2 სექტემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა Davit Tordia, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერ გვერდს “ლიდერი 41” მართავს, გაავრცელა ჟურნალ “ეკონომისტის” გარეკანი, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კარიკატურაა გამოსახული. გარეკანზე თურქული წარწერა “ექსპორტის მარშრუტი” ჩანს, ყოფილი პრეზიდენტი კი ვარდისფერი ჰალსტუხითა და წინდებით ამავე ფერის ველოსიპენდზე ზის. პოსტზე გამოხმაურების მიხედვით, ადამიანები აღიქვამენ, რომ გამოცემის გარეკანი რეალურია. ასევე აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ გარეკანს სახელისუფლებო ექსპერტი გია აბაშიძე სხვადასხვა საჯარო ჯგუფში აზიარებს.
თურქული გამოცემა “ეკონომისტის” გარეკანი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილია გამოსახული, გაყალბებულია. გამოცემის 2023 წლის აგვისტოს აღნიშნული ნომრის გარეკანზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კარიკატურა არ არის და მის ადგილას დედამიწის ილუსტრაციაა.
“ეკონომისტი” თურქულენოვანი ყოველკვირეული გამოცემაა, რომელიც პოლიტიკის, ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე მუშაობს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე თარიღია დატანილი და ჩანს, რომ ის 2023 წლის აგვისტოს თვის, 6-დან 19 აგვისტომდე კვირის ნომერია. გამოცემის ანალოგიურ პერიოდში გამოშვებული ნომერიც თურქეთის ეკონომიკას ეთმობა და მასში განხილული საკითხები რამდენიმე სათაურადაა დაყოფილი, ესენია: ვინც ბიზნესში კვალს ტოვებს, ფინანსური დერეფანი, მიგრაციულ ქალაქებში საცხოვრებლებზე მოთხოვნა გაიზარდა, მარკეტინგული კომუნიკაცია, საგადასახადო დღის წესრიგი, საკითხები სპეციალურად ინვესტორებისთვის და ა.შ. “ეკონომისტის” გასული წლის აგვისტოს ნომერში საქართველოს შესახებ არაფერს წერენ და მათ არც მიხეილ სააკაშვილის ილუსტრაცია გამოუყენებიათ ნომრის გარეკანზე.
წყარო: Magzter
სოციალურ ქსელში გავრცელებული თურქული “ეკონომისტის” რეალურ გარეკანზე არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კარიკატურა, არამედ იმავე ადგილას დედამიწა და ტვირთვის გადაზიდვაა ნაჩვენები.
სხვადასხვა გამოცემის ყალბი გარეკანების გავრცელება პროპაგანდის ნაცნობი ხერხია. მსგავსი ვიზუალური მასალა სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება და ისინი “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა.
წყაროს შესახებ:
დავით თორდია მმართველი პარტია “ქართული ოცნებია” მხარდამჭერია და მათთან დაკავშირებულ გვერდის “ლიდერი 41”-ს მართავს. საქმიანობის პარალელურად, ის სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციებისა თუ ვიზუალური მასალის გავრცელებით გამოირჩევა.
არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.