მსოფლიოს საიდუმლო მმართველები თუ ჰოლოკოსტს გადარჩენილები – ვის ემთხვია ხელზე რომის პაპი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

14.5k
VIEWS

2022 წლის 12 და 16 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Мухаммад Али Кавказский რომის პაპი ფრანცისკეს ამსახველი ერთი და იგივე ვიდეო ორჯერ გამოაქვეყნა (1, 2).  ვიდეოს პირველ ნაწილში ჩანს, რომ რომის პაპი რამდენიმე ადამიანს მის ხელზე კოცნის საშუალებას არ აძლევს, მეორე ნაწილში კი სხვა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ტრადიციული ებრაული ქუდით, კიპათი შემოსილ მამაკაცებს, თავად ემთხვევა ხელზე. ვიდეოზე თანდართულია შემდეგი რუსულენოვანი წარწერები “საიდუმლო გახსნილია,” “უყურეთ ბოლომდე,” “აი, ვინ მართავს მსოფლიოს.” 

გავრცელებული ვიდეო კონსპირაციულია, რომის პაპი ხელზე არა მსოფლიოს საიდუმლო მმართველებს, არამედ ჰოლოკოსტს გადარჩენილებს ემთხვია. ასევე, ვიდეოს პირველ ნაწილში ჩანს, რომ პაპი თავდაპირველად მორწმუნეებს მის ბეჭედზე კოცნის საშუალებას აძლევდა, თუმცა მისივე განმარტების მიხედვით, ბევრი ადამიანის შემთხვევაში ეს მიკრობების გავრცელების საფრთხეს ზრდის.

ვიდეოს პირველ ნაწილში გამოყენებული კადრები 2019 წლის 25 მარტს ლორეტოშია გადაღებული. ამ დღეს პაპი ქალაქში კათოლიკურ სალოცავს სტუმრობდა.

ვიზიტის დროს პაპმა ათობით ადამიანს მის ხელსა და ბეჭედზე კოცნის საშუალება არ მისცა. პაპი ამის გამო გააკრტიკეს, თუმცა პაპის ბიოგრაფმა ოსტინ ივერეიმ განმარტა, რომ პაპი მორწმუნეებთან ინტერაქციაში აშკარად შედიოდა, თუმცა არ სურდა, რომ ისინი მას წმინდა რელიქვიასავით მოქცეოდნენ, რადგან ის რომის იმპერატორი კი არა, პაპი იყო. იეზუიტი სასულიერო პირი რასელ პოლიტი შემთხვევას ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ სასულიერო პირების ბეჭდებზე კოცნას ტრადიციასთან საერთო არაფერი აქვს და იმპერატორების პატივისცემიდან გადმოტანილი ქცევაა. 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ამსახველ სრულ ვერსიაში ჩანს, რომ თავდაპირველად პაპმა რამდენიმე ადამიანს მის ბეჭედზე კოცნის უფლება მისცა.

პაპის ერთ-ერთმა თანაშემწემ, რომელმაც Reuters-თან საუბრისას ანონიმურად დარჩენა ისურვა, გამოცემას განუცხადა: “ზოგჯერ პაპს ეს მოსწონს, ზოგჯერ – არა. ეს ყველაფერი ამდენად მარტივია.” მან ასევე განმარტა, რომ პაპი გამოხმაურებებმა გაამხიარულა. 

რამდენიმე დღის შემდეგ ვატიკანის სპიკერმა ალესანდრო ჯისოტიმ პრესასთან განმარტა, რომ მან პაპს შემთხვევის შესახებ ჰკითხა, პაპმა ფრანცისკემ კი აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანის მიერ მის ბეჭედზე კოცნა მიკრობების გავრცელებას უწყობდა ხელს, რაც ყველასთვის საშიში იყო. ჯისოტომ თქვა ისიც, რომ პაპი ადამიანების მცირე ჯგუფებში მლოცველებს მის ბეჭედზე კოცნის საშუალებას აძლევს და ეს ლორენტოში ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ ვატიკანში მონაზვნებისა და მღვდლების მიღებაზეც დადასტურდა. 

  • ისრაელში ვიზიტის დროს პაპი ხელზე ჰოლოკოსტს გადარჩენილებს ემთხვია

რაც შეეხება გამოქვეყნებული ვიდეოს მეორე ნაწილს, სადაც ჩანს, რომ პაპი მამაკაცის ტრადიციული ებრაული ქუდის – კიპას მქონე რამდენიმე მამაკაცს ხელზე კოცნის, დეზინფორმაციული და კონსპირაციული მტკიცებები ამ კადრების შესახებ წარსულშიც აქტიურად ვრცელდებოდა. გამოცემების PolitiFact და AFP Factcheck-ის მიხედვით, სოციალური ქსელის მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ პაპი ხელზე დევიდ როკფელერს და ჯონ როტშილდს ემთხვია. 

რეალურად, ვიდეოს მეორე ნაწილში გამოყენებული კადრები 2014 წლის 26 მაისსა გადაღებული, როცა პაპი ისრაელში ჰოლოკოსტის მემორიალს, იად ვაშემს სტუმრობდა. სწორედ ამ ვიზიტის დროს პაპი ჰოლოკოსტს გადარჩენილ ადამიანებს შეხვდა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი პატივისცემის ნიშნად მათ ხელზე ემთხვია. 

ფოტოები: AFP
კადრები ისრაელის პრემიერ მინისტრის Youtube არხიდან

კონსპირაციები და დეზინფორმაციები რომის პაპის შესახებ “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ვატიკანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist