“მთავარი არხი” ექიმის გარდაცვალებაზე ფეისბუკზე მანიპულაციურ მასალას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

35
VIEWS

განახლება: ფეისბუკზე მასალის მონიშვნის შემდეგ “მთავარმა არხმა” თავდაპირველი ვერსია ჩაასწორა


31 მარტს ტელეკომპანია მთავარის ეთერში, 12 საათიანი “მთავარის” გადაცემაში გავიდა სიუჟეტი “მედ კაპიტალის” პედიატრიული განყოფილების ექიმის გარდაცვალების შესახებ. სიუჟეტის ნაწილი ვიდეოს სახით “მთავარის” ფეისბუქ გვერდზე, შემდეგი აღწერით გამოქვეყნდა : “რო გაუკეთებია ნემსი 2 დღეში ცუდად გახდა” – კიდევ ერთი გარდაცვლილი ექიმი.

;

ფეისბუკზე გამოქვეყნებული ვიდეო ფრაგმენტის აღწერა მანიპულაციურია და ის ერთ-ერთი რესპონდენტის სიტყვებს ეფუძნება, რომლის  ვინაობა დაკონკრეტებული არ არის. ვიდეოში ის ექიმის გარდაცვალებას კორონავირუსის აცრას მტკიცებულების გარეშე უკავშირებს. ამავდროულად, სატელევიზიო სიუჟეტის ფრაგმენტი, რომელიც პაციენტის გარდაცვალების მიზეზებზე ექიმის კომენტარს შეიცავს, ფეისბუკ ვერსიაში წარმოდგენილი არ არის.  მთლიანობაში, ფეისბუკის აღწერა და შერჩეული კომენტარი ქმნის მცდარ კონტექსტს, რომ აცრამ კიდევ ერთი ექიმის გარდაცვალება გამოიწვია.

ფრაზა, რომელიც ვიდეოს აღწერაშია გამოტანილი, ეკუთვნის სიუჟეტში ჩაწერილ ქალბატონს, რომლის ვინაობა მასალაში დაკონკრეტებული არ არის. ის ექიმის გარდაცვალებას AstraZeneca-ს Covid-19-ის ვაქცინას მტკიცებულებების გარეშე უკავშირებს.

უცნობი რესპონდენტი: “მე მითხრეს, დამირეკეს, ფეისბუქიდან დაურეკიათ, წასული იყო, მუშაობს იქ, ნემსითო, აი, რომ გაუკეთეს ნემსი, ასტრა არის თუ რაღაცა არის. რო გაუკეთებია ნემსი ყოფილა რამოდენიმე ხანი, ორი დღე თუ რაღაცა. მერე სასწრაფო გამოუძახებიათ და წაუყვანიათ და მას შემდეგ ერთი 10 დღე თუ 5 დღე იწვა საავადმყოფოში”.

რესპონდენტი ქალი ჟურნალისტს უდასტურებს, რომ ეს ინფორმაცია მას გარდაცვლილის ოჯახიდან აქვს.

სატელევიზიო სიუჟეტში, ისევე როგორც ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ფრაგმენტში მოცემულია “მედკაპიტალის” გენერალური დირექტორის მოადგილის, მაია აბულაძის კომენტარი. აბულაძე ამბობს, რომ გარდაცვლილ ექიმს აცრის შემდეგ ვაქცინიდან გამოწვეული გვერდითი ეფექტები და გართულებები არ ჰქონია.

სიუჟეტში არის, თუმცა ფეისბუქზე განთავსებულ ვიდეოში არ გვხვდება სატელეფონო კომენტარი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორ გულიკო ჩაფიძესთან, სადაც ის ექიმის გარდაცვალების მიზეზს განმარტავს. გულიკო ჩაფიძე ამბობს, რომ პაციენტი მათთან 29 მარტს მიიყვანეს, ჰქონდა ფილტვების ფიბროზი, ფილტვების თანდაყოლილი პათოლოგია და პაციენტი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. გულიკო ჩაფიძე განმარტავს, რომ გარდაცვალება ვაქცინაციის ბრალია არაა, პაციენტი საავადმყოფოში აცრიდან 2 კვირაში მიიყვანეს, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ვაქცინაციის ბრალი რომ ყოფილიყო, იმავე დღეებში გამოვლინდებოდა. შესაბამისად, ამ კომენტარის გარეშე, უცნობი რესპონდენტის კომენტარის ფეისბუკზე გამოტანა ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ გარდაცვალება ვაქცინაციამ გამოიწვია, რასაც სარედაქციო ტექსტი “კიდევ ერთი გარდაცვლილი ექიმი” ამძაფრებს.

ექიმის გარდაცვალებას სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის ამ ეტაპისთვის დადგენილი არ არის.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist