მოლდოვაზე გერმანელი ჟურნალისტის რეპორტაჟი მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

266
VIEWS

21 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა Дженни Бурджанадзе გერმანელი ჟურნალისტის , მარკუს ლანცის დოკუმენტური რეპორტაჟიდან მონაკვეთი გამოაქვეყნა. დოკუმენტური უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოლდოვაში არსებულ მდგომარეობას ეხება. პოსტის აღწერის თანახმად, სიუჟეტიდან ჩანს, რომ მოლდოვის მოსახლეობის უმრავლესობა ანტიდასავლურად არის განწყობილი, ნოსტალგიით იხსენებს სოციალისტურ ფორმაციას, გმობს არსებულ რეჟიმსა და ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუს, უარყოფითად არის განწყობილი დასავლელი ლიდერების, ბაიდენისა და ზელენსკის მიმართ.

21 და 24 მაისს ლანცის დოკუმენტური ფილმის იგივე კადრები რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმაც გაავრცელეს (1,2,3,4).

Screenshot 2 12 მოლდოვაზე გერმანელი ჟურნალისტის რეპორტაჟი მანიპულაციურად ვრცელდება

ფეისბუქზე გერმანელი ჟურნალისტის, მარკუს ლანცის დოკუმენტური ფილმიდან მონაკვეთი სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. მონაკვეთში ფილმიდან შერჩევითად არის ამოჭრილი რესპონდენტების კომენტარები და მოლდოვის მოსახლეობის თითქოსდა ანტიდასავლური განწყობის საჩვენებლად გამოიყენება, მაშინ როცა ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობის უმეტესობა, 63% ევროკავშირის წევრობას უჭერს მხარს.

  • რესპონდენტების განწყობები მარკუს ლანცის დოკუმენტურ ფილმში

გერმანელი ჟურნალისტის და ტელეკომპანია ZDF-ის ტელეწამყვანის დოკუმენტური ფილმი Markus Lanz – Moldawien ungeschminkt 2023 წლის 18 მაისს გამოქვეყნდა.

მოლდოვაში ჩასვლის შემდეგ ლანცმა დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონი და გაგაუზიის ავტონომიური ტერიტორიული ერთეულიც მოინახულა და ასევე უკრაინაში, ოდესაში ჩავიდა. სიუჟეტი ძირითადად იმას ეხება, თუ როგორი განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობს მოლდოვაში და როგორ ხდება რეგიონში სხვადასხვა პოზიციისა და ინტერესების თავმოყრა. დოკუმენტური ფილმში გერმანელი ჟურნალისტი სხვადასხვა თაობის რესპონდენტებს ესაუბრა და მოლდოვის ხელისუფლების, დასავლეთის ქვეყნების, რუსეთის, საბჭოთა კავშირისა და უკრაინის ომის მიმართ მათ დამოკიდებულებებზე კითხვები დაუსვა. თავად ლანცი დოკუმენტურის დასაწყისში აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა თაობა პრო-ევროპულად არის განწყობილი, ხოლო ძველი თაობა საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიურია. ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში დოკუმენტურიდან ძირითად იმ რესპონდენტების კომენტარებია ამოკრებილი, რომლებიც უფრო მეტად პრორუსულად არიან განწყობილი. აღსანიშნავია, რომ რეპორტაჟში სხვადასხვა პოზიციის ადამიანები არიან გამოკითხული. მაგალითად ნაჩვენებია პრორუსულად განწყობილი დემონსტრანტების და ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქის ილან შორის მხარდამჭერების აქცია და მათი პრო-რუსული პოზიცია, თუმცა ლანცი ასევე გაესაუბრა ნატალია ზაჰარეშუს – გამომძიებელ ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა, რომ ჟურნალისტურმა გამოძიებით გამოვლინდა, რომ აქციების ორგანიზატორები პროტესტში მონაწილეებისთვის მოაქალაქეებს ფულს უხდიდნენ და დემონსტრაციები დაფინანსებული იყო.

Screenshot 3 10 მოლდოვაზე გერმანელი ჟურნალისტის რეპორტაჟი მანიპულაციურად ვრცელდება

დოკუმენტურის დასაწყისში გამოკითხული პენსიონერების უმეტესობა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას უსვამს ხაზს. მათ შორის ნამდვილად არიან ისინი, ვინც საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიურად არიან განწყობილი და ისინიც ვინც ომში ზელენსკის ადანაშაულებს, თუმცა რუსეთის მიმართ უარყოფით განწყობებიც იკვეთება:  მაგალითად ბაზარში მომუშავე ერთ-ერთმა გამყიდველმა ლანცთან საუბარში რუსეთი ტერორიზმში დაადანაშაულა, ხოლო მექანიკოსმა, რომელსაც გერმანელი ჟურნალისტი დნესტრისპირეთში ესაუბრა, უკრაინაში ომსა და 1992 წელს მოლდოვაში კონფლიქტს შორის გაავლო პარალელი და რუსეთის მიერ უკრაინაში გამოვლენილი სისატიკე გააკრიტიკა. რესპონდენტებს შორის გვხდებიან ისეთებიც, რომლებმაც კონფლიქტში ორივე მხარეს დასდეს ბრალი.

აღსანიშნავია, რომ ლანცს უფრო ხანგრძლივი საუბარი აქვს იულიან გროზასთან, ამჟამად სტრატეგიული ინიციატივების ინსტიტუტის (IPIS) მკვლევართან და მოლდოვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. გროზა აღნიშნავს, რომ ომის დაწყების შემდეგ მოლდოვაში სერიოზული ენერგეტიკული კრიზისი შეიქმნა და ამ კრიზისის დაძლევაში ქვეყანას დასავლელი პარტნიორები მნიშვნელოვნად დაეხმარნენ. ის იმ რთულ პოლიტიკურ ვითარებაზეც საუბრობს, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ძლიერი და დემოკრატიული ინსტიტუტების აშენების მნიშველობას უსვამს ხაზს. გროზა ასევე აღნიშნავს, რომ მოლდოვაში პროევროპულად და პრორუსულად განწყობილი ჯგუფებიც არიან და სხვადასხვა ინტერესის თავმყორა ხდება. 

Screenshot 4 9 მოლდოვაზე გერმანელი ჟურნალისტის რეპორტაჟი მანიპულაციურად ვრცელდება
ლანცი და გროზა

ლანცი ასევე ესაუბრა მოლდოველ ინვესტორს ჩესლავ ჩუჰრის. ჩუჰრიმ აღნიშნა, რომ მოლდოვა გარდამავალ პერიოდში იმყოფება და ასევე საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეული კორიდორის როლს თამაშომს, რის გამოც მნიშვნელოვანდ არის დამოკიდებული პარტნიორებზე. მისი თქმით, ევროკავშირთან ინტეგრაცია ქვეყანის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Screenshot 5 5 მოლდოვაზე გერმანელი ჟურნალისტის რეპორტაჟი მანიპულაციურად ვრცელდება

ლანცი ასევე ესაუბრა სოფელ დოროცკაიას სკოლის მასწავლებელს, ელეონორა ჩერკავშის. დოროცკაიას სკოლაში სასწავლო პროცესი ორ სმენად მიმდინარეობს. მეორე სმენაში გაკვეთილებს მოსწავლეები დნესტრისპირეთიდან ესწრებიან. ჩერკავშის საუბრიდან იკვეთება, რომ დნესტრისპირეთის რეგიონში სკოლებში სასწავლო პროგრამაზე რუსულ პროპაგანდას დიდი გავლენა აქვს და ბევრი ისტორიული მოვლენა დამახინჯებულად ისწავლება.

Screenshot 6 6 მოლდოვაზე გერმანელი ჟურნალისტის რეპორტაჟი მანიპულაციურად ვრცელდება

ლანცი ასევე გაესაუბრა მოსწავლეებს, რომლებიც სოფელ დოროცკაიას სკოლაში დნესტრისპირეთიდან დადიან. როგორც ისინი ამბობენ ამ სკოლაში სიარულის მთავარი მიზეზი უკეთესი განათლების მიღებაა, რომელიც მოამავლში მეტ შესაძლებლობას მისცემს. ერთ-ერთმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთის სკოლებში სწავლის შემდეგ მხოლოდ რუსეთში შეძლებს სწავლის გაგრძელებს, მას კი აშშ-ში სურს წასვლა. დანარჩენი მოსწავლეების განწყობაც მსგავია – უკეთესი განათლების მიღების სურვილი, მეტი შესაძლებლობისთვის. 

აღსანიშნავია, რომ რესპონდენტები, რომლებიც დოკუმენტურში მოლდოვის მთავრობის და დასავლეთის მიმართ ყველაზე კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, გაგაუზიის ავტონომიური ტერიტორიული ერთეულიდან არიან, რასაც ფესიბუქზე გავრცელებულ პოსტის აღწერაში ყურადღება არ ეთმობა. გაგაუზიის მოსახლეოების უდიდეს ნაწილს თურქული წარმოშობის მართლმადიდებელი ეთნიკური უმცირესობა გაგაუზები წარმოადგენენ. ლანცთან საუბარში გროზა აღნიშნავს, რომ გაგაუზიის რეგიონი წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდისა და გავლენის სამიზნე იყო და შესაბამისად ამ რეგიონში ყველაზე მეტია პრორუსულად განწყობილი ადამიანი. გროზას თქმით, ომის დაწყების შემდეგ გაგაუზიაში სეპარატისტულმა განწყობებმა კვლავ ძლიერად იჩინა თავი და მოლდოვაში ამ რეგიონის დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრირების პრობლემა არსებობს. გაგაუზიის ერთ-ერთი დასახლების, კოპჩაკის მერი, ოლეგ გარიზანი გერმანელ ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამჟამად რეგიონს ყველაზე მეტად ფინანსურად ევროკავშირის ქვეყნები ეხმარებიან, მეორე ადგილზე თურქეთია, ხოლო მესამეზე – რუსეთი. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომზე კითხვაზე პასუხისას გარიზანმა აღნიშნა, რომ გაგაუზიაში მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად პრორუსულად არის განწყობილი.

Screenshot 10 2 მოლდოვაზე გერმანელი ჟურნალისტის რეპორტაჟი მანიპულაციურად ვრცელდება

  • როგორია მოლდოვის მოსახლეობის განწყობა ბოლო გამოკითხვების თანახმად?

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო ორი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოლდოვაში ევროკავშირთან ურთიერთობა უფრო დადებითადაა შეფასებული, ვიდრე რუსეთთან. 2021 წლის თებერვალ-მარტის გამოკითხვის მიხედვით, მთლიანობაში მოსახლეობის 80% მოლდოვის ევროკავშირთან ურთიერთობას პოზიტიურად აფასებდა (14% – ძალიან კარგი, 66% – გარკვეულწილად კარგი), რუსეთთან ურთიერთობას დადებითად 51% აფასებდა (5% ძალიან კარგი, 46% – გარკვეულწილად კარგი).

ბოლო, 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრის გამოკითხვით, ევროკავშირთან ურთიერთობას დადებითად 82% აფასებს (31% – ძალიან კარგი, 51% – გარკვეულწილად კარგი). აღსანიშნავია, რომ მოლდოვის მოსახლეობა ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირსაც და რუსეთთსაც ფაქტობრივად თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს. 2022 წლის ბოლო გამოკითხვით მოსახლოების 67-67% ევროკავშირსაც და რუსეთსაც მოლდოვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად ასახელებდა. რაც შეეხება პოლიტიკური პარტნიორის მნიშვნელობას, 66% – ევროკავშირს, ხოლო 59% – რუსეთს ასახელებს.

Screenshot 14 2 მოლდოვაზე გერმანელი ჟურნალისტის რეპორტაჟი მანიპულაციურად ვრცელდება
რომელ ქვეყნებს მიიჩნევენ მოლდოვის მოქალაქეები ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად. 2022 წლის ბოლო გამოკითხვა. წყარო: IRI

თუმცა რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, მოსახლოების 63%-ს გაერთიანების წევრობა სურს. (36% ძლიერ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 27% გარკვეულწილად უჭერს მხარს პროცესს)

Screenshot 15 2 მოლდოვაზე გერმანელი ჟურნალისტის რეპორტაჟი მანიპულაციურად ვრცელდება
უჭერენ თუ არა მხარს მოლდოვის მოქალქეები ევროკავშირში გაწევრიანებას. შედეგები ქვეყნის და დედაქალაქის მიხედვით.  წყარო: IRI

რაც შეეხება მოლდოვის საშინაო პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელთან შედარებით ქვეყნის პრეზიდენტის მაია სანდუს და მისი პარტიის მხარდაჭერა შემცირებულია, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან შედარებით სანდუ მაინც ყველაზე მეტი ნდობით, მისი პარტია კი ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

2021 თებერვალ-მარტისა და 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრის გამოკითხვებით, მოსახლოებაში მხარდაჭერის მიხედვით პირველი 5 პარტია ასე ნაწილდება:

2021 2022
პარტია “მოქმედება და სოლიდარობა” – 33% პარტია “მოქმედება და სოლიდარობა” – 24%
მოლდოვის სოციალისტების პარტია – 19% მოლდოვის სოციალისტების პარტია – 15%
პარტია “ჩვენი პარტია” – 6% პარტია “შორი” – 10%
პარტია “შორი” – 5% მოლდოვის კომუნისტების პარტია – 5%
პარტია “ღირსება და სიმართლე” – 5% პარტია “ეროვნული ალტერნატიული მოძრაობა” – 3%

2021 წელს მოსახლეობის 41% ყველაზე სანდო პოლიტიკოსად სანდუს მიიჩნევნდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 26%-მდე შემცირდა, თუმცა სანდოობით ის მაინც პირველ ადგილზე რჩება. 2021 და 2022 წელს მეორე ადგილზე მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონია, ორივე წელს მას მოსახლეობის 19% მიიჩნევდა ყველაზე სანდო პოლიტიკოსად.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ადგილობრივი არასათავრობო ორგანიზაციის WatchDog.MD-ის 2023 წლის აპრილში გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, 43.3% მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობა უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი შეჭრაა, 22% თვლის, რომ რუსეთი დონბასში მოსახლეობას უკრაინის თავდასხმისგან იცავს, 11.4% თვლის, რომ უკრაინაში ქვეყნის ნაცისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს, 1.9% თვლის, რომ რუსეთი ნატო-ს ებრძვის/საკუთარ ინტერესებს იცავს. ომის პროვოცირებაზე პასუხისმგებლობას მოსახლეობის უმეტესობა პუტინსა და რუსეთის ფედერაციას აკისრებს. კითხვაზე, ვის აკისრია ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა უკრაინაში ომის პროვოცირებაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • პუტინი – 22.4%
  • რუსეთის ფედერაცია – 22.0%
  • აშშ – 18.1%
  • უკრაინის ხელმძღვანელობა – 14.2%
  • ნატო – 7.6%
  • ორივე ქვეყანა – 2.3%
  • ევროკავშირი – 1.6%

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-პროფილს Дженни Бурджанадзе-ს და მისი ალტერნატიული პროფილის Jeni Burjanadze-ის მიერ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, მოლდოვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist