13 სექტემბერს ქართულ და რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს 2024 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, მოკრივე იმანე ხელიფის ფოტო, წარწერით: “ის არის ქალებში კრივის ოლიმპიური ჩემპიონი”. ფოტოზე გამოსახული კაცი ხელიფს ჰგავს. რუსულენოვანი ანგარიში იმასაც წერს, რომ ოლიმპიური ჩემპიონი კაცია, რის გამოც, მედლები და პრიზები ჩამოართვეს და სამუდამო დისკვალიფიკაციაც მიიღო.
ფოტო, რომელსაც იმანე ხელიფის ტრანსგენდერობის დასამტკიცებლად აქვეყნებენ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ის თავდაპირეველად სოციალური პლატფორმა X-ის ანგარიშმა გამოაქვეყნა. ამასთანავე, ფოტოზე შესამჩნევია ხარვეზები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ის რეალური არ არის. რეალურ ფოტოსთან შედარებით, სპორტსმენს განსხვავებული სახის ნაკვთები აქვს. რაც შეეხება მისთვის მედლებისა და სხვა პრიზების ჩამორთმევას, მსგავსი ინფორმაციას არსად გავრცელებულა.
აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებ-გვერდებზე 24 აგვისტოდან ვრცელდება. თავდაპირველად ის X-ის ანგარიშმა, MidJourney Prompts-მა გაავრცელა. MidJourney პროგრამაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფოტოებს ქმნის. ანგარიშს აღწერაში მითითებული აქვს, რომ ის AI-ის მიერ შექმნილ ვიზუალურ მასალას აქვეყნებს. ფოტოს აღწერაში დატოვებული ჰეშთეგებიც მიანიშნებს, რომ ფოტოები ხელოვნული ინტელექტის მიერაა შექმნილი. ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოსთან ერთად, X-ის ანგარიში ოლიპმიური ჩემპიონის კიდევ ორ, ასევე ხელოვნური ინტელექტით შექმნილ, ფოტოს აქვეყნებს.
ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოები
მოკრივის ფოტოზე რამდენიმე უზუსტობა შეიმჩნევა. მაგალითად, მის მარჯვნივ მდგომი კაცის მტევნისა და თითების გარჩევა შეუძლებელია, იგივე ხარვეზია ხელიფის მარჯვნივ მდგომი ქალის სახეზეც, ნაკვთები სრულიად არ ჩანს და ფოტოს კუთხეში მისი ტანის სილუეტი დაუსრულებელია. ასევე სპორტსმენის მარცხენა მხართან სხვა ადამიანის ხელი ჩანს, რომელსაც ბარათი უჭირავს, თუმცა თითები არაბუნებრივია და საჩვენებელი თითი დანარჩენი თითებისგან დაშორებულია.
დამუშავების კვალი ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფოტოზე
ოლიმპიური ჩემპიონის AI-ის მიერ შექმნილი და რეალური ფოტოს შედარებით ჩანს, რომ მას განსხვავებული ცხვირისა და ყურის ფორმა აქვს. რეალურად, ხელიფის ცხვირი შედარებით დაწეულია, ყური კი უფრო თხელი და თავთან შედარებით ახლოსაა. ამასთან, ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Open-მა ყურადღება გაამახვილა, რომ ხელიფის ფეხები ნაკლებად ნავარჯიშები და კუნთიანია, ვიდრე ეს AI-ის შექმნილ ფოტოზე ჩნას.
წყარო: Eurosport
წყარო: Open
რაც შეეხება იმანე ხელიფისთვის მედლებისა და პრიზების ჩამორთმევას, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავს ცნობას არც ხელიფი და არც რომელიმე რეპუტაციული მედია არ აქვეყნებს. ინფორმაცია არც ოლიმპიურ კომიტეტს არ გაუვრცელებია.
იმანე ხელიფის გენდერული მიკუთვნებულობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ შეცდომაში შემყვანი ცნობების გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მან იტალიელი სპორტსმენი დაამარცხა, საბოლოოდ კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მალევე ოჯახის წევრებმა და მედიებმა გაავრცელეს ხელიფის ბავშვობის ფოტოები, სადაც მას კაბები აცვია. ორთაბრძოლების შემდეგ ხელიფის შესახებ წერდნენ, რომ ის კაცია. აღნიშნული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” მალევე გადაამოწმა.
ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოები სოციალურ ქსელში სისტემატურად ვრცელდება. ზოგჯერ მათი მიზანი სატირულია, თუმცა დეზინფორმაციის წყაროც ხშირად გამხდარა. “მითების დეტექტორს” აქამდეც არაერთი მსგავსი ფოტო გადაუმოწმებია.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.