მარიუპოლის 2014 წლის 9 მაისის მოვლენების ამსახველი ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

7.5k
VIEWS

სოციალურ ქსელში მარიუპოლში 2014 წლის მაისში გადაღებულ ვიდეოს  ფართო გავრცელება აქვს. ვიდეო 21 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა Саид Бекбарзов-მა, Pikabu-ს მომხმარებელმა serbrovar1996-მა და Youtube-ის არხმა ГОРЯЧО #Z☆V-მა გამოაქვეყნეს. იდენტური აღწერების მიხედვით, მარიუპოლში ნაცისტები აჯანყებულ რუს ხალხს და იმ პოლიციელებს ესვრიან, რომლებიც მოქალაქეების დაცვას ცდილობენ. ვიდეოში ისმის გასროლის ხმები. კადრებში ორი დაჭრილი მოქალაქე, დანგრეული შენობის გარშემო შეკრებილი ადამიანების ჯგუფი და  მანქანის ჩამსხვრეული მინები ჩანს. აღწერაში ნათქვამია ისიც, რომ შეიარაღებული კრიმინალები შეუიარაღებელ მოქალაქეებს ესხმიან თავს, ხოლო მოქალაქეები უკრაინულ ძალებს ფაშისტებს ეძახიან. 

ვიდეო სრული კონტექსტის გარეშე იმ გზავნილით ვრცელდება, თითქოს მარიუპოლი წლების მანძილზე ნაცისტი უკრაინული ჯარის მიერ იყო ოკუპირებული და მოსახლეობას მათგან გათავისუფლება სურდა. რეალურად, 2014 წლის 9 მაისს მარიუპოლის პოლიციის სამმართველოს შენობას თავს პრორუსი სეპარატისტების შეიარაღებული ჯგუფი დაესხა და მასზე კონტროლის მოპოვება სცადა, რის შემდეგაც შენობაზე კონტროლის დასაბრუნებლად ადგილზე უკრაინის ეროვნული არმია და აზოვის ბატალიონი მივიდა. სეპარატისტებმა შენობის გარშემო მოქალაქეების მობილიზება უკრაინული არმიის მიერ უდანაშაულო ხალხზე თავდასხმის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებით მოახდინეს.

  • რა მოვლენას ასახავს ვიდეო?

ვიდეო მარიუპოლში 2014 წლის 9 მაისსაა გადაღებული.  ამ დღეს მარიუპოლში პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამხედრო და საპოლიციო ძალებს შორის შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც სეპარატისტების ჯგუფმა პოლიციის სამმართველოს შენობის დაკავება სცადა

აღსანიშნავია, რომ დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის (DPR) მხარდამჭერ პრორუს სეპარატისტებს მარიუპოლის ქალაქის საბჭოს შენობა 18 მარტიდან დაკავებული ჰქონდათ. 7 მაისს უკრაინის ძალებმა საბჭოს შენობა დაიბრუნეს, თუმცა მეორე დღეს DPR-ის სეპარატისტებმა შენობაზე კონტროლი კვლავ მოიპოვეს. 

9 მაისს “სამამულო ომში” გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით მარიუპოლის ასობით მცხოვრები გამარჯვების დღის აღსანიშნავ მსვლელობას შეურთდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც პრორუსულ სლოგანებსა და 2 დღის შემდეგ დონბასის სტატუსთან დაკავშირებით დაგეგმილ სეპარატისტულ რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოწოდებებს აჟღერებდა. 

9 მაისის დილას მარიუპოლის პოლიციის სამმართველოს შენობას 25 შეიარაღებული და შენიღბული მამაკაცი სნაიპერებთან ერთად დაესხა თავს, მათ შენობაზე კონტროლის მოპოვება სურდათ. მამაკაცების ერთი ჯგუფი პოლიციის შენობასთან მისასვლელი გზის ჩაკეტვას ცდილობდა. პოლიციის შენობაში მყოფმა სამართალდამცავებმა დახმარებისთვის უკრაინის ეროვნული არმიის 3057-ე ბაზასა და აზოვის ბატალიონს მიმართეს. ეროვნული არმიის გამოჩენის შემდეგ შეიარაღებულმა ჯგუფმა ცეცხლი გახსნა, რასაც რამდენიმე ჯარისკაცი ემხსვერპლა, ეროვნული არმიის საპასუხო ცეცხლის შედეგად რამდენიმე სეპარატისტიც დაიღუპა. 

უკვე პოლიციის შენობაში მყოფმა სეპარატისტებმა ტელეფონით მოსახლეობის მობილიზება სცადეს, ისინი იმ მხარდამჭერებს დაუკავშირდნენ, ვინც იმ დროს ქალაქის ცენტრში “გამარჯვების დღის” აღსანიშნავ მსვლელობას ესწრებოდა, სწორედ მათი საშუალებით ქალაქში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ ეროვნული არმია იმ პოლიციელებს დაესხა თავს, რომლებმაც მშვიდობიანი მსველობის მონაწილეებზე თავდასხმაზე უარი თქვეს. გავრცელებულმა ინფორმაციამ მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, 11:59 საათზე ქალაქში შემოსულ ეროვნული არმიის შეიარაღებულ ჯავშანტექნიკას (BMP) შეიარაღებულმა მოქალაქემ, რომელიც ანტიმაიდანის მოძრაობის წევრი იყო, ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა, ჯარისკაცების საპასუხო ცეცხლის შედეგად, მოქალაქე დაიღუპა. 

წყარო: უკრაინის სამხედრო ცენტრი

აღსანიშნავია, რომ 9 მაისის 12:00 საათისთვის პოლიციის შენობა გარეგნულად ჯერ კიდევ დაუზიანებელი იყო, შიდა ორი სართული კი სეპარატისტებს ეკავათ. სამხედრო ტექნიკის შეტევის შედეგად რამდენიმე კედელი დაინგრა. შეტევის შემდეგ აზოვის ბატალიონის წევრები შენობაში შევიდნენ და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შენობის მთავარი კარი შიგნიდან გახსნეს. სწორედ ამ დროს პოლიციის შენობასთან ახლოს ქუჩაში 150-მდე მოქალაქე გამოჩნდა. სამხედრო ტექნიკა ქუჩას უკვე ტოვებდა. 12:58 საათზე პოლიციის შენობის ეზოში მდგარ აზოვის ბატალიონის წევრს ტყვია მოხვდა,  ეროვნულმა არმიამ კვლავ თავდაცვითი პოზიციები დაიკავა და შენობის პირველ და მეორე სართულებს ცეცხლი გაუხსნა. 

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის მიხედვით, უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლის დრამატულ თეატრთან გადამეტებული ძალა გამოიყენეს, რამაც შეუიარაღებელი ხალხის დაღუპვა და დაჭრა გამოწვია. მარიუპოლში 9 მაისს მიმდინარე მოვლენები Bellingcat-მა გამოიძია. ჟურნალისტთა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიხედვით, ამ დღეს სხვადასხვა დროსა და ავტორის მიერ გადაღებული ვიდეოებით დასტურდება, რომ დრამატულ თეატრთან და პოლიციის შენობასთან უკრაინულ ძალებს პროტესტის მონაწილეები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც ჯარისკაცებმაც ისროლეს. გამოძიებაში ნათქვამია ისიც, რომ პოლიციის შენობის გარშემო უკრაინის სამხედრო ძალებს პარალელურად სნაიპერებიც ესროდნენ და ქუჩაში მყოფი მინიმუმ ორი მოქალაქე შეიარაღებული იყო. აქვე ხაზგასმულია ისიც, რომ პროტესტის ბევრ მონაწილეს სეპარატისტების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შედეგად ეგონა, რომ  თავადპირველად მათ უკრაინული სამხედრო ძალები დაესხნენ თავს.  

  • რა დროს და სადაა გადაღებული გავრცელებული ვიდეო?

გავრცელებული ვიდეოს იდენტური ვერსია სანდო ღია წყაროებში არ იძებნება, თუმცა გეოლოკაციისა და კადრებში მიმდინარე რამდენიმე მოვლენის დაკავშირებით “მითების დეტექტორმა” ვიდეოს გადაღების ადგილისა და დროის დადგენა შეძლო. 

გავრცელებული ვიდეო პოლიციის შენობის გარშემო მოქალაქეების შეკრების შემდეგ ანუ, დაახლოებით, 12:00 საათის შემდეგაა გადაღებული, რადგან სეპარატისტების მიერ  მოქალაქეების მობილიზება სწორედ ამ დროს მოხდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინის სამხედრო ცენტრის გამოძიების მიხედვით, 13:06 საათზე შენობის მიმდებარედ სასწრაფო დახმარების მანქანის საწინააღმდეგოდ აზოვის ბატალიონის ან უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბატალიონის წევრმა ისროლა, რადგან მანქანაში მოქალაქეებმა პოლიციის შენობის მეორე სართულიდან საავარიო კიბით გამოყვანილი სეპარატისტი მოათავსეს. ვიდეოში 4:48 წუთიდან სავარაუდოდ, სწორედ მოქალაქეებისა და მამაკაცის სასწრაფო დახმარების მანქანის მიმართულებით გადაადგილება ჩანს. 

ხაზგასასმელია ისიც, რომ 13:12 საათზე შენობაში შავი კვამლი გაჩნდა, რამაც ცეცხლი და 30-დან 40 წუთამდე დროში შენობის მთლიანად დაწვა გამოიწვია. გავრცელებულ ვიდეოში შენობიდან გამომავალი კვამლია ან ცეცხლის კვალი ჯერ კიდევ არ ჩანს და შენობის სახურავიც მთელია, სახურავი მოგვიანებით ცეცხლის შედეგად მთლიანად განადგურდა.

შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ვიდეოს გადაღება სასწრაფო დახმარების მანქანისთვის სროლამდე (13:06)  რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო და შენობაში ცეცხლის გაჩენამდე (13:12) დამთავრდა.

რაც შეეხება ვიდეოს გადაღების ადგილს, ვიდეოს ძირითადი ნაწილი პოლიციის შენობასთან მდებარე არტემის ქუჩაზეა გადაღებული, ბოლო კადრები კი თავად უკვე დანგრეულ პოლიციის შენობას ასახავს. 

ვიდეოში ასახული ნოტარიუსის შენობა არტემის ქუჩაზე 

ვიდეოში ასახული არტემის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც ამჟამად სილამაზის სალონია გახსნილი.

ვიდეოს ერთ-ერთი კადრი, სადაც პოლიციის დანგრეული შენობა და მის გარშემო მყოფი ადამიანები ჩანან, 2014 წელს რუსეთის პირველმა არხმაც გამოიყენა. 

მედიასაშუალებამ მარიუპოლში 9 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოამზადა სიუჟეტი, რომელის მიხედვითაც, უკრაინულმა ძალებმა უიარაღო მშვიდობიან მოსახლეობას გამარჯვების დღეს ცეცხლი გაუხსნეს. კრემლის ნარატივის მიხედვით, მოსახლეობა პოლიციის შენობაში მხოლოდ მას შემდეგ შეიჭრა, რაც პოლიციელებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სროლა დაიწყეს. Russia Today-მ მოვლენები “მარიუპოლის ხოცვა-ჟლეტად” შეაფასა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist