3 ოქტომბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Tamazi Odzelashvili მიწისქვაშა ლაბორატორიებში შექმნილი ქიმერების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პოსტის ავტორის თანახმად, სატანისტები მიწისქვეშა ლაბორატორიებში ქიმერებს ქმნიან, კაცობრიობას კი ამის გამო წინ საშინელი სურპრიზები ელის. Პოსტის რუსულენოვან ტექსტში ნათქვამია, რომ მიწისქვეშა ლაბორატორიებში გენეტიკური მუტაციები და ცხოველებისა და ადამიანების უჯრედების შერევა ფარულად მიმდინარეობს. იდენტური ინფორმაცია რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც (1, 2, 3, 4) გაავრცელეს. პოსტებს თან ერთვის ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ იკვებება “ადამიანისა და ცხოველის” კომბინაცია.
ინფორმაცია მიწისქვეშა ლაბორატორიებში ქიმერების შექმნის შესახებ კონსპირაციულია, ხოლო ვიდეოში ნაჩვენები ცხოველი პრიმატების ერთ-ერთი გვარის წარმომადგენელი – ვერცხლისფერი მარმოზეტია.
2021 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეცნიერებმა ისტორიაში პირველად ადამიანის ღეროვანი უჯრედები ექვსი დღის მაკაკას (Macaca fascicularis) ემბრიონებს შეურიეს და ადამიანის და მაიმუნის უჯრედებისგან შემდგარი ემბრიონები შექმნეს. ექსპერიმენტის დროს აღმოჩნდა, რომ ადამიანის უჯრედები მაკაკის 132 ემბრიონში ინტეგრირდნენ. თუმცა ექსპერიმენტიდან ათი დღის შემდეგ – 103, 19 დღის შემდეგ კი მხოლოდ სამი ქიმერა ემბრიონი იყო დარჩენილი, რის შემდეგაც კვლევა შეწყდა.
აღსანიშნავია, ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდების კვლევის მიზანს არა ახალი არსების შექმნა, არამედ რეგენერაციული მედიცინის განვითარება წარმოადგენს და ექსპერიმენტი პასუხს სცემს შეკითხვებს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სხვდასხვა ორგანიზმების უჯრედები და ტრანსპლანტირებადი უჯრედების, ქსოვილების და ორგანოების წარმოების მიმართულებით რა სამეცნიერო სარგებლის მიღება შეიძლება.
გენების ექსპრესიის ექსპერტის, ხუან კარლოს ისპისუა ბელმონტეს თქმით, კვლევა ეთიკურ პრინციპებს ეფუძნებოდა და ექსპერიმენტი გააზრებულად, ყველა არსებული ეთიკური, სამართლებრივი და სოციალური სახელმძღვანელოს ნორმების დაცვით იყო ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტის ფარგლებში ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდები ბლასტოცისტურ სტადიას არ გასცდენია და ზრდასრული ქიმერის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა არ არსებობს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები ცხოველი პრიმატების გვარიდანაა, მისი სახელი ვერცხლისფერი მარმოზეტია (Mico argentatus) და რომელიმე ექსპერიმენტის ფარგლებში შექმნილ ქიმერებთან საერთო არაფერი აქვს. აღსანიშნავია, რომ ანთროპოიდური პრიმატები უმოკლესი სიცოცხლის ხანგრძლივობით, უმაღლესი ნაყოფიერებით და თანამშრომლობითი სოციალური ქცევით გამოირჩევიან, რაც ხელს უწყობს გენეტიკური ქსპერიმენტების მრავალ თაობაში ჩატარებას, თუმცა მარმოზეტების ლაბორატორიებისთვის მიწოდება შეზღუდულია, რამდენადაც საერთაშორისო შეთანხმება გარკვეული ცხოველების ბრაზილიიდან ექსპორტს კრძალავს. ავიაკომპანიების უმრავლესობამ ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მოთხოვით, კვლევითი ცხოველების ტრანსპორტირება შეწყვიტა.
ვიდეოში ასახული ვერცხლისფერი მარმოზეტი იაპონიაში, კუსაცუ ონსენის ზოოპარკში “კუსაცუს ტროპიკული ზონა” არის გადაღებული. ზოოპარკის “იუთუბისა” და “ტიკ ტოკის” პლათფორმებზე “კუსაცუს ტროპიკული ზონის” ბინადარი ცხოველების ვიდეოები მუდმივად ვრცელდება. მათ შორისაა ვერცხლისფერი მარმოზეტის რამდენიმე ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ და რითი იკვებება პრიმატი.
რა ვიცით ვერცხლისფერი მარმოზეტების შესახებ?
მარმოზეტები პლანეტის ყველაზე პატარა პრიმატებს, ცხვირა მაიმუნების (Nasalis larvatus) გვარს მიეკუთვნებიან. გარეგნობითა და შეფერილობით მარმოზეტები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ვერცხლისფერი მარმოზეტები (Mico argentatus) სხვა პრიმატების მსგავსად პერუსა და ეკვადორის ტერიტორიებზე ცხოვრობენ, მათ ასევე ბრაზილიის, ბოლივიისა და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე არსებულ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში შეხვდებით.

მარმოზეტები მაღალ ხეებზე ბინადრობენ და მიწაზე იშვიათად ეშვებიან, რადგან მიწაზე თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. მათ აქვთ ძლიერი, მოქნილი თათები და ბასრი კლანჭები, რომელთა დახმარებითაც ხეებზე ცოცდებიან. მცირე ზომის მიუხედავად მარმოზეტებს დღეში 2 კილომეტრამდე გავლა შეუძლიათ. აღსანიშნავა ისიც, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას მაიმუნები ჩიტებივით ჭიკჭიკებენ და სტვენენ, საფრთხის შემთხვევაში კი მკვეთრი და ხმამაღალი ტირილით აფრთხილებენ სხვებს. მარმოზეტები მწერიჭამია და ბალახისმჭამელი ცხოველები არიან, ისინი ტროპიკული ხილით, ხის წვენით, წვრილი ხერხემლიანებით, ხვლიკებითა და მწერებით იკვებებიან და მცენარეების ფოთლებში დაგროვილ წვიმის წყალს სვამენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.