელი „მზარდად პოპულარული ანტიდოტი“ ხდება. ვიდეოში ვხვდებით ინტერვიუს ბიზნესმენთან, რომელიც დაწესებულებაში მეექვსედ იმყოფება და ამბობს, რომ მისი სტრესული სამუშაოს ფონზე ღორად გარდასახვა განტვირთვის კარგი საშუალებაა. ვიდეოში ნათქვამია, რომ სპა მომხმარებლებს „ღორული თერაპიით მკურნალობის“ მთელ რიგ მეთოდებსაც სთავაზობს, თუმცა კონკრეტული დეტალები ნახსენები არ არის. ვიდეოში ასევე ღორის კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანებიც ჩანს, რომლებიც გეჯადან ჭამენ და ტალახში გორავენ. ვიდეოს დასასრულს ბიზნესმენს სამუშაო ადგილზე ხელოვნურად ანაყოფიერებენ.
IMDB-ის თანახმად, „The [email protected]“ Channel 4-ის „ჰიტური სატირული სკეტჩ-შოუა, რომელიც რეალურ ინტერნეტ ამბებს ჰგავს, თუმცა აშარჟებს მათ, ვინც გაზიარების ღილაკს ზედმეტად სწრაფად აწვება“. 2019 წლიდან მოყოლებული, ჯამში ოთხი სეზონი და 50 ეპიზოდი შეიქმნა, მეხუთე სეზონის გადაღებები კი ამჟამად მიმდინარეობს. შოუს სხვა ეპიზოდებს შემდეგი ტიპის სათაურებით ვხვდებით: “არსებობს თუ არა შეთქმულება წითურების წინააღმდეგ?” და “ეს ადამიანი იხდის ფულს იმისთვის, რომ ქაბაბივით მოექცნენ.” ისინი ასევე გამოქვეყნებულია Channel 4 Comedy-ს YouTube-არხზე. ვიდეოში ნაჩვენები ყველა ადამიანი მსახიობია.
სატირა განისაზღვრება, როგორც იუმორის, ირონიის, გაზვიადების ან დაცინვის გამოყენება ადამიანის ბუნებისა და ქცევის დეფექტების გამოსავლენად, განსაკუთრებით თანამედროვე პოლიტიკისა და სხვა აქტუალური საკითხების კონტექსტში. მისი მიზანი მაყურებლის გართობა და გარკვეულ შემთხვევებში მათთვის კონკრეტულ თემაზე საფიქრალის გაჩენაა. თუმცა, იმის გამო, რომ სატირა ხშირად ტრადიციულ საინფორმაციო სიუჟეტებს წააგავს, იგი ცრუ ინფორმაციის გავრცელების წყაროც ხდება. მოცემული სატირული ისტორიის რეალურ ამბად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია და იმ მოსაზრებას ამკვიდრებს, რომ ისეთი რადიკალური ფენომენი, როგორიც ღორული თერაპიის სესიებია, დასავლური საზოგადოების თანდაყოლილი მახასიათებელია, რაც უფრო ტრადიციულმა საზოგადოებებმა თავიდან უნდა აირიდონ.
სატირული შინაარსის მასალები არაერთხელ გამხდარა დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის წყარო. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- განაცხადა თუ არა ორბანმა, რომ ევროკავშირს ტოვებს?
- როგორ გავრცელდა სატირული პოსტი ოლაფ შოლცზე?
- THESTONKMARKET.COM-ის სატირას ვაქცინაში ჩიპებზე ქართველი ანტივაქსერები რეალურ ამბად წარმოაჩენენ
- როგორ იქცევა “სხვისი” სატირა “სპუტნიკზე” “ნიუსად” – განმეორებითი გაყალბების ქრონიკა
- როგორ იქცა რუსული “სატირა” საქინფორმის დეზინფორმაციად?
ალექსანდრა კუენინგი
ერასმუს CEERES პროგრამის სტუდენტი, მითების დეტექტორის სტაჟიორი
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.