მანიპულაცია, თითქოს საბერძნეთში მიტროპოლიტს პატიმრობა ჰომოსექსუალების კრიტიკისთვის მიესაჯა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დვდვდვ
247
VIEWS

2019 წლის 12 მარტს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიომ” (Geworld)  გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით: “გარყვნილები საბერძნეთის სასამართლოს თავზე დაასხდნენ”. Geworld-ის თანახმად, 2019 წლის იანვარში საბერძნეთის სასამართლომ   ელადის საეპისკოპოსოს არქიელს, კალავრიტის მიტროპოლიტ ამბროსიოსს, რომელმაც “გაბედა და გააკრიტიკა ჰომოსექსუალები” განაჩენი გამოუტანა. სტატიაში აღნიშნულია, რომ  მიტროპოლიტმა ამბროსიოსმა, საერო სახელით ათანასიოს ლენისმა, თავის ბლოგზე განათავსა ჰომოსექსუალებისთვის “მიფურთხების” მოწოდებ და აღნიშნა, რომ “ისინი არაადამიანები არიან, ბუნების მტარვალები!”რის გამოც სასამართლომ ის მტრობის გაღვივებასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო.

Geworld: “საბერძნეთის სასამართლომ წლეულს, იანვრის ბოლოს განაჩენი გამოუტანა ელადის ოფიციალური საეპისკოპოსოს ცნობილ არქიელს, რომელმაც გაბედა და გააკრიტიკა ჰომოსექსუალები”.

Geworld-ის სტატია მანიპულაციურია, რადგან სასულიერო პირისათვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების რეალურ საფუძველს მიზანმიმართულად ამახინჯებს და ჰომოსექსუალების კრიტიკასთან აკავშირებს. რეალურად,  მიტროპოლიტის დამნაშავედ ცნობის საფუძველი ძალადობისა და სიძულვილისკენ საჯაროდ წაქეზება იყო, რაც საერთაშორისო სამართლის სტანდარტების თანახმად დანაშაულია და გამომდინარეობს “ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა” და “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” გაეროს პაქტში განსაზღვრული გამოხატვის თავისუფლების სტანდარტიდან.

მიტროპოლიტი ამბროსიოსი საბერძნეთის სასამართლოს ძალადობისა და სიძულვილისკენ საჯაროდ წაქეზების გამო გაასამართლა

მიტროპოლიტი ამბროსიოსი 2015 წელს გაკეთებული განცხადებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგა LGBT თემის წინააღმდეგ ძალადობისა და სიძულვილისკენ საჯაროდ წაქეზებისა და საეკლესიო თანამდებობრივი ვალდებულებების დარღვევის ბრალდებით, თუმცა ქალაქ აიგიოს სასამართლომ ის 2018 წლის მარტში უდანაშაულოდ ცნო და გაათავისუფლა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა აიგიოს კრიმინალურ სასამართლოში, რომელმაც 2019 წლის იანვარში მიტროპოლიტი დამნაშავედ სცნო და მას 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ეს საბერძნეთში მაღალი რანგის საეკლესიო პირის სასამართლოს წინაშე წარდგენის პირველი შემთხვევაა.

  • რას წერდა მიტროპოლიტი ამბროსიოსი თავის განცხადებაში?

ბლოგზე განთავსებულ განცხადებას, რომლის გამოც მიტროპოლიტს 7 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, ბერძნული გამოცემა ავრცელებს:

“მიაფურთხეთ მათ!  დაგმეთ ისინი! მიეცით ხმა მათ წინააღმდეგ! ისინი არ არიან ადამიანები! ისინი არიან ბუნების შეცდომები! გონებრივად და სულიერად ავადმყოფები! ისინი არიან ფსიქიკურად შეშლილები! არ იყოყმანოთ! სადაც არ უნდა ნახოთ, შეაფურთხეთ მათ! არ მისცეთ მშვიდად ყოფნის საშუალება! ისინი საშიშები არიან!”

აღნიშნული განცხადება მიტროპოლიტმა 2015 წელს, საბერძნეთის პარლამენტში ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭების შესახებ გამართულ დებატებთან დაკავშირებით გააკეთა. მას შემდეგ, რაც მისმა მოწოდებამ საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ბლოგზე განთავსებული სიტყვებით მან არა LGBT საზოგადოებას, არამედ იმ პოლიტიკოსებს მიმართა, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებას უჭერდნენ მხარს, თუმცა, ჰომოსექსუალების შესახებ მსგავსი პოზიცია მიტროპოლიტმა აღნიშნულის შემდეგაც დააფიქსირა. კერძოდ, 2016 წელს, მან თესალონიკში გეი-აღლუმის ჩატარება პროვოკაციად შეაფასა და თქვა:

“ქრისტიანობის პერსპექტივიდან ეს ეთიკურად არანორმალური ტიპები, რომლებიც შთამომავალნი არიან ერთ დროს სოდომსა და გომორაში მცხოვრები ხალხისა, თავხედურად, სიამაყით გამოფენილან ჩვენს წინ, როგორც ამბობენ, საკუთარ ვნებებს დღესასწაულობენ, მაგრამ ისინი არ არიან საამაყონი, როგორც თვითონ ამტკიცებენ, არამედ უსირცხვილონი და აღმაშფოთებელნი!  სამწუხაროდ, დღეს უსირცხვილობა “მოდაშია!.”

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი ცნობილია ულტრა-ნაციონალისტური, პრო-რუსული პარტიის, “ოქროს განთიადის” მხარდაჭერით და საზოგადოებაში რამდენჯერმე მის ლიდერთან ერთადაც გამოჩენილა.

საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების თანახმად ძალადობისკენ საჯაროდ წაქეზება დასჯადია

“ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” მე-10 მუხლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვას ექვემდებარება რამდენიმე საფუძვლით, მათ შორის სხვა ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით.

გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მე-20 მუხლის მიხედვით, ყოველგვარი ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივებისკენ მიმართული გამოსვლა, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციის, მტრობის ან ძალადობის წაქეზებას, უნდა აიკრძალოს კანონით. აღნიშნული საერთაშორისო აქტები განსაზღვრავენ სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფოს აქვს უფლება, კანონით შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლების ზოგიერთი ფორმა, მათ შორის, ძალადობისკენ საჯაროდ წაქეზება, რომელიც სიძულვილის ენის გამოყენებით საზოგადოებაში რომელიმე კონკრეტული ჯგუფის (რელიგიური, ეთნიკური, სოციალური და ა.შ) მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენისკენ წახალისებას გულისხმობს.

ევროპული სახელმწიფოების უდიდეს ნაწილში სიძულვილის ენის ამგვარი ფორმა გამოხატვის თავისუფლებით არ არის დაცული. რაც შეეხება აშშ-ს, აქ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის პირს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ  მოწოდება მისი ადრესატისთვის ძალადობის უშუალო, აშკარა, რეალურ საფრთხეს შექმნის.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist