ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოში არ განთავსდება ნატო-ს წევრი სახელმწიფოს ბაზები, მათ შორის არც თურქეთის. ნატო-ს ფუნქციონირება, მისი პროცედურები და სტრუქტურა არ გულისხმობს ბაზების განთავსებას წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ასეთი სამხედრო სტრუქტურა, როგორც ნატო-ს ჯარები არ არსებობს. ნატო შედგება სამხედრო მართვის სტრუქტურისაგან და ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობებისგან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში და დადგენილი პროცედურების მიხედვით, იწყებს მოქმედებას.
მშვიდობის დროს ყველა ნატოს წევრი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები იმყოფება ამ სახელმწიფოების და არა ნატო-ს მართვის ქვეშ. შესაბამისად, ქვეყნის ნატო-ში გადწევრიანების შემთხვევაში, ნატო-ს წევრებს სუვერენულ (თუნდაც ნატო-ს წევრ) სახელმწიფოში შესვლის არავითარი დამატებითი უფლებები არ ეძლევათ. მეტიც, ნატო-ს ფუძემდებლურ პრინციპს და ფასეულობას ქვეყნების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს.
ნატო-ს მართვის ქვეშ სამხედრო მოქმედებებს, ჯარების გადაადგილებას და სხვა სახელმწიფოში შესვლას გააჩნია მკაცრად გაწერილი პროცედურები და მიმართულია წევრი სახელმწიფოს თავდაცვასა ან სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებაზე. ნატო-ს სამხედრო ოპერაციების დაწყების საფუძველს წარმოადგენს ნატო-ს მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ ერთი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმა ნიშნავს ნატო-ს წინააღმდეგ თავდასხმას და ამ შემთხვევაში ხდება ამ სახელმწიფოს დაცვა. აღსანიშნავია, რომ ყოველი სამხედრო მოქმედების დაწყებას (ნატო-ს ფუძემდებლური დოკუმენტის ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის ამუშავებას) ჭირდება ნატო-ს ყველა წევრის თანხმობა (კონსენსუსის პრინციპი).
მეხუთე მუხლის გამოყენება ნატო-ს ისტორიაში მოხდა მხოლოდ ერთხელ, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელდა აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმა. თავდასხმის შემდეგ, ალიანსი შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ აშშ-ზე, როგორც ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა ნიშნავს მთლიანად ნატო-ზე თავდასხმას და ამის საპასუხოდ დაიწყო სამხედრო ოპერაცია.სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების შემდეგ იწყება კონსულტაციები იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანას, რა კონტრიბუციის შეტანა შეუძლია ოპერაციებში.
ნატო-ს სამხედრო შესაძლებლობების გამოყენება ხდება მხოლოდ თავდაცვის მიზნით – წევრი სახელწმიფოს სუვერენიტეტის მიმართ საფრთხის შემთხვევაში, ამ საფრთხისაგან ქვეყნის დასაცავად. ბალტიის სახელმწიფოების ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ, ამ სახელმწიფოების მოთხოვნის საფუძველზე, ნატო-მ დაიწყო ბალტიის საჰაერო სივრცის დაცვა საჰაერო პატრულირების გზით. ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რადგან ბალტიის სახელმწიფოებს არ გააჩნდათ საკუთარი საჰაერო თავდაცვითი საშუალებები. ეს ოპერაცია ნიშნავს ნატო-ს თვითმფრინავების მიერ ბალტიის ცის 24 საათიან პატრულირებას. ამ ოპერაციაში როტაციის საფუძველზე მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახელმწიფოები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ნატო-ს გააჩნია სამხედრო სტრუქტურა და სამხედრო შესაძლებლობები და არა “ჯარი”;
2. ნატო-ში გაწევრიანება ავტომატურად არ იწვევს ქვეყანაში ჯარების შესვლას;
3. ნატო-ს ჯარები გადაადგილდება და შედის ქვეყანაში მხოლოდ საფრთხის არსებობის შემთხვევაში და ატარებს მხოლოდ თავდაცვით ხასიათს;
4. ყველა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის პრინციპით – ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში.
მითის წყარო:
საქინფორმი, 19 მარტი
“საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში მის ტერიტორიაზე შესაძლოა თურქული ჯარები განთავსდეს, – აღნიშნავს გამოცემა [სომხური ინტერნეტგამოცემა “პანორამა”].
Geworld.ge, 26 მარტი
ალექსანდრე აბდალაძე, არმენოლოგი: “… თუ კი ეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყველაფერთან ერთად თურქეთის სამხედრო ბაზად გადაქცევასაც გვიქადის, მეც, ისევე, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ქართველი, ბუნებრივია, ყოველგვარი ინტეგრაციის წინააღმდეგი ვარ.”
http://geworld.ge/View.php?ArtId=5757