25 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “„ეროვნული ამბები – National News“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სოციალურ ქსელში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას განცხადება გავრცელდა. “ეროვნული ამბების” მიხედვით, ქარდავა ტვ პირველზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც პოლიციელების მხრიდან შშმ პირის ცემას ასახავდა და ეს ფაქტი დაგმო. პოსტში ქარდავას შემდეგი ციტატაა მოყვანილი: “პოლიციელები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს უნდა იცავდნენ, ჩვენ და ჩვენს შვილებს – ხელით ეხებიან! ვგმობ ყოველნაირ ძალადობას! დიქტატურა უნდა დასრულდეს.” პოსტს კომენტარებში თავად ქარდავას მიმართ, რომელიც სასჯელს ძალადობრივი დანაშაულებისთვის, მათ შორის წამებისა და წამების ორგანიზებისთვის იხდის, მის მიმართ ნეგატიური კომენტარები მოჰყვა.
მეგის ქარდავას ციტატა გაყალბებულია. პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემის შესახებ მეგის ქარდავას მიერ გაკეთებული ეს განცხადება მეგის ქარდავას ფეისბუქ ანგარიშზე არ გამოქვეყნებულა და არც სხვა ღია წყაროებში იძებნება.
მეგის ქარდავას ფეისბუქ ანგარიშზე, სადაც მისი მოსაზრებები ხშირად ქვეყნდება, 24 იანვარს გასაჯაროებული კადრების შესახებ განცხადება არ გამოქვეყნებულა. ანგარიშზე ამ დროისთვის ბოლო პოსტი 24 იანვარსაა დადებული, თუმცა ის არა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას, არამედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას ეხება.
ამას გარდა, ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეგის ქარდავამ 24 იანვარს გავრცელებული კადრების შესახებ “ეროვნული ამბების” მიერ გამოქვეყნებული ციტატის იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა.
24 იანვარს პოლიციელების მიერ მეტროში შშმ არასრულწლოვანის ცემის კადრები გავრცელდა.
სოციალურ ქსელში მეგის ქარდავას სახელსა და ფოტოს კიდევ ერთი ანგარიში იყენებს. ანგარიშის სამუშაო ადგილად საქართველოს თავდაცვის სამინისტროა მითითებული.
ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ერთადერთი პოსტი 2013 წლის 17 აპრილით თარიღდება. პოსტში მეგის ქარდავა წერს, რომ ის რეალურად ქალია და მისი სახელია მეგი. ქარდავას მიხედვით, ის ქალად მას შემდეგ გადაიქცა, რაც ვანო მერაბიშვილმა და მიშა სააკაშვილმა “მანდილი ჩამოახიეს.”
პოსტის დაწერის ადგილმდებარეობად ვენის აეროპორტია მითითებული.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ გვერდი “ეროვნული ამბები” 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის 16 აგვისტოს შეიქმნა და საინფორმაციო მედიად პოზიციონირებს. გვერდი როგორც საინფორმაციო მედია პოზიციონირებს, რისი დემონსტრირებისთვისაც ჩვენს შესახებ განყოფილებაში მას nationalnews.ge-ის ვებ გვერიდ აქვს მითითებული. ვებზე ბოლო ინფორმაცია ფეისბუკის შექმნის მეორე დღეს, 2021 წლის 17 აგვისტოს არის განთავსებული და საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტს შეეხება. თუმცა ბმულზე გადასვლის დროს ირკვევა, რომ მასალა მხოლოდ სათაურს და ვაშლატამას ფოტოს შეიცავს. ეს ყოველივე კი იმაზე მიუთითებს, რომ “ეროვნული ამბები”, რომელიც საინფორმაციო გვერდად პოზიციონირებს, ცდილობს ფეისბუკის გამჭვირვალობის წესებს მოერგოს და სიმულაციური საინფორმაციო პორტალის url ბმულს ამ მიზნით იყენებს, სადაც რეალურად ინფორმაციის არც განახლება არც მომზადება და გავრცელება ხდება.
ფეისბუქ გვერდი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ”მესამე ძალის” ლიდერის გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ პოსტებს ასპონსორებს.
გვერდის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.