მოხდა თუ არა კორონავირუსის იზოლირება და შესაძლოა თუ არა კორონავირუსის არსებობის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

204
VIEWS

2021 წლის 4 თებერვალს Facebook მომხმარებელმა გიორგი დანელიამ ჯგუფში „კორონა მაფია“ იგორ ისაევის რუსულენოვანი პოსტი ქართული თარგმანით გააზიარა. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ კორონავირუსი არ არსებობს, ხოლო Covid-19 გრიპის ახალი სახელია; პოსტის თანახმად, მეცნიერები აღიარებენ, რომ ვირუსის იზოლირება ვერ მოახერხეს, ირლანდიაში კი მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს, რის შედეგადაც ირლანდიამ აღიარა, რომ SARS-CoV-2-ის არსებობის დამადასტურებელი მეცნიერული მტკიცებულებები არ გააჩნია. ამასთანავე, ავტორს პანდემიის არარსებობის დასტურად  შვედეთის 2020 წლის სიკვდილიანობის სტატისტიკა მოჰყავს, სადაც მისი მტკიცებით, შეზღუდვები არ მოქმედებდა, ხოლო PCR ტესტებით ვირუსის დიაგნოზირებას თაღლითობად აფასებს.

გავრცელებული ინფორმაცია Covid-19-ს შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, წყაროები, რომლებსაც პოსტი ეყრდნობა, არასანდოა და კონსპირაციული თეორებისა და დეზინფორმაციის გავრცელებით არის ცნობილი. რეალურად: 1) ვირუსის იზოლირება როგორც ჩინეთში, ასევე აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მოხდა; 2) Covid-19 გრიპის იდენტური ვირუსი არ არის, არამედ დაავადება, რომელსაც SARS-CoV-2-ი იწვევს; 3) ტყუილია, თითქოს ირლანდიის მთავრობამ აღიარა, რომ SARS-CoV-2-ის არსებობის შესახებ მტკიცებულებები არ გააჩნია; 4) შვედეთის სიკვდილიანობის სტატისტიკა არ ამტკიცებს, რომ ვირუსი არ არსებობს; 5) 2020 წელს ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა.   

Covid-19-ის ვირუსის იზოლირება 

აღსანიშნავია, რომ ვირუსის ინფიცირებულისგან იზოლირება შესწავლის მიზნით ვირუსის სუფთა ნიმუშის აღებას ნიშნავს. ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებმა, მათ შორის პირველი ჩინეთში, ვირუსის იზოლირება მოახდინეს.

NBC-ს სიუჟეტში, სადაც ახალი კორონავირუსის წარმოშობის წყაროზე საუბრობენ, ნათქვამია, რომ პირველი კლასტერი ვუჰანის ბაზარს უკავშირდებოდა, თუმცა ჯერ დაუდგენელია, იყო თუ არა ეს ბაზარი ვირუსის პირველწყარო. პოსტში მოყვანილია  ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგის ვუ ზუნიუს ფრაზა – „მათ არ მოახდინეს ვირუსის იზოლირება“, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვირუსი არ არსებობს, აღნიშნული ფრაზა განსხვავებულ კონტექტშია გამოყენებული და რეალურად ვირუსის წარმომავლობაზე სვამს კითხვებს. ვუ ზუნიუს, ასევე ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ვირუსი ჩინეთში უცხოეთიდან არის შეტანილი.

მანამდე, პეკინის უნივერსისტეტმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა 2020 წლის დეკემბერში გამართული პეკინის ფორუმიდან, სადაც  ვუ ზუნიუ ახალ კორონავირუსზე და მის იზოლირებაზე საუბრობს. ზუნიუ აღნიშნავს, რომ ჩინეთმა 2020 წლის 7 იანვარს ვირუსის შტამის იზოლირება და ახალი კორონავირუსის იდენტიფიცირება მოახდინა, ხოლო 12 იანვარს გენეტიკური მიმდევრობა ჯანმოს გაუზიარა. აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია როგორც საწყის ეტაპზე აღებული იზოლირებული ვირუსის სრული გენომი, ასევე მისი განახლებული ვერსია.

მტკიცება, თითქოს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) აღიარა, რომ მას იზოლირებული SARS-CoV-2 ვირუსი არ გააჩნია, სიმართლეს არ შეესაბამება. დოკუმენტი, რომელსაც პოსტი ეყრდნობა, 12 იანვრით თარიღდება და აღნიშნულია, რომ PCR ტესტების კვლევის ჩატარების დროს მათ იზოლირებული SARS-CoV-2 ხელთ არ ჰქონდათ. Reuters-ის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, CDC-ის დოკუმენტში აღწერილი სამეცნიერო პროცესი დამახინჯებულად არის წარმოდგენილი. სინამდვილეში, დოკუმენტი აღწერს, თუ რა გამოიყენებოდა იმ უმცირესი რაოდენობის ვირუსული გენეტიკური მასალის განსასაზღვრად, რომლის გამოვლენაც RT-PCR ტესტს შეეძლო. შესაბამისად, მიზანი PCR ტესტის „სენსიტიურობის“ შეფასება იყო.

2020 წლის 20 იანვარს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა აშშ-ში პირველი გამოვლენილი SARS-CoV-2-ით ინფიცირებული პაციენტისგან კლინიკური ნიმუში მიიღო. 2020 წლის ივნისის სტატიაში ცენტრი ვრცლად აღწერს, თუ როგორ მოხდა SARS-CoV-2-ის იზოლირება და რამდენად მნიშვნელოვანია იზოლირებული ვირუსის არსებობა ვაქცინებისა და ტესტების შესამუშავებლად.

SARS-CoV-2 ვირუსის მიმდევრობა

 ტომას კოვანი, რომლის ინფორმაციასაც პოსტი ეყრდნობა, აღნიშნავს, რომ ვირუსის გენეტიკური მიმდევრობა იზოლირების გარეშე გაკეთდა. თუმცა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მასალაში სრული გენომის შედგენამდე ვირუსის იზოლირების პროცესია აღწერილი. გენეტიკური მიმდევრობის შედგენისას, ნუკლეინის მჟავა სწორედ იზოლირებული ვირუსიდან ამოიღეს.

 მითების დეტექტორი ადრეც წერდა იმის შესახებ, რომ  თომას კოვანი 5G-სა და კორონავირუსის კავშირზე კონსპირაციის თეორიებს ავრცელებდა. ამასთანავე, მისი სამედიცინო საქმიანობა შეზღუდულია, მან  ძუძუს სიმსივნის მქონე პაციენტს არალიცენზირებული მედიკამენტი შესთავაზა, თუმცა არ შეატყობინა, რომ მედიკამენტი  გამოსაყენებლად დამტკიცებული არ იყო.

 აღიარა თუ არა ირლანდიის მთავრობამ, რომ Covid-19 არ არსებობს? 

ირლანდიელი ჟურნალისტის ჯემა ო’დოერტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირლანდიის მთავრობამ აღიარა, რომ ვირუსის არსებობის შესახებ მტკიცებულებები არ გააჩნია, სიმართლეს არ შეესაბამება. ჟურნალისტის თქმით, მან ჯანდაცვის სამსახურისდან ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის საფუძველზე, საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა მტკიცებულებები, რომ SARS-CoV-2 ნამდვილად არსებობის. თუმცა, პასუხად მისწერეს, რომ მის მიერ მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით მათ ორგანიზაციაში შესაბამისი ჩანაწერი  არ ინახებოდა.

The Journal-ი, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა, აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა.  რეალურად ჯანდაცვის სამსახურმა  ჟურნალისტის მოთხოვნა იმიტომ არ დააკმაყოფილა, რომ მათ დაწესებულებაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობდა, რადგან  SARS-CoV-2-ის არსებობა ისედაც ცხადი, მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი იყო; ამასთანავე თავად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ბუნდოვანი იყო, რაც ირლანდიის კანონმდებლობით ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ორი ლეგიტიმური საფუძველია.

;

აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდი Principia Scientific, რომელსაც პოსტი ეყრდნობა და რომელიც ჟურნალისტის ჯემა ო’დოერტის ინფორმაციას ავრცელებს, არასანდო წყაროს წარმოადგენს. Media Bias Fact Check-ი, რომელიც გამოცემების მიკერძოების ხარისხსს ადგენს,  Principia Scientific-ს კონსპირაციულ და ფსევდომეცნიერულ გამოცემას უწოდებს, რომელიც ვაქცინების საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს.

გარდა ამისა, ჯემა ო’დოერტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია Reuteurs-მაც გადაამოწმა. Irish News-ის თანახმად, ო’დოერტი მანამდე ატვირთული ვიდეომასალების მეშვეობით კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებდა და ლგბტ ადამიანების, მუსლიმებისა და ემიგრანტების წინააღმდეგ გამოდიოდა. მისი YouTube არხი „სიძულვილი ენის“ პოლიტიკის დარღვევის გამო დაბლოკეს.

შვედეთის სიკვდილიანობის სტატისტიკა Covid-19-ის არარსებობას არ ამტკიცებს

აღსანიშნავია, რომ პოსტის წყაროდ მითითებული Livejournali-ი  სოციალური მედიისა და პლატფორმის ჰიბრიდია, სადაც მომხმარებლის მიერ გენერირებული მასალის  განთავსებაა შესაძლებელი.

მართალია, რომ შვედეთმა არ მიიღო მკაცრი ზომები და არ დააწესა შეზღუდვები, თუმცა, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ შვედეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს 12-26 და ასევე 45-53 კვირებში სიკვდილიანობა შედარებით გაიზარდა და 2015-2019 წლების საშუალოს გადააჭარბა. ამასთანავე, შვედეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ფინეთში, ნორვეგიასა და დანიაში.

შვედეთის სიკვდილიანობის სტატისტიკა არ წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ ახალი კორონავირუსი არ არსებობს. როგორც “მითების დეტექტორი” ევროპის 27 ქვეყნის სიკვდილიანობის მონიტორინგის (EuroMOMO) პროექტის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, 2018 და 2019 წლებთან შედარებით, 2020 წელს ევროპის ქვეყნებში გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

;
წყარო: EuroMOMO

PCR ტესტების გამოყენება ახალი კორონავირუსის გამოსავლენად

უნდა აღინიშნოს, რომ PCR ტესტები “ოქროს სტანდარტად” არის დადგენილი და ამასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

რაც შეეხება ორიგინალ რუსულენოვან პოსტში ციტირებულ იან დევისის მოსაზრებას PCR ტესტებთან დაკავშირებით, რომლის წყაროდაც Off-Guardian.org არის მითითებული, Media Bias Fact Check-ის მიერ დადგენილია ვებ-საიტის მიკერძოების ხარისხი და აღნიშნულია, რომ Off-Guardian.org-ი როგორც კონსპირაციულ თეორიებს, ასევე რუსულ პროპაგანდას ავრცელებს. ბოლო პერიოდში კი, ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა. მეტიც, Media Bias Fact Check-ის ინფორმაციით, ფაქტების გადამოწმების წარუმატებელი მცდელობა იყო სტატია სათაურით „Covid-19-ის PCR ტესტები მეცნიერულად უაზროა“.

Covid-19 და გრიპი განსხვავებული ვირუსებით გამოწვეული დაავადებებია  

მტკიცება, თითქოს კორონავირუსი გრიპის ახალი სახელია, სიმართლეს არ შეესაბამება და რობერტ ოსვალდს, რომელიც კორნელის უნივერსიტეტის პროფესორია და რომელსაც ინფორმაციის ავტორობა მიაწერეს, მსგავსი რამ არ დაუწერია. ვირუსულად გავრცელებული  ეს ინფორმაცია Politifact-მა გადაამოწმა. თავად ოსვალდმა კორნელის უნივერსიტეტის ვებ-საიტზე აღნიშნა: “COVID-19 რეალურია. ნებისმიერი Facebook პოსტი, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, ტყუილია და არ შეესაბამება სიმართლეს. “

;
წყარო: cornell.edu

ჯონ ჰოპკინსის მედიცინის სკოლის თანახმად, როგორც ახალი კორონავირუსი, ასევე გრიპი გადამდებ რესპირატორულ დაავადებას წარმოადგენს. თუმცა, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. COVID-19 გამოწვეულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2), ხოლო გრიპს გრიპის A და B ვირუსები იწვევს.

ჯანმო-ს ინფორმაციით, COVID-19-თან შედარებით, გრიპს შედარებით ხანმოკლე მედიანური ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან სიმპტომების გაჩენამდე) აქვს. გარდა ამისა, მათ განსხვავება სტრუქტურებშიც აღენიშნებათ. როდესაც კორონავირუსი ერთიანი სპირალის სახით წარმოდგენილი არასეგმენტური რნმ-ით ხასიათდება, აქვს ე. წ. „სპაიკ ცილები“, გრიპის ვირუსი 8 სეგმენტური რნმ-ისგან შედგება და ორი ტიპის კოლაბორაციის ფუნქციის მქონე ზედაპირული პროტეინი აქვს.

;
  წყარო: usatoday 


არქივის ბმულები:
იგორ ისაევის პოსტი
გიორგი დანელიას პოსტი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირლანდია, შვედეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist