მართლმადიდებელი ეკლესია და სეკულარიზმი

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

82
VIEWS

ტერმინი სეკულარიზმი (ლათ. Secularis) ძალიან ხშირად ცალსახად უარყოფითად აღიქმება და ათეიზმთანაც იგივდება ხოლმე, რაც რა თქმა უნდა, სიმართლე არაა. 

ფობიებისგან თავის ასარიდებლად აუცილებელია ერთმანეთისგან ორი რამ გავმიჯნოთ: 

  1. ინსტიტუციონალური სეკულარიზმი 
  2. და მსოფლმხედველობითი (ღირებულებითი) სეკულარიზმი. 

პირველი ეკლესიისა და სახელმწიფოს ინსტიტუციონალურ განცალკევებას გულისხმობს, რომ ერთის ლეგიტიმაცია მეორეზე დამოკიდებული არაა და რომ თითოეული მათგანის მოქმედების პრინციპი დამოუკიდებელია, ავტონომიურია. რაც შეეხება მსოფლმხედველობით (ღირებულებით) სეკულარიზმს, ამგვარი იდეოლოგიის მქონე ადამიანები მიიჩნევენ, რომ ცალკეულ რელიგიურ ინსტიტუტებს და ზოგადად ღმერთისადმი რწმენას, საზოგადოებისთვის ცალსახად ნეგატიური შედეგი მოჰქონდა და შესაბამისად თვლიან, რომ საჯარო სივრცეში ეკლესიაზე და ზოგადად რელიგიაზე საუბარი, არ უნდა მიმდინარეობდეს.

თანამედროვე განვითარებულ სამყაროში, რომელშიც ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებაა, შეუძლებელია კონფენსიური სახელმწიფო არსებობდეს, შესაბამისად, აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, რომ ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისგან სრულიად  გაიმიჯნონ. პირდაპირ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ინსტიტუციური სეკულარიზმის იდეა ქრისტიანულ მრწამსს საერთოდ არ ეწინააღმდეგება, პირიქით  და ამის დასადასტურებლად არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. უპირველესი თავად ქრისტეს ცნობილი ფრაზაა: 

,,მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა’’ (მთ. 22, 21). 

მიდგომა საკმაოდ მარტივია, კეისარი და სახელმწიფო მმართველობა მიწიერი წესრიგის დამყარებისკენ იღწვის, მაშინ როდესაც უფალი მორწმუნეებს სულიერი სრულყოფისკენ მოუწოდებს, შესაბამისად ბუნებრივია, რომ ეს ორი სფერო ინსტიტუციონალურად საერთოდ გამიჯნული იყოს ერთმანეთისგან. აღსანიშნავია იესოს სხვა ფრაზაც: 

,,ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური.’’ ( იოან. 18, 36).

როგორც უკვე ვახსენეთ, რომის იმპერიაში ინსტიტუციური სეკულარიზმი არ არსებობდა და იმპერატორი საერო ხელისუფლების გარდა რელიგიური სისტემის მმართველიც იყო, ქურუმები კი სახელმწიფო მოხელეები. შესაბამისად ბუნებრივია, რომ იმპერიაში იმპერატორი, რომელიც უკვე იყო Pontifex maximus (უზენაესი ქურუმი), ღმერთადაც გამოაცხადდა და მისი კულტისადმი მსახურება ყველასთვის სავალდებულო გახდა. ამ გადმოსახედიდან რელიგიურ და პოლიტიკურ  დისიდენტობას შორის განსხვავება არ არსებობდა. სწორედ ეს გახდა პირველი ქრისტიანების დევნის მიზეზი, მათ უმთავრესად იმის გამო კი არ ავიწროებდნენ, რომ ქრისტე სწამდათ, არამედ იმიტომ, რომ უარს ამბობდნენ იმპერატორისადმი მიძღვნილ რიტუალში მონაწილეობაზე, რაც რელიგიურთან ერთად სახელმწიფო დანაშაულიც იყო. სწორედ ამის გამო იყო, რომ ,,ქრისტიანი აპოლოგეტები არისტიდე ათენელი, წმინდა იუსტინე მოწამე, ტერტულიანე და სხ. სამართლებრივი სახელმწიფოს სახელით ითხოვდნენ რელიგიურისა და საეროს განცალკევებას, რელიგიური და სისხლის სამართლის ერთმანეთისგან გათიშვას. ამ თვალსაზრისით, ქრისტიანი აპოლოგეტები ინსტიტუციონალური სეკულარიზმის მომხრეები იყვნენ.’’

ვახსენეთ ეკლესიისა და სახელმწიფოს ინსტიტუციონალური გამიჯვნა და ისიც დავძინეთ, რომ ამის მიუხედავად მათ საზიარო ღირებულებები შეიძლება ჰქონდეთ, რომელთა დაცვა და მოფრთხილებაც უმთავრეს დანიშნულებად უნდა იქცეს. რა შეიძლება იყოს ასეთი ფასეულობები?  

ზოგადად, ძალიან რთულია ერთი ფორმულის დადგენა, რომელსაც საერთო ფასეულობას ვუწოდებთ, მაგრამ თუ ამოსავალ წერტილად დასავლურ, ევროპულ ცივილიზაციას მივიჩნევთ, მაშინ ამგვარი ღირებულებათა მოძებნა არ გაგვიჭირდება. საიდუმლო არაა, რომ ევროპა, როგორც კულტურული (და არა გეოგრაფიული) ფენომენი დიდწილად სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზე დგას. შესაბამისად, შეგვიძლია ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის საერთო მახასიათებლები და ორიენტირებიც გამოვყოთ.

ა – უპირველესად ეს პიროვნების ცნებაა. ეკლესიისთვის ადამიანი არის საღმრთო შესაქმის გვირგვინი, უფლის ხატი და მსგავსი, რომელი ხატების წაშლაც შეუძლებელია, თუნდაც კონკრეტული ადამიანი უმძიმესი ცოდვით დაეცეს. სახელმწიფოსთვის კი პიროვნება არის ადამიანი, უნიკალური ინდივიდი, რომელსაც აქვს საკუთარი იდეები,  მოსაზრებები თუ მისწრაფებები და ყოვლად დაუშვებელია მისი დისკრიმინაცია, შეურაცხყოფა და დამცირება. როგორც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი აღნიშნავს: ,,ადამიანის ღირსების პატივისცემისათვის აქტიურობა არ არის ცარიელი ჰუმანური მოთხოვნა, ის მოედინება ქრისტიანული სახარებისეული სიყვარულის შუაგულიდან. ქრისტიანობის კონტექსტში ღვთის მცნებები ეთიკურ იმპერატივს წარმოადგენს, რითაც ის დამატებით მნიშვნელობასა და წონას იძენს’.’ 

ბ – თავისუფლების ცნება, რომელიც იმდენად დიდი ღირებულებაა, რომ თვით სამოთხეშიც კი არ ისურვა უფალმა მისი შეზღუდვა და საკუთარი ქმნილების თავისუფალ არჩევანს არ შეეწინააღმდეგა. რაც შეეხება სახელმწიფოს, მისი გამართულად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი ცხოვრება, საქმიანობა, აზრის გამოხატვისა და გამოთქმის უფლება.

გ – აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ თანასწორობის პრინციპიც, ,,აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში’’ (გალ. 3. 28), რომ თუკი სახელმწიფოსთვის კანონის წინაშე ყველა თანასწორია, უფლის წინაშეც არ არსებობს ადამიანებს შორის რასობრივი, ეთნიკური, მსოფლმხედველობითი ან სხვა სახის განსხვავება, რომ უფლისათვის ყველა ადამიანი თანასწორია და ღმერთისთვის ყველა პიროვნება ძვირფასი განძია. 

შესაბამისად, თუკი ინსტიტუციონალური სეკულარიზმის პირობებში, სახელმწიფოცა და ეკლესიაც მაქსიმალურად დაიცავს ზემოთმოყვანილ ღირებულებებს და მათზე დაფუძნებულ ფასეულობებს, მოქალაქეებს, ამ სისტემის უარყოფითად შეფასებისთვის სერიოზული საფუძველი  არ ექნებათ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist