19 და 20 სექტემბერს სოციალურ ქსელში მიტროპოლიტი იობის სახელით გავრცელდა ციტატა (1,2,3,4), რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილისა და ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების შესახებ საუბრობს. გავრცელებული პოსტის თანახმად, მიტროპოლიტმა იობმა თქვა: “მან პირდაპირ ჩამოიხსნა ნიღაბი და გამოავლინა ბოლომდე მისი ძრახვები და სახე ამდენი წლის შემდეგ! ის ქართველები, ვინც ჩვენს ქვეყანას რუსებთან ომის დაწყებაში დაადანაშაულებს, დაწყევლილი იქნება სამუდამოდ”.
ამავე თემაზე 18 სექტემბერს ფეისბუკ ანგარიშებმა “ერთად საქართველოსთვის” და “ბრძოლა თავისუფლებისთვის” (1,2), 20 სექტემბერს კი ანონიმურმა ანგარიშმა “გურამი ღავთაძე” გაავრცელეს (1,2) ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის შემდეგი ციტატა: “რა ბოდიში? ვის უნდა მოუხადოთ ბოდიში? ბოდიში აქეთ აქვთ მოსახდელი ეთნო-წმენდის, ქალების და ბავშვების გაეპატიურების და იმ საშინელების გამო რაც გაგვიკეთეს”.
მეუფე ნიკოლოზისა და მიტროპოლიტი იობის განცხადებები ოსებისთვის ბოდიშის მოხდისა და რუსეთთან ომის დაწყების შესახებ გაყალბებულია. მათ ამ თემაზე არც ქადაგების დროს და არც ჟურნალისტებთან არ უსაუბრიათ. ციტატების ნამდვილობა “მითების დეტექტორთან” უარყვეს როგორც მიტროპოლიტმა იობმა, ასევე მეუფე ნიკოლოზმა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ორივე ფოტოზე, რომელსაც თან ციტატა ახლავს, რომელიმე მედიის ან საინფორმაციო სააგენტოს ლოგო არ აღინიშნება. ეს ორივე ციტატა გამოგონილია და ისინი მედიასაშუალებების ვებ-საიტებზე და სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.
“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით,ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს დაუკავშირდა. მიტროპოლიტმა სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ კომენტარი ამ თემაზე მას საერთოდ არ გაუკეთებია და სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. “მითების დეტექტორთან” იგივე გაიმეორა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა. მიტროპოლიტ იობის თანხმად, მას რუსებთან ომის დაწყების შესახებ არც ქადაგებებში და არც ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.
14 სექტემბერს, ბიძინა ივანიშვილი, გორში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა: “ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.
ყალბი ციტატები სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება. მათ შორის, სასულიერო პირების სახელით. “მითების დეტექტორმა” მეუფე ნიკოლოზის და მიტროპოლიტი იობის სახელით გავრცელებული ყალბი განცხადებები წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ხელისუფლების “აფიორაზე” მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება
- სტალინსა და წმინდა გიორგიზე მიტროპოლიტი იობის გაყალბებული ციტატა ვრცელდება
წყაროების შესახებ
ფეისბუქ-ანგარიშები ,,ერთად საქართველოსთვის” და ,,ბრძოლა თავისუფლებისთვის” სოციალურ ქსელში იდენტურ ფოტოებს აზიარებენ. მათ პროფილებზე არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ოპოზიციური ალიანსის ,,ძალა ერთობაშიას” წევრები არიან. წარსულში ორივე ანგარიშმა გაავრცელა დავით სერგეენკოს ყალბი ციტატა, რაც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. აღნიშნული ანგარიშების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ეხებოდა სხვა პირების სახელით გაყალბებულ განცხადებებსაც.
რაც შეეხება ანონიმურ ფეისბუკ ანგარიშს სახელწოდებით “გურამი ღავთაძე”, ის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია და პარტიის მხარდამჭერ პოსტებს როგორც ფეისბუკის პირად გვერდზე, ასევე ჯგუფებში: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და გავერთიანდეთ მტრის წინააღმდეგ და მიშასეული წინსვლის დასაბრუნებლად! ავრცელებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.