როგორ გააშუქა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ საქართველოში “აგენტების კანონის” მიღება

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

აგენტების კანონი
95
VIEWS

მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტის მასობრივი აქციების შედეგად “ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო, 2024 წლის 3 აპრილს, მმართველმა პარტიამ აღნიშნული ხელახლა დააინიცირა, რაც იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ ხელახლა დაინიცირებულ კანონპროექტს კვლავ მასშტაბური პროტესტი და გამოსვლები, ხელისუფლების მხრიდან კი, აქციების ძალადობრივი დაშლა მოჰყვა, პარლამენტმა კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” სამი მოსმენით მაინც მიიღო და პრეზიდენტის ვეტოც დაძლია. 

იმ ფონზე, როცა საერთაშორისო საზოგადოების სხვადასხვა წევრები, მათ შორის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები აქტიურად მოუწოდებნენ ხელისუფლებას, არ მიეღო აღნიშნული კანონპროექტი, რადგან ის მისი სულისკვეთებით წარმოადგენდა რუსეთში არსებული “უცხოური აგენტების” შესახებ კანონის ანალოგს, ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიულ პრინციპებსა და ნორმებს და საფრთხის ქვეშ აყენებდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს, კრემლი, მისი სატელიტი მედია საშუალებები და აქტორები აქტიურად აკვირდებოდნენ და აშუქებდნენ საქართველოში ხელახლა დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების პროცესებს, აქებდნენ საქართველოს მთავრობას, აფასებდნენ აღნიშნულ ფაქტს, როგორც  “გაბედულ ნაბიჯს” და “ქართულ ოცნებას” ეროვნული ინტერესების დასაცავად გამძლეობას უსურვებდნენ.

rogor gaashuqa rusulma propagandistulma mediam saqarthveloshi agentebis kanonis migheba როგორ გააშუქა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ საქართველოში “აგენტების კანონის” მიღება

სტატიაში მიმოვიხილავთ, თუ რა გზავნილები ვრცელდებოდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში საქართველოში დაინიცირებული კანონპროექტის შესახებ და ვინ იყვნენ ის აქტორები, რომლებსაც კრემლის მედია ამ გზავნილების გასავრცელებლად ციტირებდა.

კონკრეტულად, რუსულ მედიაში გამოიკვეთა რამდენიმე მთავარი გზავნილი, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა რუსი და ქართველი ექსპერტები ავრცელებდნენ:

  • საქართველოში დაინიცირებული კანონპროექტი რუსული არ არის, მსგავსი კანონი მოქმედებს ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში;
  • ქართული კანონპროექტი ბევრად უფრო ლოიალურია, ვიდრე სხვა (დასავლურ) ქვეყნებში მოქმედი მსგავსი კანონები;
  • დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით ორმაგ სტანდარტებით მოქმედებს;
  • დასავლეთი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში;
  • ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს მაიდანიზაციას გეგმავენ, ხოლო კანონი მათ ხელს შეუშლით ამ გეგმის განხორციელებაში;
  • “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველია;

აღნიშნული გზავნილებით, ქართველი, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ექსპერტებიდან რუსულ მედიაში ციტირებდნენ შოთა აფხაიძეს, ვლადიმერ ხომერიკს, პეტრე მამრაძეს, ლალი მოროშკინას და არჩილ სიხარულიძეს.

სხვა კანონებთან/კანონპროექტებთან ანალოგია

მმართველი პარტიის მიერ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებისთანავე რუსულ მედიებში გამოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის კომენტარი, რომელმაც უარყო მტკიცება, თითქოს საქართველოში მიმდინარე კანონპროექტის განხილვა “რუსული პროექტია” და აღნიშნა, რომ აგენტებთან ბრძოლის სისტემა პირველად აშშ-მა შეიმუშავა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ უკვე თითქმის ყველა ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, ებრძოლოს მათ, ვინც არის უცხო სახელმწიფოს აგენტი, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ. მოგვიანებით პესკოვმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ გახმაურებულ კანონპროექტს „რუსული“ არ უნდა ეწოდოს, რადგან ყველა ქვეყანა ამა თუ იმ ხარისხით ატარებს მსგავს ზომებს.

rogor gaashuqa rusulma propagandistulma mediam saqarthveloshi agentebis kanonis migheba1 როგორ გააშუქა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ საქართველოში “აგენტების კანონის” მიღება

აღსანიშნავია, რომ კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებების პარალელურად, პერიოდულად რუსულ პროპაგანდისტულ მედიებში სხვადასხვა ექსპერტები მსგავსი შინაარსის გზავნილებს ავრცელებდნენ, პარალელს ავლებდნენ საქართველოში დაინიცირებულ კანონპროექტსა და დასავლურ ქვეყნებში მოქმედ კანონებს შორის და ამყარებდნენ მოსაზრებას, რომ კანონი რუსული არ არის. მაგალითად, მსგავსი მოსაზრება გააჟღერა რუსულ გამოცემა იზვესტიასთან საუბრისას პოლიტოლოგმა, კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის დამფუძნებელმა და კრემლის პროპაგანდისტმა, რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის ექსპერტმა, შოთა აფხაიძემ. აფხაიძის თქმით, იგივე ნორმები მოქმედებს აშშ-ში, კანადაში, ისრაელში და ბევრ სხვა ქვეყანაში, ყველა ნორმალური, სუვერენული სახელმწიფო ცდილობს დაიცვას თავისი სივრცე გარე გავლენისგან, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. აფხაიძის მსგავსად, “რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის” პრეზიდენტმა, ვლადიმერ ხომერიკმა,  რუსულ “პრავდასთან” საუბრისას თქვა რომ საქართველოში დაინიცირებული კანონპროექტი არ არის რუსული და რომ მისი მსგავსი კანონები ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში უკვე მოქმედებს ან დაინიცირებულია.

რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში ასევე აქტიურად გავრცელდა მტკიცება, რომ საქართველოს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ბევრად უფრო რბილი და ლოიალურია, ვიდრე სხვა ქვეყნებში მოქმედი მსგავსი კანონები. ასეთი მტკიცება გაავრცელეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა და სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ. აღსანიშნავია, რომ ლავროვთან და ზახაროვასთან ერთად იმავეს ამტკიცებდა “მირ 24”-თან ეთერში პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა, რომელიც ხშირად პრო-სახელისუფლებო გზავნილებსაც ავრცელებს. მოროშკინას თქმით, საქართველოში დაინიცირებული და მიღებული კანონი ბევრად უფრო ლიბერალურია, ბევრად უფრო რბილი, ვიდრე მისი ევროპული და ამერიკული ანალოგები.

rogor gaashuqa rusulma propagandistulma mediam saqarthveloshi agentebis kanonis migheba2 როგორ გააშუქა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ საქართველოში “აგენტების კანონის” მიღება

საქართველოში კანონპროექტის განხილვის მიმდინარეობის პარალელურად, ზემოაღნიშნული გზავნილები პერიოდულად მეორდებოდა სხვადასხვა ექსპერტების მიერ ისეთ პროპაგანდისტულ მედიებში, როგორებიცაა რუსეთის პირველი არხი, „როსია 24“, „რაშა თუდეი“ და სხვები (1, 2, 3, 4).

დასავლეთი საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს

რუსულ მედიაში, ასევე, გაჟღერდა გზავნილები, რომლებიც დასავლეთს საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნული ნარატივების მიხედვით, ის რაც ამერიკელებისთვის და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის ნებადართულია, სხვებისთვის დაუშვებელია. მაგალითად, დასავლეთის ყველა ქვეყანას აქვს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომელთა მიზანიც ქვეყნის დაცვაა არადემოკრატიული სამყაროს გავლენისგან, თუმცა საქართველოსთვის მსგავსი კანონის მიღება არ შეიძლება, რადგან ის გაართულებს დასავლეთის გავლენის გავრცელებას.

დასავლეთი უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის კონტექსტში დასავლეთის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს შორის რუსულ მედიაში, აგრეთვე, გამოიკვეთა გზავნილები, რომლებმაც დასავლეთის ქვეყნები საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა. ამ კუთხით, აღსანიშნავია რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები. თავის ერთ-ერთ განცხადებაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დიმიტრი პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ “უცხოური აგენტების” კანონთან დაკავშირებული ვითარება ქვეყნის აბსოლუტურად საშინაო საქმეა, რაშიც რუსეთს არანაირად არ სურს ჩაერიოს, თუმცა ხედავს საკმაოდ ღია და დაუფარავ ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეებში საზღარგარეთიდან. ამის მაგალითად პესკოვმა დასავლეთის მხრიდან სანქციებით მუქარა დაასახელა. იგივეს ამტკიცებდა მარია ზახაროვა, რომელმაც საქართველოში “უცხოური აგენტების” შესახებ კანონის მიღებაზე დასავლეთის ქვეყნების რეაქციას სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში სხვა ქვეყნების აბსოლუტური, ასპროცენტიანი ჩარევა უწოდა.

rogor gaashuqa rusulma propagandistulma mediam saqarthveloshi agentebis kanonis migheba3 როგორ გააშუქა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ საქართველოში “აგენტების კანონის” მიღება

მსგავსი გზავნილები კრემლის ოფიციალურ პირებთან ერთად რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გაავრცელეს ქართველმა, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერმა ექსპერტებმაც, მათ შორის პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემ და პეტრე მამრაძემ “იზვესტიასთან” საუბარში.

ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს მაიდანიზაციას გეგმავენ

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული ნარატივი, რომელიც რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონთან დაკავშირებით გვხვდება, საქართველოს მაიდანიზაციის მცდელობაში ვაშინგტონსა და ბრიუსელს ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდება თავის განცხადებაში გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ და უსაფრთხოების საბჭოს წევრმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელიც შემდგომ რუსულმა მედიამ აქტიურად გააშუქა. ვოლოდინის მტკიცებით ვაშინგტონს და ბრიუსელს საქართველოში ხელისუფლების ჩამოგდება აქვს გადაწყვეტილი. მისივე ვარაუდით, [აგენტების] კანონის მიღებამ შეიძლება ჩაშალოს ეს გეგმები. 

მსგავსი ბრალდებები სხვადასხვა პერიოდში კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა. აღნიშნული ბრალდებებით, ერთის მხრივ, ოპოზიციას ესხმოდნენ თავს და ამტკიცებდნენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტები ცდილობდნენ თბილისის ქუჩებში თავიანთი მაიდანის დაორგანიზებას, მეორეს მხრივ კი, აშშ-სა და ევროკავშირს სდებდნენ ბრალს, თითქოს ისინი თავისი აგენტების მეშვეობით საქართველოში გადატრიალებას ამზადებდნენ. 

rogor gaashuqa rusulma propagandistulma mediam saqarthveloshi agentebis kanonis migheba4 როგორ გააშუქა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ საქართველოში “აგენტების კანონის” მიღება

რუსულმა გამოცემა “პრავდამ”, ვლადიმერ ხომერიკზე დაყრდნობით, კონსპირაციის თეორიაც კი გაავრცელა, თითქოს ასობით ქართველი ახალგაზრდა პოლონეთში და სხვა ახლომდებარე უცხო ქვეყნებში სპეციალურად წაიყვანეს, რათა მოემზადებინათ ისინი ამ დემონსტრაციებისთვის [“აგენტების კანონის” წინააღმდეგ] და ესწავლებინათ, როგორ ემოქმედათ, რაც საბოლოო ჯამში ესკალაციისთვის, პრორევოლუციური სიტუაციის შესაქმნელად იყო გამიზნული. 

ზემოაღნიშნულ ბრალდებებთან ერთად, კრემლის მედია საშუალებები ავითარებდნენ მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებით საქართველოს მთავრობას სწორედ ქვეყნის მაიდანიზაციის აღკვეთა სურს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების საფუძველია

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული გზავნილი, რომელიც რუსულ მედიებში გვხვდება, ამტკიცებს, რომ უცხოური გავლენის შეზღუდვის რეგულირება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნების ერთ-ერთი საფუძველია. მსგავსი განცხადება ვიაჩესლავ ვოლოდინმა გააკეთა. მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აიკრძალოს გარე ჩარევა შიდა საქმეებში. იგივე ნარატივი გაავრცელა “იზვესტიასთან” საუბარში ქართველმა პოლიტოლოგმა, პეტრე მამრაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების გასაჯაროება, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო შეიძლება გახდეს ჭეშმარიტად სუვერენული. აღსანიშნავია, ასევე, კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის კომენტარიც, რომელმაც საქართველოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას თქვა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო გახდა, რომ ქვეყანა გლობალისტებზე დამოკიდებული აღარ არის და სუვერენული განვითარების ახალ გზას დაადგა.

რუსულ მედიაში ზემოაღნიშნული გზავნილების გავრცელების პარალელურად, სოციალურ ქსელებსა და ქართულ მედიაში ვხვდებოდით დეზინფორმაციას, რომელიც ე.წ. “აგენტების კანონს” და მის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს შეეხებოდა. “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა ის მანიპულაციური მტკიცებებიც, რომლის მიხედვითაც საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი სხვა ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთში, აშშ-სა და ევროკავშირში მიღებული კანონების მსგავსი იყო.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist