მითები და რეალობა ევროკავშირთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

222222222
57
VIEWS

II ნაწილი: გზისთვის ავტომანქანების ვარგისიანობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების აუცილებლობა

გელა კვაშილავა

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების VI თავი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ამ სფეროში ქართული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია უნდა განახორციელოს.

ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ევროპული 2009/40/EC დირექტივა ადგენს მოთხოვნებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური პარამეტრების და ამ პარამეტრების ტესტირების მეთოდების (ინსტრუმენტული და ორგანოლეპტიკური) მიმართ. ეს პარამეტრებია: ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია, სამუხრუჭო სისტემა, საჭით მართვის სისტემა, ხილვადობა, ელექტრომოწყობილობა, ძარა და მისი ელემენტები, კაბინა, საბურავები, თვლები, ღერძები, დაკიდება, გამონაბოლქვი, ხმაური, დამატებითი მოწყობილობები, კომპლექტაცია და სხვ. ასოცირების ხელშეკრულება ამ პირობების დაუყოვნებლივ აღსრულებას არ ითხოვს და ეს პროცესიც ეტაპობრივადაა გაწერილი. აღნიშნული დირექტივით, ავტობუსებისთვის და სატვირთო ავტომობილებისათვის აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადა – 2 წელი, ხოლო დანარჩენი სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის- 4 წელია.

ყველაზე გავრცელებული მითი ეხება მოსაზრებას, თითქოს თუ ქვეყანაში შემოვიდა ავტომანქანების გზისთვის ვარგისიანობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების აუცილებლობა, ყველა ტიპის ავტომანქანებზე, მათ შორის, მსუბუქზე, საქართველოს მძღოლების დიდ ნაწილს ტრანსპორტის გაჩერება მოუწევს და ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების სფეროში ისევ აღსდგება კორუფცია.

15 წელზე მეტი წლოვანების მანქანები ევროპაშიც და მსოფლიოს სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც გადაადგილდებიან და გადიან ტექშემოწმებას. აქ საუბარია უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დაცვაზე: მუხრუჭი, შუქი და ა.შ. რაც შეეხება ტაქსების თემას, ისინი კომერციულ საქმიანობას ეწევიან და მაშინ, როცა დღეში ასეულობით კილომეტრს გადაადგილდებიან, მათსავე ინტერესშია მგზავრებისა და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ყველა ქვეყანაში, სადაც ადამიანი მანქანას კომერციული მიზნებისთვის იყენებს, ტექნიკურ გამართულობაზე ის პერიოდულად მოწმდება. თუ საქართველოში ტექშემოწმების აღდგენის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა და ტექშემოწმების გადასახადიც დაბალი იქნება, გზებზე ჩვენი უსაფრთხოებაც მეტად დაცული იქნება და ჰაერიც გაუმჯობესდება. გარდა ამისა, გათვალისწინებულია, რომ 1990 წელს გამოშვებული მანქანების შემოწმება 2005 წლის სტანდარტებით არ მოხდება.

საქართველოში, სადაც კორუფცია საპატრულო პოლიციასა და იუსტიციის სამინისტროში აღმოიფხვრა და არსებობს ღია ტენდერების სისტემა, კორუფციის აღმოფხვრა ამ სფეროშიც ადვილია.

ავტომანქანის ტექშემოწმების მიზანი მარტივია: ადამიანი გაუმართავი მანქანის გამო ან ვთქვათ – სიმსივნით არ მოკვდეს. ყველაზე გავრცელებული კონტრარგუმენტი, რომ ტექშემოწმება თითქოს უმუშევრობას გამოიწვევს – საკამათოა, რადგანაც, შეუმოწმებელი ავტომანქანის მძღოლები რისკის ქვეშ მუშაობენ და საფრთხეს უქმნიან მგზავრებს, ფეხით მოსიარულეს და ყველა სხვა დანარჩენს.

ბელორუსიისა და ყაზახეთის მაგალითებმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყნებში ტექდათვალიერების შემოღების შედეგად ტაქსის მომსახურების სერვისი გაუმჯობესდა და ფასებიც იგივე დონეზე დარჩა. ზოგადად, კორუფციის საფრთხე არსებობს ყველა სამსახურში, თუმცა ტექდათვალიერების სფეროში გამჭვირვალე და მარტივი რეგულაციებით და ტექნოლოგიების მეშვეობით ახორციელებენ მის მინიმიზირებას.

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება, რომელიც კანონის 45-ე პრიმა მუხლს ეხებოდა. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2013 წლის პირველ იანვრამდე გზისთვის ვარგისიანობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების (“ტექდათვალიერება”) ჩატარების აუცილებლობას მხოლოდ განსაზღვრული ტვირთამწეობისა და განსაზღვრულ საქმიანობაზე გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ითვალისწინებდა.

აღნიშნული კანონის მუხლის აღსრულებამ რამდენჯერმე გადაიწია: თავდაპირველი ვერსიითავტომანქანების ტექნიკური შემოწმება 2015 წლის პირველი მარტიდან სავალდებულო უნდა გამხდარიყო, თუმცა მთავრობის დადგენილებით, მისი ამოქმედება 2018 წლის იანვრამდე გადავადდა. ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი საზოგადოების ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა და ცვლილებებისთვის მოუმზადებლობა იყო. ამასთან, ხელისუფლების, ექსპერტების და მოქალაქეების ნაწილი ამ საკითხის კომენტირებისას, ერთხმად აღნიშნავენ, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ეწინააღდეგება კანონის აღნიშნული მუხლის ამოქმედებას.

3 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდება, თუმცა მანამდე საჭიროა საზოგადოებრივი აზრის გაგება. “გთავაზობთ, ჩავატაროთ კვლევა და გავიგოთ ხალხის აზრი, რამდენად აწუხებთ მათ ეს საკითხი. ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას აწუხებს. სიმსივნეების და სხვა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის გამონაბოლქვი”, -აღნიშნა მან. მისივე თქმით, ავტოსაზგაო შემთხვევების მთავარი მიზეზები მარჯვენასაჭიანი და გაუმართავი ავტომანქანებია.

მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებებისა, თითქოს საზოგადოება ნეგატიურად არის განწყობილი ამ ცვლილებებისადმი, 2015 წლის აგვისტოში ჩატარებულ NDI კვლევებში განსხვავებული სურათი გამოიკვეთა. შეკითხვაზე –აუცილებელია თუ არა მანქანების ტექნიკური დათვალიერების შემოღება? – გამოკითხულთა 68%-მა თანხმობა განაცხადა. ამ გამოკითხვაში პირველად გამოჩნდა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის თავიანთ ქალაქებში ყველაზე პრობლემატური საკითხები – გარემოს დაბინძურება, გზები, საგზაო მოძრაობა და პარკინგის მოგვარება პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო სისტემის შექმნასთან.

დღეისთვის კანონმდებლობის საფუძველზე, ტესტირება უკვე ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვა-გადაყვანებზე და ქვეყნის შიდა რეგულარულ გადაყვანებზე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვებზე, ასევე, 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებზე.

ტექნიკური შემოწმების აღდგენასთან ერთად, კანონმდებლობის დონეზე შესაძლებელია ახალი და დაბალი წლოვანების მანქანების წახალისება, კერძოდ, შესაძლებელია 4 წლამდე მანქანებს ასეთი შემოწმების გავლა არ დასჭირდეთ, რასაც უამრავი ქვეყნის მაგალითი უჩვენებს, ან კიდევ 4-8 წლამდე მანქანებს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მოუწიოთ შემოწმება. მეორე მიმართულებაა ახალგაზრდა მანქანების – 1-7 წლამდე მანქანების – იმპორტის დაბეგვრის რეჟიმის ხელშეწყობა და დღეს არსებული პრაქტიკის შეცვლა.

საქართველოში ავტოავარიების დიდი ნაწილი გამოწვეულია გაუმართავი პირადი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუმცა ამ მიმართულებით ჯერჯერობით სტატისტიკური მონაცემების შეგროვება არ ხორციელდება, რაც ასევე ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. საქართველომ, პირველ რიგში,უნდა დაარეგისტრიროს ქვეყანაში არსებული მილიონზე მეტი არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და უბრალოდ აღრიცხოს მათი ტექნიკური მდგომარეობა, რადგან მსოფლიოში, ალბათ, არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც ტექშემოწმება აუცილებელი არ არის გარკვეული პერიოდულობით, თუმცა ზოგ ადგილებში კორუფციის გამო მას დაბალი ეფექტი აქვს.

ტექშემოწმება საჭიროა ორი მარტივი მიზეზის გამო:

  •  1 ფაქტორი: გზებზე ელემენტარული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამკუთხით საქართველოში საგანგაშო ვითარებაა: ყოველწლიურად ევროპულ ქვეყნებთან შედარებით 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 5-ჯერ მეტია ადამიანი იღუპება, 7000 მეტი ადამიანი იღებს ტრავმას, ავარია ახალგაზრდების გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მანქანა, ინფრასტრუქტურა და ადამიანი, ამ სამი ელემენტიდან ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ავტოპარკში, რადგან ავტოტრანსპორტის 73% 15 წელზე მეტი ასაკისაა და ტრანსპორტის რაოდეონობა ყოველ წელს საშუალოდ 80 ათასით მატულობს.
  •  მე-2 ფაქტორი: ტრანსპორტის გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირება. საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. მისი წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს. კვლევით დადგენილია, იმ ქალაქებში, სადაც ჰაერი დაბინძურებულია, სიკვდილიანობა 15-20%-ით მაღალია. სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო და, იმავდროულად, ეფექტური პერიოდული ტექდათვალიერების ამოქმედებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არსებული საავტომობილო პარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და, შესაბამისად, მავნე გამონაბოლქვის შემცირებაც.

ყველასთვის ცხადია,რომ საქართველოს მასშტაბით, როგორც ქალაქის შიგნით, ისე ქალაქებს შორის, ტაქსების საქმიანობას დარეგულირება და მოწესრიგება სჭირდება, შედეგად მძღოლები ნორმალურ ტაქსოპარკებში დასაქმდებიან, რაც ამ კუთხით ბიზნესის გაუმჯობესებას და კონკურენციას შეუწყობს ხელს, რადგან ყველასთვის ნათელი იქნება ინვესტირების წესები და კონკურენციის პირობებში ფასები ისევ დაბალ ნიშნულზე დარჩება. ტექშემოწმება შესაძლებელია ტრანსპორტის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე მასტიმულირებელი გახდეს და კიდევ უფრო წაახალისოს მცირე ბიზნესის ეს სექტორი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების შესახებ სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში უკვე მომზადებულია კანონმდებლობა, საზოგადოება მზად არის ამ პროცესის დასაწყებად, საჭიროა მხოლოდ ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების და ბიზნესის მხრიდან ყველასთვის ადვილად აღსაქმელი პოლიტიკის ჩამოყალიბება და პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოში ავტოპარკის განახლება და ტექნიკური შემოწმების აღდგენა ერთ დღეში არ მოხდება, თუმცა, მათი აზრით, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დღესვე უნდა დაიწყოს, თორემ 5 წლის შემდეგ ქვეყანა მიიღებს 1,5 მილიონ ნახევარ გაუმართავ მანქანას, რომელსაც არა მარტო ქვეყნის შიგნით, გარეთაც გადაადგილების პრობლემები შეექმნება.

 

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist